ასკარიდოზი | მკურნალი.გე
  1. ასკარიდოზი
  2. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ასკარიდოზი

ასკარიდოზი წარმოადგენს ნაწლავური Ascaris lumbricoides-ით – მრგვალი ჭიით გამოწვეულ ინფექციას.

  • ადამიანები იძენენ ინფექციას მრგვალი ჭიების კვერცხების გადაყლაპვით, ჩვეულებრივ – საკვებთან ერთად;

  • ადამიანებს შეიძლება არ ჰქონდეთ სიმპტომები ან ჰქონდეთ ცხელება, ხველა, ხიხინი, მუცლის სპაზმები, გულისრევა და ღებინება;

  • ბავშვები ინფექციის მძიმე ფორმით შეიძლება არ გაიზარდონ ნორმალურად ან ჭიებმა შესაძლოა დაახშონ ნაწლავი, რაც იწვევს მწვავე ტკივილსა და ღებინებას;

  • ექიმები ჩვეულებრივ სვამენ ინფექციის დიაგნოზს განავლის ნიმუშში კვერცხების ან ჭიების აღმოჩენისას;

  • ადამიანებს მკურნალობენ ანტიპარაზიტული წამლებით, როგორიცაა მაგ. ალბენდაზოლი.

ასკარიდოზი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ მგრვალი ჭიებით გამოწვეულ ინფექციას ადამიანებში, რომელიც ვითარდება 1.4 მილიარდ ადამიანში მთელ მსოფლიოში. ინფექცია ხშირია ადგილებში, სადაც სანიტარული ნორმები არ არის დაცული და ხშირად ვითარდება ტროპიკულ ან სუბტროპიკულ რეგიონებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასკარიდოზი ყველაზე ხშირად გვხვდება იმიგრანტებში და იმ ადამიანებში, რომლებიც ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენის ნორმები არ იყო დაცული, მაგრამ ზოგჯერ ის ვითარდება ადამიანებში, რომლებსაც არ უმოგზაურიათ.

ინფექცია იწყება, როდესაც ადამიანი ყლაპავს ასკარიდას კვერცხებს, ხშირად დაინფიცირებული საკვებით. საკვები ინფიცირდება ისეთ მიწასთან კონტაქტის დროს, რომელიც დაბინძურებული იყო კვერცხების შემცველი ადამიანის განავლით. ასკარიდების კვერცხები გამძლეა და მათ შეუძლიათ მიწაში წლების განმავლობაში გადარჩენა.

გადაყლაპვის შემდეგ, ასკარიდების კვერცხები იჩეკება და გამოყოფს ლარვებს ნაწლავებში. თითოეული ლარვა გაივლის წვრილი ნაწლავის კედელს და ლიმფური ძარღვებისა და სისხლის მიმოქცევის მეშვეობით გადაიტანება ფილტვებში. ფილტვებში მოხვედრისას, ლარვა ხვდება სასუნთქ ტომრებში (ალვეოლებში), აუყვება სასუნთქ ტრაქტს ხახამდე, სადაც ის ხელახლა გადაიყლაპება. ლარვა მწიფდება წვრილ ნაწლავში, სადაც რჩება მოზრდილი ჭიის სახით. ამ პროცესს სჭირდება 2-3 თვე. მოზრდილი ჭიის სიგრძე 6-20 ინჩია (15-50 სმ), ხოლო დიამეტრი კი– 1/10– 2/10 ინჩი (2,5 – 5 მმ). ისინი ცოცხლობენ 1-2 წლის განმავლობაში. მოზრდილი ჭიების მიერ დადებული კვერცხები გამოიყოფიან განავალთან ერთად, ვითარდებიან მიწაში და იწყებენ ინფექციის ამ ციკლს თავიდან, როდესაც ხდება მათი გადაყლაპვა.

სიმპტომები და დიაგნოზი

ბევრ ადამიანს, რომელსაც აქვს ასკარიდოზი, არ აქვს სიმპტომები. თუმცა, ლარვების ფილტვებისკენ გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, ხველა, ხრიალი და ზოგჯერ სისხლის გაჩენა ნახველში. ნაწლავში დიდი რაოდენობით ჭიების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის სპაზმები და ზოგჯერ, ნაწლავის დახშობაც, უფრო ხშირად ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ ცუდ სანიტარულ პირობებში. დახშობამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, მუცლის შეშუპება (გაგანიერება) და მუცლის ტკივილი. ზოგჯერ მოზრდილი ჭიები მიგრირებენ ცხვირისკენ ან პირისკენ, ხდება მათი ამოღებინება ან განავლით გამოყოფა – ეს სიტუაციები შეიძლება სტრესის გამომწვევი გახდეს. მოზრდილი ჭიები ახშობენ ჭია ნაწლავის შესასვლელს, სანაღვლე ტრაქტსა ან პანკრეასის სადინარს, რაც იწვევს მუცლის ძლიერ ტკივილს. დაინფიცირებული ბავშვები შეიძლება არ გაიზარდონ ან ნორმალურად არ მოიმატონ წონაში.

ასკარიდოზზე დიაგნოზს სვამენ განავლის ნიმუშში კვერცხების ან მოზრდილი ჭიების აღმოჩენით ან იშვიათად, მოზრდილი ჭიების დანახვით, რომლებმაც მიაღწიეს პირისა და ცხვირის ღრუმდე. თუ სხვა მიზეზების გამო ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან ულტრაბგერითი გამოკვლევა, შესაძლებელია მოზრდილი ჭიების ნახვა. იშვიათად, ფილტვებში მიგრირებული ლარვების ეფექტები შესაძლოა გამოჩნდეს გულმკერდის რენტგენზე.

პრევენცია და მკურნალობა

ასკარიდოზის თავიდან აცილების საუკეთესო სტრატეგიებს მიეკუთვნება ადეკვატური სანიტარული ნორმები და მოუმზადებელი და გაურეცხავი საკვებისგან თავის არიდება, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც ადამიანის განავალი გამოიყენება სასუქად.

ასკარიდოზის მქონე ადამიანის სამკურნალოდ ექიმი გამოწერს ალბენდაზოლს, მებენდაზოლს ან პირანტელის პამოატს. თუმცა, იმის გამო, რომ ამ პრეპარატებმა შესაძლოა ავნონ ნაყოფს, ისინი არ შეიძლება მიიღონ ორსულმა ქალებმა.