დისპარეუნია | მკურნალი.გე
  1. დისპარეუნია
  2. სექსუალური დისფუნქცია ქალებში
  3. ქალთა ჯანმრთელობა
დისპარეუნია

დისპარეუნია – ესაა ტკივილის აღმოცენება სქესობრივი კონტაქტის დაწყების მცდელობისას ან სქესობრივი კონტაქტის მიმდინარეობისას.

  • ტკივილი შეიძლება იყოს ზედაპირული ან ღრმა.

  • დიაგნოზი ემყარება სიმპტომებსა და მენჯის გასინჯვას;

  • ეფექტიანია ტკივილგამაყუჩებელი საცხის, საპოხი საშუალებების გამოყენება, მენჯის კუნთების მოსადუნებელი ვარჯიშები ან სქესობრივი კავშირის პოზის შეცვლა;

  • თუ მიზეზი დგინდება, ტარდება მისი შესაბამისი მკურნალობა.

ტკივილი შეიძლება იყოს ზედაპირული, იგრძნობოდეს საშოს შესავლის ირგვლივ (სასქესო მიდამო ან ვულვა) ან იყოს ღრმა, შეიგრძნობოდეს მენჯში, პენისის ან ხელოვნური პენისის შეღწევისას. ტკივილს აქვს მწველი, მჭრელი ან სპაზმური ხასიათი. მას თან ახლავს მენჯის კუნთების შეკუმშვა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ტკივილს, მიუხედავად იმისა, ზედაპირულია იგი თუ ღრმა.

მიზეზები

მიზეზი დამოკიდებულია იმაზე, ტკივილი ზედაპირულია თუ ღრმა.

ზედაპირული ტკივილი: სქესობრივი კავშირი მტკივნეული შეიძლება იყოს, რადგან საშო ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით სითხეს. შედეგად საშო მშრალია და საპოხი საშუალება (ლუბრიკანტი) არაადეკვატური ოდენობითაა. საპოხი საშუალების არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავება ზოგჯერ არასათანადო მოსამზადებელი ეტაპის შედეგია. ასევე, ქალის ასაკთან ერთად, საშოს ლორწოვანი თხელდება და ესტროგენების ნაკლებობის გამო შედარებით გამომშრალია. აღნიშნულ მდგომარეობას ატროფიული ვაგინიტი ეწოდება. ძუძუთი კვების პერიოდში, ესტროგენების დაქვეითებამ, ასევე, შეიძლება საშოს სიმშრალე გამოიწვიოს. ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება საშოს მსუბუქად გამოხატულ დროებით სიმშრალეს იწვევს.

ზედაპირული ტკივილის სხვა მიზეზებია:

  • სასქესო მიდამოს მგრძნობელობის ზრდა ტკივილისადმი (პროვოცირებული ვესტიბულოდინია), რომელიც უხშირესია მიზეზებს შორის;

  • სასქესო მიდამოს, საშოს ან ბართოლინის ჯირკვლის (მცირე ზომის ჯირკვლები საშოს შესავლის ორივე მხარეზე) ანთება ან ინფექცია (მათ შორის, გენიტალური ჰერპესი);

  • საშარდე გზების ინფექცია ან ანთება;

  • სასქესო მიდამოს ტრავმა;

  • კონტრაცეფციული ქაფის ან გელის, ან ლატექსის კონდომისადმი ალერგიული რეაქცია

  • საშოს კედლების უნებლიე შეკუმშვა (ვაგინიზმი);

  • იშვიათად, თანდაყოლილი ანომალიები (როგორიცაა საშოს ტიხარი);

  • საშოს შევიწროება ქირურგიული ჩარევის შემდგომ (მაგალითად, მშობიარობის პროცესში გაგლეჯილი ქსოვილების აღდგენა ან მენჯის ფსკერის კუნთების დაავადებების კორექცია);

  • საქალწულე აპკი, რომელიც ხელს უშლის პენისის შეღწევას.

საქალწულე აპკი გარსია, რომელიც გარს აკრავს ან, იშვიათ შემთხვევებში, ხურავს საშოს შესავალს. როდესაც ქალს აქვს პირველი სქესობრივი კავშირი, თუ საქალწულე აპკი ჭიმვადი არაა (მაგალითად, ტამპონის გამოყენებით ან სექსუალური სტიმულაციით თითით – საშოს შიგნიდან), შეიძლება დაირღვეს და ტკივილი და სისხლდენა გამოიწვიოს. ქალების ძალიან მცირე ნაწილს პათოლოგიურად ვიწრო საქალწულე აპკი აქვს.

ღრმა ტკივილი: სქესობრივი კავშირის დროს ან მის შემდგომ წარმოშობილი ღრმა ტკივილის მიზეზია:

  • საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს ან ფალოპის მილების ინფექცია (მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება), რომელმაც შეიძლება მენჯში ჩირქგროვის (აბსცესი) ჩამოყალიბება გამოიწვიოს;

  • ენდომეტრიოზი;

  • მენჯის ღრუს ორგანოების წარმონაქმნები (როგორებიცაა სიმსივნეები ან საკვერცხის კისტა);

  • მენჯის ღრუს ორგანოებს შორის არსებული ნაწიბუროვანი ქსოვილის ჭიმები (შეხორცებები), რომლებიც ზოგჯერ ვითარდება ინფექციის, ქირურგიული ჩარევის ან სიმსივნის გამო ჩატარებული სხივური მკურნალობის შედეგად.

სხივურმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ორივე სახის ტკივილი, როგორც ზედაპირული, ისე ღრმა. საშო ნაკლებად ჭიმვადი ხდება და ირგვლივ არსებული ნაწიბურები მის ზომაში შემცირებას და დამოკლებას განაპირობებს.

ზოგჯერ, აღნიშნული დაავადებებიდან ერთ-ერთი საშვილოსნოს უკანგადახრილ (რეტროვერსია) მდგომარეობაში ფიქსირებას იწვევს. იოგები, კუნთები და სხვა ქსოვილები, რომლებიც საშვილოსნოს ამაგრებენ, სუსტდება, რის შედეგადაც საშვილოსნო იწევს დაბლა, საშოს მიმართულებით (პროლაფსი). აღნიშნულმა ცვლილებებმა შეიძლება ღრმა ტკივილიც გამოიწვიოს.

ტკივილი ძლიერდება ემოციური ფაქტორების გავლენით. მაგალითად, მცირედი დისკომფორტი ძლიერ ტკივილად აღიქმება ტრავმული სექსუალური გამოცდილების შემდეგ, როგორიცაა გაუპატიურება. ტკივილის გაძლიერებას იწვევს უარყოფითი ემოციები პარტნიორისადმი, ინტიმური ურთიერთობის ან ორსულობის შიში, უარყოფითი წარმოდგენა საკუთარ თავზე ან იმის განცდა, რომ ტკივილი არასდროს გაივლის.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება ქალის მიერ პრობლემის აღწერილობას, რომელიც მოიცავს ტკივილის აღმოცენების დროს და ადგილს, ასევე, ფიზიკური გასინჯვის შედეგებს. შესაძლო მიზეზების გამოვლენის მიზნით, როგორიცაა ანთება ან ნორმიდან რაიმე სახის გადახრა, სასქესო მიდამო სიფრთხილით, მაგრამ სრულყოფილად თვალიერდება. ტკივილის ადგილის დაზუსტების მიზნით, ექიმი ბამბის ტამპონის საშუალებით ფრთხილად ეხება სასქესო მიდამოს. ასევე, ერთი ან ორი ხელთათმანიანი თითის საშოში მოთავსებით, ამოწმებს მენჯის კუნთების შეკუმშვას. საშვილოსნოსა და საკვერცხეების გასინჯვის მიზნით, ექიმი მეორე ხელს ათავსებს მუცლის ქვედა ნაწილის ზემოდან. შეიძლება ჩატარდეს სწორი ნაწლავიდან გასინჯვაც.

მკურნალობა

წყვილებს ამხნევებენ და ურჩევენ, იპოვონ ურთიერთობის ფორმა, რომელიც ორივესათვის სასიამოვნო (ორგაზმის და ეაკულაციის ჩათვლით) იქნება და არ საჭიროებს პენეტრაციას. ასეთი გზა შეიძლება იყოს ხელით, პირით ან ვიბრატორის გამოყენებით სტიმულაცია.

მენჯის კუნთების მომადუნებელი ვარჯიშები, მიზეზის მიუხედავად, ეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.

ზედაპირული ტკივილის დროს, შეიძლება შედეგიანი იყოს ტკივილგამაყუჩებელი საცხის გამოყენება და მჯდომარე აბაზანის მიღება, ასევე, სქესობრივი კავშირის წინ საპოხი საშუალების (ლუბრიკანტის) გამოყენება. ჟელეს მაგვარ ან ცხიმოვან ლუბრიკანტებთან შედარებით, უპირატესობა ენიჭება წყალზე დამზადებულ ლუბრიკანტებს. ცხიმოვანი საცხები საშოს მეტად გამოშრობას იწვევს და შეიძლება დააზიანოს ლატექსის კონტრაცეპტული საშუალება – კონდომი – ან დიაფრაგმა. პრელუდიისათვის მეტი დროის დათმობა გაზრდის საშოს კედლების მიერ ლუბრიკანტის გამოყოფას.

ღრმა ტკივილის დროს სასურველია წყვილმა სცადოს სქესობრივი კავშირისათვის განსხვავებული პოზიციის შერჩევა, მაგალითად, მოძებნოს ისეთი პოზიცია, როდესაც ქალი მეტად აკონტროლებს პენეტრაციას ან რომლის დროსაც პენისის პენეტრაცია ნაკლებია.

უფრო მეტად სპეციფიკურ მკურნალობას განაპირობებს შემდეგი მიზეზები:

  • მენოპაუზის შემდეგ საშოს კედლების გათხელება და სიმშრალე: ესტროგენის შემცველი საცხის, საშოში მოსათავსებელი აბის ან რგოლის, ან დასალევი აბის (ჰორმონოთერაპიის შემადგენელი ნაწილი) გამოყენება;

  • ინფექციები: ანტიბიოტიკები, სოკოს საწინააღმდეგო ან სხვა სათანადო საშუალებები;

  • ცისტა ან აბსცესი: ქირურგიული წესით ამოკვეთა;

  • რიგიდული საქალწულე აპკი ან სხვა თანდაყოლილი ანომალია: ქირურგიული გზით კორექცია;

  • საშვილოსნოს დაწევა: საშოში პესარიუმის ჩადგმა, რომელიც დიაფრაგმას წააგავს, ამაგრებს და პოზიციას უცვლის საშვილოსნოს ან ქირურგიული ჩარევა.

პროვოცირებული ვესტიბულოდინია

პროვოცირებული ვესტიბულოდინია (ვულვარული ვესტიბულიტი) ტკივილის მიმართ საშოს შესავლის (კარიბჭე) ირგვლივი მიდამოს მომატებული მგრძნობელობაა, რომლის გამოც მსუბუქი შეხება ან სტიმულაციაც კი მტკივნეულია.

პროვოცირებული ვესტიბულოდინია დისპარეუნიის ყველაზე ხშირი მიზეზია. იგი პენისის საშოში შეღწევის ან მოძრაობის დროს აღინიშნება. ტკივილი შეღწევისთანავე იწყება, მცირდება პენისის მოძრაობის შეწყვეტისას და განახლდება მის მოძრაობასთან ერთად.

ექიმებმა დაზუსტებით არ იციან ტკივილის მიზეზი, თუმცა ნერვული გამტარი გზა, რომელიც ტკივილის იმპულსს ატარებს ვულვიდან, და თავის ტვინის უბანი, რომელიც მიღებულ სიგნალს ამუშავებს, ფიზიკურად შეცვლილია (რემოდელირებულია) და უფრო მეტად მგრძნობიარეა. შედეგად, შეხება, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში მსუბუქად უნდა შეიგრძნობოდეს, ძალიან მტკივნეულია. მენჯის კუნთები შეიძლება დაჭიმული იყოს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ტკივილს. ქალი, სქესობრივი კონტაქტის ან მოშარდვის შემდეგ სასქესო მიდამოში წვას გრძნობს.

აღნიშნული დარღვევა მოიცავს ქრონიკულ ტკივილებს და ხშირად ვლინდება სხვა სახის ქრონიკულ ტკივილებთან ერთად, როგორებიცაა ქვედა ყბის ტკივილი ან ტკივილი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს.

მკურნალობა

მკურნალობა ითვალისწინებს ანთების საწინააღმდეგო ან საანესთეზიო საცხების წასმას ვულვის არეში, ან დაბალი დოზებით ანტიდეპრესანტების ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას. აღნიშნული საშუალებები ცვლის ნერვულ გამტარებლობას, რომელმაც ტკივილისადმი მგრძნობელობის მატება გამოიწვია. რომელი მკურნალობა უფრო ეფექტიანია, ბოლომდე არ არის გამოკვეთილი.

შეიძლება შედეგიანი იყოს სავარაუდო გამღიზიანებლების – საპნების, აბაზანის ქაფის, ჰიგიენური საფენების, ვიწრო ჯინსების – ხმარებიდან ამოღება. მენჯის კუნთების მომადუნებელი სავარჯიშოები, იოგა და ზოგადი რელაქსაციური ვარჯიშები ეხმარება მენჯის (და სხვა) კუნთების მოდუნებას. ასევე ეფექტიანი შეიძლება იყოს კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (რომელიც ქრონიკული ტკივილების შესამსუბუქებლად გამოიყენება). ზოგ შემთხვევაში შედეგის მომტანია ფსიქოთერაპია და სექსთერაპია.

ზოგჯერ ექიმის რეკომენდაციაა საშოს ირგვლივი მიდამოს ნაწილის ქირურგიული გზით მოკვეთა. აღნიშნული პროცედურის საშუალებით ცილდება ზედმეტად მგრძნობიარე ნერვის დაბოლოებები, თუმცა ნერვი შეიძლება კვლავ აღდგეს და ტკივილიც განახლდეს.

ბოტულოტოქსინით (ბაქტერიული ტოქსინი, გამოიყენება კუნთების დასადამბლავებლად ან ნაოჭების სამკურნალოდ) შეიძლება მტკივნეული ნერვის მოკვლა, თუმცა აღნიშნული ჩარევა ამ დროისათვის ექსპერიმენტულ მეთოდად განიხილება.

ვინაიდან დაავადება მოიცავს ქრონიკულ ტკივილებს, მკურნალობა ყოვლისმომცველია და სტრესისა და ტკივილისადმი ემოციური რეაქციების მართვასაც გულისხმობს.