სექსუალური ლტოლვის დაქვეითება (სექსუალური სურვილის/ინტერესის დარღვევა) სექსუალური აქტივობისადმი ინტერესისა და სექსუალური ფანტაზიების ნაკლებობაა.
ხშირია სექსუალური სურვილის დროებით შემცირება, რაც ასევე დროებითი მდგომარეობითაა განპირობებული, მაგალითად, დაღლილობით. ამის საპირისპიროდ, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება ხანგრძლივი დროით იწვევს სექსუალური ფიქრების, ფანტაზიებისა და სექსუალური აქტივობების სურვილის დაქვეითებას უფრო მეტად, ვიდრე ეს ხდება ქალის ასაკისა და სქესობრივი ურთიერთობის ხანდაზმულობის გამო. სექსუალური სურვილის დაქვეითება დარღვევად იმ შემთხვევაში განიხილება, თუ იგი ქალის ან მისი პარტნიორის შეშფოთებას იწვევს ან მათ არ უჩნდებათ სქესობრივი ურთიერთობის სურვილი.
სექსუალური სურვილის დაქვეითებას განაპირობებს დეპრესია, შფოთვა, სტრესი ან ურთიერთობის პრობლემა. მისი ხელშემწყობია, ასევე, დაბალი სექსუალური თვითშეფასება.
გარკვეული მედიკამენტების მიღებამ, როგორიცაა ანტიდეპრესანტები (განსაკუთრებით სეროტონინის სელექციური უკუტაცების ინჰიბიტორები), ანტიკონვულსანტები, ქიმიოთერაპიული საშუალებები, ბეტა-ბლოკერები და ორალური კონტრაცეპტივები, ისევე, როგორც ალკოჰოლის ჭარბად მიღებამ – შეიძლება შეამციროს სექსუალური სურვილი.
ვინაიდან სასქესო ჰორმონების – ესტროგენისა და ტესტოსტერონის – რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად მცირდება, მოსალოდნელია, რომ ასაკთან ერთად სექსუალური სურვილებიც შემცირდეს. თუმცა, საერთოდ, სექსუალური სურვილის დაქვეითება ისევე ხშირია ახალგაზრდა, ჯანმრთელ ქალებს შორის, როგორც ასაკოვან ქალებში. მიუხედავად ამისა, სასქესო ჰორმონების რაოდენობის ცვლილება ზოგჯერ სურვილის დაქვეითებას განაპირობებს. მაგალითად, ახალგაზრდა, ჯანმრთელ ქალებში სასქესო ჰორმონების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება სურვილს შეამცირებს. მსგავსი ცვლილება მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზასა და მშობიარობიდან რამდენიმე კვირაშიც შეიძლება განვითარდეს. საშუალო და უფროსი ასაკის ქალებში სურვილის შემცირებას ტესტოსტერონის რაოდენობის დაქვეითება იწვევს, თუმცა კავშირი ამ ორ მოვლენას შორის დამტკიცებული არაა. ახალგაზრდა ასაკის ქალებში ორივე საკვერცხის (რომლებიც ტესტოსტერონს და ესტროგენს გამოიმუშავებენ) ქირურგიულად ამოკვეთა აქვეითებს ტესტოსტერონის დონეს. ასეთ შემთხვევაში, ესტროგენების დამატებით მიღების მიუხედავად, სექსუალური კავშირის სურვილი დაქვეითებულია. ორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება ტესტოსტერონის ეფექტი შეამციროს, ისევე, როგორც ორალურმა ესტროგენმა, რომელიც ჰორმონული მკურნალობის კომპონენტის სახით ინიშნება პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში.
დიაგნოზი ქალის ანამნეზს და პრობლემის აღწერილობას ემყარება. შეიძლება მენჯის გასინჯვაც ჩატარდეს.
ქალისათვის ყველაზე ეფექტიანი გზაა მისი მასტიმულირებელი ხერხების გამოვლენა და პარტნიორისთვის გამხელა. ქალი შეახსენებს პარტნიორს, რომ სქესობრივი კავშირისათვის საჭიროა მოსამზადებელი აქტივობები, რაც გამოიწვევს აღელვებას. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ინტიმური საუბარი, რომანტიკული ან ეროტიკული ვიდეოფილმის ნახვა ან ცეკვა. შეიძლება ქალს სურდეს კოცნა, ხელის მოხვევა ან გულში ჩაკვრა, ასევე, სქესობრივი კავშირის დაწყებამდე, პარტნიორის შეხება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, შემდეგ სარძევე ჯირკვლებზე ან სასქესო ორგანოებზე (პრელუდია). ეფექტური მასტიმულირებელი საშუალებების შესარჩევად, წყვილებმა შეიძლება სცადონ სხვადასხვა მეთოდის ან აქტივობის გამოყენება (მათ შორის, ჩართონ ფანტაზია და სექსუალური სათამაშოები).
სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ რეკომენდებული ზოგადი ღონისძიებები ასევე ეხმარება სექსუალური სურვილის გაზრდას. მკურნალობა ხშირად ფოკუსირებულია იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს სურვილის დაქვეითებას. ასეთი ფაქტორებია დეპრესია, სექსუალური თვალსაზრისით დაბალი თვითშეფასება და ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგი ქალის შემთხვევაში საკმაოდ შედეგიანია ფსიქოთერაპია.
სხვა მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე. მაგალითად, თუ პრობლემის განვითარების ხელშემწყობი მედიკამენტებია, თუ შესაძლებელია, უნდა შეწყდეს მათი მიღება. თუ სექსისადმი ინტერესის დაკარგვა ატროფიული ვაგინიტითაა განპირობებული, შედეგიანია ესტროგენის საცხის სახით წასმა სასქესო მიდამოში, რგოლის ან აბის სახით საშოში მოთავსება ან დასალევად მიღება. თუ ქალი ორალურ კონტრაცეპტივებს იღებს, მათი შეცვლა შეიძლება კანის პლასტირით ან ბარიერული მეთოდის გამოყენებით (კონდომი ან დიაფრაგმა). ესტროგენის აბებით მკურნალობის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება ქალს ურჩიოს ესტროგენის მიღება სხვა გზით, როგორიცაა კანის პლასტირი ან გელი.
ტესტოსტერონის (დასალევი ფორმა ან კანის პლასტირის სახით) ზემოქმედება შესწავლის პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულ მკურნალობაში არ შედის, ზოგი ექიმი ტესტოსტერონს ნიშნავს პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებისთვის, რომლებიც ესტროგენებს იღებენ და რომელთაც სხვა ყველა ღონისძიება უკვე სცადეს. ქალებს, რომლებიც ტესტოსტერონით მკურნალობას იტარებენ, რეგულარულად სჭირდებათ ექიმის მიერ შემოწმება, ვინაიდან აღნიშნულ საშუალებას აქვს გვერდითი ეფექტები და, ამასთან, მისი რეგულარული გამოყენების შორეული შედეგებიც არ არის ცნობილი.