1. ორგაზმის დარღვევები
  2. სექსუალური დისფუნქცია ქალებში
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ორგაზმის დარღვევები

ორგაზმის დარღვევა არის სექსუალური კავშირის კულმინაციის (ორგაზმის) არარსებობა ან შეფერხება, საკმარისი სექსუალური სტიმულაციისა და აღგზნების მიუხედავად.

  • ქალი შეიძლება ორგაზმს არ განიცდიდეს, თუ სქესობრივი კონტაქტი ძალიან მალე სრულდება, არასაკმარისია პრელუდია ან პარტნიორებს აქვთ კონტროლის დაკარგვის შიში.

  • სიამოვნების გასაძლიერებლად და სექსუალური ფუნქციის გასაცნობად, ქალს ურჩევენ ისეთი ტექნიკის გამოყენებას, როგორიცაა მასტურბაცია. ზოგ შემთხვევაში სასარგებლოა ფსიქოთერაპია.

სტიმულაციის დოზა, რომელიც ორგაზმის მისაღწევადაა საჭირო, მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალებს შორის. ქალების უმეტესობა მას აღწევს კლიტორის სტიმულაციის გზით. ნახევარზე ნაკლებ შემთხვევაში, რეგულარულად აღწევენ ორგაზმს სქესობრივი კავშირის დროს. 10-დან 1 ქალი არასდროს განიცდის სქესობრივ სიამოვნებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი უმრავლესობა სქესობრივ კავშირს დამაკმაყოფილებლად თვლის.

ორგაზმის დარღვევის დროს, ქალი სექსუალურ სიამოვნებას ვერ განიცდის ვერც მასტურბაციის და ვერც ძლიერი აღგზნების შემთხვევაში. თუმცა ორგაზმის არარსებობა, ძირითადად, მაშინ ვლინდება, როდესაც ქალი არასაკმარისადაა აღგზნებული. ასეთ შემთხვევაში ეს ორგაზმულ დარღვევად არ ჩაითვლება. მდგომარეობა დარღვევად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ ორგაზმის არარსებობა ქალის შეშფოთებას იწვევს. ფიზიკური სიახლოვე ორგაზმის გარეშე იმედგაცრუებას იწვევს და შეიძლება ზოგჯერ ყოველივე სექსუალურის მიმართ გაღიზიანება და სიძულვილი განაპირობოს.

მიზეზები

ორგაზმის დარღვევის განვითარებას ხელს უწყობს სიტუაციური და ფსიქოლოგიური ფაქტორები. ასეთი ფაქტორებია:

  • ფიზიკური ურთიერთობა, რომელიც მუდმივად მთავრდება (მამაკაცის ეაკულაცია) მანამ, სანამ ქალი საკმარისად აღიგზნება;

  • არასაკმარისია პრელუდია;

  • ერთი ან ორივე პარტნიორის მიერ არცოდნა იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს სასქესო ორგანოები;

  • ცუდი სექსუალური კომუნიკაცია (მაგალითად, ერთმა პარტნიორმა არ იცის, სტიმულაციის რომელი სახე უფრო მოსწონს მეორეს);

  • ურთიერთობის პრობლემები, როგორებიცაა კონფლიქტები და უნდობლობა;

  • შფოთვა სექსუალური ქცევის თაობაზე;

  • საკუთარი თავის კონტროლი (შესაძლოა, ნებისმიერ ასპექტში კონტროლის დაკარგვის შიში ან საკუთარი ემოციების გაკონტროლება);

  • ფიზიკურად ან ემოციურად ტრავმული გამოცდილება, როგორიცაა სქესობრივი ძალადობა;

  • ფსიქოლოგიური დაავადებები (როგორიცაა დეპრესია).

ორგაზმული დარღვევის განვითარებას ხელს უწყობს ფიზიკური დაავადებებიც. ასეთია ნერვის დაზიანება (რაც ვითარდება დიაბეტის, ზურგის ტვინის დაზიანების ან მრავლობითი სკლეროზის შედეგად) და სასქესო ორგანოების დაავადებები.

ზოგი მედიკამენტი, განსაკუთრებით, სეროტონინის სელექციური უკუტაცების ინჰიბიტორები (სსუი), სპეციფიკურად აფერხებს ორგაზმს.

მკურნალობა

მიმართავენ ისეთ საშუალებებს, რომლებიც აძლიერებს სიამოვნებას. ასეთია მასტურბაცია, რელაქსაციის ტექნიკა, შეგრძნებებზე ფოკუსირების სავარჯიშოები. ასეთი სავარჯიშოს შესრულებისას პარტნიორები რიგრიგობით ეხებიან ერთმანეთს იმგვარად, რომ შეხება სასიამოვნო იყოს. წყვილებმა შეიძლება სცადონ სხვადასხვა მასტიმულირებელი საშუალების გამოყენება, როგორებიცაა ვიბრატორი, ფანტაზიები ან ეროტიკული ფილმის ცქერა. ვიბრატორის გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა ნერვის დაზიანების დროს.

მნიშვნელოვანია პაციენტის განათლება სექსუალური ფუნქციის თაობაზე. ზოგიერთი ქალისთვის სავსებით საკმარისი შეიძლება იყოს კლიტორის (რომელიც მამაკაცის პენისს შეესაბამება) სტიმულაციის ჩართვა. ფსიქოთერაპია ეხმარება ქალს, გამოავლინოს და მართოს კონტროლის დაკარგვის, დაუცველობის შიში ან პარტნიორისადმი ნდობის საკითხი.

ფსიქოთერაპია განსაკუთრებით ეფექტიანია იმ ქალებში, რომელთაც სექსუალური ან ფსიქოლოგიური ძალადობა გადაიტანეს.

თუ პრობლემის მიზეზი სსუი-ია, შესაძლებელია ბუპროპიონის (განსხვავებული სახის ანტიდეპრესანტი) დამატება ან სხვა ჯგუფის ანტიდეპრესანტით შეცვლა. გარკვეული მტკიცებულებები არსებობს, რომ, თუ ქალი სსუი-ს მიღების შემდეგ ორგაზმს აღარ განიცდის, სილდენაფილი ეხმარება მის აღდგენაში.