დისმენორეა | მკურნალი.გე
  1. დისმენორეა
  2. მენსტრუაციის დარღვევები და პათოლოგიური სისხლდენა საშოდან
  3. ქალთა ჯანმრთელობა
დისმენორეა

დისმენორეა – ესაა ტკივილი მუცლის ქვედა არეში (მენჯში) მენსტრუაციის დროს.

  • ქალების უმრავლესობაში მიზეზი არ ვლინდება;

  • ტკივილი, ჩვეულებრივ, სპაზმური ხასიათისაა, ძლიერია, იწყება მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე და 2-3 დღის შემდეგ გაივლის;

  • ექიმი დიაგნოზს სიმპტომების და ფიზიკური გასინჯვის მიხედვით სვამს;

  • მკურნალობის მიზნით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან, საჭიროების შემთხვევაში, დაბალი დოზებით ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენება.

ქალების დაახლოებით სამ მეოთხედ ნაწილს აქვს დისმენორეა რაიმე მიზეზის გარეშე (პირველადი დისმენორეა), დანარჩენს აქვს რაიმე მდგომარეობით გამოწვეული დისმენორეა (მეორეული დისმენორეა).

პირველადი დისმენორეა: მდგომარეობა ქალების 50%-ზე მეტს აღენიშნება და, ჩვეულებრივ, მოზარდობის პერიოდიდან იწყება. ასეთი ქალების 5-15%-ის შემთხვევაში, პირველადი დისმენორეა ზოგჯერ მძიმეა, გავლენას ახდენს ყოველდღიურ აქტივობაზე და, შედეგად, ხშირია სკოლის ან სამუშაოს გაცდენა.

პირველადი დისმენორეა ნაკლები სიმძიმითაა გამოხატული ასაკის მატებასთან ერთად ან მშობიარობის შემდეგ.

პირველადი დისმენორეის დროს, ტკივილი ვლინდება მენსტრუალური ციკლის პერიოდში, როცა კვერცხუჯრედი მწიფდება. ტკივილი დაკავშირებულია მენსტრუაციის დროს გამომუშავებულ პროსტაგლანდინებთან. პროსტაგლანდინები ჰორმონის მაგვარი ნივთიერებებია, რომლებიც საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას, საშვილოსნოსთან სისხლის მიდინების შეზღუდვას და ტკივილისადმი მისი ნერვების დაბოლოებების მომატებულ მგრძნობელობას იწვევს. პირველადი დისმენორეის მქონე ქალებს პროსტაგლანდინების მომატებული რაოდენობა აქვთ.

მეორეული დისმენორეა: აღნიშნული ფორმა მოზრდილობიდან იწყება. ხშირად მას იწვევს შემდეგი მიზეზები:

  • ენდომეტრიოზი: ენდომეტრიული ქსოვილი, რომელიც, ნორმალურ მდგომარეობაში, მხოლოდ საშვილოსნოს ლორწოვან გარსშია, მის გარეთაც ვლინდება;

  • ფიბრომული კვანძები: კუნთოვანი და ფიბროზული ქსოვილისაგან შემდგარი კეთილთვისებიანი სიმსივნეები საშვილოსნოს კედელში;

  • ადენომიოზი: საშვილოსნოს ზომაში მომატება, როდესაც ენდომეტრიული ქსოვილი საშვილოსნოს კედლის კუნთოვან შრეში იზრდება;

  • მენჯის ღრუს შეგუბების სინდრომი: სისხლი გროვდება მენჯის ღრუს გაფართოებულ და დაკლაკნილ ვენებში;

  • მენჯის ღრუს ინფექცია: სიმპტომების გაუარესება შესაძლებელია მენსტრუალურ ციკლამდე და მის დროს;

  • საშვილოსნოს ყელის არხის შევიწროება: საშვილოსნოს ყელის არხის შევიწროება შეიძლება იყოს დაბადებიდან თანდაყოლილი ან განვითარდეს პოლიპის მოცილების, კიბოსწინარე მდგომარეობების (დისპლაზია) ან კიბოს მკურნალობის შემდეგ. ქალების მცირე ნაწილში საშვილოსნოს ყელის არხის შევიწროება მენსტრუაციის დროს იწვევს ტკივილს, რადგან სისხლის ნაკადის გამოდინება ყელის არხით ნაწილობრივ შეზღუდულია.

სიმპტომები

ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (მენჯში) ვლინდება და შეიძლება ვრცელდებოდეს წელის ან ქვედა კიდურების მიმართულებით. ტკივილი სპაზმური და გამჭოლი ხასიათისაა და ვლინდება და ქრება, თუმცა შეიძლება იყოს მუდმივი და ყრუ ხასიათის. ჩვეულებრივ, ტკივილი იწყება მენსტრუალურ ციკლამდე 1-3 დღით ადრე ან ციკლის დროს, პიკს აღწევს 24 საათში და თანდათან, 2-3 დღეში გაივლის.

სხვა ხშირი სიმპტომებია თავის ტკივილი, გულისრევა, შეკრულობა, დიარეა და შარდვის გახშირება. ზოგჯერ ღებინებაც ვლინდება. პრემენსტრუალური გაღიზიანება, ნევროტულობა, დეპრესია და მუცლის შებერილობა შეიძლება გაგრძელდეს მთელი მენსტრუაციის განმავლობაში ან მხოლოდ დასაწყისში. ზოგჯერ მენსტრუალური გამონადენი ქსოვილებს შეიცავს.

დიაგნოზი

დიაგნოზი სიმპტომებს და ფიზიკური გასინჯვის შედეგად მიღებულ მონაცემებს ემყარება. შესაძლო მიზეზის (როგორიცაა ფიბრომული კვანძები) გამოვლენის მიზნით, შეიძლება ჩატარდეს ულტრასონოგრაფია. ასევე, ექიმმა მუცლის ღრუს გამოკვლევა შეიძლება ჩაატაროს სპეციალური მილის (ლაპაროსკოპის) გამოყენებით, რომელიც ჭიპის ქვემოთ გავლებული მცირე განაკვეთის საშუალებით იდგმება. საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ჩადგმული ასეთივე მილის (ჰისტეროსკოპი) გამოყენებით, იკვლევენ საშვილოსნოს შიგნიდან. სხვა კვლევის მეთოდებია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) და საშვილოსნოს ლორწოვანიდან ქსოვილის ნიმუშის აღება (ენდომეტრიუმის ბიოფსია) შემდგომი კვლევისთვის.

მკურნალობა

ტკივილს, ჩვეულებრივ, საგრძნობლად ამცირებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები). აასს-ები უფრო ეფექტიანია, როდესაც მათი მიღება მენსტრუალურ ციკლამდე 1-2 დღით ადრე იწყება და ციკლის დაწყების შემდეგ 1-2 დღეს გრძელდება. გულისრევა და ღებინება, ჩვეულებრივ, მკურნალობის გარეშე, ტკივილის ალაგებასთან ერთად გაივლის. სიმპტომების შემსუბუქებას ასევე ეხმარება სათბურას მოთავსება მუცლის ქვედა ნაწილზე, დასვენება, გამოძინება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში.

თუ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ყოველდღიურ აქტივობაზე, საკვერცხეებში კვერცხუჯრედის მომწიფების (ოვულაციის) დათრგუნვის მიზნით, ინიშნება ორალური კონტრაცეპტივები, რომლებიც დაბალი დოზით ესტროგენსა და პროგესტინს შეიცავს.

თუ დისმენორეა სხვა დაავადებითაა გამოწვეული, თუ შესაძლებელია, ტარდება გამომწვევი მიზეზის მკურნალობა. შევიწროებული საშვილოსნოს ყელის არხი ქირურგიული წესით ფართოვდება. თუმცა აღნიშნული ჩარევა ტკივილს მხოლოდ დროებით ამცირებს. საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული წესით იკვეთება ფიბრომული კვანძები ან სხვაგან განვითარებული ენდომეტრიული ქსოვილი (ენდომეტრიოზი).

როდესაც სხვა სახის მკურნალობა უშედეგოა და ტკივილი კვლავ მძიმეა, საშვილოსნოს ნერვებს ქირურგიულად კვეთენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაციის დროს ზოგჯერ შემთხვევით ზიანდება მენჯის ღრუს სხვა ორგანოები, მაგალითად, შარდსაწვეთები. ალტერნატიული მკურნალობის სახით, შეიძლება ჰიპნოზის ან აკუპუნქტურის მოსინჯვა.