მენსტრუაციის დარღვევები და პათოლოგიური სისხლდენა საშოდან | მკურნალი.გე
  1. მენსტრუაციის დარღვევები და პათოლოგიური სისხლდენა საშოდან
  2. ქალთა ჯანმრთელობა
მენსტრუაციის დარღვევები და პათოლოგიური სისხლდენა საშოდან

ჰორმონების რთული ურთიერთქმედებით რეგულირდება მენსტრუაციის დაწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, მენსტრუალური ციკლების რიტმი და ხანგრძლივობა – რეპროდუქციული წლების განმავლობაში – და მენსტრუაციის დასასრული – მენოპაუზის დროს.

  • მენსტრუაციის ჰორმონული კონტროლი ჰიპოთალამუსიდან იწყება (თავის ტვინის ნაწილი, რომელიც ჰორმონული აქტივობების კოორდინაციასა და მართვას უზრუნველყოფს);

  • ჰიპოთალამუსი პულსურად გამოიმუშავებს გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონებს;

  • გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონები ასტიმულირებს ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპინის ორი ჰორმონის – მალუთეინიზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის – გამომუშავებას;

  • მალუთეინიზირებელი და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონები ასტიმულირებს საკვერცხეებს;

  • საკვერცხეები გამოიმუშავებს ქალის სასქესო ჰორმონებს – ესტროგენს და პროგესტერონს, რომლებიც არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს.

საკვერცხეების ფუნქციასა და მენსტრუალურ ციკლზე გავლენა შეიძლება მოახდინოს სხვა ჯირკვლების მიერ გამომუშავებულმა ჰორმონებმა, მაგალითად, როგორებიცაა თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლები.

რეპროდუქციულ ასაკში სისხლდენა საშოდან პათოლოგიურად ითვლება, როდესაც მენსტრუალური სისხლდენები ძალიან ძლიერი ან უმნიშვნელოა, დიდხანს გრძელდება, ძალზე ხშირი ან არარეგულარულია. სქესობრივ მომწიფებამდე ან მენოპაუზის შემდგომ გამოვლენილი სისხლდენა საშოდან პათოლოგიურად ითვლება, თუ სხვა რაიმე მიზეზი არ არის დადგენილი.

მენსტრუალური ციკლის დარღვევები მოიცავს: პრემენსტრუალურ სინდრომს, დისმენორეას, დისფუნქციურ სისხლდენას საშოდან და ამენორეას.