ბაბეზიოზი წარმოადგენს ერთუჯრედიანი, უმარტივესი პარაზიტის – ბაბეზიის მიერ გამოწვეულ სისხლის წითელი უჯრედების დაავადებას.
ბაბეზიოზი გადააქვს ირმების ტკიპების იმავე სახეობას (იქსოდიდების ოჯახი), რომელსაც გადააქვს ლაიმის დაავადება. ეს ინფექცია ხშირია ცხოველებში, მაგრამ ის შედარებით იშვიათია ადამიანებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაბეზია მიკროტი აინფიცირებს ადამიანებს ნაპირიდან მოშორებულ კუნძულებზე ან მასაჩუსეტსის, კონექტიკუტის, ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის სანაპირო რეგიონებში. შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირებულია ვისკონსინში, ჯორჯიასა და კალიფორნიაში. ბაბეზიის სხვა სახეობები აინფიცირებენ ადამიანებს მსოფლიოს სხვა ნაწილებში.
ბაბეზიები ცხოვრობენ სისხლის წითელ უჯრედებში და საბოლოოდ, ანადგურებენ მათ. ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით კი ჯანმრთელ ადამიანებს 40 წლამდე, არ უვითარდებათ შესამჩნევი სიმპტომები. სხვებს კი აქვთ ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი და დაღლილობა. სისხლის წითელი უჯრედების დაშლამ შესაძლოა გამოიწვიოს ანემია. ხშირად დიდდება ღვიძლი და ელენთა.
დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისა და სიკვდილის რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანებში, რომელთაც ამოკვეთილი აქვთ ელენთა ან რომლებიც იღებენ წამლებს ან აქვთ დაავადებები, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას (განსაკუთრებით – შიდსი). ასეთ ადამიანებში ბაბეზიოზი შესაძლოა დაემსგავსოს მალარიას, რომელიც იწვევს მაღალ ცხელებას, ანემიას, შარდის გამუქებას, სიყვითლესა და თირკმლების უკმარისობას.
ბაბეზიოზის დიაგნოზის დასმის მიზნით ექიმი, ჩვეულებრივ, იკვლევს სისხლის ნიმუშს მიკროსკოპის ქვეშ.
მკურნალობა არ არის საჭირო ჯანმრთელ ადამიანებში, რომელთაც აქვთ მოფუნქციონირე ელენთა და დაავადების ფორმა მსუბუქია, რადგანაც ინფექცია ჩვეულებრივ თავისით ქრება. სიმპტომების მქონე ადამიანებს უნიშნავენ ატოვაქვინს აზითრომიცინთან ან ქინინთან ერთად, რომელსაც ემატება კლინდამიცინი. იმ ადგილებში, სადაც ირმის ტკიპები ხშირია, ადამიანებმა შესაძლოა შეამცირონ ინფექციის მიღების რისკი იმით, რომ გაითვალისწინებენ ტკიპების საწინააღმდეგო გამაფრთხილებელ ზომებს.