1. სოკოვანი ინფექცია
  2. საშოს ინფექციები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
სოკოვანი ინფექცია

  • საშოს დაინფიცირება შეიძლება მოხდეს სოკო Candida-ს, ჩვეულებრივ,Candida albicans-ის მიერ, რომელიც იწვევს სოკოვან ინფექციას – კანდიდოზს. სოკოვანი ინფექციის რისკს ზრდის ორსულობა, ჭარბი წონა, დიაბეტი ან იმუნური სისტემის დასუსტება;

  • აღინიშნება საშოსა და ვულვის ქავილი და ქალს აქვს სქელი კონსისტენციის, თეთრი ფერის, ხაჭოსებრი გამონადენი;

  • ეფექტურია სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება კრემების, საშოს სანთლების, აბების ან კაფსულების სახით.

მიზეზები

Candida albicans-ით გამოწვეული სოკოვანი ინფექცია ხშირია რეპროდუქციული ასაკის ქალებს შორის. ჩვეულებრივ, აღნიშნული სოკო არსებობს კანსა და ნაწლავებში. აქედან შეიძლება გავრცელდეს საშოში. სოკოვანი ინფექცია სქესობრივი გზით არ გადაიცემა. ხშირია ორსულ, ჭარბწონიან და დიაბეტის მქონე ქალებს შორის. სოკოვანი ინფექცია, ხშირად, მენსტრუალური ციკლის დაწყების წინ ვითარდება. მისი განვითარება ასევე შესაძლებელია მედიკამენტების (როგორიცაა კორტიკოსტეროიდები ან ქიმიოთერაპია) ან დაავადებების (როგორიცაა შიდს-ი) ზემოქმედების შედეგად დასუსტებული იმუნური სისტემის შემთხვევაში.

ანტიბიოტიკის აბების მიღების შემთხვევაში, ისინი ანადგურებს საშოში არსებულ ნორმალურ ფლორას, რომელიც სოკოვანი ინფექციის განვითარების ხელშემშლელია. ამგვარად, ანტიბიოტიკებით მკურნალობა ზრდის სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკს.

მენოპაუზის შემდგომ სოკოვანი ინფექციები იშვიათია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ქალი იტარებს ჰორმონებით მკურნალობას.

სიმპტომები

აღინიშნება საშოსა და ვულვის მიდამოს ქავილი და წვა, განსაკუთრებით, სქესობრივი ცხოვრების შემდეგ. სასქესო მიდამო შეიძლება შეწითლებული და შეშუპებული იყოს. ქალს ზოგჯერ აღენიშნება თეთრი ფერის, ხშირად სქელი კონსისტენციის და ხაჭოსებრი გამონადენი. სიმპტომები უარესდება მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.

პრევენცია

სოკოვანი ინფექციის განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებს, სოკოვანი ინფექციის განვითარების პრევენციის მიზნით, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიღება დასჭირდებათ. ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ქალები, რომელთაც აქვთ:

  • დასუსტებული იმუნური სისტემა

  • დიაბეტი

  • ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღების საჭიროება

  • განმეორებადი სოკოვანი ინფექცია

მკურნალობა

სოკოვანი ინფექცია სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით იკურნება. მათი გამოყენება შეიძლება დაზიანებულ მიდამოში კრემის, საშოს სუპოზიტორიის გამოყენებით ან დასალევი აბის სახით.

ბუტოკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, მიკონაზოლი და თიოკონაზოლი რეცეპტის გარეშე გაიცემა. კრემებში შემავალი ცხიმები და საცხები ასუსტებს ლატექსით დამზადებულ კონდომებს (მაგრამ არა – დიაფრაგმებს), აქედან გამომდინარე, კონდომის გამოყენება ჩასახვის საწინააღმდეგოდ არასანდოა.

სოკოს საწინააღმდეგო დასალევი საშუალებები (როგორიცაა ფლუკონაზოლი და იტრაკონაზოლი) რეცეპტით გაიცემა. ერთჯერადად მიღებულ ფლუკონაზოლს ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც ადგილობრივ კრემებსა და საცხებს. თუმცა ინფექციის კვლავ განმეორების შემთხვევაში, რამდენიმე დოზის მიღება იქნება საჭირო.