ძუძუს კიბო | მკურნალი.გე
  1. ძუძუს კიბო
  2. სარძევე ჯირკვლების დაავადებები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ძუძუს კიბო

  • ძუძუს კიბო ქალებს შორის სიხშირით მეორე სიმსივნეა და კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებლითაც მეორე, ყველაზე ხშირი მიზეზია;

  • ტიპურ შემთხვევებში, პირველი ნიშანია ქალის მიერ აღმოჩენილი უმტკივნეულო კვანძი;

  • რეკომენდებულია ყოველთვიურდ თვითგასინჯვა, ყოველწლიურად ექიმის მიერ ძუძუს გასინჯვა და ყოველწლიური მამოგრაფია 50 წელზე უფროსი ასაკის ან მაღალი რისკის ქალებისათვის;

  • მკვრივი კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში, ქირურგიულად იღებენ მთლიანად კვანძს ან ნემსით იღებენ უჯრედებს მისგან და იკვლევენ (ბიოფსია);

  • ძუძუს კიბოს თითქმის ყოველთვის ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა, ზოგჯერ სხივურ და ქიმიოთერაპიასთან ერთად, სხვა მედიკამენტები ან მათი კომბინაცია;

  • გამოსავალი ძნელად პროგნოზირებადია და ნაწილობრივ დამოკიდებულია კიბოს მახასიათებლებსა და გავრცელებაზე.

ძუძუს კიბო ქალებს შორის სიხშირით მეორეა კანის კიბოს შემდეგ და კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მეორე ყველაზე ხშირი მიზეზია ფილტვის კიბოს შემდეგ. აშშ-ში 2006 წელს ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაახლოებით 213 000 ქალს დაუსვეს. ამგვარი შემთხვევების დაახლოებით მეხუთედი მთავრდება სიკვდილით.

მრავალ ქალს აქვს ძუძუს კიბოს შიში, ნაწილობრივ, იმის გამო, რომ საკმაოდ გავრცელებულია. თუმცა, შიში დაავადების შესახებ ნაწილობრივ არასწორი ინფორმაციის ფლობითაა გამოწვეული. მაგალითად, დებულება – "ყოველი რვა ქალიდან ერთს ძუძუს კიბო დაემართება" – დამაბნეველია. აღნიშნული გამოთვლა საშუალოდ ეფუძნება ქალებს დაბადებიდან 95 წლის ასაკამდე, რაც ნიშნავს, რომ თეორიულად, რვიდან ერთ ქალს, რომელიც 95 წლის ასაკამდე ან უფრო ხანგრძლივად ცოცხლობს, ძუძუს კიბო განუვითარდება. თუმცა, 40 წლის ასაკში ძუძუს კიბოს განვითარების შანსი 1200-დან ერთ ქალს აქვს მომდევნო წლის განმავლობაში და 120 ქალიდან ერთს – მომდევნო დეკადის განმავლობაში. ასაკის მატებასთან ერთად, რისკი მატულობს.

რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას ძუძუს კიბოს განვითარების რისკზე. ზოგიერთი ქალისათვის რისკი საშუალოსთან შედარებით უფრო მაღალი ან უფრო ნაკლებია. ზოგიერთი ფაქტორის მოდიფიკაცია, მაგალითად, როგორიცაა ასაკი, შეუძლებელია. თუმცა რეგულარულმა ფიზიკურმა აქტივობამ, განსაკუთრებით მოზარდობის ან ახალგაზრდა ასაკში და, სავარაუდოდ, წონის კონტროლმაც, შეიძლება შეამციროს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. ალკოჰოლიანი სასმელების რეგულარული მიღება რისკს ზრდის.

რისკფაქტორების მოდიფიცირებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ერთგვარი სიფხიზლე, ძუძუს კიბოს დროული გამოვლენა, ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და მკურნალობა, როდესაც განკურნების ალბათობა მაღალია. ადრეული გამოვლენა უფრო მეტად სავარაუდოა, როდესაც ქალი რეგულარულად იტარებს მამოგრაფიას და სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვას.

ტიპები

ძუძუს კიბო, ჩვეულებრივ, კლასიფიცირდება მისი გავრცელების და ქსოვილის სახეობის მიხედვით, საიდანაც სიმსივნე ვითარდება.

Carcinoma in situ ნიშნავს ადგილობრივად განვითარებულ სიმსივნეს. იგი ძუძუს კიბოს ძალიან ადრეული ეტაპია. Carcinoma in situ შესაძლებელია დიდი ზომის იყოს და ძუძუს მნიშვნელოვან ნაწილს აზიანებდეს, მაგრამ არ იჭრებოდეს ირგვლივმდებარე ქსოვილებში ან სხეულის სხვა ნაწილებში. აშშ-ში დასმული ძუძუს კიბოს დიაგნოზებიდან 15%-ზე მეტი Carcinoma in situ-ზე მოდის. იგი, ჩვეულებრივ, მამოგრაფიით ვლინდება.

ინვაზიური კიბო, თავის მხრივ, კლასიფიცირდება შემდეგი სახით:

  • ლოკალიზებული: კიბო იჭრება ირგვლივმდებარე ქსოვილებში, მაგრამ არ სცილდება სარძევე ჯირკვალს.

  • რეგიონული: კიბო იჭრება ძუძუს ახლომდებარე ქსოვილებში, როგორიცაა გულმკერდის კედელი ან ლიმფური კვანძები.

  • დისტანციური (მეტასტაზური): კიბო სარძევე ჯირკვლიდან სხეულის სხვა ნაწილებზე ვრცელდება. კიბო სარძევე ჯირკვლის ლიმფური ძარღვების მიმართულებით ვრცელდება. ძუძუს ლიმფური სადინარების უმეტესობა იღლიის ლიმფური კვანძებისკენ მიემართება. ლიმფური კვანძების ერთ-ერთი ფუნქციაა სისხლის გაფილტვრა და პათოლოგიური ან უცხო უჯრედების განადგურება, როგორიცაა, მაგალითად, სიმსივნური უჯრედები. თუ სიმსივნური უჯრედები აღნიშნულ ლიმფურ კვანძებს გასცდება, შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ არეში გავრცელდეს. ძუძუს კიბო სხეულის სხვა ნაწილებში სისხლის ნაკადითაც შეიძლება გავრცელდეს. ძუძუს კიბო ძირითადად ძვლებსა და ტვინში ვრცელდება, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერ მიდამოში, მათ შორის, ფილტვებში, ღვიძლში, კანში, სკალპში გავრცელება. აღნიშნულ მიდამოებში სარძევე ჯირკვლის კიბო დიაგნოზის დასმისა და მკურნალობიდან წლების ან ათწლეულების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს. თუ კიბო ერთ რომელიმე არეშია გავრცელებული, სავარაუდოდ, სხვაგანაც შეიძლება იყოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაშინვე არ ვლინდება.

ძუძუს კიბოს, რომელიც სარძევე სადინარში ვითარდება, დუქტური კარცინომა ეწოდება. ყველა ძუძუს კიბოს დაახლოებით 90% ასეთი სახისაა. ძუძუს კიბოს, რომელიც რძის წარმომქმნელ ჯირკვლებში (წილებში) იწყება, წილაკოვანი კარცინომა ეწოდება. ძუძუს კიბოს იშვიათ სახეობას, რომელიც სათავეს ცხიმოვან ან შემაერთებელ ქსოვილში იღებს, სარკომა ეწოდება.

სადინარის კარცინომა in situ ძუძუს სარძევე სადინარით შემოიფარგლება. იგი არ იჭრება ძუძუს ირგვლივმდებარე ქსოვილში, თუმცა შეიძლება გავრცელდეს სადინარის მიმართულებით და თანდათან დააზიანოს ძუძუს დიდი ნაწილი. აღნიშნული სახეობა ძუძუს კიბოს 20-30%-ს მოიცავს. იგი მხოლოდ მამოგრაფიით ვლინდება. შეიძლება იყოს ინვაზიური.

წილაკოვანი კარცინომა in situ რძის გამომყოფ ჯირკვლებში ვითარდება. იგი ხშირად ორივე ძუძუს სხვადასხვა ნაწილში ვლინდება. აღნიშნული სახეობის კიბოს დროს, ქალებს ყოველწლიურად, დაავადებულ ან მეორე სარძევე ჯირკვალში, ძუძუს ინვაზიური კიბოს განვითარების 1-2% შანსი აქვთ. მასზე ძუძუს კიბოს შემთხვევების 1-2% მოდის. ჩვეულებრივ, წილაკოვანი კარცინომა in situ მამოგრაფიით არ ვლინდება და მხოლოდ ბიოფსიით ხდება მისი დიაგნოსტირება.

ინვაზიური სადინაროვანი კარცინომა სარძევე სადინარში იწყება, თუმცა არღვევს მის კედელს და იჭრება ძუძუს ირგვლივმდებარე ქსოვილში. შეიძლება სხეულის სხვა ნაწილებშიც გავრცელდეს. იგი ძუძუს კიბოს 65-80%-ს მოიცავს.

ინვაზიური წილაკოვანი კარცინომა ძუძუს რძის გამომყოფი ჯირკვლებიდან იწყება, იჭრება ირგვლივ მდებარე ქსოვილებში და სხეულის სხვა ნაწილებისაკენ ვრცელდება. მისი განვითარება, სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, მეტად მოსალოდნელია ორივე ძუძუში. მასზე ძუძუს კიბოს შემთხვევების 10-15% მოდის.

ძუძუს ანთებითი კიბო დაზიანებულ ქსოვილზე მეტად, კიბოს სიმპტომებს გულისხმობს. აღნიშნული სახეობის კიბო სწრაფად მზარდი და ხშირად ფატალურია. კიბოს უჯრედები ახშობს ძუძუს კანის ლიმფურ სადინარებს, რაც კანს ანთებად შეხედულებას ანიჭებს. იგი შეშუპებული, წითელი და ცხელია. ჩვეულებრივ, ძუძუს ანთებითი კიბო, იღლიის ლიმფური კვანძების მიმართულებით ვრცელდება. ლიმფური ჯირკვლები მკვრივი კვანძების სახით შეიგრძნობა. საკუთრივ ძუძუში ხშირად არანაირი კვანძი არ ისინჯება, ვინაიდან აღნიშნული სახის სიმსივნე გაფანტულია სარძევე ჯირკვალში. ძუძუს ანთებითი კიბო ზოგადად ძუძუს კიბოს შემთხვევათა 1%-შია გავრცელებული.

დვრილების პეჯეტის დაავადება სადინარიდან განვითარებული კიბოა. პირველი სიმპტომია ქერქით ან ქერცლით დაფარული წყლული დვრილებზე ან გამონადენი დვრილიდან. აღნიშნული სახეობის კიბოს მქონე ქალების ნახევარზე ცოტა მეტს, ასევე აღენიშნება კვანძის არსებობა სარძევე ჯირკვალში, რომელიც ხელით შეიგრძნობა. პეჯეტის დაავადება შესაძლოა იყოს in situ ან ინვაზიური. ვინაიდან აღნიშნული დაავადება მსუბუქ დისკომფორტს იწვევს, ქალმა შესაძლოა ექიმთან ვიზიტამდე, წლების განმავლობაში მას ყურადღება არ მიაქციოს. პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ინვაზიური და დიდი ზომისაა სიმსივნე, ასევე, ვრცელდება თუ არა ის ლიმფურ ჯირკვლებში.

სადინაროვან ინვაზიურ იშვიათ სიმსივნეებს მიეკუთვნება მედულარული კარცინომა, ტუბულარული კარცინომა და მუცინური (კოლოიდური) კარცინომა. მუცინური კარცინომა ძირითადად უფროსი ასაკის ქალებს შორის ვითარდება და ნელა იზრდება. აღნიშნული სახეობის სიმსივნის მქონე ქალებისათვის პროგნოზი უკეთესია, ვიდრე ძუძუს სხვა ტიპის ინვაზიური კიბოს შემთხვევაში.

ძუძუს ფოთლისებური სიმსივნე შედარებით იშვიათობაა და შემთხვევების დაახლოებით ნახევარი ავთვისებიანია. სათავეს იღებს სარძევე ჯირკვლის ქსოვილში, სარძევე სადინარისა და რძის წარმომქმნელი ჯირკვლების ირგვლივ. სიმსივნე სხეულის სხვა ნაწილებში შემთხვევათა დაახლოებით 10-20%-ში ვრცელდება.

მახასიათებლები

ყველა უჯრედს, მათ შორის ძუძუს კიბოს უჯრედებს, ზედაპირზე აქვს მოლეკულები, რომელთაც რეცეპტორები ეწოდება. რეცეპტორს სპეციფიკური სტრუქტურა აქვს, რომელიც მხოლოდ გარკვეული სახის ნივთიერებებს აძლევს საშუალებას, მოერგოს მათ და გავლენა მოახდინოს უჯრედის აქტივობაზე. თუ ძუძუს კიბოს უჯრედებს აქვს რამდენიმე რეცეპტორი, იგი გავლენას ახდენს, თუ რამდენად სწრაფად გავრცელდება სიმსივნე და როგორ უნდა ჩატარდეს მისი მკურნალობა.

  • ესტროგენის ან პროგესტერონის რეცეპტორები: ზოგიერთი ძუძუს კიბოს უჯრედებს აქვს ესტროგენული რეცეპტორები. ასეთ სიმსივნეს მოიხსენიებენ, როგორც ესტროგენის რეცეპტორ-პოზიტიურს, რომელიც იზრდება ან ვრცელდება ესტროგენით სტიმულაციის შედეგად. აღნიშნული სახეობის კიბო უფრო ხშირია პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებს შორის. კიბოს ზოგ სახეობას აქვს პროგესტერონის რეცეპტორები. შედეგად ვითარდება კიბო, რომელსაც პროგესტერონის რეცეპტორ-პოზიტიური ეწოდება და სტიმულირდება პროგესტერონის მიერ. ძუძუს კიბოს ის სახეობები, რომლებიც ესტროგენულ და, სავარაუდოდ, პროგესტერონულ რეცეპტორებს შეიცავს, უფრო ნელა იზრდება, ვიდრე რეცეპტორის არმქონე სახეობები, და პროგნოზიც უკეთესია.

  • HER2 (HER2/neu) რეცეპტორები: სარძევე ჯირკვლების ნორმალურ უჯრედებს აქვს HER2 რეცეპტორები, რომლებიც მათ ზრდას განაპირობებს (HER ადამიანის ეპითელური ზრდის ფაქტორის რეცეპტორია, რომელიც მონაწილეობს უჯრედების გამრავლებაში, გადარჩენასა და დიფერენცირებაში). ძუძუს კიბოს დაახლოებით 20-30%-ს ძალზე ბევრი HER2 რეცეპტორი აქვს. ამგვარი სიმსივნეები ძალიან სწრაფად იზრდება.

სიმპტომები

დასაწყისში, სარძევე ჯირკვლის კიბო სიმპტომებს არ იწვევს. ყველაზე ხშირად, პირველი სიმპტომია კვანძი, რომელიც მკაფიოდ შეიგრძნობა ირგვლივ არსებული სარძევე ჯირკვლის ქსოვილებს შორის. შემთხვევების 80%-ზე მეტში კვანძს ქალი თვითონ პოულობს. ჩვეულებრივ, მრავლობითი კვანძოვანი ცვლილებები სარძევე ჯირკვალში, განსაკუთრებით ზედა გარეთა ნა-

წილში, არაავთვისებიანი წარმოშობისაა და ფიბროცისტურ ცვლილებებზე მიუთითებს. მკვრივი, მკაფიოდ შემოსაზღვრული გასქელება, რომელიც მხოლოდ ერთ მხარეზეა, შეიძლება მის სიმსივნურ წარმოშობაზე მეტყველებდეს.

ადრეულ სტადიაზე კვანძი თავისუფლად მოძრაობს კანზე თითებით ზეწოლისას.

შორს წასულ შემთხვევაში, კვანძი ჩვეულებრივ უხორცდება გულმკერდის კედელს ან მის კანს. ასეთ შემთხვევებში, კვანძი სრულიად უძრავია ან კანისაგან განცალკევებულად ვერ გადაადგილდება. ქალს შეუძლია კიბოს აღმოჩენა მაშინაც კი, თუ იგი მცირედითაა შეზრდილი გულმკერდის კედელთან ან კანთან – სარკის წინ დგომისას, ერთი ხელის თავქვეშ მოთავსებით. თუ სარძევე ჯირკვალში სიმსივნეა, რომელიც მიხორცებულია გულმკერდის კედელთან ან კანთან, აღნიშნული მანევრით კანი შეიჭმუხნება ან ერთი სარძევე ჯირკვალი მეორისაგან განსხვავებულად გამოიყურება.

ძალზე შორსწასულ შემთხვევაში, კანზე შეიძლება განვითარდეს გამობერილობა ან წყლულები. ზოგჯერ კანი კვანძის ზემოთ შეჭმუხნული და გამკვრივებულია და ფორთოხლის ქერქის მსგავსად გამოიყურება.

კვანძი შესაძლოა მტკივნეული იყოს, მაგრამ ტკივილი არასარწმუნო ნიშანია. ტკივილი კვანძის გარეშე იშვიათადაა ძუძუს კიბოთი განპირობებული.

ლიმფური ჯირკვლები, განსაკუთრებით დაზიანებულ მხარეზე, იღლიაში, შეიძლება მცირე ზომის მკვრივი კვანძების სახით შეიგრძნობოდეს. ლიმფური ჯირკვლები შეიძლება ერთმანეთს, კანს ან გულმკერდის კედელს მიუხორცდეს. ისინი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა, მაგრამ შესაძლოა მსუბუქად მგრძნობიარეც იყოს.

ანთებითი ძუძუს კიბოს დროს, სარძევე ჯირკვალი მხურვალე, შეწითლებული და შეშუპებულია, ისევე, როგორც ინფექციის დროს (თუმცა იგი არ ვლინდება). ძუძუს მფარავი კანი შეიძლება ფორთოხლის ქერქის მსგავსი, შეჭმუხნული და გამკვრივებული ან დანაოჭებული იყოს. შესაძლებელია დვრილების ჩაბრუნება. ხშირია დვრილიდან გამონადენი. ხშირად, სარძევე ჯირკვალში კვანძი არ ისინჯება.

სკრინინგი

ვინაიდან სარძევე ჯირკვლის კიბო ადრეულ სტადიაზე სიმპტომებს იშვიათად იწვევს და ვინაიდან ადრეული მკურნალობა, მეტი ალბათობით, წარმატებულია, ძალზე მნიშვნელოვანია დაავადების სკრინინგი. სკრინინგი ესაა დაავადების აღმოჩენა სიმპტომების გამოვლინებამდე.

რუტინული თვითგასინჯვა ქალს საშუალებას აძლევს, კვანძი დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინოს. თუმცა, მხოლოდ თვითგასინჯვა ვერ ამცირებს ძუძუს კიბოთი გამოწვეულ სიკვდილობას და მისი საშუალებით ისეთ ადრეულ ეტაპზე ვერ ვლინდება სიმსივნე, როგორც ეს რუტინული სკრინინგული მამოგრაფიითაა შესაძლებელი. თუ ქალი ვერ აღმოაჩენს რაიმე სახის კვანძს, გამოკვლევისათვის უნდა მიმართოს თავის ექიმს ან რეკომენდაციის მიხედვით ჩაიტაროს მამოგრაფია. როდესაც სიმსივნე თვითგასინჯვითაა აღმოჩენილი, პროგნოზი, ჩვეულებრივ, უკეთესია. ძირითადად, ტარდება ძუძუს დამზოგველი ოპერაცია და ნაკლებად საჭიროა მასტექტომია.

ძუძუს გასინჯვა ფიზიკური გასინჯვის რუტინული ნაწილია. ექიმი აკვირდება სარძევე ჯირკვლებს არათანაბრობის, ჩაღრმავებების, კანის შეჭმუხვნის, კვანძების და გამონადენის გამოსავლენად. ექიმი გაშლილი თითებით სინჯავს (პალპაციას ატარებს) ორივე სარძევე ჯირკვალს და ამოწმებს იღლიის ლიმფური ჯირკვლების გადიდებას – ესაა მიდამო, სადაც ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად პირველად ვრცელდება. ექიმი ასევე ამოწმებს ჯირკვლებს ლავიწის ზემოთ. ნორმაში, ლიმფური კვანძები არ შეიგრძნობა, ამიტომ, როდესაც გასინჯვისას ჯირკვალი იგრძნობა, ითვლება რომ იგი გადიდებულია. გადიდების შემთხვევაში, ისინჯება, ჯირკვალი შეზრდილია თუ არა კანთან, გულმკერდის კედელთან ან ორივესთან.

მამოგრაფია: ძუძუში არსებული პათოლოგიური კერების გამოსავლენად, კვლევისათვის რენტგენის სხივები გამოიყენება. მკვლევარი ქალის სარძევე ჯირკვალს ათავსებს რენტგენის ფირფიტაზე. მოძრავი პლასტმასის სახურავი თავსდება სარძევე ჯირკვალზე და მჭიდროდ ეჭირება მასზე. ამგვარად, სარძევე ჯირკვალი ბრტყელდება და შესაძლებელია ქსოვილის მაქსიმალური რაოდენობის გადაღება და გამოკვლევა. რენტგენის სხივები მიმართულია ქვემოთ და გამოსახულება რენტგენის ფირზე მიიღება. აღნიშნულ პოზიციაში რენტგენის ორი სურათის გადაღება ხდება თითოეულ სარძევე ჯირკვალზე. შემდეგ ფირფიტები თავსდება ვერტიკალურად, ძუძუს თითოეულ მხარეზე და რენტგენის სხივები მიმართულია გვერდიდან. აღნიშნული პოზიცია, ძუძუს გვერდით სურათს იძლევა.

მამოგრაფია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სარძევე ჯირკვლის კიბოს ნაადრევ სტადიაზე აღმოსაჩენად. მამოგრაფია იმგვარადაა დაგეგმილი, რომ მაქსიმალურად მგრძნობიარე იყოს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოსაჩენად, ზოგჯერ წლებით ადრე, ვიდრე იგი სარძევე ჯირკვალში მოისინჯება. ვინაიდან მამოგრაფია ძალზე მგრძნობიარე კვლევაა, შეიძლება მას ჰქონდეს ცრუ დადებითი შედეგი, ანუ გამოჩნდეს კიბო, როდესაც იგი არ არის.

სკრინინგის დროს (ქალებში, რომელთაც არ აქვთ რაიმე სიმპტომი ან კვანძი) ცვლილებების 90% არ არის კიბო. ტიპურ შემთხვევებში, როდესაც პასუხი დადებითია, სხვა სპეციფიკური შემდგომი კვლევები, ჩვეულებრივ, ძუძუს ბიოფსია, იგეგმება დიაგნოზის დასადასტურებლად. მამოგრაფიით შესაძლოა ვერ გამოვლინდეს ძუძუს კიბოს შემთხვევების 15%.

1-2 წელიწადში ერთხელ მამოგრაფიის ჩატარებამ შესაძლოა 25-35%-ით შეამციროს ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილობა 50 წლის და უფროსი ასაკის ქალებში. ჯერჯერობით კვლევებით დამტკიცებული არაა, რეგულარული მამოგრაფია შეამცირებს თუ არა სიკვდილობის სიხშირეს 50 წელზე ახალგაზრდა ასაკში. თუმცა მტკიცებულება უფრო სარწმუნო შეიძლება იყოს, ვინაიდან ძუძუს კიბო იმდენად ხშირი არაა ახალგაზრდა ქალებს შორის. მრავალი ექსპერტის რეკომენდაციით, ქალებმა 40-49 წლის ასაკში, მამოგრაფია 1-2 წლიანი ინტერვალებით უნდა ჩაიტარონ. ყველა ექსპერტი უწევს რეკომენდაციას ყოველწლიურ მამოგრაფიას 50 წლისა და უფროსი ასაკის ქალებისათვის.

გამოყენებული გამოსხივების დოზა ძალიან დაბალია და უსაფრთხოდ ითვლება. მამოგრაფიამ გარკვეული დისკომფორტი შესაძლოა გამოიწვიოს, თუმცა იგი სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. კვლევა მენსტრუალური ციკლის ისეთ დროს უნდა დაიგეგმოს, როდესაც ჯირკვლები ნაკლებად მგრძნობიარეა. გამოკვლევის დღეს არ უნდა იქნას გამოყენებული დეოდორანტები, ვინაიდან ისინი გავლენას ახდენს მიღებულ სურათზე. მთლიანად პროცედურა 15 წუთს გრძელდება.

დიაგნოზი

როდესაც სარძევე ჯირკვალში კვანძი ან რაიმე სახის ცვლილება გამოვლინდება ფიზიკური გასინჯვის ან სკრინინგული პროცედურის ჩატარებისას, საჭიროა დამატებითი კვლევები. პირველ რიგში, ტარდება მამოგრაფია, თუ პათოლოგია მისი საშუალებით არ იყო გამოვლენილი.

ულტრასონოგრაფიის დახმარებით ერთმანეთისაგან განასხვავებენ სითხით სავსე პარკსა (ცისტა) და სოლიდურ კვანძს. განსხვავება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ცისტები, ჩვეულებრივ, არაავთვისებიანია. შესაძლებელია მათზე დაკვირვება (მკურნალობის გარეშე) ან შპრიცითა და ნემსით დაცლა. ზოგჯერ ტარდება ცისტიდან აღებული სითხის გამოკვლევა, მასში სიმსივნური უჯრედების აღმოსაჩენად. იშვიათად, როდესაც სიმსივნეა საეჭვო, ცისტას ამოკვეთენ.

თუ პათოლოგიური წარმონაქმნი სოლიდური კვანძია, რომელიც, მეტი ალბათობით, სიმსივნური წარმოშობისაა, ტარდება მამოგრაფია და ბიოფსია. ხშირად გამოიყენება ასპირაციული ბიოფსია: კვანძიდან უჯრედების ამოღება ხდება შპრიცზე მორგებული ნემსით. თუ აღნიშნული პროცედურა სიმსივნეს ავლენს, დიაგნოზი დასტურდება. თუ სიმსივნის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, ქსოვილის დამატებით ნაწილის (ინციზიური ბიოფსია) ან მთლიანად კვანძის (ექსციზიური ბიოფსია) ამოკვეთაა საჭირო, დასარწმუნებლად, რომ ასპირაციული ბიოფსიისას სიმსივნე არ გამორჩენილა. ქალების უმრავლესობას აღნიშნული პროცედურისათვის კლინიკაში მოთავსება არ სჭირდება. ჩვეულებრივ, მხოლოდ ადგილობრივი გაუტკივარება გამოიყენება.

თუ ძუძუს დვრილების პეჯეტის დაავადებაა საეჭვო, ტარდება დვრილის ქსოვილის ბიოფსია. ზოგჯერ კიბოს დიაგნოზის დასმა შესაძლებელია დვრილიდან გამონადენის მიკროსკოპული გამოკვლევით.

პათოლოგანატომი, სიმსივნური უჯრედების აღმოჩენის მიზნით, ბიოფსიით მიღებულ მასალას მიკროსკოპულად იკვლევს. ზოგადად, მამოგრაფიით გამოვლენილი ცვლილებების მქონე ქალების მხოლოდ მცირე ნაწილში დასტურდება ბიოფსიით კიბოს არსებობა. კიბოს უჯრედების აღმოჩენის შემთხვევაში, ტარდება მასალის ანალიზი კიბოს უჯრედების შემდეგი მახასიათებლების გამოსავლენად:

  • აქვს თუ არა სიმსივნურ უჯრედებს ესტროგენული ან პროგესტერონული რეცეპტორები;

  • რამდენი HER2 რეცეპტორია უჯრედზე;

  • რამდენად სწრაფად ხდება სიმსივნური უჯრედების დაყოფა.

აღნიშნული ინფორმაცია ექიმს ეხმარება დაადგინოს, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს კიბო და რომელი სახის მკურნალობა იქნება, სავარაუდოდ, ეფექტიანი.

სიმსივნური პროცესის გავრცელების გამოსავლენად ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია და სისხლის ანალიზები, მათ შორის, სისხლის საერთო ანალიზი და ღვიძლის ფუნქციური სინჯები. თუ სიმსივნე დიდი ზომისაა, ლიმფური კვანძები გადიდებულია ან ქალს აქვს ძვლების არეში ტკივილი, შეიძლება ჩატარდეს მთელი სხეულის ძვლების გამოსახულებითი კვლევა (ძვლების სკანირება). ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებისას, ღვიძლის ზომაში მომატებისას ან სიმსივნის სარძევე ჯირკვალში გავრცელებისას ტარდება მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია.

დიაგნოზის დასმის შემდეგ, სარძევე ჯირკვლის შეფასების მიზნით, ხშირად ტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ვინაიდან აღნიშნული კვლევა ზუსტად განსაზღვრავს, რამდენად დიდი ზომისაა სიმსივნე, ჩართულია თუ არა გულმკერდის კედელი და რამდენი სიმსივნეა.

სტადიის განსაზღვრა

სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რამდენად შორსწასულია იგი, ხდება დაავადების სტადიის განსაზღვრა. სტადიის განსაზღვრა ექიმებს ეხმარება განისაზღვროს, რომელია ყველაზე მეტად შესაბამისი მკურნალობა და პროგნოზი. სარძევე ჯირკვლის კიბოს სტადია შეიძლება ზოგადად განისაზღვროს, როგორც in situ (არაინვაზიური) ან ინვაზიური. სტადიურობა უფრო დეტალურადაც შეიძლება იქნას აღწერილი რიცხვებით (0-დან IV-მდე).

პრევენცია

მედიკამენტების მიღება, რომლებიც ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს (ქემოპრევენცია), რეკომენდებულია ქალებისათვის:

  • 60 წელზე უფროს ასაკში

  • 35 წელზე უფროს ასაკში, წარსულში in situ წილაკოვანი კარცინომის დიაგნოზით

  • რომელთაც აქვთ BRCA1 ან BRCA2 გენური მუტაცია

  • რომელთაც აქვთ ძუძუს კიბოს განვითარების მაღალი რისკი ქალის ამჟამინდელი ასაკის, მენარქეს და პირველი მშობიარობის ასაკის, ძუძუს კიბოს მქონე პირველი რიგის ნათესავების რაოდენობის და სარძევე ჯირკვლის წინარე ბიოფსიის შედეგების გათვალისწინებით.

აღნიშნულ მედიკამენტებს მიეკუთვნება ტამოქსიფენი და რალოქსიფენი. ქემოპრევენციის დაწყებამდე, ქალებმა ექიმს უნდა ჰკითხონ შესაძლო გვერდითი ეფექტების თაობაზე. ტამოქსიფენთან დაკავშირებულია საშვილოსნოს კიბო (ენდომეტრიუმის კიბო), თრომბის წარმოქმნა ქვედა კიდურში ან ფილტვებში და კატარაქტა. აღნიშნული რისკები უფრო მაღალია ასაკოვან ქალებს შორის. პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში, რალოქსიფენი დაახლოებით ისეთივე ეფექტიანია, როგორც ტამოქსიფენი, და უფრო დაბალია თრომბის წარმოქმნისა და კატარაქტის განვითარების რისკი. ორივე საშუალებამ შეიძლება გაზარდოს ძვლოვანი სიმკვრივე და ამგვარად სასარგებლო იყოს ოსტეოპოროზის მქონე ქალებისათვის. პოსტმენოპაუზის ასაკში რალოქსიფენი ტამოქსიფენის ალტერნატივაა.

მკურნალობა

მკურნალობა, ჩვეულებრივ, მას შემდეგ იწყება, რაც ქალის მდგომარეობა სრულყოფილად შეფასდება – ბიოფსიიდან ერთ ან რამდენიმე კვირაში. სამკურნალო ღონისძიებები დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და ძუძუს კიბოს სახეობაზე. ამასთან მკურნალობა კომპლექსურია, ვინაიდან ძუძუს კიბოს სხვადასხვა სახეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ზრდის სისწრაფით, გავრცელებისადმი (მეტასტაზირება) მიდრეკილებით, მკურნალობის შედეგით. ისიც უნდა ითქვას, რომ ძუძუს კიბოს შესახებ ბევრი რამ კვლავ უცნობია, რის გამოც, ექიმებს შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ კონკრეტული პაციენტის მკურნალობის თაობაზე.

ქალისა და მკურნალი ექიმის არჩევანი განაპირობებს მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას. ძუძუს კიბოთი დაავადებულმა ქალმა ექიმს უნდა სთხოვოს, აუხსნას, თუ რა არის ცნობილი დაავადების შესახებ და რა – უცნობი, ისევე, როგორც აღუწეროს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი. შემდეგ შეძლებენ განიხილონ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის უპირატესობა და ნაკლოვანება და ამის მიხედვით დაეთანხმონ ან უარყონ შეთავაზებული სახეობა. სარძევე ჯირკვლის ნაწილის ან მთლიანად მოკვეთა შესაძლებელია ემოციურად ტრავმული იყოს ქალისათვის. ქალებმა უნდა განიხილონ, რას გრძნობენ აღნიშნულ მკურნალობასთან დაკავშირებით, რომელმაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს მათ მთლიანობის შეგრძნებასა და სექსუალობაზე.

ექიმებმა სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ქალებს შეიძლება შესთავაზონ სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა, რომლებიც მკურნალობის ახალ მეთოდებს სწავლობს. ახალი მკურნალობის მეთოდების მიზანია გადარჩენისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. მკურნალობის ახალი მეთოდის ძველთან შესადარებლად, კვლევაში მონაწილე ყველა ქალს უტარდება მკურნალობა. ქალმა ექიმს უნდა სთხოვოს, აუხსნას კვლევაში მონაწილეობასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლო სარგებელი, იმგვარად, რომ მან შეძლოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.

მკურნალობა, ჩვეულებრივ, მოიცავს ქირურგიულ ჩარევას და შესაძლოა სხივურ, ქიმიოთერაპიას ან ჰორმონების მაბლოკირებელი მედიკამენტების მიღებას. ხშირად გამოიყენება ჩამოთვლილი მკურნალობის სახეების კომბინაცია.

ქირურგია: იკვეთება ავთვისებიანი სიმსივნე და ირგვლივმდებარე ქსოვილების სხვადასხვა რაოდენობა. სიმსივნის მოკვეთის ორი ძირითადი გზა არსებობს: ძუძუს დამზოგველი ქირურგია და ძუძუს მოკვეთა (მასტექტომია). მასტექტომია ძუძუს ინვაზიური კიბოს მქონე ქალებისათვის (I ან უფრო შორსწასული სტადია) ძუძუს დამზოგველ ქირურგიისა და სხივური თერაპიის კომბინაციასთან შედარებით, მეტად ეფექტიანი არაა. მთლიანად სიმსივნის მოცილება შესაძლებელია ძუძუს დამზოგველი ქირურგიის დროსაც. ქირურგიულ ჩარევამდე, სიმსივნის ზომაში შემცირების მიზნით, შეიძლება ჩატარდეს ქიმიოთერაპია. ასეთი მიდგომა ზოგჯერ საშუალებას იძლევა, ქალს, მასტექტომიის ნაცვლად, ძუძუს დამზოგველი ოპერაცია ჩაუტარდეს.

ძუძუს დამზოგველი ქირურგია ხელშეუხებელს ტოვებს ძუძუს იმდენ ნაწილს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. არსებობს რამდენიმე სახეობა:

  • ლამპექტომია – ესაა სიმსივნის მოკვეთა მის ირგვლივ მდებარე მცირე რაოდენობით ქსოვილებთან ერთად;

  • ფართო ექსციზია ან ნაწილობრივი მასტექტომია – ესაა სიმსივნის მოცილება, მის ირგვლივ მდებარე ნორმალური ქსოვილების შედარებით მეტ რაოდენობასთან ერთად;

  • კვადრანტექტომია – ესაა ძუძუს მეოთხედი ნაწილის მოკვეთა.

სიმსივნის მოკვეთა ნორმალური ქსოვილების ფარგლებში სარძევე ჯირკვალში სიმსივნის კვლავ განვითარების საუკეთესო პრევენციაა. ძუძუს დამზოგველი ქირურგია, ჩვეულებრივ, სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში ტარდება.

ძუძუს დამზოგველი ქირურგიული ჩარევის მთავარი უპირატესობა კოსმეტიკური შედეგია: აღნიშნული სახის ოპერაცია ეხმარება გარეგნობის შენარჩუნებაში. ამგვარად, როდესაც სიმსივნე სარძევე ჯირკვალთან მიმართებაში დიდი ზომისაა, აღნიშნული ჩარევა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სასარგებლო იყოს. ასეთ შემთხვევებში, სიმსივნის და ირგვლივ მდებარე ნორმალური ქსოვილების მოკვეთა ძუძუს დიდი ნაწილის მოკვეთას გულისხმობს. ძუძუს დამზოგველი ქირურგიული ჩარევა, ჩვეულებრივ, მეტად შესაბამისია, როდესაც სიმსივნე მცირე ზომისაა. დამზოგველი ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ქალების დაახლოებით 15%-ში, მოკვეთილი ქსოვილების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ მცირე განსხვავება ვლინდება ნაოპერაციებ და არანაოპერაციებ სარძევე ჯირკვლებს შორის. თუმცა, ქალების დიდ ნაწილში ნაოპერაციები სარძევე ჯირკვალი ზომაში რამდენადმე მცირდება და შეიძლება მისი მოყვანილობაც შეიცვალოს.

მასტექტომია ქირურგიული მკურნალობის სხვა მეთოდია. არსებობს რამდენიმე სახეობა:

  • მარტივი მასტექტომია მოიცავს მთლიანად ძუძუს მოკვეთას, თუმცა მის ქვეშ არსებული კუნთი და ჭრილობის დასახურად საკმარისი კანი რჩება. ძუძუს რეკონსტრუქცია ბევრად ადვილია აღნიშნული ქსოვილების დატოვების შემთხვევაში. მარტივი მასტექტომია ძუძუს დამზოგველ ქირურგიასთან შედარებით მეტად მიღებულია, როდესაც სარძევე სადინარის კიბო მნიშვნელოვანი ზომისაა.

  • მოდიფიცირებული რადიკალური მასტექტომია მოიცავს ძუძუს ქსოვილებისა და იღლიის რამდენიმე ლიმფური კვანძის მოკვეთას, თუმცა ძუძუს ქვეშ არსებული კუნთი რჩება. აღნიშნული პროცედურა, ჩვეულებრივ, რადიკალური მასტექტომიის ნაცვლად ტარდება.

  • რადიკალური მასტექტომია მოიცავს მთლიანად ძუძუს ქსოვილების, იღლიის ლიმფური ჯირკვლებისა და ძუძუს ქვეშ არსებული კუნთის მოკვეთას. აღნიშნული პროცედურა ამჟამად იშვიათად ტარდება.

ლიმფური კვანძების ქირურგია (ლიმფური კვანძების დისექცია) ტარდება, თუ კიბო ინვაზიურია ან ეჭვია, რომ შესაძლოა ინვაზიური იყოს. იკვეთება ახლომდებარე ლიმფური კვანძები (ჩვეულებრივ 10-20) და იკვლევენ, სიმსივნური პროცესი ვრცელდება თუ არა მათში. თუ ლიმფურ ჯირკვლებში სიმსივნური უჯრედები აღმოჩნდება, მოსალოდნელია, რომ სიმსივნე გავრცელებული იყოს სხეულის სხვა ნაწილებშიც. ასეთ შემთვევაში საჭიროა დამატებითი მკურნალობა. ლიმფური კვანძების მოცილება ხშირად იწვევს პრობლემებს, ვინაიდან აზიანებს ქსოვილებიდან სითხის დრენაჟს. შედეგად, სითხე გროვდება, იწვევს მკლავის ან ხელის მუდმივ შეშუპებას (ლიმფედემა), რამაც შესაძლებელია მკლავისა და მხრის მოძრაობა შეზღუდოს. ლიმფედემას მკურნალობა სათანადოდ განსწავლული სპეციალისტის მიერ შეიძლება ჩატარდეს. ქალს ასწავლიან, თუ როგორ მოახდინოს აღნიშნული მიდამოს მასაჟი, რომელიც დაეხმარება დაგროვებული სითხის გამოდევნას, როგორ გაიკეთოს ნახვევი, რომელიც ხელს შეუშლის სითხის კვლავ დაგროვებას. დაზიანებული კიდური ჩვეულებრივად უნდა გამოიყენებოდეს.

სიმძიმეების აწევა დასაშვებია მხოლოდ ჯანმრთელი კიდურით. დაავადებული კიდურის ვარჯიში საჭიროა ყოველდღიურად, ინსტრუქციის მიხედვით. მთელი ღამით ნახვევის ტარების საჭიროება ბოლომდე ნათელი არაა. სხვა შემაწუხებელი სიმპტომებია დროებითი ან მუდმივი დაბუჟება, მუდმივი წვის შეგრძნება და ინფექცია.

მოდარაჯე ლიმფური კვანძის ბიოფსია ალტერნატიული გზაა, რომელიც თავიდან აცილებს ლიმფურ ჯირკვლებთან დაკავშირებულ ქირურგიულ ჩარევას. აღნიშნული პროცედურა მოიცავს პირველი ლიმფური კვანძის (ან კვანძების) მოძებნასა და ამოკვეთას, რომელშიც სიმსივნიდან სისხლი მიედინება. თუ კვანძები სიმსივნურ უჯრედებს შეიცავს, კვეთენ სხვა კვანძებსაც, თუ არა – ლიმფური კვანძები არ ამოიკვეთება. არის თუ არა აღნიშნული პროცედურა ისეთივე ეფექტიანია, როგორიც სტანდარტული ლიმფური კვანძების ქირურგია, კვლევის პროცესშია.

ძუძუს რეკონსტრუქციული ქირურგია შეიძლება მასტექტომიასთან ერთად ან მოგვიანებით ჩატარდეს. გამოიყენება სილიკონის ან ფიზიოლოგიური ხსნარის შემცველი იმპლანტი ან ქალის სხეულის სხვა ნაწილიდან აღებული ქსოვილები. სილიკონის იმპლანტების უსაფრთხოება, რომელიც ზოგჯერ ჟონავს, კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ სილიკონის გაჟონვას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვს.

სხივური თერაპია: მკურნალობის აღნიშნული მეთოდი გამოიყენება სიმსივნის ამოკვეთის ან მის მახლობლად არსებული ადგილიდან, მათ შორის, ახლომდებარე ლიმფური ჯირკვლებიდან კიბოს უჯრედების გასანადგურებლად. იგი აუმჯობესებს სიცოცხლის ხანგრძლივობას ქალებში, რომელთაც დიდი ზომის ან რამდენიმე მახლობელ ლიმფურ ჯირკვალში გავრცელებული სიმსივნე აქვთ.

გვერდითი ეფექტებია ძუძუს შეშუპება, სიწითლე და კანზე წყლულების წარმოქმნა მკურნალობის ადგილზე, ასევე დაღლილობა. აღნიშნული გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, რამდენიმე, დაახლოებით 12 თვეში ქრება. სხივური მკურნალობის ჩატარების შემდეგ, ქალების 5%-ს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება, რომელიც მინიმალურ დისკომფორტს იწვევს. 1%-ში, სხივური მკურნალობის დასრულებიდან 6-18 თვეში, ფილტვების მსუბუქი ანთება ვითარდება. ანთებითი პროცესი იწვევს მშრალ ხველას და ქოშინს ფიზიკური დატვირთვისას და 6 კვირამდე გრძელდება.

სხივური მკურნალობის გასაუმჯობესებლად, ექიმები რამდენიმე ახალ პროცედურას იკვლევენ. მათი მიზანია, დასხივების დამიზნება სიმსივნესთან უფრო ზუსტად და გამოსხივების ეფექტებისაგან ძუძუს დანარჩენი ქსოვილების დაცვა. ერთ-ერთი ასეთი პროცედურის დროს, ძალიან პატარა რადიოაქტიური კაფსულა, კათეტერის საშუალებით იდგმება სიმსივნეში. სხივური თერაპია შეიძლება მხოლოდ 5 დღეში დასრულდეს. ცნობილია არაა, ახალი პროცედურა ისეთივე ეფექტიანია, როგორც ტრადიციული სხივური თერაპია, თუ არა.

მედიკამენტები: ქიმიოთერაპია და ჰორმონების მაბლოკირებელი მედიკამენტები თრგუნავს სიმსივნური უჯრედების ზრდას მთელ სხეულში. ქიმიოთერაპია და ზოგჯერ ჰორმონების მაბლოკირებელი საშუალებები ქირურგიულ და სხივურ მკურნალობასთან დამატებით გამოიყენება, იმ შემთხვევაში თუ ლიმფურ კვანძებში სიმსივნური უჯრედები აღმოჩნდება და ხშირად, მათი არარსებობის დროსაც. მედიკამენტები ინიშნება ძუძუზე ქირურგიული ჩარევიდან მალევე და რამდენიმე თვე გრძელდება. ზოგი მათგანი, როგორიცაა ტამოქსიფენი, შეიძლება 5 წლამდე დაინიშნოს. აღნიშნული მედიკამენტები სიმსივნური პროცესის რეციდივს აფერხებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს ქალების დიდ ნაწილში. გენეტიკური მასალის ანალიზი (გენომური ტესტირება) გვეხმარება განისაზღვროს, თუ რომელი სიმსივნეა მგრძნობიარე ქიმიოთერაპიის ან ჰორმონმაბლოკირებელი საშუალებების მიმართ.

ქიმიოთერაპია გამოიყენება სწრაფად გამრავლებადი უჯრედების გასანადგურებლად ან მათი გამრავლების შესაფერხებლად. მხოლოდ ქიმიოთერაპიით ძუძუს კიბოს განკურნება შეუძლებელია. იგი გამოყენებული უნდა იქნას ქირურგიულ ჩარევასა ან სხივურ თერაპიასთან ერთად. ქიმიოთერაპიული საშუალებები, ჩვეულებრივ ინტრავენურად ინიშნება, ციკლების სახით. ზოგჯერ აბების სახით გამოიყენება. ტიპურ შემთხვევაში, მკურნალობის ერთ დღეს რამდენიმე კვირიანი გამოჯანმრთელების პროცესი მოსდევს. ერთი მედიკამენტით მკურნალობასთან შედარებით, მეტად შედეგიანია რამდენიმე ქიმიოთერაპიული საშუალების ერთდროული გამოყენება. მედიკამენტების არჩევანი ნაწილობრივ დამოკიდებულია მახლობლად მდებარე ლიმფურ კვანძებში სიმსივნური უჯრედების გავრცელებაზე. ხშირად გამოყენებული მედიკამენტებია ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ეპირუბიცინი, 5-ფტორურაცილი, მეტოტრექსატი და პაკლიტაქსელი. გვერდითი ეფექტები (როგორიცაა ღებინება, გულისრევა, თმის ცვენა და დაღლილობა) დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მედიკამენტები გამოიყენება. ქიმიოთერაპიამ, საკვერცხეებში კვერცხუჯრედების განადგურების გამო, შესაძლებელია უშვილობა და ნაადრევი მენოპაუზა გამოიწვიოს. ასევე შეიძლება დათრგუნოს ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნა. ასეთ შემთხვევაში, ძვლის ტვინის სტიმულაციისათვის ფილგრასტიმი ან პეგფილგრასტიმი გამოიყენება.

ჰორმონების მაბლოკირებელი საშუალებები გავლენას ახდენს ესტროგენის ან პროგესტერონის მოქმედებაზე, რომლებიც ასტიმულირებს ესტროგენული ან პროგესტერონული რეცეპტორების მქონე სიმსივნური უჯრედების ზრდას. მედიკამენტების გამოყენება შეიძლება, როდესაც სიმსივნურ უჯრედებს აქვს აღნიშნული რეცეპტორები.

  • ტამოქსიფენი: ტამოქსიფენი, დასალევი სახით, სელექციური ესტროგენის რეცეპტორის მოდულატორია. უკავშირდება ესტროგენის რეცეპტორს და ანელებს სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ზრდას. ესტროგენ-პოზიტიური სიმსივნის მქონე ქალებს შორის, ტამოქსიფენის დანიშვნა 20-25%-ით ზრდის გადარჩენის ალბათობას დიაგნოზის დასმიდან პირველი 10 წლის განმავლობაში. ტამოქსიფენს, რომელიც ესტროგენს ჰგავს, პოსტმენოპაუზის პერიოდში ესტროგენებით მკურნალობასთან დაკავშირებული გარკვეული სარგებელი და რისკები აქვს. ის ზრდის ქვედა კიდურებში ან ფილტვებში თრომბის წარმოქმნის რისკს. ასევე შედარებით ზრდის ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს. ამგვარად, თუ ქალი იღებს ტამოქსიფენს და დაეწყო შეფერილი გამონადენი ან სისხლდენა საშოდან, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან. ამასთან, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ძუძუს კიბოს დროს, მნიშვნელოვნად აჭარბებს ენდომეტრიული კიბოს განვითარების რისკს. ტამოქსიფენმა, ესტროგენებით მკურნალობისაგან განსხვავებით, შეიძლება გააძლიეროს საშოს სიმშრალე ან წამოხურება, რომელიც მენოპაუზის დროს ვლინდება. ტამოქსიფენი, ჩვეულებრივ, 5 წლით ინიშნება.

  • არომატაზას ინჰიბიტორები: აღნიშნული საშუალებები (ანასტროზოლი, ეგზემესტანი და ლეტროზოლი) აინჰიბირებს არომატაზას (ფერმენტი, რომელიც სხვადასხვა ჰორმონს ესტროგენად გარდაქმნის) და, ამგვარად, ამცირებს ესტროგენის პროდუქციას.

პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებს შორის, აღნიშნული ჯგუფის საშუალებები, ესტროგენთან შედარებით, უფრო ეფექტიანი შეიძლება იყოს. მედიკამენტების დანიშვნა შესაძლებელია ტამოქსიფენთან ერთად ან ტამოქსიფენის 5 წლის განმავლობაში მიღების შემდეგ. არომატაზას ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გაზარდონ ოსტეოპოროზის განვითარების რისკი.

მონოკლონური ანტისხეულები ნატურალური ნივთიერებების სინთეზური გზით მიღებული ანალოგებია (ან მსუბუქად მოდიფიცირებული ვერსიაა). ისინი ზრდის იმუნური სისტემის სიმსივნესთან ბრძოლის უნარს. ტრასტუზუმაბი მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც ქიმიოთერაპიასთან ერთად ძუძუს მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ სიმსივნურ უჯრედს მრავალი HER2 რეცეპტორი აქვს. აღნიშნული საშუალება უკავშირდება HER2 რეცეპტორებს და ამგვარად ახდენს სიმსივნური უჯრედების გამრავლების პრევენციას. ტრასტუზუმაბი, ჩვეულებრივ, ერთი წლით ინიშნება. შესაძლებელია მან გულის კუნთის დასუსტება გამოიწვიოს.

არაინვაზიური კიბოს მკურნალობა (0 სტადია)

სადინაროვანი კარცინომა in situ-ს მკურნალობა, ჩვეულებრივ მოიცავს მარტივ მასტექტომიას ან ფართო ექსციზიას სხივურ თერაპიასთან ერთად ან მის გარეშე.

წილაკოვანი კარცინომა in situ-ს მკურნალობა ნაკლებად გამოკვეთილია. მრავალი ქალისათვის, უპირატესია ინტენსიური დაკვირვება მკურნალობის გარეშე. დაკვირვება მოიცავს ფიზიკურ გასინჯვას 6-12 თვეში ერთხელ, 5 წლის განმავლობაში და ამის შემდეგ წელიწადში ერთხელ – მამოგრაფიასთან ერთად. ჩვეულებრივ, მკურნალობა საჭირო არაა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ძუძუს ინვაზიური კიბოს განვითარება (რისკი 1,3%-ია წელიწადში ან 26% – 20 წლის განმავლობაში), იგი სწრაფად მზარდი არაა და შესაძლებელია მკურნალობა. გარდა ამისა, ვინაიდან ინვაზიური კიბოს ორივე სარძევე ჯირკვალში განვითარება თანაბრად შესაძლებელია, ძუძუს კიბოს განვითარების რისკის შემცირების ერთადერთი გზა წილაკოვანი კარცინომა in situ-ს მქონე ქალებისათვის, ორივე ძუძუს მოკვეთაა (ორმხრივი მასტექტომია). ზოგი ქალი, განსაკუთრებით, ისინი, ვისაც ძუძუს ინვაზიური კიბოს განვითარების მაღალი რისკი აქვთ, აღნიშნულ გზას ირჩევენ.

ალტერნატივის სახით, ტამოქსიფენი – ჰორმონების შემბოჭავი საშუალება – შეიძლება დაინიშნოს 5 წლით. იგი ამცირებს, თუმცა ვერ აღმოფხვრის ინვაზიური კიბოს განვითარების რისკს. წილაკოვანი კარცინომა in situ-ს მქონე ქალებს ენიშნებათ ტამოქსიფენი, თუმცა პოსტმენოპაუზის პერიოდში შეიძლება დაენიშნოთ რალოქსიფენი.

ლოკალიზებული ან რეგიონული ინვაზიური კიბოს მკურნალობა (I-III სტადია)

კიბოს შემთხვევაში, რომელიც ახლომდებარე ლიმფური კვანძების მიღმა არ ვრცელდება, მკურნალობა ყოველთვის მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, სიმსივნის შეძლებისდაგვარად სრულად მოსაკვეთად. დაავადების სტადიის განსაზღვრისათვის, მახლობელი ან მოდარაჯე ლიმფური კვანძებიდან იღებენ ნიმუშს.

სარძევე სადინარებში გავრცელებული (ინვაზიური სადინაროვანი კარცინომა) ინვაზიური კიბოს მკურნალობის მიზნით, ძირითადად, მიმართავენ მარტივ მასტექტომიას ან ძუძუს დამზოგველ ქირურგიულ ჩარევას.

მარტივი მასტექტომია, ანუ ძუძუს დამზოგველი ქირურგია, ხშირად გამოიყენება ინვაზიური კიბოს სამკურნალოდ, რომელიც ფართოდაა გავრცელებული სარძევე სადინარებში (ინვაზიური სადინაროვანი კარცინომა). ძუძუს დამზოგველი ქირურგია გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმსივნე ძალიან დიდი ზომის არაა, ვინაიდან მთლიანად სიმსივნე და მის ირგვლივ მდებარე ნორმალური ქსოვილები უნდა მოიკვეთოს.

რომელი იქნება საჭირო ქირურგიული ჩარევის შემდგომ – სხივური, ქიმოთერაპია თუ ორივე ერთად – დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი ზომისაა სიმსივნე და რამდენი ლიმფური კვანძი შეიცავს სიმსივნურ უჯრედს. ძუძუს დამზოგველ ქირურგიას, ჩვეულებრივ, სხივური თერაპია მოსდევს. ზოგჯერ, როდესაც სიმსივნე ძალიან დიდი ზომისაა დამზოგველი ჩარევისათვის, სიმსივნის ზომის შემცირების მიზნით, ოპერაციამდე ინიშნება ქიმიოთერაპია. თუ ქიმიოთერაპია საკმარისად ამცირებს სიმსივნის ზომას, შესაძლებელია ჩატარდეს დამზოგველი ოპერაცია. ქირურგიული ჩარევის და ქიმიოთერაპიის შემდეგ, ჩვეულებრივ, დამატებითი ქიმიოთერაპია ტარდება. თუ სიმსივნეს ესტროგენული რეცეპტორები აქვს, მენსტრუალური ციკლის მქონე ქალს ტამოქსიფენი ენიშნება, პოსტმენოპაუზის ასაკში კი – არომატაზას ინჰიბიტორი.

გავრცელებული სიმსივნის მკურნალობა (IV სტადია)

ძუძუს კიბო, რომელიც ლიმფური კვანძების მიღმა ვრცელდება, იშვიათად იკურნება, თუმცა ქალების უმრავლესობა, რომელსაც იგი აქვს, სულ მცირე 2 წელი, მცირე ნაწილი კი – 10-20 წელი ცოცხლობს. მკურნალობა სიცოცხლეს მხოლოდ მცირედით ახანგრძლივებს, თუმცა შეიძლება შეამსუბუქოს სიმპტომები და გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. ამგვარად, გადაწყვეტილება, ჩატარდეს თუ არა და რომელი სახის მკურნალობა შეირჩეს, ძალზე ინდივიდუალურია.

ქალების უმრავლესობას ქიმიოთერაპია ან ჰორმონების მაბლოკირებელი საშუალებებით მკურნალობა უტარდება. თუმცა ქიმიოთერაპია, განსაკუთრებით ისეთი რეჟიმებით, რომელთაც უსიამოვნო გვერდითი ეფექტები აქვს, ხშირად გადაიდება მანამ, სანამ სიმპტომები (ტკივილი ან სხვა დისკომფორტი) განვითარდება ან სიმსივნე სწრაფად გაუარესებას დაიწყებს. ტკივილის შესამცირებლად, ჩვეულებრივ, ანალგეზიური საშუალებები მიიღება. სხვა მედიკამენტების მიღება შესაძლებელია დანარჩენი სიმპტომების შესამცირებლად. ქიმიოთერაპია ან ჰორმონების მაბლოკირებელი საშუალებები სიმპტომების შესამსუბუქებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად – და არა სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით – ინიშნება. ყველაზე ეფექტიანი ქიმიოთერაპიული რეჟიმები, რომლებიც გავრცელებულია, მოიცავს კაპეციტაბინს, ციკლოფოსფამიდს, დოცეტაქსელს, დოქსორუბიცინს, ეპირუბიცინს, გემიციტაბინს, პაკლიტაქსელს და ვინორელბინს.

გარკვეულ სიტუაციაში, ჰორმონების მაბლოკირებელ საშუალებებს ქიმოთერაპიასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. მაგალითად, აღნიშნულ საშუალებებს უპირატესობას ანიჭებენ, როდესაც სიმსივნე ესტროგენ რეცეპტორპოზიტიურია, როდესაც დიაგნოზის დასმიდან ან მკურნალობის დაწყებიდან 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეციდივი არ აღინიშნება ან სიმსივნე სიცოცხლისათვის საშიში არაა.

სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებული მედიკამენტები გამოიყენება:

  • ტამოქსიფენი: მენსტრუალური ციკლის მქონე ქალებს შორის, ტამოქსიფენი, ჩვეულებრივ, პირველი ჰორმონ-მაბლოკირებელი საშუალებაა და გამოიყენება, რადგან ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს.

  • არომატაზას ინჰიბიტორები: პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებისათვის, რომელთაც ესტროგენ რეცეპტორპოზიტიური ძუძუს კიბო აქვთ, არომატაზას ინჰიბიტორები (როგორიცაა ანასტროზოლი, ლეტროზოლი და ეგზემესტანი) პირველადი მკურნალობის სახით უფრო ეფექტიანია ტამოქსიფენთან შედარებით.

  • პროგესტინები: აღნიშნული საშუალებები, როგორიცაა მედროქსიპროგესტერონი ან მეგესტროლი, შეიძლება დაინიშნოს არომატაზას ინჰიბიტორების და ტამოქსიფენის ნაცვლად და აქვს ნაკლებად გამოხატული გვერდითი ეფექტები.

  • ფულვესტრანტი: აღნიშნული საშუალება გამოიყენება, როდესაც ტამოქსიფენი ეფექტიანი აღარაა. იგი აზიანებს სიმსივნური უჯრედების ესტროგენულ რეცეპტორებს. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია კუჭის გაღიზიანება.

ალტრენატივის სახით, მენსტრუალური ციკლის მქონე ქალებისათვის საკვერცხეების აქტივობის შესაჩერებლად გამოიყენება მათი ქირურგიული გზით ამოკვეთა, დასხივება ან მედიკამენტები (როგორიცაა ბუსერელინი, გოზერელინი ან ლეუპროლიდი).

სიმსივნეებისათვის, რომელთაც ძალიან ბევრი HER2 რეცეპტორი აქვს და გავრცელებულია მთელ სხეულში, შეიძლება ტრასტუზუმაბის გამოყენება ცალკე ან ქიმიოთერაპიასთან ერთად, როგორიცაა პაკლიტაქსელი. ესტროგენ რეცეპტორ-პოზიტიური სიმსივნის შემთხვევაში, ტრასტუზუმაბის გამოყენება შესაძლებელია ჰორმონმაბლოკირებელ მედიკამენტთან ერთად.

ზოგ შემთხვევაში, სხივური თერაპია გამოიყენება მედიკამენტებამდე ან მათ ნაცვლად. მაგალითად, თუ სიმსივნის მხოლოდ ერთი კერაა ნანახი და ეს კერა ძვალშია, მისი დასხივება იქნება ერთადერთი მკურნალობა. სხივური თერაპია, ჩვეულებრივ, ძვალში გავრცელებული კიბოს ყველაზე ეფექტიანი მკურნალობაა. ხშირად, იგი

თავის ტვინში გავრცელებული სიმსივნის ყველაზე ეფექტიანი მკურნალობაცაა.

ქირურგიული ჩარევა ტარდება სხეულის რომელიმე ნაწილში გავრცელებული ერთი სიმსივნური კერის მოსაცილებლად (როგორიცაა თავის ტვინი), რადგან ასეთი ჩარევით შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება.

ბისფოსფონატები (გამოიყენება ოსტეოპოროზის მკურნალობისათვის), როგორიცაა პამიდრონატი ან ზოლენდრონატი, ამცირებს ძვლების ტკივილს და ძვლის განლევას. მათი გამოყენებით შესაძლებელია სიმსივნის ძვლებში გავრცელების შედეგად განვითარებული პრობლემების შეფერხება ან პრევენცია.

ძუძუს კიბოს სპეციფიკური სახეების მკურნალობა

ძუძუს ანთებადი კიბოს დროს მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს როგორც ქიმიოთერაპიას, ისე სხივურ თერაპიას. ჩვეულებრივ, ტარდება მასტექტომია.

დვრილების პეჯეტის დაავადების დროს მკურნალობა ძუძუს კიბოს სხვა სახეობების მკურნალობის მსგავსია. ხშირად მოიცავს მარტივ მასტექტომიას ან ძუძუს დამზოგველ ქირურგიასთან ერთად ლიმფური კვანძების მოცილებას. ძუძუს დამზოგველი ქირურგიის შემდეგ, ჩვეულებრივ, სხივური თერაპია ტარდება. იშვიათად,

შესაძლებელია მხოლოდ დვრილისა და მის ირგვლივ არსებული ნორმალური ქსოვილების მოკვეთა.

ავთვისებიანი ფოთლისებური სიმსივნეების მკურნალობისათვის, ჩვეულებრივ, ფართო ექსციზია ტარდება. ამოიკვეთება სიმსივნე და მის ირგვლივ არსებული ნორმალური ქსოვილების დიდი ნაწილი. თუ სიმსივნის ზომა ძუძუსთან მიმართებაში დიდია, შესაძლებელია მარტივი მასტექტომიის ჩატარება. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სიმსივნეების დაახლოებით 20-35% კვლავ ვითარდება იმავე ადგილზე.

შემდგომი მეთვალყურეობა

მკურნალობის დასრულების შემდეგ, შემდგომი ფიზიკური გასინჯვები, მათ შორის, ძუძუს, გულმკერდის, კისრის და იღლიის გასინჯვა 2 წლის განმავლობაში 3 თვეში ერთხელ ტარდება, შემდეგ – ყოველ 6 თვეში, 5 წლის განმავლობაში სიმსივნის დიაგნოზის დასმიდან. ასევე მნიშვნელოვანია რეგულარული მამოგრაფია და სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა. ქალებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში:

  • ძუძუს ნებისმიერი სახის ცვლილება

  • ტკივილი

  • მადის ან წონის კლება

  • მენსტრუალური ციკლის ცვლილება

  • სისხლდენა საშოდან (თუ არაა დაკავშირებული მენსტრუალურ ციკლთან)

  • მხედველობის დაბინდვა

  • ნებისმიერი უჩვეულო ან გახანგრძლივებული სიმპტომი

სადიაგნოზო პროცედურები, როგორიცაა გულმკერდის რენტგენოგრაფია, სისხლის ანალიზები, ძვლების სკანირება და კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), საჭირო არაა, თუ სიმპტომების მიხედვით სიმსივნის რეციდივი არ იკვეთება.

ძუძუს კიბოს გამო ჩატარებული მკურნალობა მრავალ ცვლილებას იწვევს ქალის ცხოვრებაში. ასეთ შემთხვევაში მას დაეხმარება მხარდაჭერა ოჯახის წევრებისაგან, ისევე, როგორც მხარდამჭერი ჯგუფებისაგან. ასევე მნიშვნელოვანია კონსულტირება.

ტერმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები

ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს, ქალის ცხოვრების ხარისხი უარესდება და მკურნალობის საშუალებით სიცოცხლის გახანგრძლივების შანსი მცირეა. სიცოცხლის გახანგრძლივებაზე უფრო მნიშვნელოვანი კარგი განწყობილებაა. კიბოსთან დაკავშირებული ტკივილის მართვა შესაძლებელია სათანადო სამკურნალო საშუალებებით. ასე რომ, თუ ქალს ტკივილი აქვს, ექიმს უნდა მიმართოს მისი შესამსუბუქებელი მკურნალობისათვის. შესაძლებელია სხვა ისეთი შემაწუხებელი სიმპტომების მკურნალობაც, როგორიცაა შეკრულობა, სუნთქვის გაძნელება და გულისრევა. ასევე ეფექტიანია ფსიქოლოგიური და რელიგიური კონსულტირება.

ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე ქალს შეიძლება მომზადებული ჰქონდეს წინასწარ განცხადებული ნება მკურნალობის სახეობის თაობაზე, იმ შემთხვევისათვის, თუ მდგომარეობის გამო, ვეღარ შეძლებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას. შესაძლებელია განცხადებული ნების განახლება.