ენდომეტრიუმის კიბო | მკურნალი.გე
  1. ენდომეტრიუმის კიბო
  2. ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ენდომეტრიუმის კიბო

საშვილოსნოს ენდომეტრიუმის კიბო მის ლორწოვან გარსში (ენდომეტრიუმში) ვითარდება.

  • ენდომეტრიუმის კიბო, ძირითადად, მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებს უვითარდებათ;

  • იგი ზოგჯერ საშოდან პათოლოგიურ სისხლდენას იწვევს;

  • აღნიშნული სიმსივნის დიაგნოზის დასასმელად, ექიმი ენდომეტრიული ქსოვილის ნიმუშს იღებს ბიოფსიით, შემდგომი შესწავლისათვის;

  • ჩვეულებრივ, ამოიკვეთება საშვილოსნო და ფალოპის მილები და შემდგომ ხშირად სხივური ან ზოგჯერ ქიმიოთერაპია ტარდება.

საშვილოსნოს კიბო მისი ლორწოვანი გარსიდან (ენდომეტრიუმი) ვითარდება და უფრო ზუსტად ენდომეტრიუმის კიბო (კარცინომა) ეწოდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი გინეკოლოგიურ სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირია და ქალებს შორის, გავრცელების მიხედვით მეოთხე ადგილზე დგას. ენდომეტრიუმის კიბო 50-დან ერთ ქალს უვითარდება. აღნიშნული სიმსივნე, ჩვეულებრივ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ვითარდება, ყველაზე ხშირია 50-65 წლის ასაკში.

ენდომეტრიუმის კიბოს 80%-ზე მეტი ადენოკარცინომაზე მოდის, რომელიც ჯირკვლოვანი უჯრედებიდან ვითარდება. საშვილოსნოს კიბოს 5%-ზე ნაკლებია სარკომები. აღნიშნული სიმსივნე შემაერთებელი ქსოვილისაგან ვითარდება და უფრო აგრესიულად მიმდინარეობს.

მიზეზები

ენდომეტრიუმის კიბო მეტად ხშირია განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საკვებ რაციონში დიდი რაოდენობითაა ცხიმი.

ენდომეტრიუმის კიბოს განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია:

  • სიმსუქნე

  • დიაბეტი

  • ჰიპერტენზია

სხვა ფაქტორები რისკს ზრდის, ვინაიდან იწვევს ესტროგენების და არა პროგესტერონის რაოდენობის მომატებას სისხლში. ასეთია:

  • მენსტრუალური ციკლის ადრეული ასაკიდან (მენარქე) დაწყება, მენოპაუზა 52 წლის შემდეგ ან ორივე ერთად;

  • ტამოქსიფენის მიღება 5 წელზე მეტი დროით.

ესტროგენი ხელს უწყობს ქსოვილის ზრდას და უჯრედების სწრაფად დაყოფას საშვილოსნოს ლორწოვან გარსში (ენდომეტრიუმში). პროგესტერონი აბალანსებს ესტროგენის მოქმედებას. ესტროგენის დონე მომატებულია მენსტრუალური ციკლის გარკვეულ ფაზაში. ამგვარად, ცხოვრების მანძილზე მეტი რაოდენობით მენსტრუალური ციკლებს შეუძლია გაზარდოს ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი. ტამოქსიფენი, მედიკამენტი, რომელიც ძუძუს კიბოს მკურნალობისათვის გამოიყენება, ესტროგენის ეფექტს ამცირებს სარძევე ჯირკვალში, თუმცა საშვილოსნოზე ისევე მოქმედებს, როგორც ესტროგენი. ამგვარად, აღნიშნულმა საშუალებამ შესაძლოა გაზარდოს ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი. ორალური კონტრაცეპტივები, რომლებიც ესტროგენსა და პროგესტინს შეიცავს, ამცირებს ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს.

სხვა რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

  • წარსულში სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის, მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ან საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბოს ქონა ან ჩამოთვლთაგან რომელიმე დაავადების არსებობა ოჯახის წევრებს შორის;

  • მენჯზე დამიზნებით ჩატარებული სხივური მკურნალობა.

სიმპტომები

ყველაზე ხშირად გამოვლენილი ადრეული სიმპტომია პათოლოგიური სისხლდენა საშოდან. პათოლოგიური სისხლდენა გულისხმობს:

  • სისხლდენას მენოპაუზის შემდგომ

  • სისხლდენა მენსტრუალურ ციკლებს შორის

  • არარეგულარული, ჭარბი ან ნორმალურთან შედარებით გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლები.

მენოპაუზის შემდგომ პერიოდში განვითარებული სისხლდენის მქონე სამი ქალიდან ერთს ენდომეტრიუმის კიბო აქვს. ამიტომ, მენოპაუზის შემდგომ, საშოდან სისხლდენის შემთხვევაში, ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ასევე შესაძლებელია წყლისებრი, სისხლის შემცველი გამონადენის არსებობა. პოსტმენოპაუზის ასაკის ქალს შეიძლება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში ჰქონდეს გამონადენი, რომელსაც შემდგომ მოსდევს სისხლდენა საშოდან.

დიაგნოზი

ექიმმა ენდომეტრიუმის კიბოს არსებობაზე შეიძლება ეჭვი მიიტანოს, როდესაც ქალს აქვს ტიპური სიმპტომები ან პაპანიკოლაუს (პაპ) ტესტის შედეგები, რომელიც ჩვეული ფიზიკური გასინჯვის ნაწილია, პათოლოგიურია. კიბოს არსებობაზე ეჭვის დროს, ექიმები ენდომეტრიუმიდან იღებენ ქსოვილის ნიმუშს (ენდომეტრიუმის ბიოფსია) და გზავნიან მას ლაბორატორიული კვლევისათვის. აღნიშნული ტესტი ზუსტად ადგენს ენდომეტრიუმის კიბოს 90%-ზე მეტ შემთხვევაში. თუ დიაგნოზი კვლავაც გაურკვეველია, ექიმები საშვილოსნოს ლორწოვანის გამოფხეკით იღებენ ქსოვილს შემდგომი კვლევისათვის. აღნიშნულ პროცედურას ეწოდება საშვილოსნოს ყელის გაფართოება და გამოფხეკა (D და C). ზოგჯერ ექიმები საშვილოსნოს ლორწოვანს ათვალიერებენ თხელი, დრეკადი ზონდის საშუალებით, რომელიც საშოს და საშვილოსნოს ყელის გავლით საშვილოსნოში თავსდება. პროცედურას ჰისტეროსკოპია ეწოდება. პათოლოგიური პროცესის შეფასების მიზნით, ამ პროცედურის ალტერნატივაა ულტრასონოგრაფიული ხელსაწყოს საშოს გავლით საშვილოსნოში მოთავსება (ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფია).

ენდომეტრიუმის კიბოს დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, პროცესის საშვილოსნოს მიღმა გავრცელების შესაფასებლად, შეიძლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან ყველა პროცედურის ჩატარება: სისხლის ანალიზები, თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციური სინჯები და გულმკერდის რენტგენოგრაფია. თუ ფიზიკური გასინჯვის ან სხვა კვლევის შედეგებით საფიქრებელია კიბოს გავრცელება საშვილოსნოს გარეთ, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება. ზოგჯერ საჭირო ხდება სხვა სადიაგნოზო პროცედურების დამატება. დაავადების სტადია განისაზღვრება აღნიშნული კვლევების და კიბოს ამოკვეთის მიზნით ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შედეგებით.

პროგნოზი

თუ ენდომეტრიუმის კიბო ადრეულ სტადიაზე დგინდება, ქალების დაახლოებით 70-95%-ს შორის 5-წლიანი გადარჩენის ალბათობა აღინიშნება და უმეტესობაში დაავადება ძირითადად განიკურნება. პროგნოზი უკეთესია ქალებს შორის, რომელთა დაავადება საშვილოსნოს გარეთ არ ვრცელდება. ასევე უკეთესია პროგნოზი კიბოს შედარებით ნელა პროგრესირების შემთხვევაში. ქალების მესამედზე ნაკლები იღუპება აღნიშნული სიმსივნით.

მკურნალობა

ენდომეტრიუმის კიბოს მქონე ქალებისათვის ძირითადი მკურნალობაა ჰისტერექტომია – ქირურგიული წესით საშვილოსნოს ამოკვეთა. თუ კიბოს გავრცელება საშვილოსნოს არ სცილდება, საშვილოსნოს, ფალოპის მილების და საკვერცხეების ამოკვეთა (სალპინგოოოფორექტომია) თითქმის ყოველთვის კიბოსგან განკურნებას განაპირობებს. თუ სიმსივნური პროცესი შორსწასული არაა, ჰისტერექტომია აუმჯობესებს პროგნოზს. ჩვეულებრივ, იკვეთება ახლომდებარე ლიმფური კვანძებიც. სიმსივნის გავრცელების შესაფასებლად აღნიშნულ ქსოვილებს პათოლოგ-ანატომი იკვლევს და ადგენს, რამდენად შორსწასულია პროცესი. მიღებული ინფორმაციით ექიმი განსაზღვრავს ქირურგიული ჩარევის შემდგომ დამატებითი მკურნალობის (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია ან პროგესტინი) საჭიროებას.

კიბოს ძალზე შორსწასულ შემთხვევებში, მკურნალობა განსხვავებულია, თუმცა ჩვეულებრივ მოიცავს ქირურგიულ, სხივურ მეთოდებს, ქიმიურ და ზოგჯერ სინთეზური ჰორმონებით თერაპიას.

სხივური მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ქირურგიული ჩარევის შემდგომ, აღმოუჩენელი ნარჩენი სიმსივნური უჯრედების შემთხვევაში. ქალების ნახევარზე მეტს, თუ სიმსივნე საშვილოსნოს არ სცილდება, სხივური მკურნალობა არ ესაჭიროება, ხოლო სიმსივნის საშვილოსნოს ყელის ან საშვილონოს ფარგლებს გარეთ გავრცელების შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის შემდგომ, ჩვეულებრივ რეკომენდებულია სხივური თერაპია.

საშვილოსნოს ან საშვილოსნოს ყელის გარეთ გავრცელების ან სიმსივნის რეციდივის შემთხვევაში, ზოგჯერ სხივურ მკურნალობასთან ერთად ან მის ნაცვლად ქიმიოთერაპიული საშუალებები გამოიყენება (როგორიცაა კარბოპლატინი, ცისპლატინი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი და პაკლიტაქსელი). აღნიშნული საშუალებები ამცირებს სიმსივნის ზომას და აკონტროლებს მის გავრცელებას ნამკურნალები ქალების ნახევარზე მეტ შემთხვევაში. თუმცა, აღნიშნული საშუალებები ტოქსიკურია და ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე ქიმიოთერაპიას არ ემორჩილება, შესაძლებელია პროგესტინების (სინთეზური საშუალება, ჰორმონ პროგესტერონის მსგავსი) გამოყენება. აღნიშნული საშუალებები, ქიმიოთერაპიასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად ტოქსიკურია. ქალების 20-25%-ში, რომელთაც გავრცელებული სიმსივნე ან მისი რეციდივი აქვთ, პროგესტინმა შეიძლება შეამციროს სიმსივნის ზომა და შეაკავოს მისი გავრცელება 2-3 წლით. მკურნალობა გრძელდება მანამ, სანამ სიმსივნე მას ემორჩილება.

თუ მენოპაუზის სიმპტომები, როგორიცაა წამოხურება ან საშოს სიმშრალე, საშვილოსნოს ამოკვეთის შემდგომ შემაწუხებელი გახდა, მათ შესამსუბუქებლად შეიძლება ჰორმონების – ესტროგენის ან პროგესტინის – ან ორივეს ერთად მიღება. აღნიშნული მკურნალობა უსაფრთხოა და არ ზრდის სიმსივნის ხელახლა განვითარების რისკს.