1. საშოს კიბო
  2. ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
საშოს კიბო

საშოს კიბო კიბოს იშვიათი ფორმაა. იგი კანის ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნეა (საშოს კარცინომა), რომელიც ასაკოვან ქალებს შორის ვითარდება.

  • საშოს კიბომ პათოლოგიური სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით სქესობრივი კავშირის შემდეგ;

  • თუ ექიმი კიბოს არსებობას ეჭვობს, საშოდან ქსოვილის ნიმუშს იღებენ და იკვლევენ (ბიოფსია);

  • კიბო ქირურგიულად იკვეთება ან სხივური მკურნალობა გამოიყენება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საშოს კიბო გინეკოლოგიური სიმსივნეების 1%-ს შეადგენს. დიაგნოზის დასმისას, საშუალო ასაკი 60-65 წელია.

საშოს კიბოს შემთხვევების 95%-ზე მეტი ბრტყელუჯრედოვანი კარცინომაა. საშოს ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა შეიძლება ადამიანის პაპილომავირუსით (HPV)იყოს გამოწვეული, იმავე ვირუსით, რომელიც იწვევს სასქესო მიდამოს მეჭეჭებსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს. HPV ინფექციის ან საშვილოსნოს ყელისა და ვულვის კიბოს არსებობა ზრდის საშოს კიბოს განვითარების რისკს.

საშოს სხვა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის მეტად ხშირია ადენოკარცინომა. ერთ-ერთი იშვიათი ფორმა – ნათელუჯრედოვანი კარცინომა – განსაკუთრებით იმ ქალებს შორის ვითარდება, რომელთა დედები, ორსულობის დროს, მუცლის მოშლის პრევენციისათვის იღებდნენ დიეთილსტილესტროლს (DES). (მედიკამენტი 1971 წელს აიკრძალა შეერთებულ შტატებში).

სახეობის მიხედვით, საშოს კიბო შეიძლება განვითარდეს საშოს ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან. მკურნალობის გარეშე, იგი აგრძელებს ზრდას და იჭრება მიმდებარე ქსოვილებში. საბოლოოდ, შეიძლება შეაღწიოს სისხლისა და ლიმფურ ძარღვებში და შემდეგ გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებში.

სიმპტომები

ყველაზე ხშირი სიმპტომია სისხლდენა საშოდან, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სქესობრივი კავშირის დროს ან მის შემდეგ, მენსტრუალურ ციკლებს შორის ან მენოპაუზის შემდეგ. საშოს ლორწოვან გარსზე ვითარდება წყლულები. შესაძლებელია მათგან სისხლდენა და დაინფიცირება. სხვა სიმპტომებია წყლისებრი გამონადენი და ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს. ქალების მცირე ნაწილს სიმპტომები არ აქვს. დიდი ზომის სიმსივნემ შესაძლებელია შარდის ბუშტის დაზიანება გამოიწვიოს, რაც იწვევს მოშარდვის ხშირ დაუოკებელ სურვილს და ტკივილს შარდვისას. შორსწასული სიმსივნის შემთხვევაში, შესაძლებელია პათოლოგიური კავშირის (ფისტულა) ჩამოყალიბება საშოსა და შარდის ბუშტს ან სწორ ნაწლავს შორის.

დიაგნოზი

ექიმებმა, საშოს კიბოს არსებობა, სიმპტომების, მენჯის რუტინული გასინჯვისას ნანახი პათოლოგიური კერების ან პაპანიკოლაუს (პაპ) ტესტის პათოლოგიური შედეგის საფუძველზე შეიძლება ივარაუდონ. საშოს გამოსაკვლევად, ექიმები იყენებენ ბინოკულარულ, გამადიდებელი ლინზების მქონე ინსტრუმენტს (კოლპოსკოპი). დიაგნოზის დასადასტურებლად, ექიმები იღებენ საშოს კედლიდან უჯრედების ანაფხეკს და იკვლევენ მიკროსკოპის საშუალებით. ასევე ტარდება ფიზიკური გასინჯვისას ნანახი ნებისმიერი წარმონაქმნის, წყლულის ან სხვა პათოლოგიური კერის ბიოფსია.

კიბოს გავრცელების შესაფასებლად შეიძლება სხვა ისეთი კვლევების გამოყენება, როგორიცაა მილის საშუალებით შარდის ბუშტის ან სწორი ნაწლავის დათვალიერება (ენდოსკოპია), გულმკერდის რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

პროგნოზი

დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია კიბოს სტადიაზე. თუ კიბოს გავრცელება საშოთი შემოიფარგლება, ქალების დაახლოებით 65-70% იცოცხლებს დიაგნოზის დასმიდან, სულ მცირე, 5 წელი. თუ სიმსივნე სცილდება მცირე მენჯის ღრუს ან შარდის ბუშტზე ან სწორ ნაწლავზე ვრცელდება, ქალების მხოლოდ 15-20% გადარჩება.

მკურნალობა

მკურნალობა, ასევე, დამოკიდებულია სიმსივნის სტადიაზე. საშოს კიბოს ადრეული სტადიის დროს, მკურნალობის სახე – ქირურგიული გზით საშოს, საშვილოსნოს, მცირე მენჯის ღრუს ლიმფური კვანძების და საშოს ზედა ნაწილის ამოკვეთა – არჩევითია. სხვა სიმსივნეების უმრავლეს შემთხვევაში, სხივური მკურნალობა გამოიყენება. იგი, ჩვეულებრივ, შინაგან (საშოში მოთავსებული რადიოაქტიური ხელსაწყოს გამოყენებით) და გარეგან (სხეულის გარედან მიმართულია მენჯისაკენ) სხივურ თერაპიას აერთიანებს.

ფისტულების ჩამოყალიბების შემთხვევაში, სხივური მკურნალობის გამოყენება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში, ამოიკვეთება მენჯის ღრუს ორგანოები.

საშოს კიბოს გამო ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, სქესობრივი ცხოვრება გაძნელებული ან შეუძლებელია, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია ახალი საშოს შექმნა – კანის გადანერგილი უბნის ან ნაწლავის მონაკვეთის გამოყენებით.