დრაკუნკულოზი | მკურნალი.გე
  1. დრაკუნკულოზი
  2. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
დრაკუნკულოზი

დრაკუნკულოზი წარმოადგენს მრგვალი ჭია – Dracunculus medinensis მიერ გამოწვეულ ინფექციას.

  • ადამიანები ინფიცირდებიან მცირე ზომის, მრგვალი ჭიით დაინფიცირებული კიბოსმაგვარების შემცველი წყლის დალევისას;

  • წარმოიქმნება ბებერა, ხოლო მის გარშემო ჩნდება შეშუპება, სიწითლე და ტკივილი და შესაძლოა დაზიანდნენ ბებერასთან ახლოს მდებარე სახსრები;

  • ექიმები სვამენ დიაგნოზს, როდესაც ისინი ხედავენ ჭიას ბებერასთან;

  • ინფექციის თავიდან არიდებაში გვეხმარება მხოლოდ გაფილტრული, ადუღებული ან ქლორირებული წყლის დალევა;

  • ჭიას აცილებენ მისი ნელ-ნელა ჯოხზე დახვევით ან ქირურგიულად.

ინფექცია ჩნდება მხოლოდ სამხრეთ აფრიკის ვიწრო ზოლის რამდენიმე ქვეყანაში და იემენში და მხოლოდ გარკვეული სეზონების დროს. ადამიანები ინფიცირდებიან მცირე ზომის დაინფიცირებული კიბოსმაგვარების შემცველი წყლის დალევისას. ეს კიბოსნაირები წარმოადგენენ შუალედურ მასპინძელს ჭიებისათვის. გადაყლაპვის შემდეგ კიბოსმაგვარები იხოცებიან და გამოყოფენ ლარვებს, რომლებიც ხვრეტენ ნაწლავის კედელს. ლარვები გადაიქცევიან ზრდასრულ ჭიებად 1 წლის განმავლობაში. შეჯვარების შემდეგ, მდედრი ჭიები გადაადგილდებიან კანქვეშ მდებარე ქსოვილებში, ჩვეულებრივ ტერფისკენ. იქ, ისინი კანში ქმნიან ხვრელს იმისთვის, რომ ლარვების გამოყოფისას, ლარვებმა დატოვონ სხეული, შეაღწიონ წყალში და იპოვონ კიბოსმაგვარი მასპინძელი. თუ ლარვები ვერ მიაღწევენ კანამდე, ისინი იხოცებიან და იშლებიან ან მაგრდებიან (კალციფიცირება) კანქვეშ.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები ვითარდება, როდესაც ჭიები გამოიყოფა კანიდან. ღია ადგილას ფორმირდება ბებერა. ბებერას გარშემო არსებული ადგილი იწვევს ქავილს, წვასა და ანთებას. ეს ადგილი არის გაწითლებული და მტკივნეული. ჭიის მიერ გამოყოფილი მასალა იწვევს ალერგიულ რეაქციას, რომლის შედეგადაც ვითარდება სუნთქვის უკმარისობა, ღებინება და ქავილის გამომწვევი გამონაყარი. სიმპტომების ინტენსიურობა იკლებს და ბებერა ხორცდება, როდესაც მოზარდი ჭია ტოვებს სხეულს. ადამიანების 50%-ში ჭიისთვის განკუთვნილი ღია ადგილის გარშემო ვითარდება ბაქტერიული ინფექცია. ზოგჯერ ზიანდება ბებერასთან ახლოს მდებარე სახსრები და მყესები.

დიაგნოზი ხდება ცხადი, როდესაც ბებერასთან ჩნდება მოზრდილი ჭია. შესაძლოა ჩაატარონ რენტგენოლოგიური გამოკვლევა კალციფიცირებული ჭიების გამოვლენის მიზნით.

პრევენცია და მკურნალობა

დრაკუნკულოზის თავიდან აცილებაში შესაძლოა დაგვეხმაროს დასალევი წყლის დოლბანდის მეშვეობით გაფილტვრა, წყლის ადუღება და მხოლოდ ქლორირებული წყლის დალევა.

ჩვეულებრივ, მოზრდილი ჭიის მოცილება ხდება დღეების ან კვირების განმავლობაში მისი ჯოხზე დახვევით. შესაძლებელია ჭიის ქირურგიული გზით მოცილება ადგილობრივი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ, მაგრამ ბევრ ადგილას ეს მეთოდი ხელმისაწვდომი არაა.

ზოგჯერ გამოიყენება მეტრონიდაზოლი არსებული ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისა და ანთების შემცირების მიზნით.