ოჯახური ძალადობა | მკურნალი.გე
  1. ოჯახური ძალადობა
  2. ქალთა მიმართ ძალადობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ოჯახური ძალადობა

  • ოჯახური ძალადობა მოიცავს ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ შევიწროებას ინტიმურ პარტნიორებს შორის;

  • მსხვერპლი თითქმის ყოველთვის ქალია;

  • ფიზიკური დაზიანებები, ფსიქოლოგიური პრობლემები, საზოგადოებისაგნ იზოლირება, სამსახურის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები და ზოგჯერ სიკვდილიც კი შესაძლოა მოგვევლინოს ოჯახური ძალადობის საბოლოო შედეგად;

  • უსაფრთხოების დაცვა – მაგალითად, მსხვერპლისთვის გაქცევის გეგმის არსებობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია;

ოჯახური ძალადობა მოიცავს ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ შევიწროებას იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, მაგალითად, ინტიმურ პარტინიორებს, მშობლებსა და შვილებს, შვილიშვილებსა და ბებია-ბაბუას, და-ძმას ან დებსა და ძმებს შორის. ძალადობა გვხვდება ყველა კულტურის, რასის, საზოგადოების სხვადასხვა ფენის, სოციალური სტატუსის და ნებისმიერი ასაკის პირებს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 30%-ზე მეტ დაოჯახებულ წყვილთან აღინიშნება ფიზიკური ძალადობა.

ქალები უფრო ხშირად არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე მამაკაცები. ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულთა დაახლოებით 95%, რომლებიც დახმარების მიზნით მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს, არიან ქალები. ოჯახური ძალადობის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო, ყოველწლიურად 400000-დან 500000-მდე ქალი მიმართავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაწესებულებას.

ქალების მიმართ უფრო ხშირია პარტნიორი მამაკაცის მხრიდან თავდასხმა და ზოგჯერ მკვლელობაც კი, ვიდრე სხვა პირის მიერ განხორციელებული ძალადობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ქალია მამაკაცი პარტნიორის მიერ მძიმედ ნაცემი.

ოჯახური ძალადობის ყველაზე ხშირ ფორმას წარმოადგენს ფიზიკური ძალადობა, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ფიზიკური ძალადობის შემდეგ სახეებს: ცემას, ჩაწიხვლას, მუშტით ცემას, ძვლების დამტვრევას, თმების დაგლეჯას, ხელის კვრას, ხელების გადატრიალებას. მსხვერპლი შესაძლებელია მოკლებული იყოს საკვებს ან ძილის შესაძებლობას. მუქარის იარაღად, ასევე, ტრავმის მისაყენებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ისეთი ნივთები, როგორებიცაა დანა ან ცეცხლსასროლი იარაღი.

გავრცელებულია, ასევე, სექსუალური ძალადობა: ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობის 33-დან 50%-მდე ხორციელდება მათივე პარტნიორების მიერ. მათ შორისაა სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც. სექსუალური ძალადობა გულისხმობს მუქარისა და ძალის გამოყენებას სექსუალური კავშირის დასამყარებლად. იგი მოიცავს ქალის სურვილის საწინააღმდეგოდ მის შეხებას ან კოცნას.

ფსიქოლოგიური ზეწოლა ფიზიკურ ზეწოლაზე მეტადაა გავრცელებული და აჭარბებს კიდეც მას. ფსიქოლოგიური ზეწოლა გულისხმობს ნებისმიერ არაფიზიკურ ქმედებას, რომლითაც მოძალადე ამცირებს მსხვერპლს და მოიპოვებს მასზე კონტროლის საშუალებას. ფსიქოლოგიური ზეწოლა შეიძლება მოიცავდეს შეურაცხმყოფელ წინადადებებს, სოციალურ იზოლაციასა და ფინანსურ კონტროლს. როგორც წესი, მოძალადე ბილწსიტყვაობით შეურაცხყოფას აყენებს მსხვერპლს, ამცირებს მას. მოსალოდნელია, შესაშინებლად დაემუქროს როგორც განმარტოებით, ასევე სახალხოდ. მოძალადე აიძულებს მსხვერპლს თავი შეშლილად და დამნაშავედ ჩათვალოს, აბრალებს მას ურთიერთობის ბოროტად გამოყენებას. მან შესაძლოა დაამციროს მსხვერპლი სექსუალური ან გარეგნული მახასიათებლების მიხედვით.

დამნაშავე ცდილობს ნაწილობრივ ან სრულ იზოლაციაში მოაქციოს მსხვერპლი და გააკონტროლოს მისი კავშირი მეგობრებთან, ნათესავებთან და სხვა პირებთან. ეს კონტროლი შესაძლებელია მოიცავდეს პირდაპირ, წერილობით, სატელეფონო ან ელექტრონული ფოსტის გამოყენებით კომუნიკაციის აკრძალვას. იგი თავის მოქმედებებს ეჭვიანობით ამართლებს.

მოძალადე ხშირად აკონტროლებს მსხვერპლის ფინანსურ მდგომარეობას. მან შესაძლოა მსხვერპლს სამსახურიც დააკარგვინოს და ფულიც გამოსძალოს.

ამ ყველაფრის შემდეგ მოძალადე ითხოვს პატიებას და პირობას დებს, რომ შეწყვეტს შეურაცხმყოფელ ქმედებებს, თუმცა, როგორც წესი, აგრძელებს მსხვერპლზე ზეწოლას.

შედეგები

ოჯახური ძალადობის შედეგები მძიმეა და მოიცავს ფიზიკურ ტრავმებს. ფიზიკურ დაზიანებებში მოიაზრება სისხლჩაქცევები, ჭრილობები, ნაკაწრები, მოტეხილობები, კბილების დაკარგვა, დამწვრობები და ა.შ., რომელთა გამოც მსხვერპლი ვეღარ ახერხებს სამსახურში რეგულარულ სიარულს და კარგავს მას. ტრავმები და შეურაცხმყოფელი გარემო აიძულებს მსხვერპლს, ჩამოშორდეს ახლობელ ადამიანებს (ოჯახს და მეგობრებს). დამნაშავისაგან თავის დასაღწევად, დაზარალებული ხშირად იყენებს სხვადასხვა ხერხს, მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა მოძალადე კლავს მსხვერპლს.

ოჯახური ძალადობის ბევრი მსხვერპლი იტანჯება ფსიქოლოგიური ტრავმებით, რომლებიც მოიცავს პოსტტრავმულ სტრესს, ფსიქოტროპული წამლების გამოყენებას, შფოთვასა და დეპრესიას. ნაცემი ქალების 60%-ს სტანჯავს დეპრესია. მძიმე ფიზიკური ტრავმების მქონე ქალებს აქვთ უფრო სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები. მაშინაც კი, როდესაც ძალადობა მცირდება, ფსიქოლოგიური ტრავმა ქალს მუდმივად ახსენებს, რომ იგი შეიძლება კვლავ განმეორდეს. ასეთი ქალები მიიჩნევენ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა გაცილებით დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე ფიზიკური. ფსიქილოგიური ძალადობა დეპრესიის გაღრმავებისა და ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების მეტ რისკს შეიცავს.

მართვა

ოჯახური ძალადობის მართვისას, მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხების გადახედვა. მსხვერპლი კონფლიქტისას უნდა მოერიდოს ისეთ ადგილებში ყოფნას, სადაც დამნაშავეს შეუძლია რაიმე სახის იარაღის ხელში ჩაგდება (მაგალითად, სამზარეულო). მნიშვნელოვანია ქალმა მოახერხოს დარეკვა გადაუდებელი დახმარების სამსახურში ან პოლიციაში და დატოვოს სახლი. დაზარალებულმა უნდა იქონიოს ტრავმების დამადასტურებელი საბუთი, როგორიც არის თუნდაც ფოტოსურათი. მან უნდა აუხსნას შვილებს, რომ არ ჩაერიონ კამათში და მოიძიონ დახმარება.

მსხვერპლისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გეგმის შემუშავება, რომლის მიხედვითაც ეცოდინება, ძალადობის მომენტში ვის მიმართოს დახმარებისა და ფულის სათხოვნელად. მსხვერპლს ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა ჰქონდეს დამალული ოფიციალური დოკუმენტების ასლები: ბავშვების დაბადების მოწმობები, საკუთარი პასპორტი, სოციალური დაზღვევის საბუთები და საბანკო ანგარიშის ნომრები. მას წინასწარ უნდა ჰქონდეს გამზადებული ნივთები, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლოს გაქცევა.

ზოგჯერ კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზაარის პარტნიორებს შორის ურთიერთობის შეწყვეტა, რადგან ოჯახური ძალადობა, როგორც წესი, არ წყდება, განსაკუთრებით აგრესიულ მამაკაცთან ურთიერთობისას. ფიზიკური ძალადობის შემცირებას ყოველთვის თან ახლავს ფსიქოლოგიური ძალადობის ზრდა. გადაწყვეტილება სახლიდან წასვლის შესახებ არც ისე მარტივად მისაღებია. მას შემდეგ, რაც მოძალადე აღნიშნულის შესახებ გაიგებს, სერიოზული ზიანის მიყენებისა და მკვლელობის რისკი კიდევ უფრო იზრდება. იმ დროს დაზარალებულმა დამატებითი ზომები უნდა მიიღოს, როგორიც არის სასამართლო ორდერის მოპოვება, რომელიც მოძალადეს აუკრძალავს მასთან მიახლოებას.