დამხმარე რეპროდუქციული მეთოდები | მკურნალი.გე
  1. დამხმარე რეპროდუქციული მეთოდები
  2. უშვილობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
დამხმარე რეპროდუქციული მეთოდები

დამხმარე რეპროდუქციულ მეთოდებში იგულისხმება ემბრიონის წარმოქმნის მიზნით ინ ვიტრრო (in-vitro) განაყოფიერებისას სპერმატოზოიდებსა და კვერცხუჯრედებზე მანიპულირება.

თუ მკურნალობის რამდენიმე მცდელობა 4-6 მენსტრუალური ციკლის დროს ჩასახვის მასტიმულირებელი მედიკამენტებით წარუმატებლად დასრულდა, ქალს უნდა შესთავაზონ განმეორებით ინ ვიტრო განაყოფიერება ან გამეტების ინტრაფალოპური შეყვანა. ეს მეთოდი უფრო წარმატებულია 35 წელს გადაცილებულ ქალებში. ქალების დაახლოებით 43%-ზე მეტი, რომელიც დაორსულდა ინ ვიტრო განაყოფიერებით, 35 წელზე მეტი ასაკისაა და მათგან 87%-ში ორსულობა ცოცხალი ნაყოფის გაჩენით სრულდება. და პირიქით, ქალების მხოლოდ 18% დაორსულდა 41-42 წლის ასაკში, ორსულობა ცოცხალი ნაყოფის გაჩენით დასრულდა შემთხვევების 60%-ში. 42 წელს გადაცილებულ ქალებში რეკომენდებულია დონორის კვერცხუჯრედის შეთავაზება.

დამხმარე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენებით შესაძლოა მივიღოთ ერთზე მეტი ორსულობა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა იმაზე უკეთესი შედეგის მიღება, ვიდრე ჩასახვის მასტიმულირებელი მედიკამენტების გამოყენებისას მიიღება. მაშინ, როცა მაღალია გენეტიკური დარღვევების რისკი, აუცილებელია ემბრიონის საშვილოსნოში იმპლანტაციამდე შესწავლა. ამ გამოკვლევას ეწოდება პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა.

In-vitro განაყოფიერება/ფერტილიზაცია (IVF): განაყოფიერების ამ მეთოდს მიმართავენ, როდესაც არსებობს დაორსულების არაერთი პრობლემა, მაგ: სპერმის პათოლოგიები, ფალოპის მილების პათოლოგიები, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსისა და ენდომეტრიოზის პრობლემები, ასევე, როდესაც უშვილობის მიზეზი უცნობია. განაყოფიერების წარმოების ტექნიკური ნაწილი მოიცავს ჩამოთვლილ გარემოებებს:

  • საკვერცხეების სტიმულაცია: ჩვეულებრივ, ქალის საკვერცხის სტიმულაცია ტარდება კლომიფენის, ადამიანის გონადოტროპინის ან ორივეს გამოყენებით. გონადოტროპინის რილიზინგ ჰორმონის აგონისტი ან ანტაგონისტი გამოიყენება არასასურველი ოვულაციის პრევენციისთვის, რათა რამდენიმე კვერცხუჯრედმა საკვერცხეში მომწიფება მოასწროს. შედეგად საკვერცხეში მწიფდება რამდენიმე ფილიკული და, შესაბამისად, კვერცხუჯრედი. ადამიანის ქორიონალური გონადოტროპინი ინიშნება ოვულაციის პროვოცირებისთვის.

  • საკვერცხიდან განთავისუფლებული კვერცხუჯრედების აღმოჩენა შესაძლებელია ულტრაბგერითი კვლევით. ექიმი ათავსებს ნემსს ვაგინის საშუალებით საკვერცხის საპროექციო არეში და იღებს რამდენიმე კვერცხუჯრედს ფოლიკულიდან. ზოგჯერ კვერცხუჯრედების აღება ხორციელდება მცირე ზომის მილის (ლაპაროსკოპის) საშუალებით, რომელიც თავსდება მუცლის ღრუში ჭიპის ქვემოთ მცირე განაკვეთის გავლით.

  • კვერცხუჯრედის განაყოფიერება/ფერტილიზაცია: მიღებული კვერცხუჯრედები თავსდება კულტივირებისთვის განკუთვნილ ფინჯანზე და ნაყოფიერდება სპეციალურად გადარჩეული მაქსიმალურად აქტიური სპერმატოზოიდებით.

  • ემბრიონის ზრდა-განვითარება ლაბორატორიის პირობებში. სპერმის დამატების შემდეგ ემბრიონი იწყებს ზრდას დაახლოებით 2-5 დღემდე.

  • ემბრიონის იმპლანტაცია ქალის საშვილოსნოში: საშოს გავლით რამდენიმე ემბრიონი საკულტივაციო ფინჯნიდან შეაქვთ საშვილოსნოს ღრუში. შეყვანილი ემბრიონების რაოდენობა დამოკიდებულია ქალის ასაკზე და იმაზე, თუ რამდენად წარმატებულია მკურნალობა.

ზედმეტი ემბრიონები შესაძლებელია გაიყინოს თხევად აზოტთან ერთად და გამოიყენონ მოგვიანებით, თუ აღნიშნულ ცდაზე არ მოხდა ორსულობა. მიუხედავად იმპლანტირებული რამდენიმე ემბრიონისა, დროული ახალშობილის დაბადების შანსი მხოლოდ 18-25%-ია. ასეთ შემთხვევებში ემბრიონი ინერგება საშვილოსნოში. ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებულობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის ასაკია.

ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენს მრავალნაყოფიანი ორსულობა, რომელიც შეიძლება სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს როგორც დედისთვის, ასევე ახალშობილისთვის.შესაძლოა დედას განუვითარდეს სისხლდენა და ნაყოფი დაიღუპოს ან ბავშვებს ჰქონდეთ დაბადებისას მკვეთრად დაბალი წონა. ამ გართულებების გამო დღესდღეობით ექიმები ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები ემბრიონი გადაიტანონ საშვილოსნოში, წინა წლებთან შედარებით.

სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია – ეს მეთოდი გამოიყენება, როცა სხვა მეთოდების წარმატებულობა ნაკლებ სავარაუდოა ან დიაგნოსტირებულია სპერმის სერიოზული დარღვევები. ეს მეთოდი წააგავს In-vitro ფერტილიზაციას, თუმცა განსხვავდება იმით, რომ ერთ კვერცხუჯრედში შეჰყავთ ერთი სპერმატოზოიდი.

ფალოპის მილებში გამეტების შეყვანა (GIFT). აღნიშნული მეთოდი ხელსაყრელია, როცა ქალის ფალოპის მილები პათოლოგიის გარეშეა. მილში შეჰყავთ კვერცხუჯრედები და აქტივობის მიხედვით არჩეული სპერმატოზოიდები, როგორც In-vitro ფერტილიზაციის დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ხდება ლაბორატორიაში განაყოფიერება. კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები შეჰყავთ ფალოპის მილის შორეულ არეში ლაპაროსკოპიული მეთოდის გამოყენებით ან საშოს გავლით (ულტრასონოგრაფიის დახმარებით). ასე რომ, კვერცხუჯრედი უნდა განაყოფიერდეს ფალოპის მილში. აღნიშნული ტექნიკა მეტად ინვაზიურია, ვიდრე ინ ვიტრო განაყოფიერება.

სხვა მეთოდები: ეს მეთოდებია:

  • უფრო მეტად მომწიფებული ემბრიონის გადატანა (ბლასტოცისტების გადატანა);

  • სხვა ქალის კვერცხუჯრედის გამოყენება (დონორი);

  • გაყინული ემბრიონის სუროგატი დედის ორგანიზმში შეტანა.

ამ მეთოდების გამოყენებისას აქტუალურია მორალური და ეთიკური საკითხები, შენახული ემბრიონის განადგურების (განსაკუთრებით – რომელიმე მშობლის სიკვდილის ან განქორწინების შემთხვევაში) საკითხის ჩათვლით, ასევე, კანონიერი მშობლების როლი და ფუნქცია, როდესაც აყვანილია სუროგატი დედა, და იმპლანტირებული ემბრიონების სელექციური განადგურება (აბორტის მსგავსად), როდესაც განვითარება დაიწყო 3-ზე მეტმა ემბრიონმა.