კონტრაცეფცია (ოჯახის დაგეგმვა) | მკურნალი.გე
  1. კონტრაცეფცია (ოჯახის დაგეგმვა)
  2. ოჯახის დაგეგმვა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
კონტრაცეფცია (ოჯახის დაგეგმვა)

კონტრაცეფცია წარმოადგენს განაყოფიერების საწინააღმდეგო ქმედებას, რომლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერება და საშვილოსნოს ღრუში ემბრიონის იმპლანტაცია.

არსებობს კონტრაცეფციის რამდენიმე მეთოდი. მათი უმრავლესობა არ უზრუნველყოფს ორსულობისგან აბსოლუტურ დაცულობას, თუმცა მათ შორისაც შესაძლებელია ნაკლებ და მეტად ეფექტიანი მეთოდების შერჩევა. ამა თუ იმ მეთოდის ეფექტიანობის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზუსტად ასრულებენ წყვილები კონტრაცეფციის ინსტრუქციას. ზოგიერთი კონტრაცეპტივის გამოყენება მარტივია,ზოგიერთი მეთოდი კი საჭიროებს ზუსტ და თანმიმდევრულ მეთვალყურეობას. ასე, მაგალითად: კონტრაცეპტივის ტიპური გამოყენებისას (რომელიც ხშირად არარეგულარულია) და სრულყოფილი მოხმარებისას (ინსტრუქციის ზუსტად დაცვით) შედეგი საკმაოდ განსხვავებულია. ორალური კონტრაცეპტივი მაღალეფექტიანია მისი სწორად მოხმარების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ქალების უმრავლესობას ავიწყდება მომდევნო დოზის მიღება. მისაღები დოზის გამოტოვების შემთხვევაში ორალური კონტრაცეპტივის ეფექტიანობა მკვეთრად მცირდება. განსხვავებული სიტუაციაა კონტრაცეფციული საშუალების იმპლანტაციის დროს. ჩანერგვის შემდეგ კონტრაცეპტივი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას (და გამოსაყენებლად ძალიან მარტივია), სანამ არ გახდება შესაცვლელი. ასე რომ, კონტრაცეპტივის მოხმარების ინსტრუქცია დაცულია და მისი ეფექტიანობაც მაღალია, მოქმედების ვადის გასვლამდე. კონტრაცეფციის შერჩევისას წყვილი ეცნობა ყველა დეტალს, როგორც მოხმარების ინსტრუქციას, ასევე შედეგების შესახებ მონაცემებს და ისე აკეთებს ექიმთან ერთად მისთვის სასურველ მეთოდზე არჩევანს.

პაციენტი ეჩვევა კონტრაცეპტივის მიღებას დროთა განმავლობაში და შედეგობრივი განსხვავება ტიპურ გამოყენებასა და სრულყოფილ გამოყენებას შორის მცირდება.

გარდა ეფექტიანობისა, კონტრაცეფციის ყველა მეთოდს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგ: ჰორმონულ მეთოდს აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტები, რომლებიც ქალებში ზრდის ან ამცირებს ზოგიერთი დაავადების განვითარების რისკს. მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ცხოვრების წესზე, მთავარ თვისებებსა და, რასაკვირველია, ეფექტიანობის ხარისხზე.

ჰორმონული მეთოდი

ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება შესაძლებელია პერორალურად, ვაგინალური გზით, კანზე პლასტირის დაკვრით, კანქვეშა იმლანტაციით ან კუნთში ინექციით. ჰორმონის მიღების მიზანია კვერცხუჯრედის განაყოფიერების თავიდან აცილება ესტროგენისა და პროგესტერონის (ჰორმონ პროგესტერონის მსგავსი მედიკამენტები) გამოყენებით. ჰორმონული მეთოდის მიზანია, დათრგუნოს საკვერცხეში კვერცხუჯრედის მომწიფება და ოვულაცია ან ხელი შეუწყოს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის გასქელებას, რათა სპერმატოზოიდმა ვერ შეაღწიოს საშვილოსნოს ღრუში. ასე რომ, ჰორმონული მეთოდი უზრუნველყოფს კვერცხუჯრედის განაყოფიერების თავიდან აცილებას. ყველა სახის ჰორმონულ კონტრაცეფციას აქვს მსგავსი გვერდითი ეფექტები და გამოყენების უკუჩვენებები.

ორალური კონტრაცეპტივები

ორალურ კონტრაცეპტივებს, სხვაგვარად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსაც უწოდებენ, უბრალოდ, ჰორმონულ აბებსაც ან აბებს, რომლებიც შეიცავს კომბინირებულად ესტროგენს და პროგესტერონს ან მხოლოდ პროგესტერონს. კომბინირებული აბი ტიპურად მიიღება 1-ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში და არ მიიღება შემდგომი 1 კვირის განმავლობაში (მენსტრუაციის მოსვლის პერიოდი). შემდეგ იწყება აბების ხელახალი მიღება. ჩასახვის საწინააღმდეგო აბაბის 1-თვიან შეფუთვაში ჰორმონულ ტაბლეტებთან ერთად არააქტივირებული (პლაცებო) აბებიცაა, რომლებიც გათვლილია მედიკამენტისგან თავისუფალი ერთი კვირისთვის. აღნიშნული უზრუნველყოფს პაციენტისთვის აბის გამორჩენის/დავიწყების პრევენციას და ყოველდღიურად მედიკამენტის მიღების ჩვევის ჩამოყალიბებას.

ორალური ჩასახვის საწინააღმდეგო აბები სხვადასხვა სახეობა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი მიიღება ყოველდღიურად 12 კვირის განმავლობაში, შემდგომი ერთი კვირა კი აბის მიღება წყდება. ეს მენსტრუაციის პერიოდია, რომელიც ქალს აქვს წელიწადში 4 ჯერ. განსხვავებულია მეორე სახეობის ყოველდღიური უწყვეტი მიღების რეჟიმი, რომლის დროსაც ქალს არ აქვს გეგმური მენსტრუაციის პერიოდი, თუმცა ხშირია არაგეგმური სისხლდენები. ქალების დაახლოებით 0,3%, რომლებიც იღებენ კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ინსტრუქციის მიხედვით, ორსულდებიან მიღების დაწყებიდან პირველ წელს. ორსულობის შანსი იზრდება, თუ ქალს დაავიწყდა ან გამოტოვა აბის მიღება, განსაკუთრებით, ციკლის პირველ პერიოდში.

კომბინირებული აბების დოზირება განსხვავებულია. ჩვეულებრივ, მასში ესტროგენის დაბალი დოზაა (20-დან 35 მკგ-მდე), რაც უზრუნველყოფს სერიოზული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებას, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს ესტროგენის მაღალი დოზის (50 მკგ) შემთხვევაში. ახალგაზრდა არამწეველ ჯანმრთელ ქალებს შეუძლიათ მიიღონ დაბალდოზიანი კომბინირებული კონტრაცეპტივი შეწყვეტის გარეშე, მენოპაუზამდე. პროგესტერონის შემცველი აბები მიიღება ყოველდღე თვის განმავლობაში. ისინი ხშირად ხდება არარეგულარული სისხლდენის მიზეზი. ორსულობის ალბათობა დაახლოებით იგივეა, რაც კომბინირებული აბების მიღების შემთხვევაში. მხოლოდ პროგესტერონის შემცველი კონტრაცეპტივი ინიშნება იმ შემთხვევაში, როცა ესტროგენის მიღება უკუნაჩვენებია. მაგალითად, მეძუძური დედებისთვის ესტროგენის მიღება უკუნაჩვენებია, რადგან მცირდება რძის პროდუქცია და იცვლება მისი შემადგენლობა. პროგესტერონის აბები არ ახდენს გავლენას დედის რძის სინთეზზე. ორალური კონტრაცეპტივის დაწყებამდე ქალმა უნდა გაიაროს ფიზიკური შემოწმება, რაც მოიცავს: სისხლის წნევის გაზომვას და შესაძლო დაავადების ნიშნების გამოვლენას. ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ ქალს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რათა კონტრაცეპტივის მიღებამ არ გაზარდოს რომელიმე დაავადების რისკი. ორალური კონტრაცეპტივის მიღებიდან სამ თვეში, ქალმა განმეორებით უნდა გაიაროს ფიზიკური შემოწმება. სასურველია შეფასდეს, ხომ არ შეიცვალა წნევის ციფრები. აღნიშნული შემოწმებისას. თუ პათოლოგია არ იქნა გამოვლენილი, შემდგომი გასინჯვა რეკომენდებულია ერთ წელიწადში.

თუ ქალს აქვს დიაგნოსტირებული კორონარული არტერიების დაავადება, დიაბეტი ან გამოვლენილია აღნიშნული პათოლოგიების რისკფაქტორები (როგორიც არის ახლო ნათესავებში დაავადებების არსებობა), კეთდება სისხლის ტესტები, რათა შეფასდეს: ქოლესტერინის დონე, სხვა ცხიმები (ლიპიდები) და შაქარი (გლუკოზა). თუ მიღებული შედეგები დარღვეულია, ექიმს საწყის ეტაპზე შეუძლია ესტროგენის დაბალი დოზის შემცველი კომბინირებული კონტრაცეპტივის დანიშვნა და, ამასთანავე, პერიოდულად უნდა შეფასდეს ლიპიდებისა და შაქრის დონე სისხლში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონტრაცეპტივის დაწყებამდე ექიმმა დეტალურად აუხსნას ქალს მიღებული მედიკამენტის უპირატესობები და სუსტი მხარეები და შეურჩიოს ინდივიდუალურად, სიტუაციის გათვალისწინებით.

უპირატესობები: მთავარ უპირატესობას წარმოადგენს სანდოობა. თუ კონტრაცეპტივს ქალი იღებს მუდმივად და ორალური კონტრაცეპტივის გამოყენებისას ზედმიწევნით სწორად ასრულებს მოხმარების ინსტრუქციას, კონტაცეპტივის ეფექტიანობა ძალიან მაღალია. გარდა ამისა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებს: მენსტრუალური სპაზმების, პრემენსტრუალური სინდრომის, აკნეს, არარეგულარული სისხლდენის, რკინადეფიციტური ანემიის, სარძევე ჯირკვლის ცისტების, საკვერცხის ცისტების, საშვილოსნოსგარე (ექტოპიური) ორსულობის (თითქმის ყოველთვის ფალოპის მილებში) და ფალოპის მილების ინფექციის განვითარების რისკს. ასევე, ქალებს, რომლებიც იღებენ ორალურ კონტრაცეპტივებს, ნაკლებსავარაუდოა, დაემართოთ ოსტეოპოროზი. ორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება ამცირებს გარკვეული სახეობის კიბოს განვითარების რისკს. ესენია: საშვილოსნოს ღრუს (ენდომეტიული) და საკვერცხის კიბო. რისკი შემცირებული რჩება მრავალი წელი კონტრაცეპტივის შეწყვეტის შემდეგაც.

ორალური კონტრაცეპტივების მიღება ორსულობის ადრეულ ვადაზე არ უქმნის ნაყოფს საფრთხეს, თუმცა იგი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, როდესაც ქალი შეიტყობს ორსულობის შესახებ. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს არ აქვს შვილოსნობის შეწყვეტის ხანგრძლივი ეფექტი, თუმცა აბების შეწყვეტიდან რამდენიმე თვე შესაძლოა არ მოხდეს კვერცხუჯრედის მომწიფება და ოვულაცია. ექიმი იძლევა რეკომენდაციას, რომ ქალები 2 კვირის განმავლობაში დაელოდონ ციკლს და შემდგომ დაიწყონ კონტრაცეპტივის მიღება.

ნაკლოვანი მხარეები: ნაკლოვანებები შესაძლოა მოიცავდეს მოსაბეზრებელ გვერდით ეფექტებს. არარეგულარული სისხლდენა ხშირია კონტრაცეპტივის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ გაივლის, როგორც კი ორგანიზმი ეჩვევა ჰორმონს. თუ არარეგულარული სისხლდენა პერსისტირებს (გრძელდება), ექიმი ურჩევს ქალს მიიღოს კონტრაცეპტივი ყოველდღიურად, ყოველგვარი წყვეტის გარეშე რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც ამცირებს სისხლდენის ეპიზოდებს.

გვერდითი მოვლენების გარკვეული ნაწილი დაკავშირებულია ტაბლეტში ესტროგენის არსებობასთან. იგი მოიცავს: გულისრევას, შებერილობას, სითხის შეკავებას ორგანიზმში, წნევის მატებას, ტკივილს სარძევე ჯირკვლების არეში და შაკიკისთვის დამახასიათებელ თავის ტკივილს. სხვა ჩივილები, როგორიც არის წონაში მატება, აკნე და გაღიზიანებულობა, ძირითადად, დაკავშირებულია პროგესტინის დოზასა და სახეობასთან. ზოგიერთი ქალი, რომელიც იღებს კონტრაცეპტივს, იმატებს 3-5 ფუნტამდე (დაახლოებით, 1,3-2,3 კგ), სითხის შეკავების გამო. მნიშვნელოვანია ასევე მადის მომატება, როგორც წონაში მატების მიზეზი. ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების უმრავლესობა არ ვლინდება დაბალდოზიანი კონტრაცეპტივის გამოყენების შემთხვევაში.

ქალების გარკვეულ ნაწილს ორალური კონტრაცეპტივის მიღებისას სახის კანზე უჩნდება მუქი ლაქები, ორსულობის დროს გამოვლენილი ლაქების მსგავსად. ლაქები მზის ზემოქმედებისას კიდევ უფრო მუქდება. აღნიშნული გვერდითი მოვლენის არსებობისას ქალმა ექიმთან უნდა განიხილოს კონტრაცეპტივის შეწყვეტის საკითხი. ლაქები ნელ-ნელა ქრება მედიკამენტის შეწყვეტისას. ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას იზრდება გარკვეული დაავადებების განვითარების რისკი. სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკი უფრო მაღალი აქვს ქალს, რომელიც იღებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბს, ვიდრე იმ ქალს, რომელიც არ იღებს. რისკი 7-ჯერ უფრო მაღალია, როდესაც კონტრაცეპტივი შეიცავს დაბალი დოზით ესტროგენს. მიუხედავად ამისა, კონტრაცეპტივის მიღებისას თრომბოემბოლიის ალბათობა თითქმის ნახევარჯერ ნაკლებია, ორსულობის დროს არსებულ რისკთან შედარებით. ქალებმა, რომელთა ოჯახის წევრებს აქვთ თრომბოემბოლიური დაავადება, სანამ დაიწყებენ კონტრაცეპტივის მიღებას, აუცილებლად უნდა მიაწოდონ ექიმს აღნიშნული ინფორმაცია. ქირურგიული ჩარევა, თავის მხრივ,თრომბოემბოლიური გართულების რისკს შეიცავს. შესაბამისად, გეგმურ ქირურგიულ ოპერაციამდე 1 თვით ადრე ქალმა უნდა შეწყვიტოს კონტრაცეპტივის მიღება და არ განაახლოს ოპერაციის შემდეგ, სულ მცირე, 1 თვე. ჯანმრთელი არამწეველი ქალებისთვის ესტროგენშემცველი დაბალდოზიანი კონტრაცეპტივის მიღება არ ზრდის გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკს.

5 წელზე მეტი ხნით ორალური კონტრაცეპტივის გამოყენებისას იზრდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი. შესაბამისად, ქალები, რომლებიც იღებენ ორალურ კონტრაცეპტივებს, ყოველწლიურად საჭიროებენ პაპანიკოლაუს ტესტის (პაპ ტესტის) ჩატარებას. აღნიშნული კვლევა საშუალებას აძლევს ექიმს, ადრეულ სტადიაზე გამოავლონოს საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაზიანება, სანამ განვითარდება კიბო.

ჩასახვის საწინააღმდეგო ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება არ ზრდის ძუძუს კიბოს რისკს და არც წარსულში გამოყენებული კონტრაცეპტივია მიზეზი 35-დან 65 წლამდე ასაკში განვითარებული კიბოსი. აღსანიშნავია, რომ კიბოს მაღალ რიკსჯგუფშიც (მაგალითად, ოჯახური განწყობა ან სარძევე ჯირკვლის არსებული დაავადება) არ იზრდება კონტრაცეპტივის გამოყენებით განპირობებული ძუძუს კიბოს რისკი.

ორალური კონტრაცეპტივის მიღებისას ჩქარდება ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭების ზრდა, თუმცა ახალი კენჭები არ ფორმირდება. აღნიშნული კენჭების დიაგნოსტირება უფრო ხშირად ხდება კონტრაცეპტივის მიღების დაწყებიდან პირველი წლების განმავლობაში.

მწეველ ქალებს, რომლებმაც გადააბიჯეს 35 წელს, ორალური კონტრაცეპტივის მიღებისას ეზრდებათ გულის შეტევის განვითარების რისკი. მიუხედავად ამისა, ქალების გარკვეულ კატეგორიასთან, რომელიც იმყოფება ექიმის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ, ინიშნება ორალური კონტრაცეპტივი.

ციკლოფოსფამიდი, გარკვეული სახეობის ანტიბიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები მიღებისას ამცირებს ორალური კონტრაცეპტივების ეფექტიანობას. შესაბამისად, ასეთ სიტუაციებში ქალმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი, სულ მცირე, მედიკამენტის მიღებიდან პირველი პერიოდის დაწყებამდე.

კანის პლასტირი და ვაგინალური რგოლი

კანის პლასტირი და ვაგინალური რგოლი, რომლებიც შეიცავს ესტროგენს და პროგესტერონს, გამოიყენება 3 კვირა, შემდგომ ხდება მათი სხეულიდან მოცილება. მე-4 კვირას არანაირი კონტრაცეპტივის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან იწყება მენსტრუაციის პერიოდი. კანის პლასტირი მაგრდება კანზე 1-ჯერ 3 კვირის ხანგრძლივობით. პლასტირი სცილდება კანს 1 კვირით და ახალი პლასტირი მაგრდება კანის ახალ ადგილზე. მეოთხე კვირაში არანაირი პლასტირი არ გამოიყენება. ვარჯიში, საუნა ან ცხელი შხაპი არ იწვევს პლასტირის მოცილებას.

ვაგინალური რგოლი წარმოადგენს პატარა პლასტიკურ მოწყობილობას, რომელიც თავსდება საშოში 3 კვირის განმავლობაში. შემდეგ მას იღებენ და 1 კვირის განმავლობაში არ გამოიყენებენ. ქალს შეუძლია დამოუკიდებლად ჩაიდგას და ამოიღოს რგოლი. რგოლს აქვს ფიქსირებული ზომა და გამოიყენება უნივერსალურად ყველა ქალისთვის. ჩვეულებრივ, სქესობრივი კონტაქტის დროს ქალის პარტნიორი ვერ გრძნობს საშოში რგოლის არსებობას. ახალი რგოლი საშოში თავსდება ყოველთვიურად. მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია, თუ გამოყენების წესი სწორად არის დაცული. დაცულობის მაჩვენებელი მსგავსია ორალური კონტრაცეპტივებისა. მისი ეფექტიანობა მცირდება გამოხატული სიმსუქნის შემთხვევებში.

აღნიშნული მეთოდების დროს ქალს აქვს რეგულარული მენსტრუაცია. მენსტრუაციათაშორისი გამონადენი და სისხლდენა იშვიათია. გვერდითი ეფექტებიდან, დაავადებათა განვითარების რისკი და გამოყენების შეზღუდვები მსგავსია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებისა.

ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტები

ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტი წარმოადგენს მცირე ზომის ჩხირს, რომელიც შეიცავს პროგესტერონს. კანში მისი ჩანერგვისათვის ექიმი საანესთეზიო საშუალებასთან ერთად იყენებს ნემსის მაგვარ ინსტრუმენტს (ტროაკარს), რათა მოათავსოს იმპლანტი მკლავის შიგნითა ზედაპირზე, იდაყვის ზემოთ. ნაკერი აუცილებელი არ არის. იმპლანტი გამოჰყოფს პროგესტინს ნელ-ნელა სისხლის ნაკადში. იმპლანტის ეს სახეობა ხელმისაწვდომია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეფექტიანია 3 წლის განმავლობაში. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია არარეგულარული მენსტრუაცია და მენსტრუაციის შეწყვეტა ჩადგმიდან პირველი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის შემდეგ ციკლი უმეტესად რეგულარული ხდება. შესაძლებელია თავის ტკივილის და წონაში მატების შემთხვევებიც. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გახდეს იმპლანტის ამოღების მიზეზი, რადგან იმპლანტი არ შეიწოვება ორგანიზმში, მისი ამოღებისთვის ექიმი კვლავ აკეთებს მცირე ზომის განაკვეთს. ამოღება გაცილებით რთულია ვიდრე ჩადგმა, რადგან იმპლანტი ხორცდება ირგვლივმდებარე ქსოვილებში. იმპლანტის ამოღებისთანავე ქალის საკვერცხე აღადგენს კვერცხუჯრედის მომწიფების ფუნქციას და შესაძლებელია დაორსულება.

კონტრაცეპტივის ინექცია

პროგესტინს სხვანაირად მედროქსიპროგესტერონის აცეტატი ჰქვია. ის გამოიყენება საინექციო კონტრაცეპტივის სახით. კონტრაცეფციული ეფექტისთვის რეკომენდებულია ქალის ორგანიზმში მისი 3 თვეში ერთხელ შეყვანა. ხელმისაწვდომია ინექციის ორი სახეობა: ერთი მათგანი კეთდება კუნთში, მკლავზე ან დუნდულზე, ხოლო მეორე შეჰყავთ კანქვეშ. ორივე სახეობა მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. პროგესტინი ბოლომდე არღვევს მენსტრუალურ ციკლს. ქალების დაახლოებით 1/3-ს, რომელთაც გამოიყენეს აღნიშნული კონტრაცეპტივი, გამოუვლინდათ არარეგულარული მენსტრუაცია და მენსტრუაციის შეწყვეტა 3 თვის განმავლობაში პირველი ინექციის შემდეგ. დანარჩენ ქალებს გამოუვლინდათ არარეგულარული მენსტრუაცია და მენსტრუაციათა შორის გამონადენი ყოველ თვეში 11 დღეზე მეტი ხანგრძლივობით. კონტრაცეფციის ამ მეთოდის შემდეგ რეგულარული სისხლდენები სულ უფრო და უფრო მცირდება და შემთხვევების დაახლოებით 70%-ში ქალს აღარ აქვს სისხლდენა. როდესაც ინექცია წყდება, ქალების ნახევარს ნორმალური რეპროდუქციული ფუნქცია უბრუნდება 6 თვის განმავლობაში და დაახლოებით 1 მეოთხედს – 1 წლის განმავლობაში.

ხშირი გვერდითი ეფექტებია: წონაში მცირედ მატება, თავის ტკივილი, არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუაციის შეწყვეტა,

ძვლის სიმკვრივის დროებითი დაქვეითება.

ძვალი უბრუნდება არსებულ ნორმალურ სიმკვრივეს მედროქსიპროგესტერონის აცეტატის შეჩერებისთანავე. ქალები ინექციის შემდგომ, განსაკუთრებით კი თინეიჯერები და ახალგაზრდა გოგონები, საჭიროებენ კალციუმის და ვიტამინი D-ს ჩანაცვლებით მიღებას.

მედროქსიპროგესტერონის აცეტატი არ ზრდის სხვადასხვა სახეობის კიბოს (ძუძუს კიბოს ჩათვლით) რისკს. ის ამცირებს საშვილოსნოს კიბოს, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების და რკინადეფიციტური ანემიის განვითარების შემთხვევებს. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება იშვიათია.

გადაუდებელი კონტრაცეფცია

გადაუდებელ კონრაცეფციას სხვანაირად მეორე დღის აბებსაც უწოდებენ. მედიკამენტები შეიცავს სინთეზურ ჰორმონებს ან წარმოადგენს ჰორმონის მსგავსი მოქმედების აბებს. მათი გამოყენება შესაძლებელია 72 საათის განმავლობაში ერთი დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ან კონტრაცეფციის მეთოდის წარუმატებლობის შემთხვევაში (მაგალითად, კონდომის მთლიანობის დარღვევისას). გადაუდებელი კონტრაცეფცია ამცირებს დაორსულების ალბათობას ერთი დაუცველი სქესობრივი კონტაქტისას, როდესაც აღნიშნული კონტაქტი ემთხვევა ქალის ოვულაციის ფაზას და ორსულობა მეტადაა მოსალოდნელი. ოვულაციის პერიოდში ერთჯერადი დაუცველი კონტაქტით დაორსულების შანსი დაახლოებით 8%-ს შეადგენს.

ხელმისაწვდომია კონტრაცეფციის ორი ვარიანტი:

  • ლევონორგესტრელი: აღნიშნული ჰორმონი წარმოადგენს პროგესტინს, რომელიც დაბალი დოზებით ხშირად გამოიყენება კონტრაცეფციის მიზნით. გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის ერთი დოზა მიიღება ორალურად, რასაც 12 საათში ახლავს განმეორებითი დოზის მიღება. თუ პირველი დოზის მიღება მოხდა სქესობრივი აქტიდან პირველ 72 საათში, დაორსულების შანსი მცირდება 90%-ით, ხოლო თუ პირველი დოზის მიღება მოხდა სქესობრივი აქტიდან პირველ 24 საათში, დაორსულების შანსი მცირდება 95%-ით. ექიმების გარკვეული ნაწილი რეკომენდაციას უწევს ორივე დოზის ერთდროულ მიღებას. ეს მეთოდიც მსგავსად ეფექტიანია. ეს ტაბლეტები ხელმისაწვდომია ყველა 18 წელს გადაცილებული ქალისთვის.

  • კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები: შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებული აბის ორმაგი დოზა (2 აბი). პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს სქესობრივი აქტიდან პირველ 72 საათში. მას თან ახლავს 12 საათში კიდევ 2 აბის მიღება. ეს მეთოდი ლევონორგესტრელთან შედარებით ნაკლებ ეფექტიანია. ამასთანავე, ქალების 50% ში ვლინდება გულისრევა, ხოლო 20 პროცენტში – ღებინება. პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია ღებინების საწინააღმდეგო აბების მიღება.

ბარიერული კონტრაცეპტივები

ბარიერული კონტრაცეპტივი ფიზიკურად ბლოკავს სპერმას და არ აძლევს საშუალებას მოხვდეს ქალის საშვილოსნოში. ბარიერული კონტრაცეპტივებია: კონდომი, დიაფრაგმა, ცერვიკალური ხუფი და ჩასახვის საწინააღმდეგო ღრუბელი.

კონდომი წარმოადგენს საშოს თხელი, დამცავი ფენის მქონე მოწყობილობას, რომელიც ფარავს მამაკაცის ასოს. კონდომი დამზადებულია ლატექსის მასალისაგან და წარმოადგენს ერთადერთ კონტრაცეპტივს, რომელიც იცავს წყვილს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. ესენია როგორც ბაქტერიული (როგორიც არის გონორეა და სიფილისი), ასევე ვირუსული (HPV ადამიანის პაპილომა ვირუსი და HIV ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექციები. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ეს დაცვა მნიშვნელოვანი, მაგრამ არა აბსოლუტურია. კონდომი, რომელიც დამზადებულია პოლიურეთანის მასალისაგან, ასევე, იცავს წყვილს, თუმცა უფრო თხელია და მთლიანობის დარღვევის მეტი რისკი აქვს. არსებობს კრავის ბეწვის მასალისაგან (lambskin)დამზადებული კონდომები, რომელიც არ უზუნველყოფს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან დაცვას. კონდომის ეფექტიანობა დამოკიდებულია მისი გამოყენების წესის სწორად შესრულებაზე. კონდომის ზოგიერთი სახეობა საჭიროებს სპეციალურ მორგებას ისე, რომ დარჩეს ადგილი ეაკულაციური სპერმის შესაგროვებლად. კონდომების უმრავლესობას ამ მიზნით უკვე აქვს სარეზერვო არე კონდომის წვერში. ეაკულაციის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოსცილდეს კონდომი ასოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სპერმის საშოში დაღვრა. ყოველი ახალი სქესობრივი აქტისას ან კონდომის მთლიანობის დარღვევაზე ეჭვისას აუცილებელია ახალი კონდომის გამოყენება.

კონდომის გამოყენების დაწყებიდან პირველ წელს ორსულობის შანსი სრულფასოვანი მოხმარებისას 6%-ია, ხოლო ტიპური მოხმარებისას – 16%. სპერმატოზოიდების გამანადგურებელი ნივთიერება (სპერმიციდი) შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კონდომთან ერთად ვაგინალურად ან კონდომზე ლუბლიკანტის სახით, რომელიც ზრდის კონტრაცეფციულ ეფექტს.

დიაფრაგმა: რეზინის რგოლში მოთავსებული გუმბათის ფორმის მოწყობილობაა, რომელიც თავსდება საშოში ისე, რომ ფარავდეს საშვილოსნოს ყელს და ცერვიკალურ არხს. დიაფრაგმა ხელს უშლის საშვილოსნოში სპერმატოზოიდების მოხვედრას. არსებობს სხვადასხვა ზომის დიაფრაგმები, რომლებიც უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, პირველ ჯერზე ჩაიდგას ექიმის მიერ და აუცილებელია ქალს მიეცეს ინსტრუქცია მისი დამოუკიდებლად მოხმარებისთვის. თუ ბოლო დროს ქალმა საგრძნობლად მოიმატა ან დაიკლო წონაში (10 ფუნტზე (დაახლოებით 4,5 კგ) მეტი), იმშობიარა ან გაიკეთა აბორტი და ბოლო 1 წელია გარკვეული ზომის დიაფრაგმას იყენებს, აუცილებელია მისი ხელმეორედ გამოკვლევა დიაფრაგმის ზომის შესაცვლელად, რადგან მოსალოდნელია საშოს დიამეტრის ცვლილება.

დიაფრაგმამ უნდა დაფაროს საშვილოსნოს ყელის შესავალი, ყოველგვარი დისკომფორტის შეგრძნების გარეშე. ვერც ქალი და ვერც მისი პარტნიორი ვერ უნდა შეიგრძნობდნენ საშოში მის არსებობას. სასურველია, დიაფრაგმასთან ერთად ყოველთვის იქნეს გამოყენებული სპერმის გამანადგურებელი კონტრაცეფციული კრემი ან ჟელე, რაც დამატებითი კონტრაცეფციაა საშოში დიაფრაგმის არასწორად დგომის შემთხვევაში სქესობრივი აქტის დროს. დიაფრაგმა საშოში შეაქვთ სქესობრივ კონტაქტამდე და მისი ამოღება უნდა მოხდეს შემდეგი 8 საათის და არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში. თუ სქესობრივი აქტი განმეორდა, როცა დიაფრაგმა საშოშია, მოწოდებულია კონტრაცეფციული კრემის ან ჟელეს განმეორებითი გამოყენება. ქალმა გულდასმით უნდა შეამოწმოს დიაფრაგმა გამოყენების წინ, ხომ არ არის მისი მთლიანობა დარღვეული. დიაფრაგმის გამოყენების დაწყებიდან პირველ წელს ორსულობის შანსი მისი სრულფასოვანი მოხმარებისას 6%-ია, ხოლო ტიპური მოხმარებისას – 16%.

ცერვიკალური ხუფი: წააგავს დიაფრაგმას, თუმცა ზომაში უფრო პატარა და მეტად არაელასტიკურია. ის მოხერხებულად ერგება საშვილოსნოს ყელს გარედან. ხელმისაწვდომი არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხუფი ქალს უნდა მოარგოს ექიმმა. კონტრაცეფციული კრემი ან ჟელე აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ცერვიკალური ხუფის პარალელურად. ხუფი თავსდება კონტაქტამდე და ამოღებული უნდა იყოს სქესობრივი კონტაქტიდან 8 საათის, მაქსიმუმ კი 48 საათის განმავლობაში. გამოყენების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში ქალები, რომელთაც არ ჰქონდათ ორსულობა წარსულში, დაორსულდნენ შემთხვევების 18%-ში ტიპური გამოყენებისას, ხოლო 9%-ში – სრულყოფილი ინსტრუქციით გამოყენებისას. ეს ციფრი 2-ჯერ მაღალი იყო წარსულში ნამშობიარებ ქალებში, რადგან საშვილოსნოს ყელის ფორმა შეცვლილია და შეუძლებელია მისი ხუფით სრული დაფარვა.

ჩასახვის საწინააღმდეგო ღრუბელი: წარმოადგენს ბარიერული კონტრაცეპტივის ერთ-ერთ სახეობას, რომლის მიზანია სპერმატოზოიდების საშვილოსნოში შეღწევის პრევენცია. ღრუბელი შეიცავს სპერმიციდს. ის ხელმისაწვდომია ყველასთვის და არ საჭიროებს სპეციალურ ჩადგმის ტექნიკის ცოდნას. ღრუბელს საშოში ათავსებს ქალი მოსალოდნელი აქტის დაწყებამდე 24 საათით ადრე და ტოვებს საშოში განმეორებითი აქტების შემთხვევებშიც. მისი ამოღება ხდება ბოლო სქესობრივი აქტიდან 6 საათში. ღრუბელი არ უნდა დაყოვნდეს საშოში 30 საათზე მეტი დროით. ჩვეულებრივ, არც ერთი პარტნიორი არ უნდა გრძნობდეს საშოში მის არსებობას სქესობრივი კონტაქტის დროს. კონტრაცეფციის ეს მეთოდი ნაკლებ ეფექტიანია, ვიდრე დიაფრაგმა. ის იშვიათად გამოიყენება, რადგან ხშირია ალერგიული რეაქცია, ვაგინალური სიმშრალე და გაღიზიანება, ასევე, ძნელია ღრუბლის ამოღება.

სპერმიციდები

სპერმიციდები წარმოადგენს ნივთიერებებს, რომლებიც სპერმასთან კონტაქტისას სპერმატოზოიდების მასობრივ დაღუპვას იწვევს. სპერმიციდები არსებობს ვაგინალური ქაფის, კრემის, გელის, დნობადი სუპოზიტების და ტაბლეტების სახით. სპერმიციდი საშოში თავსდება სქესობრივ კონტაქტამდე. ის ასევე წარმოადგენს ფიზიკური ბარიერის მქონე კონტრაცეპტივს. ეფექტიანობის თვალსაზრისით უპირატესობა რომელიმე სახეობისა არ არსებობს. სპერმიციდები წარმატებით გამოიყენება სხვა ბარიერულ კონტრაცეპტივთან (როგორიც არის კონდომი და დიაფრაგმა) კომბინაციაში.

საშვილოსნოსშიდა მოწყობილობები (სპირალი)

საშვილოსნოსშიდა მოწყობილობები წარმოადგენს მცირე ზომის პლასტიკურ დრეკად საგნებს, რომლებიც თავსდება საშვილოსნოში. მოწყობილობა რჩება საშვილოსნოში 5-10 წლის ხანგრძლივობით, რაც დამოკიდებულია მოწყობილობის სახეობასა და ქალის სურვილზე – ამოიღოს საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა. მისი ჩადგმა და ამოღება ხორციელდება ექიმის მიერ. ჩადგმის პროცედურას სჭირდება რამდენიმე წუთი. ამოღებაც საკმაოდ მარტივია – სწრაფად შესასრულებელი და მინიმალური დისკომფორტის გამომწვევი.

საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა იცავს ქალს არასასურველი ორსულობისგან რამდენიმე გზით:

  • სპერმატოზოიდების იმობილიზაციით ან განადგურებით;

  • სპერმის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერების პროცესის წინააღმდეგობით;

  • განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში ჩანერგვის შეფერხებით;

მხოლოდ ორი სახეობის საშვილოსნოსშიდა მოწყობილობაა ხელმისაწვდომი.

ერთი სახეობაა, რომელიც გამოიმუშავებს პროგესტერონს (ლევონორგესტრელი). მისი ეფექტიანობა შეადგენს 5 წელს. ამ ხნის განმავლობაში ქალების დაახლოებით 0,5% დაორსულდა.

მეორე ტიპი, რომელიც გამოჰყოფს სპილენძს, ეფექტიანია 10 წლის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში ქალების 2%-ზე ნაკლები დაორსულდა. 1 წლის შემდეგ მოწყობილობის ამოღებისას, ქალების 80%-დან 90%-მდე დაორსულდა სურვილისამებრ. ერთჯერადი დაუცველი კონტაქტის შემდეგ 1 კვირაში მოწყობილობის ჩადგმა თითქმის 100%-ით იცავს ქალს არასასურველი ორსულობისგან და მიიჩნევა გადაუდებელი კონტრაცეფციის ერთ-ერთ მეთოდად. საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა არ იწვევს ორგანიზმის სისტემური ხასიათის ცვლილებებს. მოწყობილობის ჩადგმისას საშვილოსნო მცირედ ინფიცირდება ბაქტერიებით. შესაბამისად, პირველი თვის განმავლობაში გაზრდილია მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების განვითარების რისკი.

შესაძლო პრობლემები: ტკივილი და სისხლდენა არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქალების უმრავლესობა იცილებს საშვილოსნოსშიდა მოწყობილობას. მოწყობილობების ნახევარი ამოღებულია მოქმედების ვადის დასრულების გამო. სპილენძის გამომყოფი სპირალი ზრდის მენსტრუალური სისხლდენის მოცულობას, განსხვავებით პროგესტერონის გამომყოფი მოწყობილობისაგან, რომელიც საგრძნობლად ამცირებს და 1 წლის განმავლობაში თითქმის აჩერებს პათოლოგიურ სისხლდენებს ქალების დაახლოებით 20%-ის შემთხვევებში.

შემთხვევების დაახლოებით 5%-ში სპირალი ამოღებულია ჩადგმიდან პირველ წელს, უფრო ხშირად კი – პირველ რამდენიმე კვირაში. ზოგჯერ ქალი ვერ ამჩნევს მოწყობილობის გამოვარდნას. სპირალზე მიბმულია პლასტიკური ძაფები, რათა ქალმა შეამოწმოს, მოწყობილობა ადგილზეა თუ არა, განსაკუთრებით, მენსტრუაციის შემდგომ. თუ ქალი ვერ შეიგრძნობს ძაფებს, აუცილებელია კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენება, სანამ პაციენტი მიაკითხავს ექიმს და დააზუსტებს მოწყობილობის არსებობას.

იშვიათად, მოწყობილობის ჩადგმისას შესაძლებელია საშვილონოს გახვრეტა (პერფორაცია). ჩვეულებრივ, პერფორაციის დროს ქალს სიმპტომები არ აქვს. მისი აღმოჩენა ხდება, როდესაც ქალი ვერ პოულობს მოწყობილობას პლასტიკური ძაფების მეშვეობით და ულტრაბგერითი ან რენტგენოლოგიური გამოკვლევა ავლენს სპირალის არსებობას საშვილოსნოს გარეთ. სპირალი რომელიც საშვილოსნოს გახვრეტის შემდეგ მოხვდა მუცლის ღრუში, უნდა ამოიღონ ქირურგიული გზით, ზოგჯერ ლაპაროსკოპიის გამოყენებით, რათა არ დაზიანდეს ნაწლავები. საშვილოსნოსშიდა მოწყობილობის არსებობის ფონზე დაორსულებული ქალების 55%-ს აქვს თვითნებითი აბორტის რისკი. თუ ქალი გადაწყვეტს ორსულობის გაგრძელებას, ექიმი იღებს საშვილოსნოსშიდა მოწყობილობას, რაც აბორტის რისკს 20 %-ით ამცირებს. სპირალის არსებობის პირობებში მომხდარი ორსულობისას არ იზრდება ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტების, ნაყოფის დაღუპვის ან მენჯის ღრუს ინფექციების რისკი. ქალების 5%-ს მოწყობილობის ფონზე განუვითარდათ გარე ორსულობა, რაც საერთო ექტოპიურ ორსულობასთან შედარებით მაინც, გაცილებით დაბალია, რადგან ამ შემთხვევაში მაინც მოქმედებს კონტრაცეფციული მეთოდი.

შესაძლო უპირატესობები: გარდა მნიშვნელოვანი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტისა, საშვილოსნოსშიდა მოწყობილობას შეუძლია შეამციროს საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი.

დროის (რიტმის) მეთოდი

გარკვეული სახის კონტრაცეფციული მეთოდები, აბებისა და მოწყობილობებისაგან განსხვავებით, დამოკიდებულია სქესობრივი აქტის დროზე.

ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივი მეთოდი

ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივი მეთოდი (რითმი) გულისხმობს სქესობრივი ცხოვრებისაგან თავის შეკავებას ქალის ფერტილური დღეების პერიოდში. ქალების უმეტესობის ფერტილური დღეები შეესაბამება ოვულაციის პერიოდს, როდესაც კვერცხუჯრედი ტოვებს საკვერცხეს. ეს დღეები ემთხვევა მენსტრუაციის დაწყებამდე 14 დღის წინა პერიოდს. გასათვალისწინებელია, რომ გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა საკვერცხის დატოვების შემდეგ 12 საათია. არსებობს ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივი მეთოდის რამდენიმე სახე. თითოეული მეთოდი ემყარება მენსტრუალური ციკლის დროს ფერტილური დღეების დადგენას. კალენდარული მეთოდი მეტ-ნაკლებად ეფექტიანი მეთოდია. ტემპერატურული, საშვილოსნოს ყელის ლორწოს ან სიმპტოთერმალური მეთოდებით უფრო ზუსტად არის შესაძლებელი ოვულაციის პერიოდის შეფასება.

კალენდარული მეთოდი: ეს მეთოდი განსაკუთრებით უეფექტოა ქალებთან, რომელთაც აქვთ არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი. იმისათვის, რომ ქალმა სწორად ამოიცნოს ფერტილური დღეები, ყველაზე ხანმოკლე ციკლს, რომელიც ჰქონდა ბოლო 12 თვის განმავლობაში, მან უნდა გამოაკლოს 18 დღე და ყველაზე ხანგრძლივ ციკლს – 11 დღე. ასე, მაგალითად: თუ ბოლო პერიოდში მისი ციკლის ხანგრძლივობა იყო 26-29 დღე, მან თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი ცხოვრებისაგან ციკლის მე-8 დღიდან (26-18) ციკლის მე-18 დღემდე (29-11) ყოველი ციკლის დროს. რაც უფრო ხანგრძლივია ციკლი, მით უფრო ხანგრძლივად უწევს ქალს სქესობრივ ცხოვრებაზე უარის თქმა. ციკლის დასაწყისად ითვლება მენსტრუაციის დაწყების პირველი დღე.

ტემპერატურული მეთოდი: ბაზალური ტემპერატურის მეთოდი ემყარება სხეულის ტემპერატურის მომატებას ოვულაციის პერიოდში. ოვულაციის დადგენა ხდება მოსვენებულ მდგომარეობაში (სხეულის ბაზალური ტემპერატურის) რექტალურად ტემპერატურის გაზომვით. მონიტორინგი ხდება ყოველდღიურად, დილით გაღვიძებისას ლოგინიდან ადგომამდე. ტემპერატურის დაკლება მანიშნებელია ოვულაციის საწყისი პერიოდისა, ხოლო მატება 9ºF (0.5ºC)-ით და მეტად ოვულაციის ნიშანია. უმჯობესია, თუ ქალი გამოიყენებს ბაზალური ტემპერატურის გასაზომ სპეციალურ თერმომეტრს (რომელიც საკმაოდ ზუსტია) ან, თუ ის არ არის ხელმისაწვდომი, ისარგებლებს ჩვეულებრივი ვერცხლისწყლის თერმომეტრით. ელექტრონული თერმომეტრები ნაკლები სიზუსტით გამოირჩევა. რეკომენდებულია სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება მენსტრუალური პერიოდის პირველი დღიდან ბაზალური ტემპერატურის მომატებიდან 72 საათის გასვლამდე. მისი შემდგომი პერიოდი ახალი მენსტრუალური ციკლის დასაწყისამდე ითვლება უსაფრთხოდ.

საშვილოსნოს ყელის ლორწოს მეთოდი: დაფუძნებულია ცერვიკალური ლორწოს ციკლურ ცვლილებებზე. ქალს შეუძლია ივარაუდოს თავისი ფერტილური დღეები ვაგინალურ გამონადენზე დაკვირვების გზით. მენსტრუალური ციკლის დამთავრებიდან რამდენიმე დღე ცერვიკალური ლორწო არ ვიზუალიზდება. შემდგომში ვლინდება მცირე რაოდენობით წებოვანი, მღვრიე, არაელასტიკური ლორწოვანი გამონადენი. ოვულაციამდე ხანმოკლე პერიოდში გამონადენის ინტენსივობა იმატებს, ხდება თხელი, თეთრი ან გამჭვირვალე და ელასტიკური. ძალიან წააგავს მოუხარშავი კვერცხის ცილას. ლორწოს ასეთი ცვლილება მიუთითებს ფერტილური ფაზის დადგომას. სქესობრივი კონტაქტი ნებადართულია მენსტრუაციის შემდეგ, ცერვიკალური ლორწოს გამოყოფის პირველ ნიშნებამდე. საყურადღებოა, რომ კონტაქტი დასაშვებია დღეგამოშვებით, რადგან ქალს არ აერიოს ლორწო სპერმაში. ლორწოს გამოჩენისთანავე იკრძალება კონტაქტი მანამ, სანამ ლორწოს ცვლილების მიხედვით ფერტილური დღეების დადგომიდან არ გავა 3-4 დღე. შემდგომ სქესობრივი კონტაქტი დასაშვებია ახალი ციკლის დაწყებამდე. ქალებმა, რომლებიც მიმართავენ აღნიშნულ მეთოდს, არ უნდა გამოიყენონ ინტიმური კოსმეტიკური საშუალებები, რამაც შესაძლოა შეცვალოს ლორწოს მახასიათებლები.

სიმპტოთერმალური მეთოდი: ეს მეთოდი აერთიანებს ტემპერატურულ, ლორწოს და კალენდარულ მეთოდებს. ქალი აკვირდება ფერტილური დღეების ამოსაცნობად სამივე პარამეტრს, ლორწოს, ტემპერატურას და კალენდარულ დღეებს. ფერტილური დღეების გამოვლენისას ქალი იწყებს კონტაქტისგან თავის შეკავებას კალენდარული მეთოდის მიხედვით და განაახლებს კონტაქტს ტემპერატურის მატებიდან 72 საათის შემდეგ, ამასთანავე, ითვალისწინებს ლორწოვანი გამონადენის მახასიათებლებს.

სიმპტოთერმალური მეთოდი წარმოადგენს ყველაზე ეფექტიან მეთოდს ბუნებრივ მეთოდებს შორის. მისი სრულყოფილად დაცვის შემთხვევაში ორსულობის ალბათობა ყოველწლიურად შეადგენს 2%-ს.

შეწყვეტილი სქესობრივი აქტის მეთოდი

ამ მეთოდის დროს სპერმა არ ხვდება საშოში და, შესაბამისად, არ ხდება განაყოფიერება. შეწყვეტილი სქესობრივი აქტის გამოყენებისას ასო სცილდება ვაგინას ეაკულაციამდე. ამ მეთოდის ეფექტიანობის ხარისხი არც ისე მაღალია, რადგან სპერმა შესაძლოა ეაკულაციამდეც დაიღვაროს საშოში, ამასთანავე, საჭიროებს თვითკონტროლს და დროის ზუსტად განსაზღვრას.