ორსულობის დადგენა და ვადის განსაზღვრა | მკურნალი.გე
  1. ორსულობის დადგენა და ვადის განსაზღვრა
  2. ნორმალურად მიმდინარე ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ორსულობის დადგენა და ვადის განსაზღვრა

თუ რეგულარული მენსტრუალური ციკლის მქონე ქალს მენსტრუაცია ერთი კვირით ან მეტით უგვიანდება, შესაძლებელია იგი ორსულად იყოს. ზოგჯერ, ქალს ორსულობის გამოცნობა მისი ტიპური ნიშნებითაც შეუძლია. ეს ნიშნებია:

  • სარძევე ჯირკვლების ზომაში მატება და მტკივნეულობა

  • გულისრევის შეგრძნება, ზოგჯერ ღებინება

  • გახშირებული შარდვა

  • უჩვეულო დაღლილობა

  • მადის ცვლილება

მენსტრუალური ციკლის დაგვიანების შემთხვევაში, ორსულობის დასადგენად, ქალს შეუძლია საშინაო საორსულო ტესტის გამოყენება. საშინაო საორსულო ტესტები შარდში ავლენს ადამიანის ქორიონალურ გონადოტროპინს (hCG). ადამიანის ქორიონალური გონადოტროპინი პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონია. საშინაო საორსულო ტესტების სიზუსტე 97%-ია. თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, მაგრამ ქალი კვლავ ეჭვობს, რომ იგი ორსულადაა, ტესტი რამდენიმე დღის შემდეგ უნდა გამეორდეს. შესაძლებელია, ამ დროს პირველი ტესტი ადრეულად გაკეთდა (მოსალოდნელი მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე). თუ ტესტის პასუხი დადებითია, ქალი უნდა დაუკავშირდეს ექიმს, რომელმაც შედეგების დასადასტურებლად შესაძლოა სხვა ტესტი ჩაატაროს.

ორსულობის დასადგენად, ექიმები სისხლის ან შარდის ანალიზს ატარებენ. აღნიშნული ტესტები 99%-ით ზუსტია. ერთ-ერთი ასეთი ტესტი, რომელსაც ფერმენტული იმუნოსორბენტული ანალიზი (ELISA) ეწოდება, სწრაფად და მარტივად ავლენს შარდში ადამიანის ქორიონალური გონადოტროპინის ძალიან მცირე რაოდენობასაც კი. ზოგ ტესტს ჰორმონის ძალიან დაბალი რაოდენობის აღმოჩენა, განაყოფიერებიდან რამდენიმე დღის შემდეგ (მენსტრუალური ციკლის გადაცდენამდე) შეუძლია. შედეგების მიღება შესაძლებელია დაახლოებით ნახევარ საათში. ნორმალურად მიმდინარე, ერთნაყოფიანი ორსულობის პირველი 60 დღის განმავლობაში, ადამიანის ქორიონალური გონადოტროპინის დონე სისხლში ყოველ 2 დღეში დაახლოებით ორმაგდება. ჰორმონების დონის ამგვარი განსაზღვრა შესაძლებელია იმის დასადგენად, ნორმალურად პროგრესირებს თუ არა ორსულობა.