მრგვალი ჭიებით გამოწვეული ინფექცია (ანკილოსტომიდოზი) არის ნაწლავების ინფექცია, რომელსაც იწვევს ან Ancylostoma duodenale ან Necator americanus.
ნაწლავის მრგვალი ჭიებით დაინფიცირებულია 1.3 მილიარდი ადამიანი. ინფექცია ყველაზე ხშირია ტროპიკულ ადგილებში, სადაც სანიტარული ნორმები არ არის დაცული. მრგვალი ჭიები ვითარდებიან თბილ, ნესტიან ადგილებში. მრგვალი ჭიების ორი სახეობა იწვევს ინფექციას ადამიანებში: ანკილოსტომა დუოდენალე და ნეკატორ ამერიკანუს. ორივე სახეობა გვხვდება აფრიკის, აზიის, ინდოეთისა და ჩინეთის ტროპიკულ არეალებში. ანკილოსტომა დუოდენალე გვხვდება ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში და სამხრეთ ამერიკაში. ნეკატორ ამერიკანუსი გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ის ადრე ხშირი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში, მაგრამ ახლა იშვიათია.
კვერცხები გამოიყოფა განავლით და იჩეკება მიწაში, 1-2 დღიანი ინკუბაციის პერიოდის გავლის შემდეგ. გამოიყოფა ლარვები და ისინი ცხოვრობენ მიწაში. როდესაც სრულად განვითარდებიან, ლარვებს შეუძლიათ კანში შეღწევა. ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ფეხშიშველა სიარულის დროს ან დაინფიცირებულ მიწაზე ჯდომის დროს. როდესაც ლარვა შევა ორგანიზმში, ისინი მიუყვებიან ლიმფურ კვანძებსა და სისხლის მიმოქცევას ფილტვებამდე. ლარვები გადავლენ ფილტვების საჰაერო სივრცეებში და აუყვებიან სასუნთქ სისტემას. ხდება მათი ამოხველება ხახაში და შემდეგ ისინი გადაიყლაპებიან. კანში შეღწევიდან ერთი კვირის შემდეგ ისინი მიაღწევენ ნაწლავებს. ნაწლავებში ლარვები ყალიბდებიან მოზრდილ ჭიებად. პირით ისინი ემაგრებიან წვრილი ნაწლავების ზედა ნაწილის ამომფენ ლორწოვანს, საიდანაც წოვენ სისხლს და წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას.
მრგვალი ჭიით გამოწვეული ინფექციის მქონე ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს სიმპტომები. თუმცა, ინფექციის დასაწყისში ლარვების კანში შეჭრის ადგილას შესაძლებელია განვითარდეს ქავილი, სიწითლე, და წამოწეული გამონაყარი (კანის ანკილოსტომიდოზი). ფილტვებში ლარვების გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, ხველა და ხრიალი. როდესაც მოზრდილი ჭიები პირველად მიემაგრებიან ნაწლავებს, ისინი იწვევენ ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში, მადის დაკარგვას, ფაღარათსა და წონაში კლებას. დროთა განმავლობაში ვითარდება ანემია სისხლის დაკარგვის გამო და ვითარდება რკინის დეფიციტი. ანემიის მძიმე ფორმის მქონე ბავშვები შეიძლება არ განვითარდნენ ნორმალურად. ანემიის მძიმე ფორმამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობა და ქსოვილების ფართომასშტაბიანი შეშუპება.
დიაგნოზი ისმება მრგვალი ჭიების კვერცხების განავალში აღმოჩენისას. განავალი უნდა გამოიკვლიონ დეფეკაციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. ატარებენ სისხლის გამოკვლევებს ანემიისა და კვების დეფიციტის – კერძოდ რკინის ნაკლებობის გამოსავლენად.
ექიმი გამოწერს ალბენდაზოლის, მებენდაზოლის ან პირანტელის პამოატის დასალევ ფორმებს. ეს წამლები არ შეიძლება მიიღოს ორსულმა ქალმა, რადგანაც, სავარაუდოდ, აქვთ გვერდითი ეფექტები ნაყოფზე. ადამიანებს ანემიით ეძლევათ რკინის დანამატები.