ფიზიკური ცვლილებები | მკურნალი.გე
  1. ფიზიკური ცვლილებები
  2. ნორმალურად მიმდინარე ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ფიზიკური ცვლილებები

ორსულობა ქალის სხეულში მრავალ ცვლილებას იწვევს. მათი უმრავლესობა მშობიარობის შემდეგ ქრება. აღნიშნული ცვლილებები გარკვეულ სიმპტომებს განაპირობებს, რომლებიც ნორმალურია. თუმცა ზოგიერთი დარღვევა, როგორიცაა გესტაციური დიაბეტი, ორსულობის დროს ვითარდება და სხვადასხვა სიმპტომი შეიძლება რაიმე დაავადებაზე მიუთითებდეს.

სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ორსულობის პერიოდში ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვაა საჭირო, შემდეგია:

  • მუდმივი ან უჩვეულო თავის ტკივილი;

  • მუდმივი გულისრევა და ღებინება;

  • თავბრუხვევა;

  • მხედველობის დარღვევა;

  • მუცლის ქვედა ნაწილში არსებული ტკივილი ან სპაზმი;

  • საშვილოსნოს შეკუმშვები;

  • სისხლდენა საშოდან;

  • ამნიონური სითხის დაღვრა (თითქოს "წყლები იღვრება");

  • ხელებისა და ფეხების შეშუპება;

  • შარდის გამოყოფის შემცირება;

  • ნებისმიერი დაავადება ან ინფექცია;

  • კანკალი (ხელების ან ფეხების კანკალი ან ორივე ერთად);

  • კრუნჩხვა;

  • გულისცემის აჩქარება;

  • ნაყოფის მოძრაობის შემცირება.

ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა: ხშირია დაღლილობა, განსაკუთრებით ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში და შემდეგ, გვიანი ორსულობისას. ქალს, შესაძლებელია, ჩვეულებრივზე უფრო ხშირად სჭირდებოდეს დასვენება.

რეპროდუქციული ორგანოები: ორსულობის 12 კვირისათვის, გადიდებული საშვილოსნო ქალის მუცელს მსუბუქად ამოდრეკს. საშვილოსნო ზრდას მთელი ორსულობის განმავლობაში განაგრძობს. გადიდებული საშვილოსნო ჭიპის დონეს 20 კვირის ვადაზე, ხოლო ნეკნების ქვედა კიდეს 36 კვირის ვადაზე აღწევს.

ჩვეულებრივ, იზრდება საშოდან ნორმალური გამონადენის რაოდენობა, რომელიც სუფთა ან მოთეთრო ფერისაა. გამონადენის მატება, ჩვეულებრივ, ნორმალურია. თუმცა გამონადენის უჩვეულო ფერის, სუნის ან საშოს არეში ქავილისა და წვის შემთხვევაში ქალმა ექიმს უნდა მიმართოს. აღნიშნული სიმპტომები შესაძლებელია საშოს ინფექციაზე მიუთითებდეს. საშოს ინფექციები, როგორიცაა ტრიქომონიაზი (უმარტივესებით გამოწვეული ინფექცია) და კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია), ორსულობის დროს ხშირია და მათი მკურნალობა შესაძლებელია.

სარძევე ჯირკვლები: სარძევე ჯირკვლები ზომაში მატულობს, ვინაიდან ჰორმონები (ძირითადად ესტროგენი) მათ რძის გამოყოფისათვის ამზადებს. რძის გამომყოფი ჯირკვლების რაოდენობა თანდათან მატულობს და იწყებს რძის გამომუშავებას. სარძევე ჯირკვლები მკვრივი და მტკივნეული შეიძლება გახდეს. უმჯობესია კარგად მორგებული აზღუდის ტარება.

ორსულობის ბოლო კვირაში სარძევე ჯირკვლები შეიძლება გამოჰყოფდეს თხელ, მოყვითალო ფერის ან რძისებრ გამონადენს (ხსენი). ხსენი მშობიარობის შემდეგ, პირველ დღეებშიც, რძის წარმოქმნამდეც გამოიყოფა. იგი ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილისათვის, მინერალებითა და ანტისხეულებით მდიდარი პირველი საკვებია.

გული და სისხლის მიმოქცევა: ორსულობის განმავლობაში, ქალის გულმა გაძლიერებულად უნდა იმუშაოს, ვინაიდან ნაყოფის ზრდის გამო საშვილოსნოს მეტი რაოდენობით სისხლი უნდა მიეწოდოს. ორსულობის დასასრულისთვის, საშვილოსნო ორსულობამდელი სისხლის რაოდენობის მეხუთედს იღებს. ორსულობის დროს, 30-50%-ით მატულობს გულის მიერ გადატუმბული სისხლის რაოდენობა (გულის წუთმოცულობა). გულის წუთმოცულობის ზრდასთან ერთად, იზრდება გულისცემის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში 70 დარტყმიდან 80-90 დარტყმამდე წუთში. ვარჯიშის დროს, გულის წუთმოცულობა და გულისცემის სიხშირე, არაორსულ მდგომარეობასთან შედარებით, მეტად იზრდება. მშობიარობის დროს, გულის წუთმოცულობა დამატებით 10%-ით მატულობს. მშობიარობის შემდეგ, გულის წუთმოცულობა დასაწყისში სწრაფად მცირდება, შემდეგ კი შედარებით ნელი ტემპით. ორსულობამდელ მდგომარეობას კი გული მშობიარობიდან დაახლოებით 6 კვირაში უბრუნდება.

გულის გაძლიერებული მუშაობის გამო, შესაძლებელია გარკვეული ხმიანობების (შუილების) და გულის რიტმის დარღვევების განვითარება. გულის რითმის დარღვევას ზოგჯერ ორსული ქალიც შეიგრძნობს. აღნიშნული ცვლილებები ორსულობის დროს ნორმალურია. თუმცა გულის ტონების ან რიტმის პათოლოგიური ცვლილება (მაგალითად, დიასტოლური შუილი და ტაქიარითმიები), რომლებიც უფრო ხშირად ორსულებს შორის ვლინდება, შესაძლოა მკურნალობას საჭიროებდეს.

სისხლის წნევა, ჩვეულებრივ, მეორე ტრიმესტრში ქვეითდება, თუმცა ორსულობამდელ მაჩვენებელს, შესაძლოა, მესამე ტრიმესტრში დაუბრუნდეს.

ორსულობის დროს სისხლის მოცულობა 50%-ით იზრდება. სისხლში სითხის რაოდენობა უფრო იმატებს, ვიდრე სისხლის წითელი უჯრედების (უჯრედები, რომელთაც გადააქვთ ჟანგბადი) რაოდენობა. ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც სისხლის წითელი უჯრედები მეტი რაოდენობითაა, სისხლის ანალიზი მსუბუქ ანემიას აჩვენებს, რაც ნორმალური მოვლენაა. მრავალი მიზეზის გამო, ბოლომდე ნათელი არ არის, თუ რატომ იმატებს ორსულობის დროს მცირედით და მშობიარობის დროს და მის შემდეგ პირველ დღეებში მნიშვნელოვნად სისხლის თეთრი უჯრედების (ინფექციასთან მებრძოლი უჯრედები) რაოდენობა.

საშვილოსნოს ზომაში ზრდა გავლენას ახდენს ფეხებიდან და მენჯის არიდან გულისაკენ სისხლის მოდინებაზე. შედეგად ხშირია შეშუპება (ედემა), განსაკუთრებით, ქვედა კიდურებში. ხშირად ვითარდება ვენების ვარიკოზული გაგანიერება ქვედა კიდურებში და საშოს შესავლის (ვულვის) ირგვლივ, რაც ზოგჯერ დისკომფორტის გამომწვევია. წელისა და ფეხების ირგვლივ თავისუფალი ტანსაცმელი კომფორტული სატარებელია და არ ზღუდავს სისხლის მოძრაობას. გარკვეული ღონისძიებებით შესაძლებელია არა მარტო დისკომფორტის შემსუბუქება, არამედ ფეხების შეშუპების შემცირება და ვარიკოზული ვენების გაქრობა მშობიარობის შემდეგ:

  • ელასტიკური წინდის ტარება

  • ხშირი დასვენება, ქვედა კიდურების შემაღლებულ ადგილზე მოთავსება

  • მარცხენა გვერდზე წოლა

საშარდე სისტემა: გულის მსგავსად, ორსულობის პერიოდში თირკმლებიც გაძლიერებულად მუშაობს. ისინი ფილტრავს სისხლის მზარდ რაოდენობას. თირკმლების მიერ გაწმენდილი სისხლის რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს 16-24 კვირისათვის და ასეთივე რჩება მშობიარობამდე. შემდეგ კი, გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლის გამო, შესაძლებელია სისხლით მომარაგების მცირედით კლება.

თირკმლების მუშაობა, ნორმალურად, იზრდება მწოლიარე მდგომარეობაში, ხოლო მცირდება ფეხზე დგომისას. აღნიშნული ცვლილება გამოხატულია ორსულობის დროს, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ორსულ ქალს შარდვის გახშირება აღენიშნება, როდესაც დაძინებას ცდილობს. ორსულობის გვიან ვადაზე, გვერდზე წოლა, განსაკუთრებით მარცხენა მხარეზე, უფრო მეტად ზრდის თირკმლების მუშაობას, ვიდრე ზურგზე წოლა. მარცხენა გვერდზე წოლით მცირდება გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლა ღრუ ვენაზე, რომელიც სისხლს ქვედა კიდურებიდან ატარებს. ამის შედეგად სისხლის დინება უმჯობესდება და თირკმლების მუშაობა იზრდება.

საშვილოსნო, შარდის ბუშტზე ზეწოლის გამო, ამცირებს მის ზომას, რის გამოც იგი შარდით ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ივსება. ამიტომ ორსულ ქალს უფრო ხშირად მოშარდვის დაუოკებელი სურვილი უჩნდება.

სასუნთქი სისტემა: სისხლში იმატებს პროგესტერონის რაოდენობა – ჰორმონის, რომელიც ორსულობის განმავლობაში მუდმივად გამომუშავდება. მისი მომატებული რაოდენობათავის ტვინს სიგნალს უგზავნის, რომ სისხლში დასწიოს ნახშირორჟანგის დონე. შედეგად ორსული ქალი სუნთქავს ცოტა უფრო სწრაფად და მეტად ღრმად, რათა გამოჰყოს მეტი რაოდენობით ნახშირორჟანგი და სისხლში მისი რაოდენობა შემცირდეს. ქალისუნთქავს სწრაფად და უფრო ღრმად, ვინაიდან გადიდებული საშვილოსნო ზღუდავს ჩასუნთქვისას ფილტვების გაფართოების შესაძლებლობას. ქალის გულმკერდის გარშემოწერილობა მსუბუქად იზრდება.

თითქმის ყველა ორსულ ქალს აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისას, განსაკუთრებით ორსულობის ბოლოსთვის. ფიზიკური დატვირთვისას სუნთქვის სიხშირე უფრო მეტად იზრდება ორსულობის დროს, ვიდრე არაორსული ქალის შემთხვევაში.

ვინაიდან სისხლის მეტი რაოდენობაა გადასატუმბი, სასუნთქი გზების ლორწოვანი მეტი რაოდენობით სისხლს იღებს და რამდენადმე შუპდება, რაც სასუნთქი გზების შევიწროებას იწვევს. შედეგად, ზოგჯერ ცხვირის "გაჭედვა" აღინიშნება და შესაძლოა ევსტაქის მილების (აკავშირებს შუა ყურს და ცხვირ-ხახის ფუძეს) დახშობა. აღნიშნული გარემოებების გამო, შესაძლებელია ქალის ხმის ტონიც შეიცვალოს.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: ხშირია გულისრევა და ღებინება, განსაკუთრებით, დილის საათებში (დილის გულისრევა). ეს სისხლში ესტროგენის და ადამიანის ქორიონალური გონადოტროპინის მომატებული რაოდენობითაა განპირობებული – ჰორმონების, რომლებიც ხელს უწყობს ორსულობის შენარჩუნებას. გულისრევისა და ღებინების შემსუბუქება შესაძლებელია საკვები რაციონის ან კვების სახიათის ცვლილებით. მაგალითად, ხშირად, მცირე ულუფებით საკვებისა და სითხის მიღება, კვება შიმშილის გრძნობის გაჩენამდე და მსუბუქი საკვების მიღება (ბულიონი, კონსომე, ბრინჯი, მაკარონი).გულისრევა შეიძლება შეამსუბუქოს მარილიანი კრეკერებისა და გაზიანი სითხის მცირე ულუფებით მიღებამ. საწოლთან კრეკერების ქონამ და წამოდგომამდე მათი მცირე ოდენობით მიღებამ შეიძლება შეამსუბუქოს დილის გულისრევა. სპეციალურად დილის გულისრევის სამკურნალო საშუალებები ჯერჯერობით არ არსებობს. თუ გულისრევა და ღებინება იმდენად ძლიერი ან ხანგრძლივია, რომ გაუწყლოვნება, წონის კლება ან სხვა პრობლემები ვითარდება, ქალს შესაძლოა გულისრევის შესამსუბუქებელი სამკურნალო საშუალებების მიღება ან დროებით კლინიკაში მოთავსება დასჭირდეს, სადაც ინტრავენურად მიაწვდიან სითხეებს.

ხშირია გულძმარვა და ბოყინი. სავარაუდოდ, მისი მიზეზი კუჭში საკვების ხანგრძლივად დაყოვნება და საყლაპავის ქვედა ირგვლივი (სფინქტერის) კუნთების მოდუნებაა, რაც აადვილებს კუჭის შიგთავსის უკუდინებას საყლაპავის მიმართულებით. გულძმარვის შემსუბუქებას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი:

  • მცირე ულუფებად საკვების მიღება;

  • საკვების მიღების შემდეგ რამდენიმე საათით დახრის და ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღებისგან თავის არიდება;

  • კოფეინის, თამბაქოს, ალკოჰოლის, ასპირინისა და მისი მონათესავე საშუალებების (სალიცილატები) შეზღუდვა;

  • თხევადი ანტაციდების (მჟავიანობის საწინააღმდეგო საშუალებების) მიღება, მაგრამ არა ისეთი ანტაციდებისა, რომლებიც ნატრიუმის ბიკარბონატს შეიცავს, ვინაიდან ისინი დიდი რაოდენობით ნატრიუმის შემცველია.

ღამის გულძმარვის შემსუბუქება შემდეგი საშუალებებითაა შესაძლებელი:

  • ბოლო ულუფის მიღება დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე;

  • სასთუმალის აწევა ან ისეთი ბალიშის გამოყენება, რომლის დახმარებითაც თავი და მხრები შემაღლებული იქნება.

ორსულობის დროს კუჭი ნაკლები რაოდენობით მჟავას გამოიმუშავებს. შედეგად, კუჭის წყლული ორსულობის დროს იშვიათად ვითარდება, ხოლო უკვე არსებული შეხორცებას იწყებს.

ორსულობის პროგრესირებასთან ერთად, გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლა სწორ ნაწლავსა და ნაწლავების ქვედა ნაწილზე შეკრულობას იწვევს. ასევე შესაძლებელია შეკრულობის გაუარესება, რადგან პროგესტერონის მაღალი დონე ორსულობის დროს ანელებს ნაწლავთა კუნთების შეკუმშვას, რომლის დახმარებითაც, ნორმალურად, საკვები გადაადგილდება ნაწლავში. შეკრულობის პრევენცია შესაძლებელია ბოჭკოთი მდიდარი საკვების, დიდი რაოდენობით სითხის მიღებით და რეგულარული ფიზიკური აქტივობით.

ჰემოროი ხშირი პრობლემაა ორსულობის დროს და გამოწვეულია გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლით ან შეკრულობით. ჰემოროის ტკივილის შემთხვევაში, შესაძლებელია განავლის დამარბილებელი საშუალებების, საანესთეზიო გელის ან თბილი საფენების გამოყენება.

შესაძლებელია მადის შეცვლა და უცნაური საკვების ან არასაკვები საშუალებების (მაგალითად, ცარცი) მიღების ძლიერი სურვილი.

ზოგჯერ ორსულ ქალებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც დილის გულისრევა აწუხებთ, ჭარბი ნერწყვდენაც აღენიშნებათ. აღნიშნული სიმპტომი მეტად შემაწუხებელია, თუმცა არ არის საშიში.

კანი: ორსულთა ნიღაბი (მელაზმა) – ესაა მოყავისფრო პიგმენტური ლაქები, რომელიც შუბლისა და ლოყების კანზე შეიძლება გაჩნდეს. ასევე მუქდება კანი ძუძუს თავების ირგვლივ (არეოლა). მუცლის ქვედა ნაწილის შუაში იკვეთება მუქი ფერის ხაზი. აღნიშნული ცვლილებების გამომწვევია პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს მელანოციტებს – უჯრედებს, რომელებიც მუქ ყავისფერ პიგმენტს (მელანინი) გამოჰყოფს.

მუცელზე ზოგჯერ ვარდისფერი სტრიები ჩნდება. აღნიშნული ცვლილება, სავარაუდოდ, საშვილოსნოს სწრაფი ზრდის და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დონის მატების შედეგია.

კანზე, წელის ზემოთ, შესაძლოა ობობის ქსელის მსგავსად გამოიხატოს მცირე ზომის სისხლძარღვები. აღნიშნულ ცვლილებას სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები ეწოდება. შესაძლოა შესამჩნევი გახდეს თხელკედლიანი, გაგანიერებული კაპილარული ქსელი, განსაკუთრებით, ქვედა კიდურებზე.

ჰორმონები: ორსულობა გავლენას ახდენს სხეულის თითქმის ყველა ჰორმონზე, პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონებით. მაგალითად, პლაცენტა გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს ქალის ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და ზრდის მის მიერ თიროიდული ჰორმონების გამოყოფას. როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ზედმეტად აქტიურობს, გული უფრო სწრაფად ცემს, რის გამოც ქალი საკუთარ გულისცემას შეიგრძნოს (აქვს გულისფრიალი). ძლიერდება ოფლის გამოყოფა, ხასიათის ცვლილება და ფარისებრმა ჯირკვალმა, შესაძლოა, ზომაში მოიმატოს. თუმცა, ჰიპერთირეოზი, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ირღვევა და ის ჭარბად აქტიური ხდება, ორსულობის 0,1%-ზე ნაკლებ შემთხვევებში ვითარდება.

ესტროგენისა და პროგესტერონის დონე ადრეული ორსულობიდან იზრდება, რადგან პლაცენტის მიერ გამომუშავებული ადამიანის ქორიონალური გონადოტროპინი ასტიმულირებს საკვერცხის მიერ მათ გამოყოფას. ორსულობის 9-10 კვირის შემდეგ, პლაცენტა თვითონ იწყებს ესტროგენისა და პროგესტერონის დიდი რაოდენობით სინთეზს. ესტროგენი და პროგესტერონი ეხმარება ორსულობის შენარჩუნებას.

პლაცენტა ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ მეტი რაოდენობით ალდოსტერონისა და კორტიზოლის (რომელიც ეხმარება თირკმლების მიერ სითხის გამოყოფის რეგულირებას) გამოყოფას. შედეგად, ორგანიზმში მეტი რაოდენობით სითხე კავდება.

ორსულობის განმავლობაში, ჰორმონული ცვლილებები გავლენას ახდენს ორგანიზმის მიერ შაქრის ცვლაზე. ადრეული ორსულობისას, სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონემ შესაძლოა მცირედით დაიწიოს, თუმცა მეორე ნახევარში შესაძლებელია მისი მატება. მეტი რაოდენობით ინსულინია (აკონტროლებს შაქრის რაოდენობას სისხლში) საჭირო და გამომუშავდება პანკრეასის მიერ. ამის გამო, თუ დიაბეტი უკვე განვითარებულია, შესაძლოა ორსულობის დროს იგი გაუარესდეს. ასევე შესაძლებელია დიაბეტის აღმოცენება ორსულობისას. აღნიშნულ მდგომარეობას გესტაციური დიაბეტი ეწოდება.

სახსრები და კუნთები: ქალის მენჯის სახსრები და იოგები (ფიბროზული ჭიმები და ძვლების დამაკავშირებელი ხრტილები) უფრო ელასტიკური ხდება. აღნიშნული ცვლილებები ქმნის ადგილს ზომაში მზარდი საშვილოსნოსთვს და ქალს ამზადებს ბავშვის დაბადებისთვის. შედეგად, ქალის აღნაგობა რამდენადმე იცვლება.

ხშირია სხვადასხვა ხარისხით გამოხატული წელის ტკივილი, რადგან, მზარდი საშვილოსნოს მასის გამო, წონასწორობის შესანარჩუნებლად, ხერხემალი უფრო მეტად იდრიკება. ეფექტიანია სიმძიმეების აწევისაგან თავის არიდება, მუხლებში ჩაჯდომა (და არა წინ დახრა) საგნების ასაღებად და სხეულის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება. ხერხემლის არეში დაჭიმულობას შეამცირებს სწორძირიანი ფეხსაცმლის ან ორსულებისთვის განკუთვნილი მსუბუქი ბანდაჟის ტარება.