1. თვითმოვლა
  2. ნორმალურად მიმდინარე ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
თვითმოვლა

მრავალ ორსულ ქალს შეუძლია ორსულობის დროს თავად იზრუნოს საკუთარ თავზე. თუ რაიმე კითხვა გაუჩნდება საკვები რაციონის, მედიკამენტების ან საკვები დანამატების, ფიზიკური აქტივობის და სქესობრივი კავშირის თაობაზე, შეუძლია ესაუბროს ექიმს.

საკვები რაციონი და სხეულის მასა: ორსულობის დროს ქალის საკვები რაციონი სათანადო და ყუათიანი უნდა იყოს. თუ ქალი არ მიიღებს მისთვის და ნაყოფისთვის საკმარისი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, ნუტრიენტები, პირველ რიგში, ნაყოფის გამოსაკვებად მიიმართება. ამასთან, დაახლოებით 250 კალორიის დამატება ყოველდღიურ რაციონში, ჩვეულებრივ, საკმარისია ორივეს გამოსაკვებად. დამატებითი კალორიების დიდი ნაწილი ცილებზე უნდა მოდიოდეს. საკვები რაციონი ბალანსირებული უნდა იყოს და მოიცავდეს ახალ ხილს, მარცვლეულს და ბოსტნეულს. კარგი არჩევანია ბოჭკოს დიდი და შაქრის ნაკლები რაოდენობით შემცველი ბურღულეული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალების უმრავლესობა სუფრის მარილის საკმარის რაოდენობას იღებს საკვებით, სუფრასთან მარილის დამატებით გამოყენების გარეშე. კომერციულად მომზადებული საკვები ხშირად ჭარბი რაოდენობით მარილს შეიცავს და ამიტომ ის შეზღუდვით უნდა მიიღონ.

ორსულობის დროს დიეტის დაცვა, წონის დაკლების მიზნით, მსუქანი ქალების შემთხვევაშიც კი არაა რეკომენდებული, რადგან წონის გარკვეული ნამატი აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის. დიეტის დროს მცირდება ნაყოფის მომარაგება საკვები ნივთიერებებით.

საშუალო წონის ქალმა, ორსულობის დროს, 25-30 ფუნტის (11-14 კგ) ფარგლებში შეიძლება მოიმატოს. 30-35 ფუნტზე (14-16 კგ) მეტი რაოდენობით წონის მომატება იწვევს ცხიმის დაგროვებას ქალისა და ნაყოფის სხეულში. რადგან წონის მატების კონტროლი გვიანი ორსულობის დროს უფრო რთულია, ქალი დიდი რაოდენობით წონის მატებას უნდა მოერიდოს ორსულობის პირველ ტრიმესტრში. მეორე მხრივ, წონის მომატების გარეშე, შესაძლებელია ნაყოფის ზრდისა და განვითარების შეფერხება. ქალი უნდა ეცადოს, ადრეული ორსულობისას, თითო თვეში მხოლოდ 2-3 ფუნტი (1-1,5 კგ) მოიმატოს.

ზოგჯერ, ორსული ქალი წონაში სითხის შეკავების გამო იმატებს. ორგანიზმში სითხე შეიძლება შეკავდეს ზურგზე წოლისას, გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლის შედეგად, ქვედა კიდურებიდან გულისაკენ სისხლის მოდინების შეფერხების გამო. გვერდზე, უმჯობესია მარცხნივ, წოლამ 30-45 წუთის განმავლობაში, 2-3-ჯერ დღეში, შესაძლებელია შეამსუბუქოს აღნიშნული პრობლემა. ასევე ეფექტიანია ელასტიკური წინდების ტარება.

მედიკამენტები და საკვები დანამატები: ზოგადად, უპირატესია, ორსულობის დროს მედიკამენტების მიღებისაგან თავშეკავება. თუმცა, ზოგჯერ მათი მიღება საჭირო ხდება. ორსულმა ქალმა ყოველთვის, განსაკუთრებით პირველი 3 თვის განმავლობაში, უნდა ჰკითხოს ექიმს ნებისმიერი წამლის – მათ შორის, ურეცეპტო საშუალებების, როგორიცაა ასპირინი ან მცენარეული პრეპარატები – მიღებამდე.

ორსულობისას ორმაგდება რკინაზე მოთხოვნილება. ქალების უმრავლესობას რკინის დამატებით მიღება ესაჭიროება, რადგან საკვებიდან ვერ ხდება იმ რაოდენობით რკინის ათვისება, რომელიც დააკმაყოფილებდა მასზე მოთხოვნილებას ორსულობის დროს. თუ ქალს ანემია აქვს ან უვითარდება ორსულობის დროს, შესაძლებელია მას რკინის უფრო დიდი დოზებით მიღება დასჭირდეს, ვიდრე სხვა ორსულ ქალებს. რკინის პრეპარატებმა შესაძლებელია კუჭის გაღიზიანება და შეკრულობა გამოიწვიოს.

ყველა ორსულმა ქალმა, ყოველდღიურად უნდა მიიღოს დამატებით ფოლატები (ფოლიუმის მჟავა. ჩვეულებრივ, შეიცავს პრენეტალურად მისაღები ვიტამინების კომპლექსი). საუკეთესო შემთხვევაში, ფოლატების მიღება ორსულობამდე უნდა დაიწყოს. ფოლატების დეფიციტის შემთხვევაში, იზრდება თავისა და ზურგის ტვინის თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვის დაბადების რისკი, მაგალითად, როგორიცაა ხერხემლის თიაქარი. ქალმა, რომელსაც ხერხემლის თიაქრის მქონე ბავშვი ჰყავს, უფრო მაღალი დოზებით ფოლატები უნდა მიიღოს დაორსულებამდე. სხვებისათვის კი შეიძლება საკმარისი იყოს ფოლატების ის ოდენობა, რომელსაც სტანდარტული პრენატალური ვიტამინები შეიცავს, მაშინაც კი, როდესაც რისკი რამდენადმე მომატებულია. მაგალითად, ქალებს, რომლებიც ჭარბი რაოდენობით ულტრაიისფერი სხივების (UV) ზემოქმედების ქვეშ არიან, განსაკუთრებით თეთრკანიან ქალებს, შესაძლოა ფოლატების რამდენადმე დაქვეითებული რაოდენობა ჰქონდეთ. ასევე, ქალებს, რომლებიც ჩასახვამდე რამდენიმე თვე ორალურ კონტრაცეპტივებს იღებდნენ, მეტად სავარაუდოა, რომ ფოლატების დეფიციტი განუვითარდეთ, თუმცა დამტკიცებული არაა, რომ მათ ხერხემლის თიაქრის მქონე ბავშვი გაუჩნდებათ.

თუ საკვები რაციონი ადეკვატურია, სხვა ვიტამინების დამატებით მიღება შეიძლება საჭირო აღარც გახდეს, თუმცა ექიმების უმრავლესობა ქალებს ურჩევს, ყოველდღიურად მიიღონ რკინისა და ფოლატების შემცველი პრენატალური ვიტამინების კომპლექსი.

ფიზიკური აქტივობა: ორსული ქალების უმრავლესობა შეწუხებულია ფიზიკური აქტივობის შეზღუდვის გამო. თუმცა, ქალების უმრავლესობას შეუძლია გააგრძელოს ჩვეული ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში ორსულობის დროს. კარგი არჩევანია საშუალო ინტენსივობის სპორტული აქტივობა, როგორიცაა ცურვა და სწრაფი სიარული. შესაძლებელია ინტენსიური ფიზიკური აქტივობებიც, როგორიცაა სირბილი და ცხენით ჯირითი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრავმების – განსაკუთრებით, მუცლის მიდამოში – ასაცილებლად სიფრთხილით შესრულდება. რეკომენდებული არ არის სპორტის კონტაქტური სახეობები.

სქესობრივი კავშირი: ორსულობის დროს, სქესობრივი კავშირის სურვილი შეიძლება გაძლიერდეს ან დაქვეითდეს. სქესობრივი კავშირი უსაფრთხოა ორსულობის განმავლობაში, თუ ქალს არ აქვს სისხლდენა საშოდან, ტკივილი, ამნიონური სითხის გაჟონვა ან საშვილოსნოს შეკუმშვები. ჩამოთვლილ შემთხვევებში, სქესობრივი კავშირი რეკომენდებული არ არის.

მომზადება ძუძუთი კვებისთვის: ქალი, რომელიც გეგმავს ძუძუთი კვებოს ჩვილი, არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულს ორსულობის დროს ძუძუს დვრილების მოსამზადებლად. მშობიარობამდე ძუძუდან სითხის ხელით გამოწველამ შეიძლება ძუძუს ინფექციის (მასტიტი) განვითარება ან ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. ორგანიზმი არეოლას და დვრილებს ძუძუთი კვებისათვის ამზადებს ლუბრიკანტის გამომუშავების გზით, რომელიც იცავს ზედაპირს. აღნიშნული ლუბრიკანტი არ უნდა გაიხეხოს. დაკვირვება და საუბარი ქალთან, რომელიც ჩვილს ძუძუთი კვებავს, დამრიგებლური და წამახალისებელი უნდა იყოს.

მოგზაურობა ორსულობის დროს: ორსულობის დროს, მოგზაურობისათვის ყველაზე უსაფრთხო პერიოდი 14-28 კვირებს შორისაა. მგზავრობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს დღეში 6 საათს. მოგზაურობის თაობაზე ქალს სასარგებლო რჩევების მიღება შეუძლია ექიმისაგან, ამიტომ ექიმთან ერთად მსჯელობა მოგზაურობის გეგმის შესახებ მართებული აზრია.

ავტომობილით, თვითმფრინავით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას, ორსულმა ქალმა ყოველთვის უნდა შეიკრას უსაფრთხოების ღვედი. მეტად კომფორტულია უსაფრთხოების ღვედის ქვედა ნაწილი მუცელსა და თეძოებს შორის გადიოდეს, ხოლო ზედა ნაწილი – სარძევე ჯირკვლებს შორის. ღვედი კარგად მორგებული უნდა იყოს, თუმცა არა – მჭიდროდ შეკრული.

ნებისმიერი სახის მგზავრობის დროს, ორსული ქალი პერიოდულად უნდა წამოდგეს და ფეხები და მუხლები გამართოს.

თვითმფრინავით მგზავრობა უსაფრთხოა ორსულობის 36 კვირის ვადამდე. 36 კვირაზე გვიან მგზავრობის შეზღუდვის უმთავრესი მიზეზია მშობიარობის შესაძლო დაწყება არასათანადო გარემოში.