ანემია რაღაც ხარისხით ყველა ორსულში ვლინდება. ამის ყველაზე ხშირი მიზეზი რკინის ნაკლებობაა. იმ ქალებს, რომელთაც მემკვიდრეობითი ანემია აქვთ (მაგ. ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, S-C ჰემოგლობინის დაავადება და ზოგი თალასემია), გართულებების ალბათობა უფრო მეტად აღენიშნებათ ორსულობისას. თუ ქალს ამ პათოლოგიების არსებობის რისკი მაღალი აქვს რასის, ეთნიკური წარმოშობის ან ოჯახური ანამნეზის გამო, დაავადებების დასადგენად მშობიარობამდე სისხლის ანალიზები კეთდება. ნაყოფში ამ პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის კი ქორიონის ბუსუსების ბიოფსიას ან ამნიოცენტეზს მიმართავენ.
ანემია ცუდი კვების გამო: ორსულობისას რკინის ნაკლებობა ხშირია, რადგან ქალს ამ ელემენტის ორჯერ მეტი რაოდენობა ესაჭიროება ნაყოფის სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად. შესაბამისად, ხშირად ანემია ვითარდება. ანემიის მიზეზი ორსულობისას ასევე შეიძლება იყოს ფოლიუმის მჟავას ნაკლებობაც. ამ შემთხვევაში ნაყოფის თავის ან ზურგის ტვინის განვითარების მანკის, მაგალითად, ხერხემლის თიაქრის ჩამოყალიბების რისკიც მეტია.
ანემიის თავიდან აცილება, როგორც წესი, შესაძლებელია რკინის ან ფოლიუმის მჟავას მიღებით ორსულობისას. თუმცა, თუ დაავადება მძიმეა ან მკურნალობას არ ექვემდებარება, სისხლის მიერ ჟანგბადის გადატანის უნარი მცირდება და შედეგად:
მშობიარობის ან საკეისროს დროს სისხლის ნორმალური რაოდენობით დაკარგვამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ანემიის სახიფათოდ დამძიმება. ამ ქალებში გაზრდილია მშობიარობის შემდგომი ინფექციის რისკიც.
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია: ანემიის სიმპტომებთან ერთად, ეს დაავადება შემდეგი გართულებების რისკის გაზრდას იწვევს ორსულობისას:
ამ დაავადების მქონეებში ძლიერ მტკივნეული შეტევა – ნამგლისებრუჯრედოვანი კრიზი – უეცრად შეიძლება განვითარდეს ორსულობისას ან ნებისმიერ სხვა დროს. რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობდა დაავადება ფეხმძიმობამდე, მით უფრო დიდია გართულებების რისკი ქალისა და ნაყოფისთვის და მით უფრო მეტია ნაყოფის დაღუპვის საშიშროება. ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია თითქმის ყოველთვის მძიმდება ორსულობის ვადის მატებასთან ერთად.
სისხლის რეგულარული გადასხმის ფონზე მცირდება ნამგლისებრუჯრედოვანი კრიზის რისკი, მაგრამ იზრდება გადასხმული სისხლის მოცილების რეაქციის საშიშროება. ამ მდგომარეობას ალოიმუნიზაცია ეწოდება და იგი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც იყოს. ამასთანავე, ორსულისთვის სისხლის გადასხმით ნაყოფის ჯანმრთელობის პრობლემების რისკი არ მცირდება.