ასთმაზე ორსულობის გავლენა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. დაავადება ოდნავ უფრო ხშირად მძიმდება ხოლმე ამ დროს, ვიდრე მსუბუქდება, მაგრამ ფეხმძიმე ქალთა უმრავლესობას ასთმის მძიმე შეტევები არ აქვს. ასთმის გავლენა ორსულობაზე ასევე სხვადასხვანაირია, მაგრამ ამ დროს იზრდება ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის ზრდის შეფერხების რისკი.
დაავადების მიმდინარეობა ორსულობის დროს შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ ექიმმა შესაძლოა სთხოვოს ქალს, პიკფლოუმეტრი უფრო ხშირად გამოიყენოს სუნთქვის ფუნქციის შესაფასებლად. ასთმის მქონე ფეხმძიმეებმა რეგულარულად უნდა იარონ ექიმთან კონსულტაციაზე, რათა მკურნალობა საჭიროების მიხედვით შეიცვალოს. მნიშვნელოვანია დაავადების კარგად გაკონტროლება. არასწორმა მკურნალობამ მძიმე გართულებები შეიძლება გამოიწვიოს.
საინჰალაციო ბრონქოდილატატორების (მაგ., ალბუტეროლის) და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების (მაგ., ბეკლომეთაზონის) მიღება ორსულობის დროსაც შეიძლება. ისინი ინჰალაციისას ძირითადად ფილტვებზე მოქმედებს და მათი გავლენა მთელ ორგანიზმსა და ნაყოფზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დასალევი ფორმის მიღებისას. ამინოფილინი (ინიშნება დასალევად ან ინტრავენურად) და თეოფილინი (ინიშნება დასალევად) ორსულობისას არ გამოიყენება. დასალევი კორტიკოსტეროიდების მიღება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ სხვა მკურნალობა ეფექტიანი არ არის ან ასთმა უეცრად დამძიმდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ დაავადების მქონე ორსულები გრიპის სეზონზე აიცრან ამ ინფექციაზე.