ავთვისებიანი სიმსივნე სიცოცხლისთვის საშიშია და მკურნალობის დაგვიანება ამცირებს წარმატების შანსს, ამიტომ მას ერთნაირად მკურნალობენ იმის მიუხედავად, ორსულადაა ქალი თუ არა. ჩვეული მეთოდები (ოპერაცია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია) შესაძლოა მავნე იყოს ნაყოფისთვის. შესაბამისად, ზოგჯერ სამედიცინო აბორტი ხდება საჭირო. თუმცა, ხანდახან მკურნალობა ისე შეიძლება დაიგეგმოს, რომ შემცირდეს რისკები ნაყოფის ჯანმრთელობის მხრივ. ზოგი ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში კი მკურნალობა ორსულობის პერიოდში იცვლება.
სწორი ნაწლავის კიბო: ამ დროს ზოგჯერ აუცილებელია საშვილოსნოს ამოკვეთა (ჰისტერექტომია). ასეთ შემთხვევაში საკეისრო კვეთა შესაძლებელია ორსულობის 28 კვირაზეც გაკეთდეს ბავშვის გადასარჩენად.
საშვილოსნოს ყელის კიბო: თუ სიმსივნე ძალიან ადრეულ სტადიაზეა, მკურნალობა, როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ იწყება. როცა უფრო შორსწასული კიბო ორსულობის ადრეულ პერიოდში დიაგნოსტირდება, მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ იწყება. თუ დაავადება ორსულობის ბოლო ეტაპზე დადგინდა, ექიმი ქალს აუხსნის, რა რისკებს მოიცავს მკურნალობის გადადება. ამის შემდეგ დედა თავად წყვეტს, უნდა თუ არა მკურნალობის იქამდე გადავადება, სანამ ნაყოფი იმდენად არ მომწიფდება, რომ მისი დაბადება შესაძლებელი იყოს. ამ დროს, როგორც წესი, საკეისრო კვეთა კეთდება, თუმცა, ზოგჯერ ბუნებრივი გზით მშობიარობაც შეიძლება.
სხვა გინეკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეები: საკვერცხის სიმსივნის აღმოჩენა რთულია ორსულობისას. მას შესაძლოა დაუყოვნებლივი მკურნალობა (ორივე საკვერცხის ამოკვეთა) დასჭირდეს. საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნე (ენდომეტრიუმის კიბო) და კვერცხსავალი მილების სიმსივნე იშვიათია ფეხმძიმობისას.
სარძევე ჯირკვლის კიბო: სარძევე ჯირკვლის კიბოს აღმოჩენა ორსულობისას ძნელია, რადგან მკერდი ამ დროს ზომაში იზრდება. რაიმე კვანძის არსებობისას ექიმი გამოიკვლევს მას. მკერდის კიბოს მკურნალობა, როგორც წესი, დაუყოვნებლივაა საჭირო.