ლეიშმანიოზს იწვევს უმარტივეს Leishmania-ს რამდენიმე სახეობა. ლეიშმანიოზს მიეკუთვნება დაავადებები, რომლებიც აზიანებენ შინაგან ორგანოებს, კანსა და ზოგჯერ ცხვირისა და პირის ლორწოვან გარსებს.
უმარტივესებს ავრცელებენ მცირე ზომის მოსკიტები, როდესაც ისინი კბენენ ადამიანებს ან ცხოველებს, როგორებიც არიან ძაღლები ან მღრღნელები. იშვიათად, ინფექცია ვრცელდება სისხლის გადასხმისას – დაინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყენებული ნემსის ხელახალი გამოყენების დროს, დედიდან ნაყოფზე ან სქესობრივი კავშირის დროს.
დაავადების ფორმა, რომელიც აზიანებს შინაგან ორგანოებს (ვისცერული ლეიშმანიოზი ანუ კალა აზარი) გვხვდება ინდოეთში, აფრიკაში (კერძოდ სუდანში), ცენტრალურ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და იშვიათად, ჩინეთშიც. პარაზიტები ვრცელდებიან კანიდან ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ღვიძლსა და ძვლის ტვინში. დაავადების ფორმა, რომელიც აზიანებს კანს (კანის ლეიშმანიოზი) გვხვდება სამხრეთ ევროპაში, აზიაში, მექსიკასა და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. დაფიქსირებულია ეპიდემიური აფეთქებები ამერიკელ სამხედროებში, რომლებიც წვრთნას გადიან პანამაში ან მსახურობენ ერაყსა და ავღანეთში. ზოგჯერ, მოგზაურებს, რომლებიც მიდიან რეგიონებში, სადაც მძვინვარებს ინფექცია, უვითარდებათ ეს დაავადება. ადამიანები დასუსტებული იმუნური სისტემით, კერძოდ კი შიდსით დაავადებულები, მეტად მოწყვლადი არიან ლეიშმანიოზისადმი.
ჩვეულებრივ, ვისცერული ლეიშმანიოზის სიმპტომები მსუბუქია და შესაძლოა, ისინი დარჩნენ შეუმჩნეველნი. ადამიანთა მცირე ნაწილში დაავადება პროგრესირებს. ამ ადამიანებში სიმპტომები ვითარდება თანდათანობით, კვირებისა ან თვეების განმავლობაში. დაავადებულებს შესაძლებელია ჰქონდეთ ცხელების არარეგულარული პერიოდები. ისინი იკლებენ წონაში, აქვთ ღებინება, ფაღარათი და ზოგადი სისუსტე. ზომაში იმატებს ღვიძლი, ელენთა და ლიმფური კვანძები. სისხლის უჯრედების რაოდენობა მცირდება, რაც იწვევს ანემიას და ადამიანები მეტად მოწყვლადნი ხდებიან სხვა ინფექციებისადმი. მკურნალობის გარეშე იმ ადამიანების 80-90%, რომლებსაც უვითარდებათ სიმპტომები, იღუპება 1-2 წლის განმავლობაში. მკურნალობის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს უვითარდება წყლულები, რომლებიც შენარჩუნდება რამდენიმე თვის ან წლების განმავლობაში.
კანის ლეიშმანიოზის დროს პირველ სიმპტომს წარმოადგენს მოსკიტის ნაკბენ ადგილას კვანძის გაჩენა. ის ჩნდება რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ და შეიცავს უმარტივესებს. როდესაც ინფექცია ვრცელდება, შესაძლოა გაჩნდნენ მეტი კვანძები. პირველადი კვანძი ნელ-ნელა დიდდება და გადაიქცევა გახსნილ წყლულად, რომელიც შეიძლება შეიჭმუხნოს ან შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფუფხი. წყლულები უმტკივნეულოა და არ იწვევენ სხვა სიმპტომებს, თუ მათში არ განვითარდა სხვა ინფექცია. ჩვეულებრივ, თვეების შემდეგ წყლულები ხორცდება თავისით, თუმცა ისინი შესაძლოა დარჩნენ წლების განმავლობაში. წყლულებს აქვს დამწვრობის შემდეგ არსებული იარების მსგავსი შესახედაობა. იარები შესაძლოა იყოს სამუდამო. ზოგჯერ, როდესაც კანის წყლულები ხორცდება, წყლულები ჩნდება პირისა და ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსებზე. პირველი ნიშანი ასეთ დროს არის გაჭედილი ცხვირი ან სისხლდენა ცხვირიდან. ამ წყლულებმა შესაძლოა გამოიწვიონ მძიმე სახის დამახინჯება. ზოგჯერ, წყლულები შესაძლოა გაჩნდნენ მთელ სხეულზე, რაც გამოიწვევს კეთრის მსგავს დაავადებას.
ლეიშმანიოზი ხშირია შიდსით დაავადებულ ადამიანებში.
ექიმები სვამენ ლეიშმანიოზის დიაგნოზს დაინფიცირებული ქსოვილიდან ნიმუშის აღებით. შესაძლებელია ნიმუშების გამოკვლევა იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა მათში არსებულ უმარტივესს ლორწოვანი გარსების დაინფიცირება. ვისცერული ლეიშმანიოზის სადიაგნოსტიკოდ სიმპტომების მქონე ადამიანებში ტარდება სისხლის გამოკვლევა.
პრევენცია იწყება დაინფიცირებული ადამიანების მკურნალობით და მოსკიტების კბენის თავიდან აცილებით. ნამკურნალები ადამიანები ნაკლებად არიან მოწყვლადნი ლეიშმანიას იგივე სახეობით გამოწვეული ინფექციის განმეორებისადმი. DEET-ის (დიეთილტოლუდამიდი) შემცველი მწერების დამაფრთხობელი საშუალებები უზრუნველჰყოფენ თავდაცვას. ეფექტურია მწერების საწინააღმდეგო ბადეების, საწოლის ბადეების და ტანსაცმლის დამუშავება მწერების დამაფრთხობელი საშუალებებით, როგორიცაა პერმეთრინი ან პირეთრუმი, რადგანაც მცირე ზომის ბუზებს მაინც შეუძლიათ მათში გაღწევა.
თუ რომელი წამალი გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ, დამოკიდებულია უმარტივესის სახეობასა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ვისცერული ლეიშმანიოზის სამკურნალოდ არჩევის წამალს წარმოადგენს ლიპოსომური ამფოტერიცინ B. ამფოტერიცინ B დეოქსიქლორატი არის აგრეთვე ეფექტური, მაგრამ მას აქვს ბევრი გვერდითი მოვლენა. ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში ხშირად გამოიყენება წამლები, რომლებიც შეიცავენ სტიბიუმს (ასეთებია: ნატრიუმის სტიბოგლუკონატი ან მეგლუმინის სტიბიონატი). ამ წამლებმა შესაძლოა გამოიწვიონ გულისრევა, ღებინება, დაღლილობა და გულის პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ წამლის შეწყვეტას. თუ უმარტივესები რეზისტენტულები არიან ანტიმონის შემცველი წამლებისადმი (ხშირია ინდოეთში), შესაძლებელია მილტესოფინის გამოყენება, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაძლოა საჭირო გახდეს გადასხმები ან ანტიბიოტიკები – ხელახლა განვითარებული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. მნიშვნელოვანია ადეკვატური რაოდენობით საკვების მიღება, რადგანაც ცუდმა კვებამ შესაძლოა გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა.
კანის ლეიშმანიოზის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების გავრცელების არეალსა და მისი ლორწოვან გარსებზე გავრცელების ალბათობაზე. ხშირად გამოიყენება სტიბიუმის შემცველი წამლები, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ შესაძლებელია ლორწოვან გარსებზე გავრცელება. სხვა წამლებს მიეკუთვნება ფლუკონაზოლის ან იტრაკონაზოლის დასალევი ფორმები და პარომომიცინის მალამო. რთულია ფართოდ გავრცელებული წყლულების მკურნალობა. სახისა და ცხვირის დამახინჯების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს პლასტიკური ოპერაციის ჩატარება, მაგრამ ქირურგიული ჩარევა უნდა დაიგეგმოს მკურნალობიდან 6-12 თვის გავლის შემდეგ, რადგანაც ამ დროს ინფექციის ხელახლა განვითარების რისკი დაბალია.