იმ ქალების უმრავლესობას, ვისაც გულის დაავადებები აქვს – მათ შორის, გულის სარქვლების დაავადებები (მაგ., მიტრალური სარქვლის პროლაფსი) და ზოგი თანდაყოლილი მანკი – შეუძლია, გააჩინოს ჯანმრთელი ბავშვი თავისთვის სრულიად უსაფრთხოდ, გულის ფუნქციონირებაზე ან სიცოცხლის ხანგრძლივობაზე რაიმე უარყოფითი, გამოუსწორებელი ეფექტის გარეშე. თუმცაღა, ისინი, ვისაც გულის საშუალო სიმძიმის ან მძიმე უკმარისობა ჰქონდა ორსულობამდე, საკმაოდ მნიშვნელოვანი გართულებების რისკის ქვეშ არიან.
ფეხმძიმობის დროს ორგანიზმს გულის უფრო მეტი დატვირთვით მუშაობა ესაჭიროება. შესაბამისად, ორსულობამ შეიძლება დაამძიმოს გულის დაავადება ან გამოიწვიოს მისი სიმპტომების პირველად გამოვლენა. ხშირად მძიმე გართულებები, მათ შორის, ქალის ან ნაყოფის სიკვდილი, მხოლოდ მაშინ ვითარდება, როცა გულის დაავადება დაორსულებამდეც მძიმედ მიმდინარეობდა. იმ ქალთა 1%, ვისაც გულის მძიმე პათოლოგია ჰქონდა ფეხმძიმობამდე, იღუპება, ძირითადად, გულის უკმარისობის გამო.
ორსულობის ვადის მატებასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი იზრდება გულის დატვირთვის მატებასთან ერთად. გულის დაავადების მქონე ფეხმძიმე ქალები შესაძლოა უჩვეულო დაღლილობას გრძნობდნენ და მოუწიოთ საქმიანობის შეზღუდვამ. იშვიათად, გულის მძიმე დაავადების დროს, ქალს შეიძლება ორსულობის ადრეულ ვადაზე ხელოვნური აბორტის გაკეთება ერჩიოს. გართულებების რისკი იმატებს მშობიარობის დროსაც. ბავშვის გაჩენიდან 6 თვის მანძილზე გულის მძიმე დაავადების მქონე ქალის ჯანმრთელობა კვლავ საფრთხეში შეიძლება იყოს, იმის მიხედვით, თუ რა პათოლოგია აქვს მას.
ორსული ქალის გულის დაავადება ნაყოფზეც ახდენს გავლენას. ბავშვი შესაძლოა დღენაკლულული დაიბადოს. გულის თანდაყოლილი მანკის მქონე ქალებში გაზრდილია ნაყოფში მსგავსი მანკის განვითარების რისკი. დაბადებამდე ზოგი ამ პათოლოგიის აღმოჩენა ულტრასონოგრაფიით შეიძლება. თუ გულის მძიმე დაავადება კიდევ უფრო გაუარესდა ორსულში, ბავშვი შეიძლება დაიღუპოს.
მშობიარობის დროს გულის მძიმე დაავადების მქონე ქალებს ეპიდურული ანესთეზია უკეთდებათ ხოლმე. გაუტკივარების ეს სახე თრგუნავს მგრძნობელობას ზურგის ტვინის ქვედა ნაწილში და, ასევე, ხელს უშლის ჭინთვას. მშობიარობის დროს გაჭინთვა ტვირთავს გულს, რადგან ამ დროს მასში უკან დაბრუნებული სისხლის რაოდენობა იზრდება. ეპიდურული ანესთეზიის შემთხვევაში ნაყოფის წინმსვლელობას ქალი ვერ ეხმარება გაჭინთვით, ამიტომ შეიძლება სამეანო მაშების გამოყენება გახდეს საჭირო. აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება ეპიდურული ანესთეზიის გაკეთება აორტის სარქვლის სტენოზის დროს.
გულის ზოგიერთი დაავადების დროს ორსულობა უკუნაჩვენებია, რადგან იგი მნიშვნელოვნად ზრდის სიკვდილის რისკს. ასეთი პათოლოგიებია ფილტვის პირველადი ჰიპერტენზია და აიზენმენგერის სინდრომი. თუ ამ რომელიმე დაავადების მქონე ქალი დაორსულდა, ექიმი მას ურჩევს, რაც შეიძლება დროულად გაიკეთოს აბორტი.
მშობიარობასთან დაკავშირებული კარდიომიოპათია: ორსულობის გვიან პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ გულის კედლები შეიძლება დაზიანდეს, რაც მშობიარობასთან დაკავშირებულ (peripartum) კარდიომიოპათიას იწვევს. ეს დაავადება უფრო ხშირად გვხვდება, ქალებში, რომლებიც რამდენჯერმე იყვნენ ორსულად, უფრო მეტი ასაკისანი არიან, ტყუპზე არიან ორსულად ან პრეეკლამფსია აქვთ. ზოგჯერ გულის ფუნქციონირება ნორმას არ უბრუნდება მშობიარობის შემდეგ. peripartum კარდიომიოპათია მომდევნო ორსულობების დროსაც ვითარდება ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, თუ გულის ფუნქციონირება ნორმას არ დაუბრუნდა. შესაბამისად, იმ ქალებს, ვისაც ეს პათოლოგია ერთხელ უკვე აღენიშნებოდა, ურჩევენ, აღარ დაორსულდნენ.
peripartum კარდიომიოპათიამ გულის უკმარისობაც შეიძლება გამოიწვიოს, რასაც ჩვეულებრივ მკურნალობენ იმ განსხვავებით, რომ არ გამოიყენება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და ალდოსტერონის ანტაგონისტები (სპირონოლაქტონი და ეპლერენონი).
გულის სარქვლების დაავადებები: იდეალურ შემთხვევაში გულის სარქვლების დაავადებების დიაგნოზს მანამ სვამენ და მკურნალობენ, სანამ ქალი დაორსულდებოდეს. ექიმები მძიმე ფორმების მქონე პაციენტებისთვის ხშირად ქირურგიულ მკურნალობას ამჯობინებენ.
ორსულებში ყველაზე ხშირად აორტისა და მიტრალური სარქვლების მანკები ვლინდება. განსაკუთრებით საშიშია ის დაავადებები, რომლებიც სარქვლის შევიწროებით (სტენოზით) მიმდინარეობს,
მიტრალური სარქვლის პროლაფსის მქონე ქალები ორსულობას, როგორც წესი, კარგად გადაიტანენ.