მაღალი არტერიული წნევა (დაავადებით გართულებული ორსულობა) | მკურნალი.გე
  1. მაღალი არტერიული წნევა (დაავადებით გართულებული ორსულობა)
  2. დაავადებით გართულებული ორსულობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
მაღალი არტერიული წნევა (დაავადებით გართულებული ორსულობა)

ორსულობისას მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) შემდეგნაირად კლასიფიცირდება:

  • ქრონიკული ჰიპერტენზია: არტერიული წნევა მაღალი იყო ორსულობამდეც;

  • გესტაციური ჰიპერტენზია: არტერიული წნევის მატება პირველად ორსულობისას გამოვლინდა (როგორც წესი, ეს 20 კვირის შემდეგ ხდება).

პრეეკლამფსიის დროს ფეხმძიმობისას არტერიული წნევა ასევე იმატებს, მაგრამ ამ პათოლოგიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა განსხვავდება ჰიპერტენზიის სხვა სახეებისგან.

ქრონიკული ჰიპერტენზიის მქონე ქალებში ორსულობისას უფრო მაღალია მძიმე გართულებების განვითარების რისკი. მათ შორისაა:

  • პრეეკლამფსია

  • ჰიპერტენზიის დამძიმება

  • ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა

  • პლაცენტის ნაადრევი აცლა საშვილოსნოს კედლიდან

  • მკვდრადშობადობა

ორსულობისას მაღალი არტერიული წნევის მქონე ქალები მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ წნევა კარგად კონტროლდება, თირკმლები კარგად ფუნქციონირებს და ნაყოფი ნორმალურად იზრდება. თუმცა, პლაცენტის ნაადრევი აცლის წინასწარმეტყველება ან თავიდან აცილება შეუძლებელია. ზოგჯერ საჭირო ხდება ნაადრევად მომშობიარება მკვდრადშობადობის ან მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული გართულებების (მაგ., ინსულტის) თავიდან ასაცილებლად.

მკურნალობა

იმ ქალთა უმრავლესობას, ვისაც არტერიული წნევის მსუბუქად მატება აღენიშნება (149/90-დან 150/100 მილიმეტრ ვერცხლისწყლის სვეტამდე [მმ. ვცხ. სვ.]) ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით მკურნალობა ხშირად არ ესაჭიროება. ეს, როგორც ჩანს, არ ამცირებს პრეეკლამფსიის, პლაცენტის ნაადრევად აცლის ან მკვდრადშობადობის რისკს, არ შველის ნაყოფის ზრდის შეფერხებას. თუმცაღა, ზოგ ქალს მკურნალობა მაინც ენიშნება, რათა თავიდან ავიცილოთ არტერიული წნევის ძლიერ მატება, რის გამოც ორსულს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება.

150/100 მმ ვცხ. სვ.-ზე მეტი წნევის მქონე ქალებისთვის რეკომენდებულია ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით მკურნალობა. ეს ამცირებს ინსულტისა და ჰიპერტენზიის სხვა გართულებების რისკს. მკურნალობა ასევე მიზანშეწონილია იმ ქალებისთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა და თირკმლის დაავადება აქვთ. თუ წნევა კარგად არ კონტროლდება, თირკმლები მეტად შეიძლება დაზიანდეს.

იმ წამლების უმრავლესობა, რომლებიც მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოიყენება, უსაფრთხოა ორსულობისას. თუმცაღა, ამ დროს არ ინიშნება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, განსაკუთრებით კი – ბოლო ორ ტრიმესტრში. ამ წამლებს ნაყოფის თირკმლების ძლიერ დაზიანება შეუძლია. შედეგად ახალშობილი დაბადებიდან მალევე შეიძლება დაიღუპოს. ალდოსტერონის ანტაგონისტები (სპირონოლაქტონი და ეპლერენონი) ასევე იხსნება ორსულობისას, რადგან მათ გამო მამრობითი სქესის ნაყოფს მდედრობითი ნიშნები შეიძლება განუვითარდეს. თიაზიდური შარდმდენები (მაგ., ჰიდროქლოროთიაზიდი), როგორც წესი, ასევე არ გამოიყენება ორსულობისას. ეს წამლები ზრდის ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენის რისკს.