სანაყოფე სითხის პათოლოგიები | მკურნალი.გე
  1. სანაყოფე სითხის პათოლოგიები
სანაყოფე სითხის პათოლოგიები

ნაყოფი საშვილოსნოში სანაყოფე გარსშია მოთავსებული, რომელიც ამნიონური, ანუ სანაყოფე სითხითაა ამოვსებული. ეს სითხე შესაძლოა ნორმაზე მეტი ან ნაკლები იყოს.

ამნიონური სითხის სიჭარბე (პოლიჰიდრამნიონი ან ჰიდრამნიონი) ჭიმავს საშვილოსნოს და ფეხმძიმე ქალის დიაფრაგმას აწვება. ამან შეიძლება სუნთქვის ძლიერ გაძნელება ან ორსულობის 37 კვირამდე მშობიარობის დაწყება (ნაადრევი მშობიარობა) გამოიწვიოს.

სანაყოფე სითხის სიჭარბის მიზეზებია:

  • ორსული ქალის შაქრიანი დიაბეტი;

  • ერთზე მეტი ნაყოფი (მრავალნაყოფიანი ორსულობა);

  • ორსული ქალის ორგანიზმში ნაყოფის სისხლის საწინააღმდეგო რეზუს ანტისხეულების წარმოქმნა (რეზუსკონფლიქტი);

  • ნაყოფის განვითარების მანკები, განსაკუთრებით კი საყლაპავის დახშობა, თავის ან ზურგის ტვინის მანკები (მაგ., ზურგის ტვინის თიაქარი).

თუმცაღა, შემთხვევათა ნახევარში მიზეზი უცნობია.

ამნიონური სითხის ნაკლებობა (ოლიგოჰიდრამნიონი) ასევე შეიძლება გახდეს გართულებების მიზეზი. თუ სითხის მოცულობა ძლიერაა შემცირებული, ნაყოფის ფილტვები შესაძლოა მოუმწიფებელი იყოს, თავად ნაყოფს კი დედის შინაგანი ორგანოები აწვებოდეს და მისი სხეულის დეფორმაცია გამოიწვიოს. ამ ყველაფერს ერთად პოტერის სინდრომი ეწოდება.

სანაყოფე სითხის ნაკლებობა შემდეგი მდგომარეობებისას ვითარდება:

  • ნაყოფს საშარდე გზების განვითარების მანკი აქვს;

  • ნაყოფის ზრდა შეფერხებულია;

  • ნაყოფი მკვდარია;

  • ნაყოფს ქრომოსომული პათოლოგია აქვს;

  • პლაცენტა ნორმალურად არ ფუნქციონირებს (შედეგად ნაყოფის ზრდა ფერხდება);

  • ორსულობა ნორმაზე დიდხანს გაგრძელდა (42 კვირა და მეტი).

სანაყოფე სითხის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს ზოგმა წამალმაც, მაგალითად, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებმა (მათ შორის ენალაპრილმა და კაპტოპრილმა) მეორე ან მესამე ტრიმესტრში მიღების შემთხვევაში. ეს წამლები ორსულობისას, როგორც წესი, არ ინიშნება, მაგრამ ზოგჯერ მათი მიღება აუცილებელია გულის მძიმე უკმარისობის ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. სანაყოფე სითხის მოცულობა ასევე შეიძლება შეამციროს ორსულობის გვიან პერიოდში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს – მაგ., ასპირინის ან იბუპროფენის) მიღებამ.

ექიმებს ამნიონური სითხის სიჭარბეზე ან ნაკლებობაზე ეჭვი მაშინ მიაქვთ, როცა საშვილოსნო ორსულობის ვადასთან შედარებით ზედმეტად დიდი ან პატარაა. ზოგჯერ ამ პრობლემას შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე ულტრასონოგრაფიული კვლევისას.