ორსულთა პირღებინება ფეხმძიმობის დროს განვითარებული ძალიან ძლიერი გულისრევა და ხშირი ღებინებაა.
ორსულთა პირღებინება ფეხმძიმობისას დილაობით განვითარებული გულისრევა და ღებინება არ არის. ეს ტერმინი გულისხმობს პათოლოგიას, როცა ორსულს იმდენად ხშირად აქვს ძლიერი გულისრევა და ღებინება, რომ იგი წონაში იკლებს და გაუწყლოვნება უვითარდება. თუ ქალს ზოგჯერ ერევა გული, მაგრამ წონაში იმატებს და დეჰიდრატაცია არ ვლინდება, მაშინ მას ორსულთა პირღებინება არ აქვს. ამ გართულების მიზეზი უცნობია.
იმის დასადგენად, გაუწყლოვნება აქვს თუ არა ქალს, ექიმები სისხლისა და შარდის ანალიზს აკეთებენ, იკვლევენ ელექტროლიტთა ბალანსის დარღვევებს, რაც დეჰიდრატაციის შედეგი შეიძლება იყოს.
თუ ორსულთა პირღებინება დადასტურდა, ფეხმძიმე ქალი ზოგჯერ საავადმყოფოში წვება სამკურნალოდ, რადგან ღებინება შეიძლება დღეების განმავლობაში გაგრძელდეს. მას ვენაში ჩადგმული კათეტერით გადაესხმება სითხეები, შაქარი (გლუკოზა), ელექტროლიტები და ზოგჯერ ვიტამინებიც. საკვებისა და სასმლის მიღება, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში არ შეიძლება. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება სედაციური საშუალებები, გულისრევის საწინააღმდეგო წამლები (ანტიემეტიკები) და სხვა მედიკამენტები. მას შემდეგ, რაც გაუწყლოვნება გამოსწორდება და ღებინებაც გაიშვიათდება, ქალს შეუძლია სითხეები დალიოს. თუ ამაზე გული აღარ აერია, ორსული ხშირად, პატარ-პატარა ულუფებით, რბილი საკვებით კვებას იწყებს. თუ ქალს მეტის მირთმევაც შეუძლია, ულუფის ზომა თანდათან იზრდება.
სიმპტომების ხელახლა განვითარების შემთხვევაში მკურნალობა მეორდება. იშვიათად, თუ ამის მიუხედავად წონაში კლება გაგრძელდა და სიმპტომები კვლავ ვლინდება, ქალს ცხვირიდან, ყელის გავლით, წვრილ ნაწლავში ჩადგმული მილით კვებავენ, სანამ ეს საჭიროა.