თვითნებური აბორტი | მკურნალი.გე
  1. თვითნებური აბორტი
თვითნებური აბორტი

მუცლის მოშლა, ანუ თვითნებური აბორტი, ნაყოფის ბუნებრივი მიზეზებით დაღუპვაა ორსულობის 20 კვირის ვადამდე.

  • აბორტი შეიძლება განვითარდეს თავად ნაყოფის ან ქალის ჯანმრთელობის პრობლემის გამო (მაგ., ანატომიური პათოლოგიები, ინფექციები, ზოგი დაავადება, კოკაინის ან ალკოჰოლის მოხმარება, სიგარეტის მოწევა, ტრავმა), მაგრამ მიზეზი ხშირად უცნობია;

  • შესაძლოა გამოვლინდეს სისხლდენა და მოვლითი ტკივილი, განსაკუთრებით კი ორსულობის გვიან ვადაზე;

  • ექიმები სინჯავენ საშვილოსნოს ყელს და ექოსკოპიას აკეთებენ;

  • თუ აბორტის შემდეგ ნაყოფის ან მისი გარსების რაიმე ნაწილი ჩარჩა საშვილოსნოში, აუცილებელია მათი გამოფხეკა.

აბორტით ხშირად სრულდება მაღალი რისკის მქონე ორსულობები. იგი ვითარდება დადგენილ ორსულობათა დაახლოებით 15%-ში. კიდევ უფრო ხშირია დაუდგენელი აბორტები, რომლებიც მანამ ხდება, სანამ ქალი გაიგებდეს, რომ ფეხმძიმედაა. აბორტთა 85% ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ვითარდება.

მიზეზები

ფეხმძიმობის პირველი 12 კვირის განმავლობაში განვითარებული თვითნებური აბორტის მიზეზად, უმრავლეს შემთხვევაში, ითვლება ნაყოფის პათოლოგია, მაგალითად, განვითარების მანკი ან გენეტიკური დაავაადება.

აბორტების დარჩენილი 15% ორსულობის 13-20 კვირაზე ვითარდება. ხშირად ამის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ზოგჯერ კი ქალის ჯანმრთელობის პრობლემები იწვევს აბორტს, მაგალითად:

  • რეპროდუქციული ორგანოების სტრუქტურული პათოლოგიები, მაგალითად, ორმაგი საშვილოსნო ან ყელის უკმარისობა, რის გამოც იგი საშვილოსნოს გადიდებასთან ერთად იხსნება (ფართოვდება);

  • ისეთი ნივთიერებების მოხმარება, როგორიცაა კოკაინი, ალკოჰოლი და თამბაქო (სიგარეტის მოწევა);

  • მძიმე ტრავმები;

  • ინფექციები, მაგალითად, ციტომეგალოვირუსის ან წითურას ვირუსით;

  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოიდიზმი), თუ დაავადება მძიმეა ან ცუდად ნამკურნალები;

  • შაქრიანი დიაბეტი, თუ იგი მძიმეა ან ცუდად ნამკურნალები;

  • შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა.

რეზუსკონფლიქტი, რომელიც მაშინ ვითარდება, როცა დედა რეზუსუარყოფითია, ნაყოფი კი რეზუსდადებითი, ასევე ზრდის აბორტის რისკს. ემოციური სტრესი და მსუბუქი ტრავმები არ არის დაკავშირებული მუცლის მოშლასთან.

აბორტის რისკი უფრო მაღალია, თუ ქალს ადრეც ჰქონდა ეს ან მშობიარობა ნაადრევად დაეწყო. იმ ქალბატონებში, ვისაც სამი თანმიმდევრული აბორტი განუვითარდა პირველ ტრიმესტრში, მუცლის კიდევ ერთხელ მოშლის რისკი 4-დან ერთია.

სიმპტომები

აბორტს ხშირად წინ უძღვის მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი საშოდან ან სისხლდენა გამონადენით. საშვილოსნო იკუმშება, რაც მოვლით ტკივილს იწვევს. თუმცაღა, ორსულ ქალთა 20-30%-ს ფეხმძიმობის პირველი ოცი კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს მეტ-ნაკლებად გამოხატული სისხლდენა. აბორტით ამ შემთხვევათა ნახევარზე ნაკლები სრულდება.

ორსულობის ადრეულ პერიოდში მუცლის მოშლის ერთადერთი გამოვლინება შეიძლება მცირედი სისხლდენა იყოს საშოდან. უფრო გვიან ეტაპზე კი აბორტი ძლიერ სისხლდენას იწვევს და შესაძლოა, სისხლს ლორწო ან კოლტებიც მოჰყვებოდეს. ტკივილი თანდათან უფრო ძლიერდება, სანამ საშვილოსნო იმდენად ძლიერად არ შეიკუმშება, რომ ნაყოფი და პლაცენტა გამოაძევოს.

ზოგჯერ ნაყოფი იღუპება, მაგრამ აბორტის სიმპტომები არ ვლინდება. ამ შემთხვევაში საშვილოსნო ზომაში ზრდას წყვეტს. იშვიათად, მასში არსებული მკვდარი ქსოვილები ინფიცირდება აბორტამდე, მისი განვითარების პროცესში ან შემდეგ. ეს ინფექცია საკმაოდ მძიმე შეიძლება იყოს, გამოიწვიოს ცხელება, შემცივნება და გულისცემის გახშირება. შესაძლოა ქალს დელირიუმი, ცნობიერების აბნევა, განუვითარდეს და არტერიული წნევაც დაეცეს.

დიაგნოზი

თუ ორსულ ქალს სისხლდენა და მოვლითი ტკივილი აქვს ფეხმძიმობის 20 კვირამდე, ექიმი გამოიკვლევს მას და დაადგენს, მოსალოდნელია თუ არა აბორტის განვითარება. გინეკოლოგი გასინჯავს საშვილოსნოს ყელს იმის გასარკვევად, ფართოვდება თუ არა იგი. თუ ყელი დახურულია, ორსულობა შესაძლოა შენარჩუნდეს. თუ ყელი იხსნება, მეტად სავარაუდოა, რომ აბორტი განვითარდება.

ხშირად კეთდება ექოსკოპიაც. მისი მეშვეობით დგინდება, აბორტი უკვე მოხდა თუ არა, ამაზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი – ცოცხალია თუ არა ნაყოფი. თუ აბორტი უკვე განვითარდა, ექოსკოპიით განისაზღვრება, ნაყოფი და პლაცენტა გამოძევებულია თუ არა საშვილოსნოდან.

თუკი ქალს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა აბორტი, მომავალში დაორსულებამდე მან უმჯობესია ექიმთან გაიაროს კონსულტაცია. გინეკოლოგი გამოიკვლევს, რაიმე ისეთი გენეტიკური ან სტრუქტურული პათოლოგია ხომ არ აქვს პაციენტს, რაც ორსულობის თვითნებურად შეწყვეტის რისკს ზრდის. მაგალითად, შესაძლოა გაკეთდეს გამოსახულებითი კვლევა (ჰისტეროსკოპია ან ჰისტეროსალპინგოგრაფია) სტრუქტურული პათოლოგიების აღმოსაჩენად. თვითნებური აბორტის ზოგი მიზეზი, დადგენის შემთხვევაში, იკურნება. შედეგად ქალს შეუძლია კვლავ დაორსულდეს და გააჩინოს ბავშვი.

მკურნალობა

თუ ნაყოფი ცოცხალია, ექიმმა ქალს შეიძლება წოლითი რეჟიმი დაუნიშნოს სისხლდენისა და ტკივილის შესამცირებლად. როცა ეს შესაძლებელია, ქალმა არ უნდა იმუშაოს და სახლშიც უმეტესად იწვეს. თუმცაღა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ წოლითი რეჟიმი ეფექტიანია ორსულობის შესანარჩუნებლად. ასევე, უმჯობესია სქესობრივი აქტისგან თავის შეკავება, თუმცა არც ისაა დადგენილი, სქესობრივი აქტივობა აბორტის განვითარებას უკავშირდება თუ არა.

თუ ორსულობა თვითნებურად შეწყდა, ხოლო ნაყოფი და პლაცენტა სრულიად გამოძევდა საშვილოსნოდან, მკურნალობა საჭირო არ არის.

თუ აბორტი განვითარდა, მაგრამ ნაყოფის ან პლაცენტის ქსოვილთა ნაწილი საშვილოსნოში დარჩა, მათ მოსაცილებლად კიურეტაჟი ან ვაკუუმასპირაციაა საჭირო.

თუკი ნაყოფი ორსულობის 13 კვირის ვადამდე დაიღუპა, მაგრამ არ გამოძევდა საშვილოსნოდან, მისი და პლაცენტის ქსოვილების გამოსაღებად, ასევე, კიურეტაჟს ან ვაკუუმასპირაციას მიმართავენ.

მაშინ, როცა ნაყოფი ორსულობის გვიან პერიოდში იღუპება, ქალს ინტრავენურად შეიძლება გაუკეთდეს მშობიარობის გამომწვევი წამალი (მაგ., ოქსიტოცინი). ეს ნივთიერება ასტიმულირებს საშვილოსნოს შეკუმშვას და იწვევს ნაყოფის გამოძევებას. ამის შემდეგ ვაკუუმასპირაცია ან კიურეტაჟი შეიძლება გახდეს საჭირო პლაცენტის ნაწილების სრულად მოსაცილებლად. არსებობს კიურეტაჟის ალტერნატივაც, მისი მსგავსი პროცედურა, რომელსაც დილატაცია და ევაკუაცია (D&E) ეწოდება. ამ შემთხვევაში მშობიარობის აღძვრა საჭირო არ არის. თუმცა, ამის ჩატარებას სპეციალურად დახელოვნება სჭირდება, ამიტომ მას ყველა კლინიკაში არ აკეთებენ.

თვითნებური აბორტის შემდგომი ემოციები: მუცლის მოშლის შემდეგ ქალი შეიძლება გრძნობდეს მწუხარებას, სევდას, სიბრაზეს, დანაშაულს ან ღელავდეს მომავალ ორსულობაზე.

მწუხარება: მწუხარება ბავშვის დაკარგვის გამო ბუნებრივი რეაქციაა და არ შეიძლება მისი ჩახშობა ან უარყოფა. ქალს ამ ემოციასთან გამკლავებასა და მდგომარეობის გაანალიზებაში შეიძლება გრძნობების სხვა ადამიანისთვის გაზიარება დაეხმაროს.

დანაშაულის გრძნობა: ზოგჯერ ქალები ფიქრობენ, რომ მუცლის მოშლა მათი ბრალი იყო. ხშირად ეს ასე არ არის.

ქალს შესაძლოა გაახსენდეს, რომ რომელიმე ურეცეპტოდ გაცემული წამალი მიიღო ორსულობის ადრეულ პერიოდში; დალია ღვინო, სანამ გაიგებდა, რომ ორსულად იყო, ან აკეთებდა რაიმე ყოველდღიურ საქმეს. ასეთი რაღაცები თითქმის არასდროს იწვევს აბორტს, ამიტომ ქალმა თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნოს.

შფოთვა: აბორტის შემდეგ ქალს შესაძლოა მოუნდეს ექიმთან გასაუბრება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მომდევნო ორსულობის თვითნებურად შეწყვეტის რისკი და, ასევე, სურდეს ჩაიტაროს გამოკვლევებიც, თუ საჭიროა. მუცლის მოშლა ზრდის იმის საშიშროებას, რომ აბორტი კიდევ განვითარდება, მაგრამ ქალების უმრავლესობას მომდევნო ორსულობების დროს გართულებები აღარ აქვს.