მკვდრადშობადობა | მკურნალი.გე
  1. მკვდრადშობადობა
მკვდრადშობადობა

მკვდრადშობადობა ნიშნავს ნაყოფის დაღუპვას ან მკვდარი ახალშობილის დაბადებას ორსულობის 20 კვირის შემდეგ.

მკვდრადშობადობის ყველაზე ხშირი მიზეზი პლაცენტის ნაადრევი აცლაა საშვილოსნოდან. ეს შეიძლება მოხდეს შემდეგი მდგომარეობისას:

  • დედის ცუდად ნამკურნალები შაქრიანი დიაბეტი;

  • პრეეკლამფსია (ორსულთა პათოლოგია, რომლის დროსაც არტერიული წნევის მატება აღინიშნება);

  • ისეთი ნივთიერებების მოხმარება, როგორიცაა კოკაინი, ალკოჰოლი ან თამბაქო;

  • ტრავმები;

  • სისხლის შედედების დარღვევა.

ზოგჯერ მკვდრადშობადობას ნაყოფის პათოლოგია იწვევს, მაგალითად, ქრომოსომული ან გენეტიკური დარღვევა, განვითარების მანკი ან ინფექცია.

ექიმებს ეჭვი უჩნდებათ, რომ ნაყოფი დაღუპულია, თუ იგი წყვეტს მოძრაობას. თუმცაღა, ჩვეულებრივ, მუცელში ბავშვის ზრდასთან ერთად მოძრაობა ისედაც იშვიათდება, რადგან მას ცოტა ადგილი რჩება ამისთვის. ნაყოფის მდგომარეობის შესაფასებლად კეთდება კვლევები, მაგალითად, არასტრესული ტესტი, ექოსკოპია ან ნაყოფის ელექტრონული მონიტორინგი.

მიზეზის დასადგენად ექიმები გენეტიკურ და სისხლის ანალიზებს აკეთებენ (მაგ., ანალიზს სისხლის შედედებასა და ინფექციებზე). ითვლება, რომ უმჯობესია დაღუპული ნაყოფის გამოკვლევაც, რათა დადგინდეს, რაიმე ინფექცია ან ქრომოსომული პათოლოგია ხომ არ ჰქონდა მას. შეისწავლება პლაცენტა და საშვილოსნოც. თუმცა, ხშირად მიზეზის დადგენა მაინც ვერ ხერხდება.

თუ მკვდარი ნაყოფი არ გამოძევდა საშვილოსნოდან, სპეციალურ მედიკამენტს, მაგალითად, პროსტაგლანდინს იყენებენ, რათა საშვილოსნოს ყელი გაიხსნას (გაფართოვდეს). ამის შემდეგ ქალს შეუყვანენ ოქსიტოცინს, წამალს, რომელიც მშობიარობის დაწყებას იწვევს. თუ ნაყოფის ან პლაცენტის ქსოვილის ნაწილი დარჩა საშვილოსნოში, კიურეტაჟი ან ვაკუუმასპირაცია კეთდება მის მოსაცილებლად. ამის ალტერნატივაა დილატაცია-ევაკუაციის (D&E) მეთოდი. ის მხოლოდ მაშინ ტარდება, თუ ექიმი სპეციალურადაა დახელოვნებული დაღუპული ნაყოფის საშვილოსნოდან ამ პროცედურის მეშვეობით გამოტანაში.

ცვლილებები, რაც ქალის ორგანიზმში ხდება მკვდრადშობადობის შემდეგ, მსგავსია აბორტის შემდგომი მოვლენებისა. ხშირია მწუხარება ბავშვის დაკარგვის გამო და ქალებს ხშირად სჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა, ზოგჯერ – სპეციალისტის კონსულტაციებიც კი. მომდევნო ორსულობის იმავენაირად დასრულების რისკი მკვდრადშობადობის მიზეზზეა დამოკიდებული.