1. პლაცენტის ნაადრევი აცლა
პლაცენტის ნაადრევი აცლა

პლაცენტის ნაადრევი აცლა (abruptio placentae) ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის საშვილოსნოს კედლიდან ნაადრევად აშრევებას ნიშნავს.

  • ქალს შესაძლოა დაეწყოს სისხლდენა საშოდან, მუცლის ძლიერი ტკივილი და განუვითარდეს შოკი;

  • ზოგჯერ სამკურნალოდ წოლითი რეჟიმის დაცვაც საკმარისია, მაგრამ, თუ სისხლდენა გრძელდება და მშობიარობაც მოახლოებულია, ბავშვი რაც შეიძლება მალე უნდა დაიბადოს.

პლაცენტა შეიძლება ნაწილობრივ (ზოგჯერ მხოლოდ 10-20%-ით) ან სრულად აიცალოს. ამის მიზეზი უცნობია. პლაცენტის ნაადრევი აცლა მშობიარობათა 0,4-1,5%-ში გვხვდება. ამ პათოლოგიის რისკს ზრდის:

  • მაღალი არტერიული წნევა (მათ შორის, პრეეკლამფსია, ორსულთა პათოლოგია, რომელიც ჰიპერტენზიით მიმდინარეობს)

  • კოკაინის მოხმარება

  • დედის უფროსი ასაკი

  • ვასკულიტი ან სისხლძარღვების სხვა დაავადება

  • პლაცენტის ნაადრევი აცლა წინა მშობიარობისას

  • მუცლის ტრავმა

  • სისხლის შედედების დარღვევები

  • თამბაქოს მოხმარება

სისხლდენა იმ ადგილიდან ვითარდება, სადაც პლაცენტა საშვილოსნოს კედელს აეცალა. სისხლი შესაძლოა საშვილოსნოს ყელისა და საშოს გავლით გარეთ გამოვიდეს, ანუ გარეგანი სისხლდენა განვითარდეს. ზოგჯერ იგი აშრევებული პლაცენტის უკან გროვდება, რასაც ფარული სისხლდენა ეწოდება. ამ დროს ქალს საშოდან სისხლდენა არ აღენიშნება.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები დამოკიდებულია აცლის ხარისხსა და დაკარგული სისხლის მოცულობაზე (რაც შეიძლება საკმაოდ დიდიც კი იყოს). ვლინდება მუცლის მუდმივი ან მოვლითი ტკივილი, მტკივნეულობა მუცელზე ზეწოლისას და შოკი. პლაცენტის ნაადრევმა აცლამ შესაძლოა გამოიწვიოს მრავალ სისხლძარღვში სისხლის ერთდროულად შედედება (დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია), თირკმლის უკმარისობა და სისხლჩაქცევა საშვილოსნოს კედელში, განსაკუთრებით კი, თუ ორსულს პრეეკლამფსიაც აქვს.

პლაცენტის აცლის გამო ნაყოფს ნაკლები რაოდენობით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიეწოდება. თუ ეს უეცრად მოხდა და ჟანგბადით მომარაგება მკვეთრად შემცირდა, ნაყოფი შეიძლება დაიღუპოს. როცა აცლა უფრო თანდათან და ნაკლები ხარისხით ვითარდება, ამას შედეგად შესაძლოა ნაყოფის ზრდაში შეფერხება და ამნიონური სითხის ნაკლებობა (ოლიგოჰიდრამნიონი) მოჰყვეს. პლაცენტის თანდათან აცლა მუცლის უფრო სუსტ ტკივილს იწვევს და შოკის რისკიც უფრო ნაკლებია ამ დროს, ვიდრე უეცრად აცლისას, მაგრამ პრეეკლამფსიისა და სანაყოფე გარსების ნაადრევად დარღვევის საშიშროება მაინც იზრდება.

ექიმებს პლაცენტის ნაადრევ აცლაზე ეჭვი სიმპტომების მიხედვით მიაქვთ და დიაგნოზსაც ხშირად ასე სვამენ. მის დასადასტურებლად ულტრასონოგრაფიაც გამოიყენება.

მკურნალობა

პლაცენტის ნაადრევი აცლის შემთხვევაში ორსულის ჰოსპიტალიზაციაა საჭირო. მკურნალობის ძირითადი მეთოდი წოლითი რეჟიმია. თუ სიმპტომები შემსუბუქდა, ქალს სიარულის დაწყებაც შეუძლია და შესაძლოა, გაეწეროს კიდეც სახლში. მაგრამ, თუკი სისხლდენა გრძელდება ან ძლიერდება (რაც ნიშნავს, რომ ნაყოფი საკმარის ჟანგბადს ვერ იღებს), ორსულობის ვადა კი დიდია, როგორც წესი, ქალისა და ბავშვისთვის საუკეთესო გამოსავალი ახალშობილის რაც შეიძლება მალე დაბადებაა. თუ ბუნებრივი მშობიარობა ვერ ხერხდება, საკეისრო კვეთა კეთდება.