თავად მშობიარობა | მკურნალი.გე
  1. თავად მშობიარობა
  2. ფიზიოლოგიური მშობიარობა
  3. ქალთა ჯანმრთელობა
თავად მშობიარობა

თავად მშობიარობა ნიშნავს ნაყოფისა და პლაცენტის (მომყოლის) გამოსვლას საშვილოსნოდან სხეულის გარეთ.

საავადმყოფოში მშობიარობის ბოლო პერიოდში ქალი "მოსაცდელი" პალატიდან გადაჰყავთ სამშობიარო ბლოკში, ოთახში, რომელიც მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენება. ხშირად მამას, პარტნიორს ან სხვა ახლობლებს წაახალისებენ კიდეც, რომ თან ახლდნენ ქალს. ვენაში ჩადგმულ კათეტერსაც ტოვებენ ამ პერიოდში.

უშუალოდ ბავშვის დაბადების დროს ქალი ნახევრად წამომჯდარ პოზას იღებს, შუალედურს მწოლიარესა და მჯდომარეს შორის. მის წელქვეშ ბალიშებს ან სპეციალურ დასაყრდენს ათავსებენ. ნახევრად წამომჯდარი პოზის უპირატესობა მიზიდულობის ძალის მოქმედებაა: ნაყოფი ქვევით აწვება საშოსა და მის გარშემო მდებარე ქსოვილებს, იწვევს მათ თანდათან გაჭიმვას და ამცირებს ჩახევის რისკს. ეს პოზა, ასევე, ამცირებს დატვირთვას ქალის ზურგსა და მენჯზე. ზოგ ორსულს ურჩევნია, დაწოლილმა იმშობიაროს, თუმცა, ამ დროს პროცესი ზოგჯერ ხანგრძლივდება.

ბავშვის დაბადება

მშობიარობის პროგრესირებასთან ერთად მეანი ან ბებიაქალი საშოსმხრივ გასინჯვებს ატარებს, რათა ნაყოფის თავის პოზიცია დაადგინოს. საშვილოსნოს ყელის სრულად გახსნის (გაფართოების), გათხელებისა და გადასწორების (გადაწევის) შემდეგ ექიმი ქალს სთხოვს, თითოეული შეტევის დროს თვითონაც გაიჭინთოს, რათა დაეხმაროს ნაყოფს მენჯში გამოვლაში, გაფართოვდეს საშოს გამოსავალი და თავის უფრო და უფრო მეტი ნაწილი გამოჩნდეს. ნაყოფის თავის 1 ინჩზე (3-4 სანტიმეტრზე) მეტის გამოჩენის შემდეგ, მეანი ან ბებიაქალი ხელს ათავსებს მასზე ჭინთვის დროს, რათა აკონტროლოს წინმსვლელობა. თავის გამოჭრის (მისი ყველაზე განიერი ნაწილის საშოდან გამოსვლის) შემდეგ კი ექიმი ეხმარება მთელი თავისა და ნიკაპის დაბადებასაც, რათა შორისის ჩახევა აიცილოს თავიდან.

ვაკუუმექსტრაქცია თავის დაბადებაში დასახმარებლად გამოიყენება, როცა ნაყოფი დისტრესშია ან ქალი ვერ იჭინთება.

სამეანო მაშებსაც იმავე მიზნით იყენებენ, მაგრამ უფრო იშვიათად, ვიდრე ვაკუუმექსტრაქტორს.

ეპიზიოტომია ნიშნავს შორისის რბილი ქსოვილების გაკვეთას საშოს გამოსავლის გასაფართოებლად და ნაყოფის წინმსვლელობის გასაადვილებლად. ეს კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა მშობიარობის სასწრაფოდ დასრულებაა საჭირო. პროცედურის დროს ექიმს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება შეჰყავს შესაბამისი უბნის გაუტკივარებისთვის და ჩაჭრის ქსოვილს საშოდან ყითამდე (ამ ადგილს შორისი ეწოდება). თუ ყითას გარშემო არსებული კუნთი (სწორი ნაწლავის სფინქტერი) დაზიანდა ეპიზიოტომიისას ან თავად მშობიარობის პროცესში, იგი, როგორც წესი, კარგად ხორცდება, თუ ექიმმა ჭრილობა მაშინვე გაკერა.

ბავშვის თავის დაბადების შემდეგ მის ტანს გვერდულად ატრიალებენ, რათა მხრებიც იოლად დაიბადოს: ჯერ ერთი, მერე მეორე. პირველი მხრის დაბადების მერე სხეულის დანარჩენი ნაწილებიც ადვილად გამოსრიალდება ხოლმე. ახალშობილის პირიდან, ცხვირიდან და ყელიდან ლორწოსა და სითხეს ამოქაჩავენ. ჭიპლარს მომჭერები ედება და იჭრება. შემდეგ ბავშვს ამშრალებენ, მსუბუქ საფენებში ახვევენ და დედის მუცელზე ან სპეციალურ, წინასწარ გამთბარ საწოლში აწვენენ.

პლაცენტის დაბადება

ბავშვის დაბადების შემდეგ მეანი ან ბებიაქალი ქალის მუცელს ნაზად გასინჯავს, რათა დარწმუნდეს, რომ საშვილოსნო იკუმშება. პლაცენტა, როგორც წესი, 3-10 წუთში სცილდება საშვილოსნოს და მასთან ერთად საშოდან ზომიერი რაოდენობის სისხლიც გამოდის. ქალს ხშირად თავად შეუძლია, გაიჭინთოს და პლაცენტა გამოაძევოს. თუ ეს ვერ ხერხდება ან მშობიარეს ძლიერი სისხლდენა აქვს, მეანი ან ბებიაქალი ძლიერად დააწვება მას მუცელზე, რაც პლაცენტის საშვილოსნოდან აცლას და გამოძევებას იწვევს. თუ ბავშვის გაჩენიდან 45-60 წუთში პლაცენტა ჯერ კიდევ არაა დაბადებული, ექიმი შესაძლოა ხელით შევიდეს საშვილოსნოში და ასე ააშრევოს და გამოიტანოს მომყოლი.

პლაცენტის დაბადების შემდეგ ყურადღებით ათვალიერებენ და ამოწმებენ, მთელია თუ არა იგი. თუ მისი რომელიმე ნაწილი საშვილოსნოში ჩარჩა, ამ ორგანოს შეკუმშვას ხელი ეშლება, ეს კი აუცილებელია პლაცენტის მიმაგრების ადგილიდან სისხლდენის შესაჩერებლად. შესაბამისად, მომყოლის ნაწილის საშვილოსნოში დარჩენისას მშობიარობის შემდეგ შეიძლება დაიწყოს სისხლდენა და საკმაოდ ძლიერიც კი. ზოგჯერ ინფექციაც ვითარდება. თუ პლაცენტის მთლიანობა დარღვეულია, მეანმა ან ბებიაქალმა მისი დარჩენილი ნაწილები საშვილოსნოდან შეიძლება ხელით მოაშოროს. ზოგჯერ ამისთვის ქირურგიული პროცედურაც ხდება საჭირო.

ბევრ სამშობიაროში პლაცენტის დაბადების ან მოცილებისთანავე ქალს ოქსიტოცინს შეუყვანენ (ვენაში ან კუნთში) და მუცლის მასაჟს უკეთებენ პერიოდულად, რაც ეხმარება საშვილოსნოს შეკუმშვაში.

მშობიარობის შემდეგ

მშობიარობის შემდგომ პერიოდში ექიმი გაკერავს საშვილოსნოს ყელის, საშოს ან მიმდებარე ქსოვილებისა და კუნთების ნახევებს, თუ ეპიზიოტომიაც გაკეთდა – ამ ჭრილობასაც. ამის შემდეგ ქალი პალატაში გადაჰყავთ ან რჩება LDRP-ში. თუ ბავშვს დამატებითი სამედიცინო ჩარევები არ ესაჭიროება, ხშირად იგი დედასთან იმყოფება. ქალი და ახალშობილი ერთად არიან 3-4 საათის განმავლობაში თბილ, ინდივიდუალურ ოთახში, სადაც დედაშვილური კავშირების ჩამოყალიბება იწყება. ბევრ დედას სურს, ძუძუთი კვებოს ბავშვი მშობიარობიდან მალევე. ამის შემდეგ ახალშობილი სპეციალურ პალატაში მიჰყავთ. ბევრ სამშობიაროში ქალს შეუძლია, შვილი 24 საათი თავისთან ჰყავდეს. ეს გულისხმობს ბავშვის კვებას მოთხოვნისთანავე და ქალისთვის სწავლებას, თუ როგორ მოუაროს მას, სანამ სამშობიაროდან გაეწერებოდეს. თუკი დედას მოსვენება ესაჭიროება, ახალშობილს სპეციალურ პალატაში წაიყვანენ.

იმის გამო, რომ გართულებები, განსაკუთრებით კი სისხლდენა, მშობიარობიდან პირველი 24 საათის განმავლობაში წარმოიშვება ხოლმე, ამ პერიოდში ექიმები და ექთნები ყურადღებით მეთვალყურეობენ ქალსა და ბავშვს.