მშობიარობა და პრობლემების დროული მართვა | მკურნალი.გე
  1. მშობიარობა და პრობლემების დროული მართვა
  2. მშობიარობის გართულებები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
მშობიარობა და პრობლემების დროული მართვა

  • მშობიარობა შეიძლება დაიწყოს ნაადრევად (ორსულობის 37 კვირამდე) ან გვიან, ვადაგადაცილებით (ორსულობის 42 კვირის შემდეგ);

  • შედეგად, ნაყოფის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს შესაძლოა შეექმნას პრობლემები;

  • მშობიარობა შესაძლოა დაიწყოს ძალიან ადრე ან გვიან, როდესაც ორსულს ან ნაყოფს აქვს სამედიცინო პრობლემა ან ნაყოფის მდებარეობა პათოლოგიურია;

  • ულტრასონოგრაფიული კვლევა საშუალებას გვაძლევს, განისაზღვროს ორსულობის ვადა.

ორსული ქალების არა უმეტეს 10% მშობიარობს ზუსტ დროს (ორსულობის 40 კვირაზე), დაახლოებით 50% მშობიარობს 40 კვირამდე 1 კვირით ადრე ან გვიან და თითქმის 90% – 40 კვირამდე ან მომდევნო 2 კვირაში.

ორსულობის ზუსტი ვადის დადგენა რთულია, ვინაიდან ჩასახვის თარიღის განსაზღვრაა გაძნელებული. ორსულობის ადრეულ ვადაზე ულტრასონოგრაფიული კვლევა, რომელიც უსაფრთხო და უმტკივნეულოა, ადგენს ორსულობის ვადას. ორსულობის მეორე ტრიმესტრსა და უფრო გვიან ვადებზე ულტრასონოგრაფიული კვლევით ვადის განსაზღვრა ნაკლებ სარწმუნოა.

სანაყოფე გარსების ნაადრევი რღვევა

სანაყოფე გარსების ნაადრევი რღვევა ამნიონური სითხის კარგვაა მშობიარობის დაწყებამდე.

  • სანაყოფე გარსების რღვევის შემდეგ მალევე იწყება მშობიარობა;

  • იმ შემთხვევაში, თუ მშობიარობა არ დაიწყო 1-2დღეში, ჩნდება ორსულისა და ნაყოფის ინფექციის განვითარების რისკი;

  • რეკომენდებულია ორსული ქალის ჰოსპიტალიზაცია, ინიშნება ანტიბიოტიკები და მონიტორინგი;

  • ნაყოფის ფილტვების სიმწიფის შემთხვევაში, შესაძლებელია მშობიარობის ხელოვნურად გამოწვევა.

ჩვეულებრივ, სითხის შემცველი ბუშტის გარსები, რომელშიც ნაყოფია მოთავსებული, ირღვევა უშუალოდ მშობიარობის დროს. მაგრამ ნორმალური ორსულობის შემთხვევაშიც, შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში გარსები ირღვევა მშობიარობის დაწყების წინ. გარსები შესაძლოა დაირღვეს თითქმის ვადაზე (ორსულობის 37 კვირაზე ან მოგვიანებით, რაც დროულ ვადად განიხილება) ან ნაადრევად (ორსულობის 37 კვირამდე). იმ შემთხვევაში, როდესაც გარსების რღვევა ნაადრევია, მოსალოდნელია მშობიარობის ნაადრევი დაწყებაც. მიუხედავად იმისა, როდის დაიწყება გარსების ნაადრევი რღვევა, საშვილოსნოსა და ნაყოფის ინფიცირების რისკი მაინც იზრდება. ასევე, მოსალოდნელია ნაყოფის არასწორ პოზიციაში ყოფნა და პლაცენტის ნაადრევი აცლა.

გარსების რღვევის შემდეგ საშვილოსნოს შეკუმშვები იწყება 12-48 საათში, როდესაც ორსულობა ვადამდეა მისული, მაგრამ შესაძლოა გახანგრძლივდეს 4 დღემდე და მეტადაც, თუ გარსების რღვევა ხდება ორსულობის 34 კვირამდე. გარსების რღვევას ორსულები აღწერენ, როგორც "წყლის დაღვრას". გარსების შიგნით არსებული სითხე (ამნიონური სითხე) გამოედინება ვაგინალურად. გამონადენი შესაძლოა იყოს გამონაჟონის სახით ან ძლიერი ნაკადით. გარსების რღვევის შემდეგ პაციენტმა რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოს ექიმს ან ბებიაქალს.

ექიმი ან ბებიაქალი სარკით მცირე მენჯის დათვალიერების შემდეგ ადასტურებს გარსების მთლიანობის დარღვევას და ადგენს საშვილოსნოს ყელის (საშვილოსნოს ქვედა ნაწილი) გახსნის ხარისხს (დილატაციას).

იმ შემთხვევაში, თუ მშობიარობა არ დაიწყება გარსების რღვევიდან 24-48 საათში, საშვილოსნოს ან ნაყოფის ინფექციის რისკი იზრდება. ამის გამო, მას შემდეგ, რაც განისაზღვრება თუ რამდენად მომზადებულია (მომწიფებულია) ნაყოფი მშობიარობისთვის, ექიმი ან სერტიფიცირებული ბებიაქალი ხელოვნურად იწვევს მშობიარობას. იმისათვის, რომ დადგინდეს ნაყოფის ფილტვების სიმწიფის ხარისხი, ექიმს შეუძლია აიღოს ამნიონური სითხის ნიმუში კვლევისთვის ვაგინალურად. ფილტვების მომწიფების შემთხვევაში ხდება მშობიარობის გამოწვევა და მშობიარობა. თუ ფილტვების მომწიფება არ აღინიშნება, ექიმები მშობიარობის გამოწვევას არ მიმართავენ.

იმ შემთხვევაში, როდესაც მშობიარობა დაყოვნებულია, შესაძლებელია ორსული ქალის ჰოსპიტალიზაცია მონიტორინგისთვის. პაციენტის სხეულის ტემპერატურა და პულსი იზომება და ჩანაწერი კეთდება დღეში მინიმუმ 3-ჯერ. სხეულის ტემპერატურის მატება ან პულსის გახშირება შესაძლოა ინფექციის ადრეულ ნიშნად ჩავთვალოთ. ინფექციის განვითარების შემთხვევაში ხდება მშობიარობის დაუყოვნებლივ გამოწვევა.

ძალზე იშვიათად, ამნიონური სითხის გამოჟონვისა და საშვილოსნოს შეკუმშვების შეჩერების შემთხვევაში პაციენტი იგზავნება სახლში. მას სთხოვენ წოლითი რეჟიმის დაცვას ან ნახევრად წოლას და მხოლოდ აბაზანით სარგებლობის უფლებას აძლევენ. ამ დროს აკრძალულია სქესობრივი ურთიერთობა. ასეთ შემთხვევებში ორსული ექიმმა უნდა ნახოს მინიმუმ კვირაში ერთხელ.

ანტიბიოტიკოთერაპია იწყება გარსების რღვევის დადასტურების შემდეგ. ჩვეულებრივ, ანტიბიოტიკები (ერითრომიცინს პლუს ამპიცილინი ან ამოქსიცილინი) ინიშნება ინტრავენურად, შემდეგ კი – რამდენიმე დღე პერორალურად. შედეგად, ხანგრძლივდება ორსულობა და მცირდება ახალშობილთა ინფიცირების რისკი. ორსულობის 32 კვირამდე გარსების რღვევის შემთხვევაში ინიშნება კორტიკოსტეროდები, ნაყოფის ფილტვების მომწიფების მიზნით.

ნაადრევი მშობიარობა

ორსულობის 37 კვირამდე განვითარებულ მშობიარობას ეწოდება ნაადრევი მშობიარობა.

  • მშობიარობის გადავადებისთვის ზოგჯერ გამოიყენება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა დასვენება და მედიკამენტები;

  • შესაძლოა დაგვჭირდეს ანტიბიოტიკების, კორტიკოსტეროიდების ან სხვა მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც ანელებენ მშობიარობას.

არ არის ცნობილი ნაადრევი მშობიარობის ზუსტი გამომწვევი მიზეზები, თუმცა, არსებობს გარკვეული მდგომარეობები, რომლებიც მას ხელს უწყობს:

  • გარსების ნაადრევი რღვევა;

  • მანამდე არსებული ნაადრევი მშობიარობები ანამნეზში;

  • გენიტალური ინფექციები, მათ შორის, ზოგიერთი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება;

  • თირკმლების ან სანაყოფე გარსების ინფექციური დაავადებები;

  • საშვილოსნოს ყელის სისუსტე;

  • ორსულობა ერთზე მეტი ნაყოფით;

  • საშვილოსნოს, პლაცენტის ან ნაყოფის პათოლოგიები.

პრობლემის დროული ამოცნობა და თავიდან არიდება შესაძლებელია ორსულობის დროს ცხოვრების ჯანსაღი წესით და რეგულარული ვიზიტებით ექიმთან ან სერტიფიცირებულ ბებიაქალთან.

ვინაიდან ნაადრევი მშობიარობის შედეგად დაბადებულ ახალშობილებს შესაძლოა ჰქონდეთ სერიოზული სამედიცინო პრობლემები, ექიმები ცდილობენ თავიდან აირიდონ ან შეაჩერონ მშობიარობა ორსულობის 34 კვირამდე. ნაადრევი მშობიარობის შეჩერება ძნელია. იმ შემთხვევაში, როდესაც ვაგინალური სისხლდენა ვითარდება ან ირღვევა სანაყოფე გარსების მთლიანობა, უმჯობესია მშობიარობის გაგრძელება. თუ ვაგინალური სისხლდენა არ არის და გარსებიდან არ იკარგება ამნიონური სითხე (სითხე საშვილოსნოში, რომელშიც მოთავსებულია ნაყოფი), რეკომენდებულია ქალის მოსვენება და აქტივობის შეზღუდვა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად.ორსულ ქალს ეძლევა სითხეები და ზოგჯერ – მშობიარობის შემანელებელი მედიკამენტები.ამგვარი ღონისძიებებით შესაძლებელია მცირე დროით მაინც გადავადდეს მშობიარობა.

მასალის ნიმუშს კვლევისთვის იღებენ საშვილოსნოს ყელიდან, საშოდან და სწორი ნაწლავიდან, რათა განისაზღვროს ნაადრევი მშობიარობის სავარაუდო მიზეზი.

მედიკამენტები, რომლებიც ანელებს მშობიარობის პროცესს:

  • მაგნიუმის სულფატი: ეს მედიკამენტი ორსულებს მიეწოდებათ ინტრავენურად ნაადრევი მშობიარობის შესანელებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის დოზა ძალიან მაღალია, მან შეიძლება პრობლემა შეუქმნას ქალის გულსა და სუნთქვას;

  • ტერბუტალინი: ამ პრეპარატის კანქვეშა ინექცია ასევე ანელებს მშობიარობას. თუმცა, იწვევს გულისცემის გახშირებას ქალში, ნაყოფში ან ორივეში ერთად. ექიმები სიფრთხილით იყენებენ ამ პრეპარატს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ქალებში;

  • კალციუმის არხების ბლოკერები: ამ ჯგუფის პრეპარატები, როგორც წესი, გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამართავად. მათი გვერდითი მოქმედებაა თავის ტკივილი და წნევის დაქვეითება ორსულ ქალებში;

  • პროსტაგლანდინის ინჰიბიტორები: ამ პრეპარატებს შეუძლია ამნიონური სითხის რაოდენობის გარდამავალი შემცირება. მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის 32 კვირის შემდეგ, ვინაიდან შესაძლოა ნაყოფის გულის პრობლემების განვითარება გამოიწვიონ.

კულტურის კვლევის შედეგის მიღებამდე, შესაძლებელია ანტიბიოტიკების დანიშვნა. მათი მიღება წყდება, თუ კულტურის კვლევის შედეგი უარყოფითია.

თუ საშვილოსნოს ყელი გაიხსნა (დილატაცია) 5 სმ-ზე მეტად, მშობიარობა გრძელდება. თუ ექიმები თვლიან, რომ ნაადრევი მშობიარობა გარდაუვალია, ქალს შესაძლოა დაენიშნოს კორტიკოსტეროიდი, როგორიცაა, მაგალითად, ბეტამეტაზონი. კორტიკოსტეროიდები ხელს უწყობს ნაყოფის ფილტვებსა და სხვა ორგანოებს უფრო სწრაფად მომწიფებაში და, შესაბამისად, ამცირებს ნაადრევი მშობიარობის შემდეგ ახალშობილში სუნთქვის მხრივ პრობლემასა (ახალშობილთა რესპირატორული დისტრესსინდრომი) და უმწიფრობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს.

ვადაგადაცილებული ორსულობა და გადამწიფება

ვადაგადაცილებულია ორსულობა, რომელიც გრძელდება 42 კვირა და მეტი. გადამწიფების დროს პლაცენტას აღარ შეუძლია ნაყოფის უზრუნველყოფა ჯანმრთელი გარემოთი, ვინაიდან ორსულობა გაგრძელდა ძალიან დიდხანს.

ორსულობათა უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც ის გრძელდება 41-42 კვირამდე, პრობლემები არ ვითარდება. მოგვიანებით, პლაცენტა ვეღარ ამარაგებს ნაყოფს ადეკვატური ნივთიერებებით და ვითარდება პრობლემები. ამ მდგომარეობას ეწოდება გადამწიფება. ვადაგადაცილებული ორსულობების დროს იზრდება ისეთი პრობლემების რისკი, როგორიცაა: გართულებული მშობიარობა, საკეისრო კვეთის ჩვენებები, მეკონიუმის (ნაყოფის პირველი განავალი) გამოსვლა. მეკონიუმის ინჰალაცია შესაძლოა მოხდეს მშობიარობამდე ან მშობიარობისას, რაც ართულებს ახალშობილის სუნთქვას დაბადებიდან მალევე. ვადაგადაცილებულ ნაყოფში რბილი ქსოვილები, როგორიცაა კუნთები,შესაძლოა შემცირდეს მოცულობაში. ნაყოფს ან ახალშობილს შესაძლოა განუვითარდეს ჟანგბადის უკმარისობა, სისხლში შეუმცირდეს გლუკოზის დონე ან მოკვდეს.

კვლევები იწყება ორსულობის 41-ე კვირაზე, რათა შეფასდეს ნაყოფის მოძრაობის აქტივობა, გულისცემა და ამნიონური სითხის რაოდენობა, რომელიც მნიშვნელოვნად მცირდება ვადაგადაცილებული ორსულობების შემთხვევაში. ნაყოფის მდგომარეობის შესაფასებლად ექიმები იყენებენ ულტრასონოგრაფიულ კვლევას და ნაყოფის გულის ელექტრონულ მონიტორინგს.

ჩვეულებრივ, ორსულობის 41 ან 42 კვირის ვადაზე ხდება მშობიარობის გამოწვევა ან ტარდება საკეისრო კვეთა ჩვენების მიხედვით.

ძალიან ნელა მიმდინარე მშობიარობა

მშობიარობა, რომელიც ძალზე ნელა პროგრესირებს, გულისხმობს ნაყოფის ნელ მოძრაობას სამშობიარო გზებში, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ნაყოფის ძალიან დიდი ზომით ან არასწორი მდებარეობით. ზოგჯერ საშვილოსნოს შეკუმშვა არ არის საკმარისად ძლიერი ან ხშირი ნაყოფის მოძრაობის უზრუნველსაყოფად.

ექიმები საზღვრავენ ნაყოფის ზომასა და სამშობიარო გზებს, ასევე, ადგენენ ნაყოფის მდებარეობას, საშვილოსნოს შეკუმშვების ძალასა და სიხშირეს. ეს ფაქტორები განაპირობებენ მკურნალობის საჭიროებას.

თუ სამშობიარო არხი (გზები) საკმარისად დიდია ნაყოფისთვის, მაგრამ მშობიარობის პროგრესირება არ ხდება, საშვილოსნოს შეკუმშვების გასაძლიერებლად, მშობიარეს უკეთებენ ოქსიტოცინს ინტრავენურად. ოქსიტოცინის უეფექტობის შემთხვევაში, საჭირო ხდება საკეისრო კვეთის ჩატარება. იმ შემთხვევაში, როდესაც ნაყოფი მშობიარობის პოზიციაშია და თითქმის უნდა დაიბადოს, ვაკუუმექსტრაქტორი ან მაშები გამოიყენება. თუ ნაყოფი დიდია, ტარდება საკეისრო კვეთა.