1. ნაყოფის ან ახალშობილის პათოლოგიები
  2. მშობიარობის გართულებები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ნაყოფის ან ახალშობილის პათოლოგიები

იმ შემთხევვაში, როდესაც მშობიარობა არ მიმდინარეობს ნორმალურად, ნაყოფს ან ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს პათოლოგიები (პრობლემები).

ნაყოფის დისტრესი

ნაყოფის დისტრესს მიეკუთვნება ნიშნები ნაყოფის დაბადებამდე ან შემდეგ, რომლებიც მიანიშნებს, რომ ნაყოფის მდგომარეობა არ არის კარგი.

ნაყოფის დისტრესი არ არის მშობიარობის ხშირი გართულება. ის თავს იჩენს, როგორც წესი, მაშინ, როდესაც ნაყოფი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს. ნაყოფის დისტრესი ვითარდება მაშინ, როდესაც ორსულობა გრძელდება დიდხანს (გადამწიფება) ან ჩნდება ორსულობის ან მშობიარობის გართულებები.

ჩვეულებრივ, ექიმები ნაყოფის დისტრესს ავლენენ ნაყოფის გულისცემის პათოლოგიური შეცვლის საფუძველზე. მთელი მშობიარობის განმავლობაში ხდება ნაყოფის გულისცემის სიხშირის კვლევა, ძირითადად, უწყვეტ რეჟიმში ელექტრონული მონიტორით ან, ზოგჯერ, ულტრასონოგრაფიულად ყოველ 15 წუთში ერთხელ – ნაადრევი მშობიარობისას, საშვილოსნოს ყოველი შეკუმშვის შემდეგ – ვადაგადაცილებული მშობიარობისას.

ნაყოფის გულისცემის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში მისი გამოსწორება ხდება შემდეგი საშუალებებით:

  • ქალისთვის ჟანგბადის მიწოდება

  • ქალისთვის ინტრავენურად სითხეების გადასხმა

  • ქალის მოთავსება მარცხენა გვერდზე

ამ ღონისძიებების უშედეგობის შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო ნაყოფის მიღება ვაკუუმექსტრაქტორით, მაშებით ან საკეისრი კვეთით.

გარსების რღვევის შემდეგ ამნიონური სითხის მომწვანო შეფერილობა მიუთითებს ნაყოფის შესაძლო დისტრესზე (თუმცა, არ არის ხშირი). ფერის ეს ცვლილება გამოწვეულია ნაყოფის მეკონიუმით (ნაყოფის პირველი განავალი). მეკონიუმის ინჰალაცია შესაძლოა მოხდეს მშობიარობამდე ან მშობიარობის დროს, რაც იწვევს ახალშობილის სუნთქვის გაძნელებას.

სუნთქვის პრობლემები

იშვიათად, დაბადებისას ახალშობილი არ სუნთქავს, მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობამდე არ აღინიშნებოდა არანარი პრობლემა. საჭირო ხდება ბავშვის რეანიმაცია. ამ მიზნით მშობიარობას შესაძლოა დაესწროს შესაბამისი უნარების მქონე სპეციალისტი.

ნაყოფის არასწორი მდებარეობა და წინმდებარეობა

ნაყოფის პოზიცია შესაძლოა წინასახით (ნაყოფის პოზა, როცა სახე დედის ზურგისკენაა მიქცეული ან ქვემოთაა მიმართული, როდესაც ქალი ზურგზე წევს) ან უკანასახით (გულაღმა).წინმდებარეობა – ნაყოფის სხეულის მდებარეობა სამშობიარო არხში გასვლისას (წინმდებარე ნაწილი). ყველაზე ხშირი და უსაფრთხო კომბინაცია შედგება შემდეგისგან:

  • თავდაპირველად თავი (კეფით წინ მდებარეობა);

  • პირისახით ან შუბლით წინ (პათოლოგია);

  • სახე და ტანი მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული (განივი პათოლოგია);

  • მენჯით წინმდებარეობა (პათოლოგია);

  • მხრებით წინმდებარეობა (პათოლოგია).

თუ ნაყოფი განსხვავებულ პოზიციაშია, შესაძლოა მშობიარობა უფრო გაძნელდეს და ვაგინალური მშობიარობა შეუძლებელი გახდეს.

როდესაც ნაყოფი პირისახით წინმდებარეობაშია (პათოლოგიური მდებარეობა), კისერი უფრო გამართულია, ვიდრე მოხრილი, და თავს სჭირდება მეტი სივრცე, რომ გამოძვრეს სამშობიარო არხში. ამ დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს ვაკუუმექსტრაქტორის გამოყენება, მაშები ან საკეისრო კვეთა.

არსებობს რამდენიმე პათოლოგიური მდებარეობა:

მენჯით წინმდებარეობა: წინმდებარე ნაწილი დუნდულებია. მენჯით წინმდებარეობა დროული მშობიარობების 2-3%-ს შეადგენს. ვაგინალური მშობიარობისას ნაყოფის დაზიანებები უფრო ხშირია, ვიდრე თავით წინმდებარეობისას. ასეთი დაზიანებები, მათ შორის – სიკვდილიც, შეიძლება განვითარდეს მშობიარობის წინ, მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ. გართულებები ნაკლებია, როდესაც მშობიარობამდე ხდება მენჯით წინმდებარეობის დადგენა.

ზოგჯერ ექიმები აბრუნებენ ნაყოფს თავით წინმდებარეობაში გადასაყვანად მუცელზე ზეწოლით მშობიარობის დაწყებამდე, როგორც წესი, ორსულობის 37-38-ე კვირაზე. მიუხედავად ამისა, თუ მშობიარობა დაიწყო, ხოლო ნაყოფი მენჯით წინმდებარეობაშია, შესაძლოა განვითარდეს პრობლემები. ნაყოფის დუნდულების გავლით ჩამოყალიბებული სამშობიარო გზა შესაძლოა საკმარისად დიდი და ფართო არ იყოს ნაყოფის თავის გასავლელად (რომელიც ზომაში უფრო დიდია). ნაყოფის დუნდულების გავლის შემდეგ თავი შეიძლება ვერ მოერგოს სამშობიარო არხს ისე, როგორც ეს ხდება თავის წინმდებარეობისას, და ახალშობილის ტანის დაბადების შემდეგ თავი არხში ჩაიჭედოს. ამის შედეგად ხდება ზურგის ტვინისა ან სხვა ნერვების დაჭიმვა და დაზიანება. როდესაც ბავშვის ჭიპი გამოჩნდება, ჭიპლარი მიიჭყლიტება ბავშვის თავსა და სამშობიარო გზებს შორის და, შესაბამისად, მას საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი აღარ მიეწოდება. თავის ტვინის დაზიანება ჟანგბადის ნაკლებობის გამო უფრო ხშირია მენჯით მშობიარობისას, ვიდრე თავით წინმდებარეობისას. პირველი მშობიარობისას ეს პრობლემები უფრო მძიმეა, ვინაიდან ქსოვილები არ არის გაფართოებული წინა მშობიარობების არქონის გამო. ვინაიდან არის ნაყოფის დაშავების ან სიკვდილის შანსი, მენჯით წინმდებარეობის დროს საკეისრო კვეთას ენიჭება უპირატესობა.

სხვა მდებარეობები: სახით წინმდებარეობისას კისერი იხრება უკან იმგვარად, რომ პირველი მოდის სახე. შუბლით წინმდებარეობის დროს კისერი იმგვარად იხრება, რომ პირველი მოდის შუბლი. როგორც წესი, ნაყოფი არ რჩება სახის ან შუბლის წინმდებარეობის პოზიციაში. ის ხშირად თვითონ ასწორებს პოზიციას. სხვა შემთხვევაში გამოიყენება მაშები, ვაკუუმექსტრაქტორი ან საკეისრო კვეთა.

იშვიათად ნაყოფი მდებარეობს ჰორიზონტალურად (განივი მდებარეობა) და სამშობიარო არხში პირველი ჩნდება მხარი. ტარდება საკეისრო კვეთა. თუ ნაყოფი არ არის ტყუპისცალი, ამ შემთხვევაში შესაძლოა მისი შებრუნება ვაგინალური მშობიარობისთვის.

მრავალნაყოფიანობა

მრავალნაყოფიანი ორსულობა საშვილოსნოში ერთზე მეტი ნაყოფის არსებობაა.

ბოლო წლებია ტყუპი, სამი, ოთხი და მეტი ნაყოფით ორსულობის რიცხვი გაიზარდა. 70-80 მშობიარობიდან ერთი მშობიარობა ერთზე მეტი ნაყოფითაა. ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ხელს უწყობენ ერთზე მეტი ნაყოფით ორსულობას:

  • შვილოსნობისთვის ფერტილობის მედიკამენტების მიღება;

  • დამხმარე რეპროდუქციული ტექნიკის გამოყენება;

  • წინა ორსულებები ერთზე მეტი ნაყოფით;

  • ქალის დიდი ასაკი.

ერთზე მეტი ნაყოფით ორსულობისას საშვილოსნო გადაჭიმულია და მისი შეკუმშვა იწყება უფრო ადრე, ვიდრე მიაღწევს სრულ ვადას. შედეგად, ადგილი აქვს ნაადრევ მშობიარობას. ნაადრევად დაბადებული ახალშობილები არიან მცირე წონისანი. ზოგიერთ შემთხვევაში, გადაჭიმული საშვილოსნო მშობიარობის შემდეგ ვეღარ იკუმშება და იწყება მშობიარობის შემდეგ სისხლდენა. ვინაიდან ნაყოფები შესაძლოა მდებარეობდნენ სხვადასხვა პოზიციაში, მშობიარობა შესაძლოა წარიმართოს გართულებებით. პირველი ბავშვის დაბადების შემდეგ საშვილოსნოს შეკუმშვამ შესაძლოა გამოიწვიოს დარჩენილი ნაყოფის ან ნაყოფების პლაცენტის აშრევება. შედეგად, მომდევნო ნაყოფს ან ნაყოფებს ექმნებათ მეტი პრობლემა მშობიარობისას.

ერთზე მეტი ნაყოფით ორსულობა ასევე ზრდის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკებს, რაც მოიცავს მაღალ არტერიულ წნევასა და შარდში ცილის არსებობას (პრეეკლამფსია), გესტაციურ დიაბეტს, ჭარბ სისხლდენას მშობიარობისას (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), საკეისრო კვეთის ჩატარების საჭიროებას, მცირე ზომის ახალშობილებს (ზრდის შეფერხება) და ნაადრევ მშობიარობას.

ორსულობის დროს ტარდება ულტრასონოგრაფიული კვლევა ნაყოფების რაოდენობის დასადგენად.

ვინაიდან მრავლობითი ნაყოფით ორსულობა დაკავშირებულია პრობლემებთან, ექიმებმა შესაძლოა წინასწარ გადაწყვიტონ, მოხდება ფიზიოლოგიური გზით მშობიარობა თუ ჩატარდება საკეისრო კვეთა. თუ პირველი ნაყოფი პათოლოგიურ მდებარეობაშია (წინმდებარე ნაწილი არ არის თავი), ტარდება საკეისრო კვეთა. იშვიათად, პირველი ნაყოფი იბადება ფიზიოლოგიურად და, მეორე ნაყოფის უსაფრთხოების მიზნით, კეთდება საკეისრო კვეთა. როგორც წესი, სამი და მეტი ნაყოფის შემთხვევაში ტარდება საკეისრო კვეთა.

მხრით ჩაჭედვა

მხრით ჩაჭედვა ვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვის ერთი მხარი მოთავსებულია ქალის ბოქვენის ძვლის საწინააღმდეგოდ და, ამავე დროს, ნაყოფი ჩაჭედილია სამშობიარო არხში.

ვინაიდან ნაყოფის მხარი მოთავსებულია დედის ბოქვენის ძვლის საწინააღმდეგოდ, თავი გამოდის გარეთ, მაგრამ გამოსავლიდან უკან ხდება თავის დაფიქსირება. ნაყოფს უჭირს სუნთქვა, ვინაიდან ამ დროს გულმკერდი და ჭიპლარი მოჭყლეტილია სამშობიარო არხში. შედეგად, ბავშვის სისხლში ჟანგბადის დონე ეცემა. მხრის ჩაჭედვა ხშირია დიდი ზომის ნაყოფში, განსაკუთრებით, როდესაც მშობიარობა გაძნელებულია ან გამოყენებულია მაშები და ვაკუუმექსტრაქტორი ნაყოფის თავის მენჯში გაძნელებული ჩამოსვლის გამო. პრობლემა ასევე ხშირია, როდესაც ორსული არის მსუქანი, როდესაც ქალს აქვს შაქრიანი დიაბეტი ან წინა ორსულობისას ნაყოფს ჰქონდა მხრის ჩაჭედვა.

გართულების განვითარებისას ექიმი ცდილობს, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით სწრაფად გაათავისუფლოს ნაყოფის მხარი, რათა მოხერხდეს ნაყოფის ფიზიოლოგიური გზით გაჩენა. ზოგჯერ ამ ტექნიკის გამოყენებისას ზიანდება ბავშვის ნერვები, ხდება ნაყოფის მხრის ან ლავიწის ძვლის მოტეხილობა. კეთდება ეპიზიოტომია (გამოსავლის გაფართოება რბილი ქსოვილების ჩაჭრით) მშობიარობის გასაადვილებლად. ამ ღონისძიებების უშედეგობის შემთხვევაში, შესაძლოა ნაყოფის უკან კვრა და საკეისრო კვეთის ჩატარება.

ჭიპლარის გამოვარდნა

ჭიპლარის გამოვარდნის შემთხვევაში ვაგინალურად ჭიპლარი წინ უსწრებს ნაყოფს.

გამოვარდნილი ჭიპლარის შემთხვევები გვხვდება დაახლოებით 1000 მშობიარობიდან ერთში. ჭიპლარის გამოვარდნისას ნაყოფის სხეულის მასით შესაძლოა მოხდეს ზეწოლა ჭიპლარზე და შეწყდეს ნაყოფის სისხლით მომარაგება.ეს უჩვეულო გართულება შესაძლოა იყოს ფარული ან ხილული.

ხილული პროლაფსი (გამოვარდნა): გარსების რღვევის შემდეგ ჭიპლარი ვარდება გარეთ ბავშვის დაბადებამდე. აშკარა პროლაფსი ჩნდება მაშინ, როდესაც ჯერ ბავშვის ფეხი ან დუნდულები გამოდის (მენჯით წინმდებარეობა). მაგრამ ის მაშინაც შეიძლება გაჩნდეს, როდესაც თავია წინმდებარე, მაგრამ გარსები ირღვევა ნაადრევად ან ნაყოფი არ არის ჩამოსული მცირე მენჯში. თუ ნაყოფი არ არის ჩამოსული, მაგრამ გარსების მთლიანობა ირღვევა, სითხის გამოდევნასთან ერთად შესაძლოა თავის გამოსვლამდე ჭიპლარიც გამოვარდეს.

ჭიპლარის გამოვარდნის შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა. ქირურგიული ჩარევის დაწყებამდე, ექიმი ან ბებიაქალი იკავებს ბავშვის სხეულს, რათა არ მოხდეს ჭიპლარზე ზეწოლა და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა.

ჭიპლარის ფარული გამოვარდნა: გარსები ინტაქტურია და ჭიპლარი ნაყოფის წინაა ან ჩაჭედილია ნაყოფის მხართან. ჩვეულებრივ, ჭიპლარის ფარული გამოვარდნის ამოცნობა შეიძლება ნაყოფის პათოლოგიური გულისცემის სიხშირით. ქალის სხეულის მდებარეობის ცვლილებით შესაძლებელია პრობლემის მოგვარება. იშვიათად, საჭიროა საკეისრო კვეთა.

ჭიპლარის შემოხვევა

ჭიპლარის შემოხვევა – ეს არის ნაყოფის ჭიპლარის შემოხვევა მისი კისრის გარშემო.

ჩნდება მშობიარობების ერთ მეოთხედში. ჭიპლარის შემოხვევით, როგორც წესი, ნაყოფი არ ზიანდება.

დაბადებამდე ჭიპლარის შემოხვევის აღმოჩენა შესაძლებელია ულტრასონოგრაფიული კვლევით, მაგრამ არ არის საჭირო რაიმე სახის ჩარევა. ექიმები, ჩვეულებრივ, მას მშობიარობის შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე და მოხსნიან მარყუჟს ნაყოფის კისრიდან. თუ ჭიპლარი მჭიდროდაა შემოხვეული, მას მხრების გამოსვლამდე კვეთენ.