ორსულის ჯანმრთელობის გართულებები | მკურნალი.გე
  1. ორსულის ჯანმრთელობის გართულებები
  2. მშობიარობის გართულებები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ორსულის ჯანმრთელობის გართულებები

ორსულობის ზოგიერთი გართულება პრობლემას ქმნის მშობიარობის დროსაც. მაგალითად, პრეეკლამფსია, რომელიც გულისხმობს მაღალ არტერიულ წნევას და შარდში ცილის არსებობას, შეიძლება განვითარდეს ორსულობის 20 კვირის შემდეგ ნებისმიერ დროს და მშობიარობიდან კიდევ 6 კვირის განმავლობაში. პრეეკლამფსია იწვევს საშვილოსნოს კედლიდან პლაცენტის ნაადრევ აცლას და ახალშობილის პათოლოგიებს.

სხვა გართულებები ვითარდება მშობიარობის შემდეგ.

ამნიონური სითხის ემბოლია

ძალიან იშვიათად, ამნიონური სითხის ნაწილი (სითხე, რომელშიც მოთავსებულია ნაყოფი საშვილოსნოში) ხვდება ქალის სისხლის მიმოქცევაში, როგორც წესი, განსაკუთრებით მძიმე მშობიარობისას. სითხემ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული რეაქცია, როგორიცაა გულის სიხშირის გაზრდა, გულის რიტმის დარღვევა, კოლაფსი, შოკი და გულის გაჩერება ან სიკვდილიც კი. გადაუდებელი დახმარებაა საჭირო ისეთი ხშირი გართულების დროს, როგორიცაა სისხლის გავრცელებული შედედება (დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია), ზოგჯერ სისხლდენით.

სწრაფი დიაგნოზი და მკურნალობა გადამწყვეტია. ქალს შეიძლება გადაესხას სისხლი. ზოგჯერ საჭირო ხდება სუნთქვაში დახმარება და მედიკამენტების მიწოდება გულის შესაკუმშად.

საშვილოსნოდან ჭარბი სისხლდენა

საშვილოსნოდან ჭარბი სისხლდენა (მშობიარობის შემდგომი ჰემორაგია) – ეს არის მშობიარობის შემდეგ მალევე ნახევარ ლიტრზე მეტი სისხლის დაკარგვა ან საკეისრო კვეთის შემდეგ 1 ლიტრზე მეტი სისხლის დაკარგვა.

ბავშვის გაჩენის შემდეგ საშვილოსნოდან ჭარბი სისხლდენა მთავარი პრობლემაა. ჩვეულებრივ, ქალი კარგავს დაახლოებით ნახევარ ლიტრ სისხლს მშობიარობის შემდეგ. სისხლი იკარგება, ვინაიდან ზოგიერთი სისხლძარღვი ღიაა საშვილოსნოდან პლაცენტის მოცილების შემდეგ. საშვილოსნოს შეკუმშვა ხელს უწყობს ამ სისხლძარღვების დახურვას, სანამ ჭრილობა შეხორცდება.

ნახევარ ლიტრზე მეტი სისხლის დაკარგვა მშობიარობის ბოლოს ან მშობიარობის შემდეგ (პლაცენტის გამოძევებისას) ითვლება ჭარბად. სისხლის დიდი რაოდენობით კარგვა, როგორც წესი, ვითარდება მშობიარობიდან მალევე, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს მშობიარობიდან 1 თვეშიც.

ჭარბი სისხლდენა შეიძლება განვითარდეს, როდესაც საშვილოსნოს შეკუმშვა მშობიარობის შემდეგ სუსტია. სისხლძარღვები, რომლებიც პლაცენტის გამოძევების შემდეგ ღია რჩება, განაგრძობენ სისხლდენას. საშვილოსნოს შეკუმშვა სუსტდება შემდეგი მდგომარეობებისას:

  • საშვილოსნოს ძლიერი გადაჭიმვისას – მაგალითად, საშვილოსნოში დიდი რაოდენობით ამნიონური სითხის არსებობა, მრავალნაყოფიანობა, დიდი ზომის ნაყოფი;

  • მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოში პლაცენტის ნაწილის ჩარჩენა;

  • მშობიარობის გახანგრძლივება ან პათოლოგია;

  • როდესაც ქალი ნამშობიარებია ხუთჯერ და მეტად;

  • მშობიარობის დროს გამოყენებული იყო კუნთის მომადუნებელი საანესთეზიო საშუალება.

ჭარბი სისხლდენა ვითარდება შემდეგი მდგომარეობების დროსაც:

  • როდესაც მშობიარობისას საშო ან საშვილოსნოს ყელი ზიანდება (იხევა) ან იჭრება;

  • როდესაც სისხლში ფიბრინოგენის (სისხლის შედედებას იწვევს) კონცენტრაცია დაბალია;

  • როდესაც ქალს აქვს სისხლის დაავადება, რომელიც იწვევს შედედების პრობლემას;

  • იშვიათად, როდესაც საშვილოსნო იხევა ან გარეთ ვარდება.

ჭარბი სისხლდენა ერთი მშობიარობის შემდეგ ზრდის მომდევნო მშობიარობების შემდეგ სისხლდენის რისკს. საშვილოსნოში კვანძების არსებობა შესაძლოა მომატებულ რისკთანაც იყოს დაკავშირებული.

პრევენცია

მშობიარობამდე ექიმები იღებენ სათანადო ზომებს სისხლდენის პროფილაქტიკისთვის და ემზადებიან სისხლდენის შემთხვევაში ჩარევისთვის. მაგალითად, ისინი საზღვრავენ, აქვს თუ არა ორსულს რაიმე რისკფაქტორი, რამაც შესაძლოა გაზარდოს სისხლდენები მშობიარობის შემდეგ (როგორიცაა ჭარბი ამნიონური სითხე). თუ ქალს იშვიათი ჯგუფის სისხლი აქვს, წინასწარ ამოწმებენ, რამდენად ხელმისაწვდომია მისი ჯგუფის სისხლი. მშობიარობა უნდა იყოს ნელი, ფრთხილი, რამდენადაც შესაძლებელია. პლაცენტის მოცილებისა და გამოძევების შემდეგ ქალზე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 1 საათის განმავლობაში, რათა დარწმუნდნენ, რომ საშვილოსნო იკუმშება და სისხლდენას არ აქვს ადგილი.

მკურნალობა

სერიოზული სისხლდენისას ქალის მუცლის ქვედა ნაწილის მასაჟირებას მიმართავენ, ხოლო ინტრავენურად გადასხმით უწყვეტად მიეწოდება ოქსიტოცინი. ამ მეთოდებით საშვილოსნოს კუმშვადობა ძლიერდება. სისხლდენის გაგრძელების შემთხვევაში, მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას, კეთდება კუნთში, ტაბლეტის სახით თავსდება სწორ ნაწლავში ან, საკეისრო კვეთის შემთხვევაში, კეთდება საშვილოსნოში. ქალს შეიძლება დასჭირდეს სისხლის გადასხმა.

ექიმები ეძებენ ჭარბი სისხლდენის მიზეზს. ისინი ამოწმებენ, ხომ არ არის ჩარჩენილი პლაცენტის ქსოვილის ნარჩენები საშვილოსნოში. შესაძლოა ჩატარდეს გაფართოება და გამოფხეკა ამ ნაწილების მოსაცილებლად. ამ პროცედურის დროს მცირე ზომის მახვილი ინსტრუმენტით (კიურეტი) ხდება მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ღია ყელში შესვლა და ნარჩენი ფრაგმენტების გამოფხეკა. პროცედურა ტარდება ანესთეზიით. ათვალიერებენ, ასევე, საშვილოსნოს ყელსა და საშოს ჩახევების აღმოსაჩენად.

იმ შემთხვევაში, როდესაც საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულაცია არ ხერხდება და სისხლდენა გრძელდება, სისხლდენის შესაჩერებლად საშვილოსნოს მკვებავ არტერიებზე ზეწოლა ხორციელდება. მაგალითად, შესაძლოა საშვილოსნოში მოთავსდეს ბალონი და შემდეგ გაიბეროს. ამ გზით ის მიაჭყლეტს სისხლძარღვებს. ასევე, შესაძლოა ექიმმა დაადოს ნაკერები საშვილონოს ფუძეში. ჩატარებული პროცედურები არ იწვევს უშვილობას, მენსტრუალურ დარღვევებს ან სხვა პრობლემებს. საშვილოსნოს ამოკვეთა (ჰისტერექტომია) იშვიათადაა საჭირო სისხლდენის შესაჩერებლად.

საშვილოსნოს გადმობრუნება

ძალიან იშვიათად, საშვილოსნო ბრუნდება შიგნიდან გარეთ (ინვერსია) იმგვარად, რომ გამოშვერილია საშვილოსნოს ყელსა და საშოში. საშვილოსნო შესაძლოა გადმობრუნდეს პლაცენტის მჭიდრო მიმაგრებისას, როდესაც ექიმები ცდილობენ მის მოშორებას.

გადმობრუნებული საშვილოსნო მოითხოვს დაუყოვნებელ მკურნალობას.

ექიმები მას ხელით აბრუნებენ უკან და ასწორებენ. ქალს ეძლევა ტკივილგამაყუჩებლები, დამამშვიდებელი და ზოგჯერ ზოგადი ანესთეზიაც უკეთდება. ქალების უმრავლესობის მდგომარეობა უმჯობესდება ამ პროცედურის შემდეგ. საშვილოსნოს საწყის პოზიციაში დასაბრუნებლად იშვიათად ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო.

პლაცენტის მიხორცება

პლაცენტის მიხორცება – ეს არის პლაცენტის პათოლოგიურად მჭიდრო მიმაგრება საშვილოსნოზე.

მაშინ, როდესაც პლაცენტა ძალზე მჭიდროდაა მიმაგრებული საშვილოსნოზე, მშობიარობის შემდეგ მისი ნაწილი შესაძლოა ჩარჩეს საშვილოსნოში. ასეთ შემთხვევებში მშობიარობა ყოვნდება და სისხლდენისა და საშვილოსნოს ინფექციის რისკები იზრდება. სისხლდენა შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

ეს გართულება, ძირითადად, უვითარდებათ იმ ქალებს:

  • რომლებსაც საკეისრო კვეთა აქვთ ჩატარებული;

  • რომელთა პლაცენტაც ფარავს საშვილოსნოს ყელს;

  • რომელთა ასაკი 35 წელზე მეტია;

  • რომლებიც მრავალჯერ იყვნენ ორსულად;

  • რომლებსაც საშვილოსნოს კვანძები ქირურგიული გზით აქვთ მოცილებული;

  • რომლებსაც აქვთ საშვილოსნოს შიგნითა შრის (ენდომეტრიუმის) პათოლოგია, როგორიცაა აშერმანის სინდრომი

საკეისრო კვეთის არსებობა მკვეთრად ზრდის ამ რისკს. რაც მეტი საკეისრო კვეთა აქვს ქალს ჩატარებული, მით მაღალია რისკი.

დიაგნოზი და მკურნალობა

ზოგჯერ ექიმები მშობიარობამდე განსაზღვრავენ პლაცენტის მჭიდრო მიმაგრებას ულტრასონოგრაფიულად ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის საფუძველზე (მრტ). მშობიარობისას პათოლოგიაზე ეჭვი მიაქვთ, თუ ბავშვის დაბადების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში არ ხდება პლაცენტის გამოძევება, ექიმები ხელით ვერ აშორებენ პლაცენტას საშვილოსნოს ან მოცილების მცდელობა იწვევს მასობრივ სისხლდენას.

ყველაზე უსაფრთხო პროცედურა ჰისტერექტომიაა (საშვილოსნოს ქირურგიული გზით მოცილება). თუმცაღა, თუ ქალისთვის მნიშვნელოვანია შემდგომი შვილოსნობისთვის მისი შენარჩუნება, ხოლო სისხლდენა არ არის ძალიან ძლიერი, შესაძლებელია პათოლოგიური უბნის გაკერვა/აღდგენა.

საშვილოსნოს გახეთქვა

საშვილოსნოს გახეთქვა (რუპტურა) ეს არის საშვილოსნოს გახევა და ღიაობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის არსებობა მუცლის ღრუში.

საშვილოსნოს გახეთქვა ძალიან იშვიათია და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას.

საშვილოსნო შესაძლოა გასკდეს მშობიარობამდე ან უშუალოდ მშობიარობისას. მისი განვითარება მეტად მოსალოდნელია ქალებში, რომელთაც საკეისრო კვეთა ან საშვილოსნოზე ქირურგიული ჩარევა აქვთ ჩატარებული. საშვილოსნოს გახევის რისკი მაღალია ასევე იმ ქალებში, რომელთაც ადრე საკეისრო კვეთა აქვთ ჩატარებული და სჭირდებათ მშობიარობის ხელოვნურად გამოწვევა. რუპტურა იწვევს სერიოზულ, მუდმივ ტკივილს მუცელში და ნაყოფის გულისცემის პათოლოგიურ გაიშვიათებას.

აუცილებელია ნაყოფის დაუყოვნებელი მშობიარობა. საშვილოსნოს აღდგენა ხდება ქირურგიულად.