მშობიარობა და პროცედურები | მკურნალი.გე
  1. მშობიარობა და პროცედურები
  2. მშობიარობის გართულებები
  3. ქალთა ჯანმრთელობა
მშობიარობა და პროცედურები

მშობიარობის გამოწვევა მშობიარობის ხელოვნურად დაწყებაა. ჩვეულებრივ, მშობიარობას იწვევენ ქალისთვის ოქსიტოცინის მიცემით, ჰორმონის, რომელიც აიძულებს საშვილოსნოს შეიკუმშოს უფრო ძლიერად და ხშირად. ოქსიტოცინი, რომელიც ქალს მედიკამენტის სახით მიეწოდება, ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული ოქსიტიცინის იდენტურია. ის კეთდება ინტრავენურად გადასხმის სახით იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი დოზირების ზუსტი კონტროლი. ზოგჯერ ასევე ინიშნება პროსტაგლანდინები, რომლებიც ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის გაფართოებას და მშობიარობის დაწყებას. ალტერნატიულია საშვილოსნოს ყელში კათეტერის მოთავსება, რომელზეც ბალონია მიერთებული. მისი გაბერვის შემდეგ ხდება საშვილოსნოს ყელის გაფართოება.

მშობიარობის გამოწვევისა და მშობიარობის მთელი პერიოდის განმავლობაში ნაყოფის გულისცემის სიხშირეს აკონტროლებენ ელექტრონულად. დასაწყისში მონიტორი თავსდება ქალის მუცელზე. სანაყოფე გარსების დარღვევის შემდეგ, შესაძლოა გამოყენებული იქნეს შინაგანი მონიტორი, რომელიც თავსდება საშოს გავლით ნაყოფის თავზე. თუ მშობიარობის გამოწვევა ვერ ხერხდება, ტარდება საკეისრო კვეთა.

მშობიარობის გაძლიერება მშობიარობის ხელოვნური გაძლიერებაა იმ შემთხვევაში, როდესაც მშობიარობა მიმდინარეობს გახანგრძლივებულად ან უშედეგოდ. ამ შემთხვევაში გამოიყენება ოქსიტოცინი. გაძლიერებას მიმართავენ მაშინ, როდესაც ქალს აქვსი სეთი შეკუმშვები, როგორიც ვერ უზრუნველყოფს ნაყოფის საჭირო გადაადგილებას სამშობიარო გზებში.

მშობიარობის შენელება ზედმეტად ძლიერად და სწრაფად მიმდინარე მშობიარობის ხელოვნური შენელება და გადავადებაა. ძალიან იშვიათად ქალს აქვს საშვილოსნოს ძალიან ძლიერი ან ძალიან ხშირი შეკუმშვები, ან ორივე ერთად. თუ შეკუმშვები გამოწვეულია ოქსიტოცინის გამოყენების შედეგად, მედიკამენტის მიწოდება წყდება სასწრაფოდ. ქალს შეიძლება მიეცეს ტკივილგამაყუჩებლები. იმ შემთხვევაში, თუ შეკუმშვები ჩნდება სპონტანურად (თავისთავად), ინიშნება მედიკამენტი (ტერბუტალინი ან რიტოდრინი),რომელიც ანელებს მშობიარობას შეკუმშვების შემცირების ან შეჩერების გზით.

ვაკუუმექსტრაქტორი შედგება რეზინისმაგვარი მასალისგან დამზადებული ჭიქის მსგავსი თავისგან, რომელზეც მიერთებულია ვაკუუმი. ინსტრუმენტი თავსდება საშოში და უერთდება ნაყოფის თავს ამოტუმბვით. ვაკუუმექსტრაქტორი იშვიათად გამოიყენება ნორმალური მშობიარობისას პროცესის გასაადვილებლად. მისი წარუმატებლად გამოყენების შემთხვევაში მიმართავენ საკეისრო კვეთას. იშვიათად ვაკუუმექსტრაქტორი აზიანებს ნაყოფის თავის კანს მასზე დაჟეჟილობის ან სისხლჩაქცევის განვითარებით ან იწვევს ნაყოფის თვალებში სისხლჩაქცევას. ასევე გაზრდილია მხრის გამოვარდნის და სიყვითლის განვითარების რისკიც.

მაშები მეტალის ქირურგიული ინსტრუმენტებია მომრგვალებული თავით, რომელიც თავსდება ნაყოფის თავის გარშემო. ის იშვიათად გამოიყენება ნორმალური მშობიარობის გასაადვილებლად. იშვიათად მისი გამოყენება იწვევს ნაყოფის სახეზე დაჟეჟილობასა და სისხლჩაქცევას ან ქალის საშოს ტრავმულ დაზიანებას.

ვაკუუმექსტრაქტორის ან მაშების გამოყენება ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობებისას:

  • ნაყოფს აღენიშნება დისტრესი

  • ქალს უჭირს ჭინთვა

  • მშობიარობა გახანგრძლივებულია

  • ქალს აქვს ისეთი პათოლოგიები, რომლებიც ხელს უშლის გაჭინთვაში (გულის ან თავის ტვინის ზოგიერთი დაავადება)

საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა არის ბავშვის გაჩენა ქირურგიული გზით, რა დროსაც ხდება მუცლისა და საშვილოსნოს გაკვეთა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 10 დან 2-3 მშობიარობა ხდება საკეისრო კვეთის გზით.

ექიმები მიმართავენ საკეისრო კვეთას იმ შემთხვევაში, როდესაც ფიქრობენ, რომ მისი გამოყენება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა ქალისთვის ან ნაყოფისთვის, ან ორივესთვის ერთად შემდეგ სიტუაციებში:

  • როდესაც ქალს მანამდე ჩატარებული აქვს საკეისრო კვეთები;

  • როდესაც მშობიარობა გახანგრძლივებულია;

  • როდესაც ნაყოფი პათოლოგიურ მდებარეობაშია, როგორიცაა მენჯით წინმდებარეობა;

  • როდესაც ნაყოფის დისტრესი მოითხოვს სწრაფ მშობიარობას.

მეანი, ანესთეზიოლოგი, ექთნები და ზოგჯერ პედიატრიც ჩართული არიან ამ ქირურგიულ პროცედურაში. საანესთეზიო საშუალებების, ინტრავენური მედიკამენტების, ანტიბიოტიკების გამოყენება და სისხლის ტრანსფუზია უსაფრთხოს ხდის საკეისრო კვეთის ჩატარებას. ქირურგიული ჩარევის შემდეგ ქალის დროზე აყენება და სიარული ამცირებს ქვედა კიდურებსა და მენჯში თრომბის წარმოქმნას, რომელსაც შეუძლია გადაადგილდეს, მიაღწიოს ფილტვებს და გამოიწვიოს იქ არტერიების დახშობა (პულმონური ემბოლია). საკეისრო კვეთა დაკავშირებულია მეტ ტკივილთან ჩარევის შემდეგ, სამშობიარო სახლში მეტ დაყოვნებასთან და უფრო ხანგრძლივ რეაბილიტაციასთან, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა.

საკეისრო კვეთის დროს განაკვეთი ტარდება საშვილოსნოს ზედა ან ქვედა ნაწილში.

  • ქვედა განაკვეთი: ამ სახის განაკვეთი უფრო ხშირად კეთდება. საშვილოსნოს ქვედა ნაწილში ნაკლები სისხლძარღვებია და, შესაბამისად, სისხლის დანაკარგი ნაკლებია. გარდა ამისა, ნაკერი და შეხორცება უფრო მყარია და ნაკლებსავარაუდოა მისი გახსნა შემდგომ მშობიარობებზე. ქვედა განაკვეთი ვერტიკალური ან ჰორიზონტალურია.

  • ზედა განაკვეთი: ჩვეულებრივ, ამ სახის განაკვეთი ტარდება, როდესაც პლაცენტა ფარავს საშვილოსნოს ყელს (გართულება, რომელსაც ეწოდება პლაცენტის წინმდებარეობა), როდესაც ნაყოფი მდებარეობს სამშობიარო არხთან ჰორიზონტალურად, როდესაც ნაყოფი მენჯით წინმდებარეობაშია ან როდესაც ნაყოფი ძალიან მოუმწიფებელია.

არჩევანს – ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ განმეორებითი საკეისრო კვეთა – ჩვეულებრივ, სთავაზობენ ქალებს, რომლებსაც აქვთ ქვედა განაკვეთი. ამ ქალების სამი მეოთხედი ფიზიოლოგიურად წარმატებით მშობიარობს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ უნდა იმშობიარონ ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნება საკეისრო კვეთის სწრაფად ჩატარების საშუალება, ვინაიდან არსებობს ძალიან მცირე, მაგრამ მაინც შანსი იმისა, რომ მშობიარობის დროს საკეისრო კვეთის შემდეგ არსებული ნაკერი გაიხსნას.