ბავშვის დაბადებისთანავე დედაზე დაკვირვება იწყება. თუ მშობიარობის დროს ზოგადი გაუტკივარება იყო გამოყენებული, მას მშობიარობიდან 2-3 საათის განმავლობაში აკვირდებიან კარგად აღჭურვილ ოთახში, სადაც ჟანგბადი, ინტრავენურად სითხეების გადასხმა და რეანიმაციის აპარატია ხელმისაწვდომი.
მომვლელი პერსონალი დედის პულსსა და სხეულის ტემპერატურას პერიოდულად ამოწმებს. ნორმალურად, პირველი 24 საათის განმავლობაში, დედის პულსის სიხშირე (რომელიც ორსულობის დროს მომატებულია) შემცირებას იწყებს ნორმულ მაჩვენებლამდე, ხოლო სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მსუბუქად მოიმატოს, თუმცა ის, ჩვეულებრივ, მეორე დღეს ნორმას დაუბრუნდება. პირველი 24 საათის შემდეგ გაუმჯობესება სწრაფად ვითარდება.
კლინიკის მომვლელი პერსონალი ყველანაირად ცდილობს, ტკივილები შეუმსუბუქოს დედას და შეამციროს სისხლდენისა და ინფექციის განვითარების რისკი.
სისხლდენა: უპირველესი მიზანია სისხლდენის შემცირება. პლაცენტის დაბადების შემდეგ მედდა პერიოდულად ატარებს ქალის მუცლის მასაჟს. მასაჟი ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას, რაც ჭარბი სისხლდენის პრევენციას ახდენს. საჭიროების შემთხვევაში, საშვილოსნოს შეკუმშვების სტიმულაციის მიზნით, ოქსიტოცინი ინიშნება. წამალი ინექციის გზით შეჰყავთ კუნთებში ან ინტრავენურად, უწყვეტი სახით, სანამ საშვილოსნო არ შეიკუმშება.
შარდვა და ნაწლავთა მოქმედება: მშობიარობის შემდეგშარდის გამოყოფა მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა დროებითია. მშობიარობის შემდეგ, ასევე, მოსალოდნელია შარდის ბუშტის მგრძნობელობის დაქვეითება.
კლინიკის პერსონალი ახალნამშობიარებ ქალს ხშირად, სულ მცირე, 4 საათში ერთხელ მოშარდვას ურჩევს. აღნიშნული ღონისძიება თავიდან აცილებს შარდის ბუშტის გადავსებას და ხელს უწყობს ინფექციის პრევენციას. კლინიკის პერსონალი დედის მუცელზე მსუბუქი ზეწოლით ამოწმებს შარდის ბუშტის დაცლას. ზოგჯერ, თუ ახალნამშობიარებ ქალს დამოუკიდებლად შარდვა არ შეუძლია, შარდის ბუშტის შარდისაგან დასაცლელად, საშარდე გზებში კათეტერიუნდა ჩაიდგას. სამედიცინო პერსონალი ცდილობს, თავიდან აიცილოს კათეტერის გამოყენება, რომელიც ზრდის შარდის ბუშტისა და თირკმლების ინფექციის განვითარების რისკს.
ახალნამშობიარებ ქალს ეხმარებიან, რომ კლინიკიდან გაწერამდე ნაწლავები გაითავისუფლოს. თუმცა, კლინიკაში ხანმოკლე დროით დაყოვნების გამო, შესაძლოა ეს ვერ მოხერხდეს. ექიმი ქალს ურჩევს, რომ 3 დღის განმავლობაში ნაწლავთა მოქმედების არარსებობის შემთხვევაში, შეკრულობის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ჰემოროის გაამწვავებს, საფაღარათო საშუალებები მიიღოს. თუ მშობიარობის დროს სწორი ნაწლავი ან მის ირგვლივ არსებული კუნთები დაზიანდა, ექიმი განავლის დამარბილებელ საშუალებებს გამოწერს.
დიეტა და ფიზიკური აქტივობა: ახალნამშობიარებ დედას შეუძლია დაუბრუნდეს ჩვეულებრივ საკვებ რაციონს, როგორც კი მოესურვება, ზოგჯერ მშობიარობის შემდეგ მალევე. ამასთან, რაც შეიძლება, მალე უნდა წამოდგეს და დაიწყოს სიარული.
ფიზიოლოგიური მშობიარობიდან 1 დღის შემდეგ, ხოლო საკეისრო კვეთიდან – მოგვიანებით, ქალს შეუძლია დაიწყოს მუცლის კედლის გასამაგრებელი ვარჯიშების შესრულება. ეფექტურია მოხრილი მუხლებით საწოლში წამოჯდომის სავარჯიშო, თუმცა, მშობიარობიდან მალევე ვარჯიშის დაწყებისას ქალების უმრავლესობა ძალიან იღლება. საკეისრო კვეთა დიდი ქირურგიული ჩარევაა და ქალმა ვარჯიში სრულ გამოჯანმრთელებამდე და ჭრილობის შეხორცებამდე, რომელიც 6 კვირამდე გრძელდება, არ უნდა დაიწყოს. ქალს ორსულობამდელი ჩვეული ვარჯიშის გაგრძელება შეუძლია მას შემდეგ, რაც ექიმი ამის ნებას დართავს – მშობიარობის შემდეგ ვიზიტზე.
ვაქცინები და იმუნოგლობულინი: თუ ქალს წითურა გადატანილი არ აქვს ან წითურას ვაქცინაცია არასდროს ჩატარებია, იგი კლინიკიდან გაწერამდე უნდა ჩაუტარდეს. თუ ქალს არასდროს ჩატარებია დიფტერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას საწინააღმდეგო (დტყ) აცრა ან ტეტანუსის საწინააღმდეგო ბოლო აცრიდან 2 წელია გასული, გაწერამდე დტყ ვაქცინაციაც უნდა ჩატარდეს.
თუ დედას რეზუსუარყოფითი სისხლი აქვს და ბავშვი რეზუსდადებითი სისხლით დაიბადა, ქალს, მშობიარობიდან პირველი 3 დღის განმავლობაში გასაკეთებლად, ანტირეზუს იმუნოგლობულინი ენიშნება. აღნიშნული საშუალება ბავშვის სისხლის წითელ უჯრედებს, რომლებიც შეიძლება დედის სისხლში გადასულიყო, ნიღბავს. ამის შედეგად მათ დედის სხეულში ანტისხეულების წარმოქმნის პროვოცირება აღარ შეუძლიათ. ზემოხსენებულ ანტისხეულებს შეუძლია საფრთხე შეუქმნან შემდგომ ორსულობებს.
კლინიკიდან გაწერამდე: კლინიკის დატოვებამდე, ქალს სინჯავენ. თუ დედაც და ახალშობილიც ჯანმრთელნი არიან, ჩვეულებრივ, ფიზიოლოგიური მშობიარობიდან 24-48 საათში, ხოლო საკეისრო კვეთის შემდეგ – 96 საათში ტოვებენ კლინიკას. ზოგჯერ, გაწერა 24 საათზე უფრო ადრეც შეიძლება, თუ ზოგადი გაუტკივარება არ ყოფილა გამოყენებული და არანაირი პრობლემა არ შექმნილა.
დედას უხსნიან იმ მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე, რასაც ქალი უნდა ელოდოს, ასევე, იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მის ორგანიზმს ბავშვის გაჩენის შემდეგ გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. იგეგმება სამეთვალყურეო ვიზიტები.