ონქოცერკოზი (მდინარის სიბრმავე) წარმოადგენს მრგვალი ჭიით – ონქოცერკა ვოლვულუსით გამოწვეულ ინფექციას.
მსოფლიოში დაახ. 18 მილიონ ადამიანს აქვს ონქოცერკოზი. მათგან დაახ. 270000 არის უსინათლო და 500000 აქვს მხდველობის დარღვევები. ონქოცერკოზი წარმოადგენს სიბრმავის წამყვან მიზეზს განვითარებად ქვეყნებში. ონქოცერკოზი ყველაზე გავრცელებულია აფრიკის ტროპიკებსა და სამხრეთ (სუბ-საჰარულ) ნაწილში. ზოგჯერ ის გვხვდება იემენში, მექსიკის სამხრეთ ნაწილში, გვატემალაში, ეკვადორში, კოლუმბიაში, ვენესუელასა და ბრაზილიაში (მდინარე ამაზონის გაყოლებაზე).
ონქოცერკოზი ვრცელდება მდედრი ქინქლის ნაკბენით. ეს ქინქლა მრავლდება სწრაფად გამდინარე წყაროებში (აქედან მოდის ტერმინი – მდინარის სიბრმავე). ინფექციის ციკლი იწყება მაშინ, როდესაც ქინქლა კბენს დაინფიცირებულ ადამიანს და ის ინფიცირდება ჭიის პრელავრული ფორმებით, რომლებსაც მიკროფილარიები ეწოდება. ისინი გადაიქცევიან ლარვებად უშუალოდ მწერში. როდესაც მწერი კბენს სხვა ადამიანს, ლარვები გადადიან ადამიანის კანში. ლარვები მოძრაობენ კანქვეშ და ქმნიან კვანძებს, სადაც ისინი გადაიქცევიან ზრდასრულ ჭიებად 12-18 თვეში. მოზრდილმა მდედრმა ჭიებმა შეიძლება იცხოვრონ ამ კვანძებში 15 წლის განმავლობაში. შეწყვილების შემდეგ მოზრდილი მდედრი ჭიები წარმოქმნიან კვერცხებს, რომლებიც გადაიქცევიან მიკროფილარიებად და ისინი ტოვებენ ჭიას. ჭიას შეუძლია წარმოქმნას 1000 მიკროფილარია ყოველდღიურად. კანისა და თვალების ქსოვილებში მოძრაობს ათასობით მიკროფილია და ისინი არიან პასუხისმგებელნი დაავადების არსებობაზე.
ჩვეულებრივ, საჭიროა რამდენიმე ნაკბენი იმისათვის, რომ ინფექციამ გამოიწვიოს სიმპტომები. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ინფექცია განვითარდეს ადამიანებში, რომლებიც სტუმრობენ იმ ადგილას, სადაც დაავადება ხშირია.
იმის გამო, რომ ინფექცია გადაეცემა მდინარეებთან ახლოს, ბევრი ადამიანი თავს არიდებს ამ ადგილებს. მდინარესთან ახლოს ცხოვრების ან მუშაობის შეუძლებლობა ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანების მიერ მოსავლის მოყვანაზე. შესაბამისად, ონქოცერკოზმა შეიძლება ხელი შეუწყოს საკვების ნაკლებობას ზოგიერთ რეგიონში.
სიმპტომები ჩნდება, როდესაც მიკროფილარიები იხოცებიან. იწყება ძლიერი ქავილი, რომელიც შეიძლება იყოს ერთადერთი სიმპტომი. ვითარდება გამონაყარი შეწითლებით. დროთა განმავლობაში, კანი სქელდება, გაუხეშდება და იჭმუხნება. კანზე ჩნდება დეპიგმენტაციური ლაქები. შესაძლოა განვითარდეს ლიმფური კვანძების (მათ შორის, გენიტალურ მიდამოში არსებული კვანძების) ანთება და შეშუპება. კანქვეშ შესაძლებელია მოზრდილი ჭიების შემცველი კვანძების დანახვა ან შეგრძნება.
მხედველობასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი დაბინდვიდან სრულ სიბრმავემდე. ვითარდება თვალის ანთება და სიწითლდე. ნათელ შუქთან კონტაქტი იწვევს ტკივილს. მკურნალობის გარეშე რქოვანა შესაძლოა გახდეს სრულიად გაუმჭვირვალე და ჩნდება ნაიარევები, რაც სიბრმავის მიზეზი ხდება. აგრეთვე ზიანდება თვალის სხვა სტრუქტურები, როგორიცაა ფერადი გარსი, გუგა და ბადურა. ვითარდება თვალის ნერვის ანთება და დეგენერაცია. სიბრმავემ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება.
სადიაგნოსტიკოდ იღებენ კანის ნიმუშს და იკვლევენ მას მიკროფილარიების არსებობაზე. ეს მეთოდი მტკივნეულია. ალტერნატივას წარმოადგენს სისხლის გამოკვლევა, მაგრამ ეს გამოკვლევები არ არის ყოველთვის სანდო ან ხელმისაწვდომი. შესაძლებელია მიკროფილარიების თვალში დანახვა ნაპრალოვანი სანათით. შესაძლებელია კვანძების მოცილება და გამოკვლევა ზრდასრულ ჭიებზე, მაგრამ ამ პროცედურის ჩატარება იშვიათადაა საჭირო.
თეორიულად, მწერებით დასახლებულ ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება, დამცავი ტანსაცმლის ტარება და მწერების დამაფრთხობელი საშუალებების გამოყენება შეიძლება დაგვეხმაროს ინფექციის რისკის შემცირებაში. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ივერმექტინის მიღება ამცირებს მიკროფილარიების რაოდენობას, ხელს უშლის დაავადების შემდგომ განვითარებას და გვეხმარება დაავადების კონტროლში იმ ადამიანებში, რომლებიც მრავალჯერადად იმყოფებიან მასთან კონტაქტში.
მკურნალობის მიზნით ადამიანი ერთჯერადად სვამს ივერმიქტინს და ეს მეორდება ყოველ 6-12 თვეში, სანამ სიმპტომები არ გაქრება. ივერმიქტინი კლავს მიკროფილარიებს, ამცირებს მათ რაოდენობას კანსა და თვალებში და ამცირებს მათ წარმოქმნას რამდენიმე თვის განმავლობაში. ის არ კლავს მოზრდილ ჭიებს. გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ მსუბუქია. წარსულში ხდებოდა კვანძების ქირურგიული გზით ამოკვეთა, მაგრამ მკურნალობის ეს მეთოდი ჩანაცვლდა ივერმექტინით.