სახლში | მკურნალი.გე
  1. სახლში
  2. მშობიარობის შემდგომი პერიოდი
  3. ქალთა ჯანმრთელობა
სახლში

ახალნამშობიარებ ქალს ნორმალური, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის განახლება შეუძლია, როდესაც ამისთვის მზად იქნება. ორსულობამდელი წონის დაბრუნებაში დაეხმარება ჯანსაღი კვება და ყოველდღიური, რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

სქესობრივი ცხოვრების განახლება შეუძლია, როგორც კი ამის სურვილი ექნება და თავს კომფორტულად იგრძნობს. თუ მშობიარობამ შორისის მიდამოში ნახეთქების განვითარება გამოიწვია ან ეპიზიოტომია ჩატარდა, სქესობრივი კავშირის განახლება უნდა გადაიდოს ჭრილობების შეხორცებამდე. მშობიარობიდან მალევე შეიძლება შხაპისა და აბაზანის მიღება, თუ მშობიარობა საკეისრო კვეთით არაა ჩატარებული.

თუ მშობიარობა საკეისრო კვეთით შესრულდა, არ შეიძლება საშოში ტამპონების მოთავსება ან გამორეცხვა, სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში. ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და სიმძიმის აწევა თავიდან უნდა იქნეს აცილებული 6 კვირის განმავლობაში. ასევე, სასურველია თავის შეკავება სქესობრივი კავშირისგან 6 კვირის განმავლობაში. ჭრილობის არეების მოვლა ისევეა საჭირო, როგორც სხვა ქირურგიული ჭრილობების შემთხვევაში. შხაპის მიღება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევიდან 24 საათის შემდეგ. ჭრილობის არე უხეშად არ უნდა დამუშავდეს ბანაობის დროს. აბაზანის მიღება არაა სასურველი ჭრილობის შეხორცებამდე, სანამ ნაკერები არ მოიხსნება. ჭრილობა სუფთად და მშრალად უნდა იყოს დაცული. სიწითლის მატების ან ჭრილობიდან გამონადენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმისათვის მიმართვა. ჭრილობის ირგვლივ ტკივილი შესაძლოა რამდენიმე თვეს გაგრძელდეს, ხოლო მგრძნობელობის დაკარგვა – კიდევ უფრო დიდი ხნით.

მუცელი: ჯერ კიდევ გადიდებული საშვილოსნო აგრძელებს პერიოდულ კუმშვას და თანდათან მცირდება ზომაში მომდევნო 2 კვირის განმავლობაში. აღნიშნული შეკუმშვები არარეგულარულია და ხშირად – მტკივნეულიც. კუმშვას აძლიერებს ძუძუთი კვება. ძუძუთი კვება, ამასთანავე, ასტიმულირებს ჰორმონ ოქსიტოცინის გამომუშავებას. ოქსიტოცინი, თავის მხრივ, ასტიმულირებს რძის წამოსვლას და საშვილოსნოს შეკუმშვებს.

ჩვეულებრივ, 5-7 დღის შემდეგ, საშვილოსნო მკვრივია, უმტკივნეულო, თუმცა, რამდენადმე კვლავ გადიდებული და იკავებს ჭიპსა და ბოქვენს შორის შუა ადგილს. მშობიარობიდან 2 კვირის შემდეგ, საშვილოსნო უბრუნდება თავის ჩვეულ ზომას. თუმცა, ახალნამშობიარები ქალის მუცელი, რამდენიმე თვის განმავლობაში, ვარჯიშის მიუხედავად, ისეთივე სწორი არ იქნება, როგორიც ორსულობამდე იყო.

სტრიები სრულად არ ქრება, თუმცა, შეიძლება გაუფერულდეს, ზოგჯერ, ერთი წლის შემდეგ.

ძუძუთი კვება: ექიმი ქალს ურჩევს ჩვილი ძუძუთი, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში კვებოს, თუმცა, ზოგ ქალს არ შეუძლია ან შეიძლება არ სურდეს ძუძუთი კვება სხვადასხვა მიზეზის გამო. მის ნაცვლად შესაძლებელია ხელოვნური კვება.

ძუძუთი კვებაზე მყოფ ქალებს სჭირდებათ იმის სწავლა, თუ როგორ დაიჭირონ ჩვილი კვების პროცესში. თუ ბავშვი არასწორი პოზიციითაა, ამან შესაძლოა დვრილებზე ნახეთქის წარმოქმნა და ტკივილი გამოიწვიოს. ზოგჯერ ჩვილი დვრილს ტუჩებით ჩაიჭერს და წოვს ხანგრძლივად, რაც მის გაღიზიანებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში, ქალს ცერა თითის დახმარებით შეუძლია ბავშვის ტუჩის დაწევით დვრილის გათავისუფლება. კვების დასრულების შემდეგ, ქალმა რძე უნდა გამოადინოს და დაელოდოს მის თავისთავად გაშრობას, გაწმენდისა და მობანვის გარეშე. სურვილის შემთხვევაში, დვრილების გაშრობა თმის საშრობითაც შეიძლება, დაბალი სიმხურვალის გამოყენებით. ძალზე მშრალი კლიმატის პირობებში, დვრილებზე შეიძლება ჰიპოალერგიული ლანოლინის ან სხვა საცხის წასმა.

ძუძუს წოვის დროს, მეორე ძუძუდან შესაძლებელია რძის დაღვრა. ასეთ შემთხვევაში, რძის შესაშრობად გამოიყენება საფენები. ბიუსტჰალტერის პლასტიკურმა საფენებმა შეიძლება დვრილების გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ მათი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

ძუძუთი კვების პერიოდში, ქალმა კალორიების მიღება დღეში 500-მდე კალორიით უნდა გაზარდოს. ასევე უნდა გაიზარდოს ვიტამინებისა და მინერალების მიღება. ჩვეულებრივ, კარგად დაბალანსებული საკვები პროდუქტების, მათ შორის, რძის პროდუქტებისა და მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეულის მიღებასთან ერთად, უნდა გაგრძელდეს პრენატალური ვიტამინები ფოლატების (1 მილიგრამი) დამატებით. რძის საკმარისად გამომუშავებისთვის, საჭიროა სათანადო რაოდენობით სითხეების მიღება. სპეციალურ დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის, სხვა ვიტამინებისა და მინერალების დამატებით მიღებასთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, B12 ვიტამინი ვეგეტარიანელებისთვის, ექიმთან კონსულტაციის გავლაა საჭირო.

ოჯახის დაგეგმვა: კვერცხუჯრედის მომწიფების (ოვულაციის) აღდგენასთან ერთად, სქესობრივი ცხოვრების განახლების შემთხვევაში, ორსულობის ალბათობა იმატებს, ამიტომ რეკომენდებულია კონტრაცეპტივების მიღება. თუ ქალი ჩვილს ძუძუთი არ კვებავს, მშობიარობიდან 4-6 კვირაში ოვულაცია კვლავ ეწყება, მენსტრუალური ციკლის მოსვლამდე. ზოგჯერ, ოვულაცია უფრო ადრეც შეიძლება დაიწყოს. ქალებს, რომლებიც მხოლოდ ძუძუთი კვებავენ ჩვილს, ოვულაცია რამდენადმე მოგვიანებით, მშობიარობიდან 6 თვის შემდეგ ეწყებათ. ინტერვალები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით იღებს ბავშვი სხვა საკვებს, ძუძუს გარდა. თუ ბავშვის საკვების ოთხ-მეხუთედზე მეტი დედის რძეზე მოდის, ოვულაციის დაწყება ნაკლებად მოსალოდნელია. ზოგჯერ, ძუძუთი კვების პერიოდშიც კი, ოვულაცია, მენსტრუაცია და დაორსულება ისევე მალე ხდება, როგორც არამეძუძურ ქალებს შორის.

ორსულობის შემდეგ სრულ აღდგენას ზოგჯერ 1-2 წელი სჭირდება. ამიტომ, ექიმები ქალს ურჩევენ, კვლავ დაორსულებამდე, სულ მცირე, ერთი წელი ან, რაც უფრო ოპტიმალურია, 18 თვე მოიცადონ (თუმცა, ქალს შეუძლია არ გაითვალისწინოს აღნიშნული რჩევა). მშობიარობის შემდეგ პირველ ვიზიტზე, ქალი ექიმს კონტრაცეფციასთან დაკავშირებით ესაუბრება და ირჩევს მისთვის მოსახერხებელ მეთოდს. ძუძუთი კვება გავლენას ახდენს კონტრაცეპტივის არჩევანზე. ორალური კონტრაცეპტივები, რომლებიც ესტროგენსა და პროგესტერონს შეიცავს, გავლენას მოახდენს რძის წარმოქმნაზე. ამიტომ ქალმა ისინი არ უნდა გამოიყენოს. შეიძლება მხოლოდ პროგესტინის შემცველი კონტრაცეპტივის გამოყენება, თუმცა, უკეთესია ისეთი მეთოდები, რომელთაც მედიკამენტი არ სჭირდება (როგორიცაა ბარიერული კონტრაცეპტივი). დიაფრაგმის მორგება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საშვილოსნო ნორმალურ ზომას დაუბრუნდება, ჩვეულებრივ 6-8 კვირის შემდეგ. მანამდე, ქაფი, გელი და კონდომის გამოყენებაა შესაძლებელი. საშვილოსნოს შიდა საშუალების ჩადგმა მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ მოხერხდება.

ახალნამშობიარებმა ქალმა (ან ნებისმიერმა ქალმა), რომელმაც ახლახან ჩაიტარა წითურას საწინააღმდეგო აცრა, ნაყოფის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ორსულობის დაგეგმვამდე, სულ მცირე 1 თვე უნდა მოიცადოს.