ინფექციები (მშობიარობის შემდგომი პერიოდი) | მკურნალი.გე
  1. ინფექციები (მშობიარობის შემდგომი პერიოდი)
  2. მშობიარობის შემდგომი პერიოდი
  3. ქალთა ჯანმრთელობა
ინფექციები (მშობიარობის შემდგომი პერიოდი)

მშობიარობისთანავე, ქალის სხეულის ტემპერატურა ხშირად იმატებს. სხეულის ტემპერატურა 101ºF (38,3ºC) და მეტი მშობიარობიდან პირველი 12 საათის განმავლობაში, შესაძლებელია ინფექციაზე მიუთითებდეს, თუმცა, არა – ყოველთვის. ასეთ შემთხვევებში, ქალის მდგომარეობა უნდა შეაფასოს ექიმმა ან ბებიაქალმა. მშობიარობის შემდგომი ინფექციის დიაგნოზი ისმება იმ შემთხვევაში, თუ მშობიარობიდან 24 საათია გასული და ქალს აქვს სხეულის ტემპერატურა 100.4ºF (38ºC) ან მეტი ორი სხვადასხვა გაზომვისას, სულ მცირე 6 საათის ინტერვალით. მშობიარობის შემდგომი ინფექცია იშვიათად ვითარდება, რადგან ექიმები ცდილობენ იმ მდგომარეობების მკურნალობას და პრევენციას, რომლებიც ინფექციის განვითარებას იწვევს. თუმცა, განვითარების შემთხვევაში, ინფექცია შეიძლება მძიმე იყოს. ამიტომ, თუ ქალს ცხელება აქვს 100.4ºF(38ºC)-ზე მეტი, მშობიარობიდან პირველი კვირის განმავლობაში, აუცილებლად ექიმს უნდა დაუკავშირდეს.

მშობიარობის შემდგომი ინფექციები შეიძლება პირდაპირ (განვითარდა საშვილოსნოში ან მის ირგვლივ არეში) ან არაპირდაპირ (განვითარდა თირკმლებში, შარდის ბუშტში, სარძევე ჯირკვლებსა ან ფილტვებში) იყოს დაკავშირებული მშობიარობასთან.

საშვილოსნოს ინფექციები

  • მშობიარობის შემდეგ, ბაქტერიამ შეიძლება საშვილოსნოსა და მის ირგვლივმდებარე არეალის ინფექცია გამოიწვიოს;

  • ამგვარი ინფექციები ხშირად მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილს, ცხელებასა და ცუდსუნიან გამონადენს იწვევენ;

  • დიაგნოზი სიმპტომებსა და ფიზიკური გასინჯის შედეგებს ეფუძნება;

  • ინფექციას ანტიბიოტიკები კურნავენ.

მშობიარობის შემდგომი ინფექციები, ჩვეულებრივ, საშვილოსნოდან იწყება. იგი შეიძლება განვითარდეს, თუ ნაყოფის გარსები (ამნიონური პარკი) ინფიცირებულია და მშობიარობის დროს ცხელების მიზეზია. ისინი მოიცავს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიტი), საშვილოსნოს კუნთოვანი შრის (მიომეტრიტი) ან საშვილოსნოს ირგვლივი ქსოვილების ანთებას (პარამეტრიტი).

მიზეზები

ბაქტერიამ, რომელიც ჯანმრთელ საშოში ცხოვრობს, შეიძლება მშობიარობის შემდგომი ინფექცია გამოიწვიოს. მდგომარეობები, რომელთა დროსაც იზრდება ინფექციის განვითარების ალბათობა, შემდეგია:

  • ანემია

  • ბაქტერიული ვაგინოზი

  • განმეორებითი საშოსმხრივი გასინჯვა

  • ნაყოფის მონიტორინგი საშოდან (რომელიც გარსების დარღვევას საჭიროებს)

  • ხანგრძლივი ინტერვალი გარსების დარღვევიდან მშობიარობის დაწყებამდე (ხშირად 18 საათზე მეტხანს)

  • გახანგრძლივებული მშობიარობა

  • საკეისრო კვეთა

  • მშობიარობის შემდეგ პლაცენტის ფრაგმენტის ჩარჩენა საშვილოსნოში

  • მშობიარობის შემდგომი ჭარბი სისხლდენა (პოსტპარტული ჰემორაგია)

  • ახალგაზრდა ასაკი

  • დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი

საშვილოსნოს ინფექციის განვითარების შესაძლებლობა, ძირითადად, მშობიარობის სახეზეა დამოკიდებული:

  • ნორმალური საშოსმხრივი მშობიარობა: 1-3%;

  • დაგეგმილი საკეისრო კვეთა, რომელიც სამშობიარო მოქმედების დაწყებამდე ჩატარდა: 5-15%;

  • საკეისრო კვეთა წინასწარი დაგეგმვის გარეშე, რომელიც სამშობიარო მოქმედების დაწყების შემდეგ ჩატარდა: 15-20%.

სიმპტომები

სიმპტომებია: მუცლის ქვედა ნაწილის ან მენჯის არეში ტკივილი, ცხელება (ჩვეულებრივ, მშობიარობიდან 1-3 დღის გასვლის შემდეგ), სიფერმკრთალე, შემცივნება, ზოგადი ცუდად ყოფნის შეგრძნება ან დისკომფორტი, ხშირად, თავის ტკივილი და მადის დაკარგვა. გულისცემა ხშირად აჩქარებულია. საშვილოსნო შეშუპებული, მტკივნეული და რბილია. ტიპურ შემთხვევაში, აღინიშნება ცუდსუნიანი გამონადენი საშოდან, რომლის რაოდენობა ცვალებადია. ზოგჯერ, ერთადერთი სიმპტომი შეიძლება იყოს ცხელება.

როდესაც საშვილოსნოს ირგვლივი ქსოვილები ინფიცირებულია, ისინი შეშუპებულია, იწვევს მნიშვნელოვან დისკომფორტს. ქალს აქვს ძლიერი ტკივილი და მაღალი სიცხე.

შეიძლება რამდენიმე მძიმე გართულება განვითარდეს, თუმცა არა – ხშირად. ასეთებია:

  • მუცლის ღრუს ამომფენი გარსების ანთება (პერიტონიტი);

  • მენჯის ვენებში თრომბის წარმოქმნა (მენჯის ვენების თრომბოფლებიტი);

  • შედედებული სისხლი (თრომბი) შეიძლება ფილტვებისკენ გადაადგილდეს და არტერიის დახშობა გამოიწვიოს (პულმონური ემბოლიზმი);

  • ბაქტერიის მიერ გამომუშავებული მომწამვლელი ნივთიერებების (ტოქსინების) მაღალი დონე სისხლში, რომელიც სეფსისს ან ტოქსიკურ შოკს იწვევს.

სეფსისისა და ტოქსიკური შოკის დროს, სისხლის წნევა დრამატულად ეცემა და გულისცემა ძალიან აჩქარებულია. შეიძლება თირკმლების მძიმე დაზიანება და გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს. აღნიშნული გართულებები იშვიათია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობიარობის შემდგომი ცხელება დროულად დიაგნოსტირდება და მკურნალობა იწყება.

დიაგნოზი და მკურნალობა

ინფექციის დიაგნოზის დასმა, ძირითადად, ფიზიკური გასინჯვის მონაცემებს ემყარება. ზოგჯერ ინფექციის დიაგნოზს სვამენ, როდესაც ქალს სიცხე აქვს და სხვა მიზეზი არ ვლინდება.

ჩვეულებრივ, ექიმი იღებს შარდის ნიმუშს და გზავნის მას ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის. ზოგჯერ სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევაც ტარდება.

საშვილოსნოს ინფექციის განვითარებისას, ქალს ანტიბიოტიკები ენიშნება ინტრავენურად (ჩვეულებრივ, კლინდამიცინი და გენტამიცინი ერთად), მანამდე, სანამ ცხელების ნორმალიზებიდან 48 საათი არ გავა. ამის შემდეგ, ქალების უმრავლესობას დასალევი ანტიბიოტიკების მიღება აღარ სჭირდება.

შარდის ბუშტისა და თირკმლების ინფექცია

მშობიარობის შემდეგ, ზოგჯერ, შარდის ბუშტის ინფექცია (ცისტიტი) ვითარდება. რისკი იზრდება საშარდე გზებში კათეტერის მოთავსებისას – მშობიარობის დროს ან მის შემდეგ შარდის დაგროვების თავიდან აცილების მიზნით. თირკმლების ინფექცია (პიელონეფრიტი) მშობიარობის შემდეგ შარდის ბუშტიდან თირკმლებისკენ ინფექციის გავრცელების შედეგად ვითარდება. შარდის ბუშტისა და თირკმლების ინფექციის განვითარება ზოგჯერ შესაძლებელია ბაქტერიით, რომელიც მშობიარობამდე შარდის ბუშტში იმყოფებოდა და სიმპტომებს არ იწვევდა.

შარდის ბუშტისა და თირკმლების ინფექცია იწვევს მტკივნეულ ან გახშირებულ შარდვას, ზოგჯერ ცხელებას. თირკმლების ინფექციამ შეიძლება წელის არეში ან გვერდში ტკივილი, ზოგადი ცუდად ყოფნა ან დისკომფორტი და შეკრულობა გამოიწვიოს.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზი შარდის ანალიზისა და გასინჯვის მიხედვით ისმება. თირკმლების და ზოგჯერ შარდის ბუშტის ინფექციის დროს, გამომწვევი ბაქტერიის გამოსავლენად, შარდის ნიმუშის ბაქტერიოლოგიურ კვლევას ატარებენ.

თირკმლების ინფექციის დროს, ქალს, ჩვეულებრივ ინტრავენური, ხოლო შარდის ბუშტის ინფექციის დროს – დასალევი ანტიბიოტიკი ეძლევა. თუ ინფექცია შარდის ბუშტიდან თირკმლების მიმართულებით არ არის გავრცელებული, ანტიბიოტიკები მხოლოდ რამდენიმე დღით შეიძლება დაინიშნოს. თუ თირკმლების ინფექციაა საეჭვო, ანტიბიოტიკები (როგორიცაა მხოლოდ ცეფტრიაქსონი ან ამპიცილინი და გენტამიცინი ერთად) ქალს ენიშნება, სანამ ცხელების ნორმალიზებიდან 48 საათი არ გავა. ხშირად, დასალევი ანტიბიოტიკები უფრო დიდი ხნით ინიშნება. ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგის მიღების შემდეგ, შეიძლება ერთი ანტიბიოტიკი გამოვლენილ ბაქტერიაზე მოქმედი მეორე, უფრო ეფექტიანი ანტიბიოტიკით შეიცვალოს.

დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, თირკმლებს უკეთ ფუნქციონირებასა და საშარდე სისტემიდან ბაქტერიების გამოდევნაში ეხმარება.

შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ინფექციისაგან განკურნების დასადასტურებლად, განმეორებით, მშობიარობიდან 6-8 კვირის შემდეგ ტარდება.

სარძევე ჯირკვლების ინფექცია

სარძევე ჯირკვლების ინფექცია შეიძლება განვითარდეს მშობიარობის შემდეგ, ჩვეულებრივ, პირველი 6 კვირის განმავლობაში, და თითქმის ყოველთვის იმ ქალებს შორის, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ჩვილს. თუ ძუძუთი კვების დროს ჩვილის პოზიცია არასწორია, დვრილებზე ნახეთქები (და ტკივილი) შეიძლება განვითარდეს. თუ დვრილებზე ან მის ირგვლივ კანზე ნახეთქებია, შეიძლება ბაქტერია კანიდან სარძევე სადინარში მოხვდეს და ინფექცია გამოიწვიოს.

ინფიცირებული სარძევე ჯირკვალი წითელი, შეშუპებული, ცხელი და მტკივნეულია. შეიძლება, სიწითლე და ტკივილი სარძევე ჯირკვლის მხოლოდ ნაწილში ვლინდებოდეს. ქალს, ზოგჯერ, ცხელებაც აქვს. ცხელება, რომელიც მშობიარობიდან 10 დღის შემდეგ ვითარდება, ხშირად სარძევე ჯირკვლების ინფექციითაა გამოწვეული.

იშვიათად, სარძევე ჯირკვლის ინფექციის შედეგად ჩირქგროვა (აბსცესი) ყალიბდება. აბსცესის ირგვლივი მიდამო შუპდება და დვრილიდან შესაძლებელია ჩირქის დენა განვითარდეს.

ექიმები დიაგნოზს ფიზიკური გასიჯვის მიხედვით სვამენ.

მკურნალობა

სარძევე ჯირკვლების ინფექციის მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებით, როგორიცაა დიკლოქსაცინი ან ერითრომიცინი. ქალს ურჩევენ დიდი რაოდენობით სითხის მიღებას. სარძევე ჯირკვლის ინფექციის დროს, თუ ქალი ძუძუთი კვებავს ჩვილს, უნდა გააგრძელოს ჩვილის კვება, რადგან ძუძუს დაცლა ეხმარება მკურნალობის პროცესს და ამცირებს აბსცესის განვითარების რისკს.

სარძევე ჯირკვლის აბსცესის მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებით და ქირურგიული წესით დრენირების გზით. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი გაუტკივარებით, თუმცა, შესაძლოა საჭირო გახდეს დამამშვიდებელი საშუალებების ინტრავენურად შეყვანა ან ზოგადი გაუტკივარება.