ფიზიკური გამოკვლევა | მკურნალი.გე
  1. ფიზიკური გამოკვლევა
  2. ახალშობილები და ჩვილები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ფიზიკური გამოკვლევა

ექიმი, ჩვეულებრივ, ახალშობილს სინჯავს დაბადებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში. შეფასება იწყება წონის განსაზღვრით, სიგრძისა და თავის გარშემოწერილობის გაზომვით. საშუალო წონა დაბადებისას 3175 გრამია, საშუალო სიგრძე – 50.8 სმ, თუმცა ნორმული მაჩვენებლების დიაპაზონი საკმარისად ფართოა. ამის შემდეგ ფასდება ახალშობილის კანი, თავი და სახე, გული და ფილტვები, ნერვული სისტემა, მუცელი და გენიტალიები.

კანი, ჩვეულებრივ, მოწითალო ფერის არის, თუმცა ფეხის და ხელის თითებს შესაძლოა მოლურჯო ელფერი გადაჰკრავდეს, რადგან დაბადების შემდეგ პირველი საათების განმავლობაში სისხლის მიმოქცევა სუსტია. იშვიათად კანზე მკვრივი კონსისტენციის ამობერილობები აღინიშნება (კანქვეშა ცხიმოვანი ნეკროზი), რაც ცხიმოვან ქსოვილზე ძვლების ზეწოლით შეპირობებული ნეკროზის შედეგია. შებერილობები ძირითადად თავზე, ლოყებზე და კისერზეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა მშობიარობის დროს მაშები გამოიყენეს. ზოგჯერ შებერილობები სკდება და სუფთა ყვითელი სითხე გამოიყოფა. შებერილობები, როგორც წესი, სწრაფად ქრება.

ნორმალური, თავით წინმდებარეობით მშობიარობა თავის ფორმას ცვლის. მშობიარობის შემდეგ რამდენიმე დღეში ქალას ძვლები ნორმალურ ფორმას იღებს. თავის ქალაზე მცირე ზომის შეშუპებული უბნების და სისხლჩაქცევების არსებობა ხშირია და ნორმად უნდა ჩაითვალოს. ზოგჯერ თავის ქალას რომელიმე ძვლიდან და მისი გარეთა საფარიდან სისხლდენის გამო თავზე პატარა კოპი წარმოქმნება, რომელიც რამდენიმე კვირაში ქრება. როდესაც ბავშვი მენჯით წინმდებარეობით იბადება, თავის ფორმა, ჩვეულებრივ, შეცვლილი არ არის, მაგრამ დუნდულები, გენიტალიები ან ფეხები შესაძლოა შეშუპებული იყოს და სისხლჩაქცევები აღინიშნებოდეს. ექიმები ცდილობენ თავიდან აარიდონ ქალს ნაყოფის მენჯით წინმდებარეობით მოსალოდნელი მშობიარობა. თუ ბავშვი მენჯით წინმდებარე პოზიციაში იმყოფება, ჩვეულებრივ, მშობიარეს საკეისრო კვეთას (ქირურგიული გზით ბავშვის ამოყვანა ქალის მუცლის წინა კედლისა და საშვილოსნოს გაკვეთით) ურჩევენ, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ბავშვისთვის მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობა.

ვაგინური მშობიარობის დროს ბავშვის სახეზე ზეწოლამ შეიძლება სახეზე სისხლჩაქცევები გამოიწვიოს. გარდა ამისა, სამშობიარო გზების გავლისას კომპრესია სახეს ასიმეტრიულ ფორმას აძლევს. ეს ასიმეტრია ხშირია მშობიარობის პროცესში სახის კუნთების მაინერვირებელი ნერვის დაზიანებისას. გამოჯანმრთელება თანდათანობით ხდება, მომდევნო კვირების მანძილზე.

ექიმი გულს და ფილტვებს სტეტოსკოპით უსმენს, რომ რომელიმე პათოლოგია არ გამოეპაროს; ამოწმებს პულსს, აფასებს ახალშობილის კანის ფერს, გენიტალიების, ნერვული სისტემის მდგომარეობას, ამოწმებს რეფლექსებს; მეტად მნიშვნელოვანია მოროს, ხორთუმისებრი და წოვის რეფლექსები.

ბევრი სერიოზული დარღვევა, რომელიც დაბადებისას ფიზიკური გასინჯვით შეუმჩნეველია, შესაძლოა სისხლის ანალიზით დადგინდეს. ამის გამო, სავალდებულოა ახალშობილისთვის რამდენიმე სისხლის ანალიზის ჩატარება. ადრეული დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა ზოგჯერ დაავადების თავიდან აცილებას ხდის შესაძლებელს, ზოგჯერ – ავადმყოფობის მიმდინარეობაზე ზემოქმედებას – მის შემსუბუქებას და ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ექიმი აფასებს მუცლის ფორმას, ამოწმებს შინაგანი ორგანოების – თირკმლების, ღვიძლის, ელენთის ზომას, ფორმას და მდებარეობას. თირკმლების გადიდება შარდის დინების შეფერხების მაჩვენებელია.

მოწმდება ხელების, ფეხებისა და მენჯის სახსრებში მოძრაობის სიფართოვე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მენჯის სახსრის დისლოკაციის არსებობის დადგენას.

ექიმი აფასებს გენიტალიების მდგომარეობას, სახელდობრ, შარდსადენის გარეთა ხვრელის მდებარეობას, მის გამავლობას. ბიჭებს სათესლე ჯირკვლები სათესლე პარკში უნდა ჰქონდეთ. გოგონების სასირცხვო ბაგეები გამობერილი უნდა იყოს დედის ჰორმონების ზეგავლენის გამო; შეშუპება რამდენიმე კვირა გრძელდება. ექიმი აფასებს ყითის გამავლობას.