კვება | მკურნალი.გე
  1. კვება
  2. ახალშობილები და ჩვილები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
კვება

ნორმალურ ახალშობილს აქვს აქტიური ხორთუმისა და წოვის რეფლექსები, საკვების მიღება დაბადებისთანავე შეუძლია. ამიტომაც რეკომენდებულია ბავშვის მოთავსება დედის მკერდზე დაბადებისთანავე. სხვა შემთხვევაში კვება იწყება დაბადებიდან 3 საათის განმავლობაში მაინც.

ბავშვების უმეტესობა რძესთან ერთად ჰაერს ყლაპავს. ისინი ძირითადად თავისით ვერ აბოყინებენ და მშობლების დახმარებას საჭიროებენ. ბავშვი მშობელს უკავია ვერტიკალურ პოზიციაში, მიწოლილია მშობლის მკერდზე, თავი მშობლის მხარზე აქვს ჩამოდებული, მშობელი ნაზად უსვამს ხელს ზურგზე. ზურგზე თათუნი და ნაზი ზეწოლა ბოყინს იწვევს, რასაც ხშირად თან ახლავს რძის მცირე რაოდენობის წამოქაფება.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის კვება შესაძლებელია დედის რძით ან ხელოვნური ნარევით, რეკომენდებულია მხოლოდ ძუძუთი კვება დაბადებიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. თუ ძუძუთი კვება შეუძლებელია (მაგალითად, დედა იღებს ამა თუ იმ წამალს), მაშინ ხელოვნური ნარევების გამოყენება ხდება საჭირო.

ძუძუთი კვება

ძუძუთი კვების უპირატესობები: დედის რძე ახალშობილისთვის იდეალური საკვებია; გარდა იმისა, რომ ის აწვდის საჭირო ნუტრიენტებს, რომლებიც მარტივად გადასამუშავებელია და ადვილად შეიწოვება, დედის რძე შეიცავს ანტისხეულებს და სისხლის თეთრ უჯრედებს, რომლებიც თავიდან არიდებს ბავშვს ინფექციას, დადებითად მოქმედებს განავლის pH-ზე და ნაწლავის ფლორაზე, რითიც იცავს ახალშობილს ბაქტერიული ფაღარათისგან. ბავშვები, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, გაცილებით იშვიათად ავადდებიან ინფექციებით იმ კონტინგენტთან შედარებით, რომელიც ხელოვნურ საკვებს იღებს. გარდა ამისა, ძუძუთი კვება იცავს ბავშვებს ზოგიერთი ქრონიკული დაავადებისგან, როგორიცაა ალერგია, დიაბეტი, ცელიაკია და კრონის ავადმყოფობა. მეორე მხრივ, ძუძუთი კვებას სარგებლობა მოაქვს დედისთვისაც. უპირველეს ყოვლისა, ის აყალიბებს დედა-შვილის მიჯაჭვულობის გრძნობას, ეხმარება დედას ბავშვთან დაახლოებაში და დაკავშირებაში, რაც არ ხდება ხელოვნური კვებისას. დედები, რომლებიც ძუძუს აწოვებენ, მშობიარობის შემდეგ დროულად იკრებენ ძალას და სამომავლოდ ჯანმრთელობის უფრო მაღალი შანსი აქვთ, სახელდობრ, მათ შორის უფრო დაბალია სიმსუქნის, ოსტეოპოროზის, ძუძუს და საკვერცხის კიბოს განვითარების ალბათობა, ვიდრე იმ ქალებს შორის, რომლებიც ბავშვს ხელოვნური საკვებით ზრდიან. შეერთებულ შტატებში დედების დაახლოებით 60% აწოვებს ძუძუს. ეს რაოდენობა მუდმივად მატულობს. დედები, რომლებიც მუშაობენ, ძუძუთი კვებას ახერხებენ შინ ყოფნისას, სახლში არყოფნის შემთხვებისთვის კი ბოთლში ტოვებენ გამოწველილ რძეს. 2 თვეზე მეტი ასაკის ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის რეკომენდებულია D ვიტამინის დამატება.

თხელი, ყვითელი ფერის სითხე, რომელსაც ხსენი ეწოდება, ძუძუს თავიდან მანამ გადმოდის, სანამ ძუძუში რძე წარმოიქმნება. ხსენი მდიდარია კალორიებით, ცილებით და ანტისხეულებით. ეს უკანასკნელები კუჭიდან შეიწოვება, ბავშვს ინფექციებისგან იცავს.

ძუძუთი კვების პროცესი: ძუძუთი კვების დაწყებამდე დედა კომფორტულად, თავისუფლად უნდა მოთავსდეს; მოხერხებულად უნდა დაჯდეს ან დაწვეს თითქმის სწორ ზედაპირზე ისე, რომ შეეძლოს გადატრიალება ერთი გვერდიდან მეორეზე, რათა ორივე ძუძუს შეთავაზება მოახერხოს. ბავშვი დედისკენ სახით არის მიმართული. დედა ზემოდან ცერა და ქვემოდან საჩვენებელი თითებით ძუძუს დვრილს ბავშვის ქვედა ტუჩის შუა ნაწილს მოუსვამს, რის შემდეგაც ბავშვი პირს აღებს (ხორთუმისებრი რეფლექსი) და ძუძუს ეჭიდება. როდესაც დედა დვრილს ბავშვის პირის ღრუში ათავსებს, უნდა დარწმუნდეს, რომ დვრილი ცენტრშია; ეს აარიდებს დვრილის მტკივნეულობას. ბავშვის ძუძუდან მოცილებამდე დედა ბავშვის პირში თითის მოთავსებით აწყვეტინებს ჩვილს წოვას და ფრთხილად აწვება მის ნიკაპს ქვევითკენ. დვრილის მტკივნეულობას არასწორი პოზიცია იწვევს, მისი პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა.

დასაწყისში ბავშვი რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე ძუძუდან უნდა იკვებოს. დედის რძის წარმოქმნის ინტენსიურობა წოვის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ის საკმარისი დროის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს, რათა რძის საჭირო რაოდენობა გამომუშავდეს. პირველი კვირების განმავლობაში ბავშვი ორივე ძუძუდან უნდა იკვებოს, თუმცა ზოგიერთ ბავშვს პირველი ძუძუს წოვის დროს ეძინება. შემდგომი კვების დროს წოვა იწყება ბოლოს მოწოვილი ძუძუდან. პირველი ბავშვის შემთხვევაში რძის სრული რაოდენობით წარმოქმნა იწყება 72-96 საათში, მომდევნო ბავშვების ყოლისას კი ამისთვის უფრო ნაკლები დროა საჭირო. თუ დედა ძალიან დაღლილია, პირველ ღამეს შუაღამის ერთი კვება შესაძლოა წყლით ჩანაცვლდეს, მაგრამ მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით. პირველ დღეებში დედის რძის წარმოქმნის ინტენსიური სტიმულაციისთვის კვებებს შორის შუალედი 6 საათზე მეტი არ უნდა იყოს. კვების სიხშირე ბავშვის მოთხოვნის მიხედვით უნდა განისაზღვროს და არა წინასწარ დადგენილი დროის ინტერვალებით. მსგავსად ამისა, ყოველი კვების ხანგრძლივობა ბავშვის სურვილს უნდა შეესაბამებოდეს. ძუძუთი კვების ნორმალური სიხშირეა 8-12 დღე-ღამეში, თუმცა ნორმის მაჩვენებლები ფართოდ მერყეობს.

დედამ ბავშვი, განსაკუთრებით პირველი შვილი, ექიმთან დაბადებიდან 3-5 დღეში უნდა მიიყვანოს. ექიმი შეაფასებს ძუძუთი კვებას, აწონის ბავშვს, პასუხს გასცემს დედის კითხვებს. ექიმმა შეიძლება უფრო ადრეც მოინახულოს ჩვილი, თუ იგი 24 საათშია გაწერილი ან სათანადოდ არ იკვებება, ან თუ მშობლებს განსაკუთრებულად აწუხებთ ესა თუ ის საკითხი. დედას არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, რამდენს წოვს ბავშვი, ამიტომ ექიმები კვების სიხშირის და წონის მატების მიხედვით აფასებენ რძის პროდუქციის ადეკვატურობას. რძის არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავებაზე ეჭვი იბადება იმ შემთხვევებში, თუ ბავშვი ყოველ ერთ ან ორ საათში ეჭიდება ძუძუს, მაგრამ მაინც სულ შია, არ იმატებს წონაში ასაკის და სიგრძის შესაბამისად.

ძუძუთი კვების შეწყვეტა: 6 ახალშობილის კვების ყველაზე სასურველი ვარიანტია სულ მცირე 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ძუძუთი კვება, ამის შემდეგ ძუძუთი კვების გაგრძელება და მყარი საკვების დამატება 12 თვის ასაკამდე, მომდევნო პერიოდში ძუძუთი კვების გაგრძელება მანამ, სანამ ეს სურთ დედას და ბავშვს. ძუძუთი კვების თანდათან შეწყვეტა კვირების ან თვეების მანძილზე უფრო მარტივია დედისთვისაც და ბავშვისთვისაც, ვიდრე უცბად შეწყვეტა. დედები თავდაპირველად ანაცვლებენ დღეში ერთ-სამ ძუძუთი კვებას ხილის წვენით (ხილის წვენი არ უნდა გამოვიყენოთ 6 თვემდე ასაკის ახალშობილებისთვის), გამოწველილი ძუძუს რძით ან ხელოვნური საკვებით, რაც ბავშვს ბოთლით ან ჭიქით ეძლევა. რამდენიმე კვება, განსაკუთრებით სადილის დროს, უნდა ჩანაცვლდეს მყარი საკვებით. ჭიქიდან საკვების მიღების სწავლება განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია; 10 თვის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს ჭიქით დამატებითი საკვების მიღება. დედები ძუძუთი კვებას დამატებითი საკვების მიცემით ანაცვლებენ უფრო და უფრო ხშირად, თუმცა ბევრი ჩვილი აგრძელებს ძუძუთი კვებას დღეში ერთხელ ან ორჯერ 18-24 თვემდე ან უფრო მეტხანსაც. როდესაც ძუძუთი კვება დიდხანს გრძელდება, ბავშვს უნდა მიეცეს მყარი საკვებიც, აგრეთვე თხევადი – ჭიქიდან.

ბოთლიდან კვება

სამშობიაროში ახალშობილის კვება დაბადებიდან მოკლე დროში იწყება, შემდგომ კი მოთხოვნის მიხედვით გრძელდება. დაბადებიდან პირველი კვირის მანძილზე ბავშვი იმატებს 28,4 ან 56,8 გრამს საკვების ყოველი მიღების შემდეგ; მეორე კვირის განმავლობაში ნამატი თანდათან იზრდება 85-113 გრამამდე დღეში 6-8-ჯერ მიღებისას. არ შეიძლება ძალდატანება საკვებიანი ბოთლის ბოლომდე დასაცლელად. ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს საკვების მისთვის სასურველი რაოდენობა. ასაკის მატებასთან ერთად ახალშობილი საკვების მეტ რაოდენობას იღებს – მესამე-მეოთხე თვისთვის მიახლოებით 170-230 გრამს ყოველ კვებაზე. ბოთლიდან კვებისას ბავშვისთვის სწორი პოზიციაა ნახევრად მოხრილი ან მჯდომარე მდგომარეობა. ბოთლიდან საკვების მიცემა ზურგზე მწოლიარე ბავშვისთვის არ შეიძლება, რადგან რძე შეიძლება ცხვირში ან ევსტაქის მილში გადავიდეს. მოზრდილ ჩვილებს, რომელთაც შეუძლიათ ბოთლის ხელში დაჭერა, არ უნდა მიეცეთ ბოთლით ხელში დაძინების საშუალება, ვინაიდან რძის ან წვენის ხანგრძლივმა შეხებამ შეიძლება კბილები დააზიანოს და კარიესი (ძვლისმჭამელა) გამოიწვიოს.

გასაყიდი საკვები ნარევები შეიცავენ საკვები ნივთიერებების, კალორიების და ვიტამინების დაბალანსებულ რაოდენობას და ხელმისაწვდომია წყალში გასახსნელი ფხვნილების ან სტერილურ ბოთლებში, ან ქილებში მოთავსებული კონცენტრატის სახით, რომელთა შიგთავსიც წყლით უნდა განზავდეს. ხელოვნურ ნარევებს ზოგჯერ რკინა აქვს დამატებული. ექიმების უმრავლესობა რეკომენდაციას უწევს ნარევებს, რომლებიც რკინას შეიცავს. საკვები ნარევების გამოყენებისას მშობლები ყურადღებით უნდა გაეცნონ შეფუთვაზე ასახულ მითითებებს საკვების მომზადების წესის შესახებ. საკვები ნარევები ძირითადად ძროხის რძეზეა დამზადებული, მისი აუტანლობის შემთხვევაში შეიძლება სხვა სპეციალური ნარევების გამოყენებაც. თუ ახალშობილი ვერ იტანს სტანდარტულ ნარევს, პედიატრი რეკომენდაციას უწევს ამინომჟავების ან ჰიდროლიზებულ ნარევს. მომავალში ბავშვის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის თვალსაზრისით სტანდარტული და სპეციალური ნარევები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. პირველ წელს საკვებად ძროხის რძე არ არის მისაღები.

ჩვილის მიკროორგანიზმებთან კონტაქტის შესამცირებლად საკვები ნარევი ბავშვს სტერილური კონტეინერიდან უნდა მიეცეს. ერთჯერადი პლასტმასის საფენების გამოყენებისას ბოთლების სტერილიზაცია აუცილებელი არ არის. ბოთლზე ჩამოსაცმელი საწოვარას სტერილიზაცია ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ხდება, ან ქვაბში ადუღებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში. ნარევი სხეულის ტემპერატურამდე უნდა შეთბეს, რისთვისაც ნარევით სავსე ჭურჭელი თბილი წყლის აბაზანაში უნდა მოთავსდეს. ბავშვს შეიძლება დამწვრობა განუვითარდეს, თუ ნარევი ცხელია, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ჭურჭლის ტემპერატურა უნდა შემოწმდეს მაჯის შიგნითა ზედაპირის მგრძნობიარე კანზე რამდენიმე წვეთის დაწვეთებით. სხეულის ტემპერატურის მქონე ნარევი კანთან შეხებისას არც თბილია და არც ცივი. მიკროტალღურმა ღუმელმა შესაძლოა ძალიან გააცხელოს ნარევი, ამიტომ ნარევის ან რაიმე სხვა საკვების გასათბობად მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

საწოვრის თავის ღიაობის ზომა მნიშვნელოვანია. ზოგადად, ნარევი ნელა უნდა წვეთავდეს დაბლა პირჩამოშვებული საწოვრიანი ბოთლიდან. დიდი წონის ჩვილს დიდი მოცულობის სითხის მიღება ესაჭიროება და უფრო ღია პირის მქონე საწოვარას გამოყენება შეიძლება.

მყარი საკვების მიღების დაწყება

მყარი საკვების მიღების დაწყება ჩვილის საჭიროებებზე და მზაობაზეა დამოკიდებული. ზოგადად, ჩვილებს მყარი საკვები სჭირდებათ მაშინ, როცა მათი ზომა-წონა კალორიების ისეთ რაოდენობას მოითხოვს, რისი უზრუნველყოფაც ნარევის გამოყენებით შეუძლებელი ხდება. საჭიროების მაჩვენებელია ის გარემოება, რომ ჩვილი იღებს ერთ ბოთლ საკვებს და კმაყოფილია, მაგრამ 2-3 საათში ისევ მშიერია. ეს, როგორც წესი, 6 თვის ასაკისთვის ხდება. უფრო პატარებს არ შეუძლიათ მყარი საკვების ადვილად გადაყლაპვა, თუმცა ზოგიერთი ამას ახერხებს უფრო მცირე ასაკშიც, თუ საკვებს ენის ზურგზე დაადებენ. ზოგიერთი მშობელი აძალებს პატარა ჩვილს დიდი მოცულობის მყარ საკვებს იმის იმედით, რომ ბავშვს მთელი ღამის განმავლობაში კარგად დაეძინება. საეჭვოა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს; ამავე დროს, დაძალება ჩვილებში ზოგჯერ ასპირაციულ პნევმონიას იწვევს, მოგვიანებით – კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ბევრი ახალშობილი იღებს მკვრივ საკვებს ძუძუთი ან ბოთლიდან კვების შემდეგ; ეს აკმაყოფილებს წოვის მოთხოვნილებას და სწრაფად ანაყრებს ბავშვს.

ჩვილებს საკვებისმიერი ალერგია ან საკვების აუტანლობა უფრო ადვილად უვითარდებათ, ვიდრე უფრო მეტი ასაკის ბავშვებს ან მოზარდებს. თუ ბავშვი მოკლე ხნის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა საკვებს იღებს, ძნელია რეაქციის მიზეზის განსაზღვრა. ამის გამო, განსხვავებული საკვები უნდა თითო-თითოდ და რიგრიგობით მიწოდება, არა უმეტეს ერთი ახალი საკვებისა ყოველ კვირაში. თუ ბავშვი ახალ საკვებს კარგად იტანს, ეგუება, შეიძლება სხვა საკვების შეთავაზება.

დასაწყისში ბავშვს ერთკომპონენტიანი მარცვლეული ეძლევა. შემდეგ – ხილი და ბოსტნეული. ხორცი, რომელიც ცილის კარგი წყაროა, მოგვიანებით უნდა მიეცეს, 7 თვის ასაკისთვის. დასაწყისში ჩვილები ხშირად ამბობენ უარს ხორცის მიღებაზე.

საკვებს ბავშვს კოვზით სთავაზობენ, რაც ჩვილს კვების ახალ ტექნიკას აჩვევს. 6-9 თვის ასაკისთვის ჩვილს შეუძლია ხელი ჩაავლოს საკვებს და პირთან მიიტანოს. დამოუკიდებლად საკვების მიღებისას სასურველია მისი გამხნევება. ამავე დროს მცირე ზომის მკვრივი საკვების (მაგალითად, თხილი, უმი სტაფილო, ტკბილეული) მიცემა არ შეიძლება, ვინაიდან ბავშვს შეიძლება სასულეში გადასცდეს.

კომერციულ ბავშვის საკვებთან შედარებით, ოჯახში დამზადებული, დაბლენდერებული საკვები უფრო იაფია და ადეკვატური.

მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილებს ტკბილი საკვები უყვართ, შაქარი მხოლოდ მცირე რაოდენობით უნდა მიეცეთ, ან საერთოდ არა. ბავშვებისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს საბავშვო ტკბილი დესერტი. თაფლის მიცემა პირველი წლის განმავლობაში უნდა აიკრძალოს, რადგან ის შეიძლება Clostridium botulinum-ის სპორებს შეიცავდეს, რომლებიც უსაფრთხოა უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის, ჩვილებში კი ბოტულიზმს იწვევს.