1. ვაქცინაცია
  2. ახალშობილები და ჩვილები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ვაქცინაცია

ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. ვაქცინები მზადდება ან ბაქტერიის, ან ვირუსის არაინფექციური ფრაგმენტებისგან, ან დასუსტებული მიკროორგანიზმთა ფორმებისგან, რომლებიც ვერ გამოიწვევენ დაავადებებს. ვაქცინაციის ჩატარება (როგორც წესი, ინექციის სახით) ასტიმულირებს სხეულის იმუნურ სისტემას, აყალიბებს იმუნიტეტს და ამიტომ ვაქცინების გამოყენებამ აღმოფხვრა ყვავილი და მკვეთრად შეამცირა სხვა ინფექციების, სახელდობრ, პოლიომიელიტისა და წითელას სიხშირე. ეს დაავადებები წარსულში მძიმე ტვირთად აწვა შეერთებული შტატების მოსახლეობას. მიუხედავად ზემოხსენებული წარმატებისა ვაქცინაციის გაგრძელება აუცილებელია, ვინაიდან დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით ჯერ კიდევ გვხვდება შეერთებულ შტატებში და დანარჩენ მსოფლიოშიც. სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებს შორის კონტაქტების გაადვილება დაავადებების გავრცელების წინაპირობაა არავაქცინირებულ ბავშვებს შორის.

არც ერთი ვაქცინა არ არის 100%-ით ეფექტური და 100%-ით უსაფრთხო. ვაქცინირებული ბავშვების მცირე რაოდენობას იმუნიტეტი არ უყალიბდება, ასევე მცირე რაოდენობას აღენიშნება გვერდითი მოვლენები. უხშირესად, გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოა, მაგალითად: ინექციის ადგილზე ტკივილი, გამონაყარი ქავილით ან დაბალი ცხელება. ძალიან იშვიათია უფრო სერიოზული პრობლემები. ვაქცინები მუდმივად უმჯობესდება, იზრდება მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა. უახლესი გაუმჯობესებაა აცელულარული (არაუჯრედული) ყივანახველას ვაქცინა, რომლის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები ბევრად იშვიათია, ვიდრე წინათ ხმარებულ ყივანახველას ვაქცინასთან შედარებით. იგივე ითქმის ინაქტივირებული, საინექციო პოლიომიელიტის ვაქცინის შესახებ, რომელმაც შეცვალა დასალევი პოლიომიელიტის ვაქცინა. ეს უკანასკნელი დამზადებულია ცოცხალი დასუსტებული ვირუსებისგან. მან შესაძლოა პოლიომიელიტი გამოიწვიოს, თუ დასუსტებული ვაქცინის მუტაცია მოხდა. მოხსენიებული უაღრესად იშვიათია – 1 შემთხვევა 2,4 მილიონ ბავშვს შორის. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ალბათობა ძალიან მცირეა, შეერთებულ შტატებში ექიმები მაინც გადავიდნენ საინექციო პოლიომიელიტის ვაქცინაზე. წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაციის შემდეგ 10000 ბავშვიდან ფებრილური გულყრები (ცხელებით გამოწვეული გულყრები) განუვითარდა 3-ს. პრესაში გამოთქმული ეჭვი იმის თაობაზე, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინამ შესაძლოა აუტიზმი გამოიწვიოს, მოკლებულია მეცნიერულ საფუძველს.

ვაქცინაციის რისკების შეფასებაში დასახმარებლად სახელმწიფო მოითხოვს ექიმისგან ბავშვის ყოველი ვაქცინაციის დროს მიაწოდონ მშობლებს ადეკვატური ინფორმაცია. მოქმედებს ვაქცინაციის შემდგომი დაზიანებების საკომპენსაციო სახელმწიფო პროგრამა. მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბავშვის დაცვა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებისგან. როდესაც საუბარია ვაქცინაციის თანმხლებ რისკებზე, მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება მისი გამოყენების რისკებს.

ექიმების უმრავლესობა ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ რეკომენდებული ვაქცინაციის სქემით, რომელიც იწყება B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრით. ვაქცინაციისთვის რეკომენდებული ასაკობრივი კრიტერიუმები ხისტად არ უნდა იქნეს შეფასებული. მაგალითად, 2 თვე შესაძლოა ნიშნავდეს 6-დან 10 კვირამდე ასაკს. მშობლები უნდა ცდილობდნენ ბავშვების აცრას სქემის მიხედვით, მაგრამ მცირე გადაცდენები არ იქონიებს გავლენას იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე, არ ხდის საჭიროდ ვაქცინაციების ხელახლა დაწყებას. ვაქცინაცია არ უნდა გადავდოთ, თუმცა იგი ვერ ჩატარდება თუ ახალშობილს აქვს ცხელება მსუბუქი ინფექციის ფონზე, როგორიცაა ჩვეულებრივი გაციება. ზოგიერთი ვაქცინის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალური გარემოებების გათვალისწინებით.

ექიმთან ვიზიტისას შესაძლოა ჩატარდეს ერთზე მეტი ვაქცინაცია. ზოგიერთი საინექციო ვაქცინა კომბინირებულია, მაგალითად, შეიცავს ყივანახველას, დიფთერიის, ტეტანუსის და Haemophilus influenzae ტიპი b-ს საწინააღმდეგო ვაქცინებს. ვაქცინების კომბინაცია ამცირებს საჭირო ინექციების რაოდენობას, იმავდროულად, არ ამცირებს ვაქცინების უსაფრთხოებას და ეფექტურობას.