სამშობიარო ტრავმა | მკურნალი.გე
  1. სამშობიარო ტრავმა
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სამშობიარო ტრავმა

სამშობიარო ტრავმა არის დაზიანება, რომელიც ვითარდება დაბადების პროცესში, ძირითადად სამშობიარო გზებში მოძრაობის დროს.

  • ბევრ ახალშობილს დაბადებისას მცირედი დაზიანებები აქვს;

  • არცთუ ისე ხშირად გვხვდება ნერვის დაზიანება ან ძვლის მოტეხილობა;

  • დაზიანებების უმეტესობა იკურნება მკურნალობის გარეშე.

რთული მშობიარობა, ნაყოფის დაზიანების რისკით, შეიძლება შეგვხვდეს ვიწრო სამშობიარო არხის არსებობისას ან, როდესაც ნაყოფი დიდია (რაც ხშირად გვხვდება დედის დიაბეტის შემთხვევაში). დაზიანების ალბათობა მაღალია აგრეთვე დაბადებამდე საშვილოსნოში ნაყოფის პათოლოგიური მდებარეობის დროს. საერთო ჯამში, წინა დეკადასთან შედარებით, სამშობიარო ტრავმების სიხშირე ამჟამად უფრო შემცირებულია ექოსკოპიური კვლევებით გაუმჯობესებული პრენატალური შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში საკეისრო კვეთის ჩატარების შესაძლებლობის შედეგად.

თავისა და თავის ტვინის დაზიანება: მშობიარობების უმრავლესობისას თავი პირველი იწყებს სამშობიარო გზების გამოვლას და მშობიარობის დროს უფრო მეტი წნევით განიცდის ზეწოლას. თავის ქალას შეშუპება და დაჟეჟილობა ძალიან ხშირია, მაგრამ არ არის საშიში და რამდენიმე დღეში გაივლის.

სისხლი შესაძლოა დაგროვდეს ერთ-ერთი თავის ქალას ძვლის მსხვილი ფიბროზული საფარვლის (პერიოსტიუმის) ქვეშ. სისხლის დაგროვებას კეფალოჰემატომა ეწოდება. კეფალოჰემატომა რბილია შეხებისას და შესაძლოა დაბადების შემდეგ ზომაში მოიმატოს. კეფალოჰემატომას არ სჭირდება მკურნალობა და კვირების ან თვეების განმავლობაში გაქრება.

შესაძლოა განვითარდეს თავის ქალას ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობა. თავის ქალას მოტეხილობები ძალიან იშვიათია. თუ მოტეხილობა ჩანაჭდევს (ჩაზნექილი მოტეხილობა) არ წარმოქმნის, იგი განიკურნება სწრაფად, მკურნალობის გარეშე.

თავის ტვინიდან სისხლდენა (ინტრაკრანიალური ჰემორაგია) გამოწვეულია თავის ქალას სისხლძარღვის დაზიანებით. თავის ტვინის გარშემო სისხლდენები გამოწვეულია მშობიარობის დროს თავის ქალას ძვლების დეფორმაციით ან ჟანგბადის ნაკლებობით. თავის ტვინის სისხლდენები უფრო ხშირია ღრმა დღენაკლულ ჩვილებში. იგი ჩნდება თავის ტვინის არაადეკვატური სისხლის მიმოქცევით (იშემია) თავის ტვინის ჟანგბადით დაქვეითებული მომარაგების (ჰიპოქსია) გამო.

სისხლდენების უმეტესობა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ სისხლდენამ შესაძლოა მივარდნილობა (ლეთარგია), კვების დაქვეითება ან გულყრები გამოიწვიოს.

სისხლდენა შესაძლოა თავის ქალას სხვადასხვა ადგილას განვითარდეს.

  • სუბარაქნოიდალური ჰემორაგია ჩნდება თავის ტვინის მფარავ ყველაზე შიდა ორ შრეს შორის. ეს არის ინტრაკრანიალური სისხლდენის ყველაზე ხშირი ვარიანტი, რომელიც, როგორც წესი, დროულ ახალშობილებს უვითარდებათ. სუბარაქნოიდალური ჰემორაგიების მქონე ახალშობილებს სიცოცხლის პირველ დღეებში შესაძლოა ჰქონდეთ გულყრები, თუმცა, საბოლოო ჯამში კარგად ხდებიან.

  • სუბდურული ჰემორაგიები, რომლებიც თავის ტვინის მფარავ გარეთა და შიდა შრეებს შორის ვითარდება, მშობიარობის გაუმჯობესებული ტექნიკის შედეგად ამჟამად უფრო იშვიათად გვხვდება. სუბდურულმა ჰემორაგიამ შესაძლოა თავის ტვინის ზედაპირზე წნევის მომატება გამოიწვიოს. სუბდურული ჰემორაგიების მქონე ახალშობილებს შესაძლოა განუვითარდეთ პრობლემები, როგორიცაა გულყრები ან სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე.

  • ინტრავენტრიკულარული ჰემორაგიები გვხვდება თავის ტვინში, სითხის შემცველ ნორმალურ სივრცეებში (პარკუჭები). ინტრაპარენქიმული ჰემორაგიები კი თავის ტვინის ქსოვილში ვითარდება. ინტრავენტრიკულარული და ინტრაპარენქიმული ჰემორაგიები ძირითადად ღრმა დღენაკლულ ახალშობილებს უჩნდებათ და, როგორც წესი, განუვითარებელი თავის ტვინის შედეგი უფრო არის, ვიდრე დაბადების ტრავმა.

ყველა ახალშობილს, რომელსაც ჰემორაგია აქვს, ესაჭიროება დამხმარე ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა გათბობა, სითხეების ვენიდან (ინტრავენურად) მიწოდება და სხვა მკურნალობები, რათა სხეულის ფუნქციები შენარჩუნდეს მანამ, სანამ ისინი გამოჯანმრთელდებიან. სუბდურულ ჰემორაგიას ქირურგიული მკურნალობა ესაჭიროება.

ნერვის დაზიანება: იშვიათად შესაძლოა მოხდეს ნერვის დაზიანება. სახის ნერვზე მაშებით გამოწვეული ზეწოლა, რომლებიც მშობიარობის გართულებისას ან დედის მენჯში ნაყოფის თავით წოლისას გამოიყენება, სახის ერთ-ერთ მხარეზე კუნთის სისუსტეს იწვევს. ეს დაზიანება თვალნათლივია, როდესაც ახალშობილი ტირის და სახე ასიმეტრიული უხდება. იგი არ საჭიროებს მკურნალობას და სისუსტე, როგორც წესი, 2-3 თვის ასაკში გაივლის.

რთული მშობიარობის დროს, როდესაც ახალშობილი დიდია, მხრის ზოგიერთი გრძელი ნერვი შეიძლება დაიჭიმოს და დაზიანდეს. ვითარდება ახალშობილის მხრის ან ხელის სისუსტე ან დამბლა. უნდა მოხდეს მხრის მოძრაობის შეზღუდვა, რათა ნერვი აღდგეს. ძალიან იშვიათად, მხრის სისუსტე რამდენიმე კვირა გრძელდება. ამ შემთხვევაში, შესაძლოა დაზიანებული ნერვის აღსადგენად ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

იშვიათად ზიანდება დიაფრაგმაში გამავალი ნერვი (დიაფრაგმა – კუნთოვანი გარსი, რომელიც გულმკერდის ორგანოებს მუცლის ორგანოებისგან აცალკევებს), რაც იმავე მხარეს დიაფრაგმის დამბლას იწვევს. ამ შემთხვევაში ახალშობილებს შესაძლოა განუვითარდეთ სუნთქვის პრობლემები. ახალშობილის მხრისა და დიაფრაგმის ნერვის დაზიანება, როგორც წესი, სრულად რამდენიმე კვირის განმავლობაში აღდგება.

მშობიარობის დროს გადაჭიმვის გამო ზურგის ტვინის დაზიანება ძალიან იშვიათია. ამ დაზიანებებმა შესაძლოა დაზიანების ადგილის ქვემოთ დამბლა გამოიწვიოს. ზურგის ტვინის დაზიანება ხშირად მუდმივია.

პერინატალური ასფიქსია: პერინატალური ასფიქსია ნიშნავს, რომ ხდებოდა ნაყოფის ან მშობიარობის დროისთვის ახალშობილის დაზიანება. იგი ვითარდება, როდესაც ნაყოფის ან ახალშობილის ქსოვილებს ძალიან მცირე სისხლის ნაკადი მიეწოდება ან სისხლში ჟანგბადის შემცველობა დაბალია. გამომწვევი ძალიან ბევრია და ხანდახან უშუალო მიზეზის იდენტიფიკაცია ვერ ხდება. ძირითადი გამომწვევებია:

  • ნაყოფის პათოლოგიური განვითარება (მაგ., როდესაც გენეტიკური პათოლოგიაა);

  • ნაყოფის ინფექცია;

  • დაბადებამდე წამლის ზემოქმედება ნაყოფზე;

  • ჭიპლარზე ზეწოლა ან ჭიპლარის რომელიმე სისხლძარღვში თრომბის არსებობა;

  • სისხლის უეცარი დაკარგვა.

ასფიქსია შესაძლოა შეგვხვდეს პლაცენტის არაადეკვატური ფუნქციონირებისას და მაშინ, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს ნაყოფის ჟანგბადით მომარაგებას.

მიზეზის მიუხედავად, დაზიანებული ახალშობილი ფერმკრთალია და უსიცოცხლო, სუნთქავს სუსტად ან საერთოდ არ სუნთქავს, აქვს ძალიან დაბალი გულისცემის სიხშირე. თუ ასფიქსია გამოწვეულია სისხლის სწრაფი კარგვით, ახალშობილს უვითარდება შოკი. დაუყოვნებლივ ინტრავენურად უნდა მიეწოდოს სითხე და გადაესხას სისხლი. საჭიროებისამებრ, გაეწევათ დახმარება სუნთქვისა და სისხლის ცირკულაციისთვის. ახალშობილებისთვის აუცილებელია სითბოს შენარჩუნება და სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი.

ასფიქსიის მქონე ბავშვებს შესაძლოა აღმოაჩნდეთ ერთი ან მეტი ორგანოს დაზიანების ნიშნები. შესაძლოა დაირღვეს თავის ტვინის ფუნქცია და ახალშობილს განუვითარდეს ლეთარგია, კრუნჩხვები ან კომაც კი. თირკმლის ფუნქცია და შარდის გამოყოფა შეიძლება დაირღვეს ჟანგბადის ნაკლებობის გამო, მაგრამ აღდგება. აგრეთვე შესაძლებელია განვითარდეს ფილტვისა და სუნთქვის პრობლემები.

ვინც ამ პრობლემებს გადალახავს, უმეტესობა სრულიად გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგიერთს შესაძლოა ნევროლოგიური დარღვევის ნიშნები მუდმივად დარჩეს, ადვილად შეთვისების პრობლემებიდან დაწყებული, დაგვიანებული განვითარებისა და ცერებრალური დამბლის ჩათვლით. მძიმე ასფიქსიის მქონე ზოგიერთი ჩვილის გადარჩენა ვერ ხერხდება. თუ შესაძლებელია, უნდა მოხდეს პერინატალური ასფიქსიის აღმოჩენა და შესაბამისად მკურნალობა. მაგალითად, სისხლის ინფექციების სამკურნალოდ ეძლევათ ანტიბიოტიკები და სისხლის დაკარგვის შემთხვევაში გადასხმები უტარდებათ. როგორც ბოლო პერიოდში აღმოჩნდა, დროული ახალშობილის თავის ტემპერატურის დაწევა დაბადებიდან რამდენიმე საათში, თავის ტვინს დაზიანებისგან იცავს და ნევროლოგიურ დარღვევებს ამცირებს.

ძვლის დაზიანება: რთული მშობიარობის დროს იშვიათად შეიძლება ძვლების მოტეხილობა (ფრაქტურები) განვითარდეს. ლავიწის (კლავიკულა) ფრაქტურა ყველაზე ხშირია. რთული მშობიარობის დროს მხრის ძვლის (ჰუმერუს) ან ბარძაყის ძვლის (ფემურ) მოტეხილობაც შესაძლოა შეგვხვდეს. თუმცა, მხრისა და ფეხის მოტეხილობა იშვიათია. ახალშობილებში, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა მოხდეს მოტეხილი ძვლის მოძრაობის შეზღუდვა თაბაშირით ან სახვევით. მოტეხილობები ახალშობილთა ასაკში ყოველთვის სრულად და სწრაფად იკურნება.

კანისა და რბილი ქსოვილის დაზიანება: ახალშობილის კანი მშობიარობის შემდგომ შესაძლოა მცირედ დაზიანდეს, განსაკუთრებით ის ადგილები, რომელზეც ჭინთვების დროს ზეწოლა ხდება ან დაბადებისას სამშობიარო გზების პირველი გამოვლისას. შეშუპება და დაბეჟილობა შესაძლოა შეგვხვდეს თვალბუდის გარშემო და სახეზე, როცა ნაყოფი თავით მოდის და სათესლე პარკსა ან სასირცხვო ბაგეზე მენჯით წინმდებარეობით მშობიარობისას. როგორც წესი, მკურნალობას არ საჭიროებს.