ვადაგადაცილება | მკურნალი.გე
  1. ვადაგადაცილება
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ვადაგადაცილება

ვადაგადაცილებული ახალშობილი იბადება ჩასახვიდან 42 კვირის შემდეგ.

  • ორსულობის დროული ვადის დასრულებისას პლაცენტის ფუნქცია ქვეითდება, ნაყოფს ნაკლებ საკვებ ნივთიერებასა და ჟანგბადს აწვდის;

  • ვადაგადაცილებულ ახალშობილს აქვს მშრალი, აქერცლილი, მოშვებული კანი და შესაძლოა გამომჭკნარ-დანაოჭებულად მოგვეჩვენოს, რადგან საკმარისი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს ვერ იღებს;

  • ზოგიერთ ვადაგადაცილებულ ახალშობილს ესაჭიროება რეანიმაცია, მაგრამ მკურნალობის ძირითადი კურსი მაინც კარგი საკვები ნივთიერებები და ზოგადი მზრუნველობის უზრუნველყოფაა.

ვადაგადაცილებული მშობიარობა უფრო იშვიათია, ვიდრე ნაადრევი მშობიარობა. რატომ ხდება ორსულობის ვადის გადაცილება, როგორც წესი, უცნობია.

პლაცენტის (ორგანო, რომელიც აკავშირებს ნაყოფს საშვილოსნოსთან და ახორციელებს ნაყოფის კვებას) დაქვეითებული ფუნქცია ნაყოფისთვის ვადაგადაცილების ყველაზე დიდი რისკია. დროული ორსულობის პერიოდის დამთავრებისას პლაცენტა პატარავდება და ნაყოფს ნაკლები ეფექტურობით აწვდის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს. კომპენსაციის მიზნით, ნაყოფი ენერგიისთვის საკუთარი ცხიმისა და ნახშირწყლების (შაქრის) გამოყენებას იწყებს. შედეგად მისი ზრდა ფერხდება და იშვიათად შესაძლოა წონაში დაიკლოს. ვადაგადაცილებული ახალშობილები მიდრეკილნი არიან დაბადებიდანვე სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის განვითარებისკენ (ჰიპოგლიკემია), რადგან მათ ცხიმისა და ნახშირწყლების მარაგი დახარჯული აქვთ. თუ პლაცენტა პატარავდება, მან შესაძლოა ნაყოფი ადეკვატური რაოდენობის ჟანგბადით ვერ მოამარაგოს, განსაკუთრებით მშობიარობის დროს. ჟანგბადის ადეკვატური რაოდენობის ნაკლებობა კი ნაყოფის დისტრესს და, რთულ შემთხვევებში, თავის ტვინისა და სხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. ნაყოფის დისტრესმა შესაძლოა ამნიონურ სითხეში ნაყოფის დეფეკაცია (მეკონიუმი) წარმოქმნას. ასევე, შესაძლოა ნაყოფს რეფლექსურად დაჰყვეს ღრმა, მძიმე სუნთქვა, რაც გამოწვეულია დაბადებამდე დისტრესის არსებობით და ამის გამო მეკონიუმის შემცველი ამნიონური სითხის ფილტვებში ინჰალაციით. ამის შედეგად ახალშობილებს შესაძლოა დაბადებიდან სუნთქვის გაძნელება ჰქონდეთ (მეკონიუმის ასპირაციის სინდრომი).

სიმპტომები

ვადაგადაცილებულ ახალშობილებს აქვთ მშრალი, აქერცლილი, მოშვებული კანი და შესაძლოა მოგვეჩვენოს გამომჭკნარ-დანაოჭებულად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პლაცენტის ფუნქცია ძლიერაა დაქვეითებული. ხელისა და ფეხის ფრჩხილები გრძელი აქვთ. ჭიპლარი და ფრჩხილები, ამნიონურ სითხეში მეკონიუმის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა მწვანედ იყოს შეღებილი.

მკურნალობა

ვადაგადაცილებულ ჩვილებს, რომლებსაც ჟანგბადის დაბალი დონე და ფეტალური დისტრესი აღენიშნებათ, შესაძლოა დაბადებისას რეანიმაციული ჩარევა დასჭირდეთ. თუ ამნიონურ სითხეში არის მეკონიუმი და ახალშობილი ლეთარგიულია, სასულეში (ტრაქეაში) იდგმება მილი, რათა სასუნთქი გზებიდან, რამდენადაც შესაძლებელია, მეტი მეკონიუმის ამოქაჩვა მოხდეს. ფილტვებში მეკონიუმის შესუნთქვის შემთხვევაში შესაძლოა ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება დაგვჭირდეს. ვენიდან (ინტრავენურად) გადაისხმება შაქრის (გლუკოზის) ხსნარები ან ხშირად – ძუძუს რძე ან ფორმულა, რათა ჰიპოგლიკემიის პრევენცია მოხდეს.

თუ ეს პრობლემები არ ვითარდება, მაშინ მთავარი მიზანია კარგი კვება, რათა ვადაგადაცილებული ახალშობილები მათთვის შესაბამის წონას დაეწიონ.