ახალშობილი, მიუხედავად იმისა, დაიბადა დღენაკლული, დროული თუ ვადაგადაცილებული, რომლის წონა მეტია დაბადებისას იმავე გესტაციური ასაკის ახალშობილების 90%-ზე (90 პერცენტილზე მეტი), მიჩნეულია გესტაციის ასაკისთვის დიდი ზომის ახალშობილად.
დედის დიაბეტი გესტაციის ასაკისთვის დიდი ზომის ახალშობილის ყველაზე ხშირი მიზეზია. მსუქანი ქალები ან რომელთაც წინა მშობიარობის დროსაც დიდი ზომის ჩვილი ჰყავდათ, ასევე იმყოფებიან გესტაციის ასაკისთვის დიდი ზომის ახალშობილის ყოლის რისკის ქვეშ. ზოგიერთი ახალშობილი დიდი ზომისაა გენეტიკური ფაქტორების გამო, როგორიცაა იშვიათი სინდრომების არსებობა (მაგ., ბექვით-ვიდემანის სინდრომი ან სოტოსის სინდრომი).
ნაყოფის ჭარბი ზრდის მიზეზი სხვადასხვაა, მაგრამ უპირატესად საკვები ნივთიერებების სიჭარბის შედეგია. დიაბეტით დაავადებული ორსული ქალის ორგანიზმში დიდი რაოდენობით შაქარი (გლუკოზა) გაივლის პლაცენტას (ორგანო, რომელიც აკავშირებს ნაყოფს საშვილოსნოსთან და უზრუნველყოფს ნაყოფის კვებას) და ნაყოფის სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს იწვევს, რის გამოც ნაყოფის პანკრეასი ინსულინს ჭარბი რაოდენობით გამოყოფს, შედეგად ნაყოფი აჩქარებულად იზრდება, ყველა ორგანოს ჩათვლით, გარდა ტვინისა, რომელიც ნორმალურად ვითარდება.
სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გართულებები განვითარდება. ძირითადი გართულებებია:
დიაბეტიანი დედების ჩვილებს, სხვა ახალშობილებთან შედარებით, უფრო მეტი სიხშირით უვითარდებათ სხვა სამშობიარო ტრავმები. დიაბეტით დაავადებული დედის გესტაციის ასაკისთვის დიდი ზომის ახალშობილი შესაძლოა მნიშვნელოვნად ჭარბი წონის დარჩეს მთელი ბავშვობა და მოზრდილობის ასაკშიც, რაც, მათი გენეტიკური მახასიათებლის მიხედვით, ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.
ახალშობილებს ჰიპოგლიკემიის მკურნალობისთვის ხშირად სჭირდებათ გლუკოზის ინტრავენურად მიწოდება, ხოლო ხშირი კვება – პირის ღრუდან ან კუჭის მილით. რესპირატორული დისტრეს სინდრომის მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს ცხვირის კანულიდან დამატებით ჟანგბადის მიწოდებას ან ინტენსიურ ჩარევას, როგორიცაა სუნთქვითი დახმარება სასუნთქი აპარატის მეშვეობით. სხვა გართულებებმა შესაძლოა სიყვითლის გასანეიტრალებლად ფოტოთერაპია მოითხოვოს.