1. გესტაციის ასაკისთვის დიდი ზომის ახალშობილი
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
გესტაციის ასაკისთვის დიდი ზომის ახალშობილი

ახალშობილი, მიუხედავად იმისა, დაიბადა დღენაკლული, დროული თუ ვადაგადაცილებული, რომლის წონა მეტია დაბადებისას იმავე გესტაციური ასაკის ახალშობილების 90%-ზე (90 პერცენტილზე მეტი), მიჩნეულია გესტაციის ასაკისთვის დიდი ზომის ახალშობილად.

  • ახალშობილი შესაძლოა იყოს დიდი ზომის, რადგან მშობლები არიან ზორბა აღნაგობის ან დედას აქვს დიაბეტი;

  • დიაბეტით დაავადებული დედის დიდი ზომის ახალშობილი სავარაუდოდ, მოზრდილ ასაკშიც ჭარბწონიანი იქნება;

  • ხანდახან საჭირო ხდება საკეისრო კვეთა.

დედის დიაბეტი გესტაციის ასაკისთვის დიდი ზომის ახალშობილის ყველაზე ხშირი მიზეზია. მსუქანი ქალები ან რომელთაც წინა მშობიარობის დროსაც დიდი ზომის ჩვილი ჰყავდათ, ასევე იმყოფებიან გესტაციის ასაკისთვის დიდი ზომის ახალშობილის ყოლის რისკის ქვეშ. ზოგიერთი ახალშობილი დიდი ზომისაა გენეტიკური ფაქტორების გამო, როგორიცაა იშვიათი სინდრომების არსებობა (მაგ., ბექვით-ვიდემანის სინდრომი ან სოტოსის სინდრომი).

ნაყოფის ჭარბი ზრდის მიზეზი სხვადასხვაა, მაგრამ უპირატესად საკვები ნივთიერებების სიჭარბის შედეგია. დიაბეტით დაავადებული ორსული ქალის ორგანიზმში დიდი რაოდენობით შაქარი (გლუკოზა) გაივლის პლაცენტას (ორგანო, რომელიც აკავშირებს ნაყოფს საშვილოსნოსთან და უზრუნველყოფს ნაყოფის კვებას) და ნაყოფის სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს იწვევს, რის გამოც ნაყოფის პანკრეასი ინსულინს ჭარბი რაოდენობით გამოყოფს, შედეგად ნაყოფი აჩქარებულად იზრდება, ყველა ორგანოს ჩათვლით, გარდა ტვინისა, რომელიც ნორმალურად ვითარდება.

სიმპტომები და გართულებები

სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გართულებები განვითარდება. ძირითადი გართულებებია:

  • სისხლის წითელი უჯრედების სიჭარბე (პოლიციტემია): გესტაციის ასაკისთვის დიდი ზომის ახალშობილებს შესაძლოა ჰქონდეთ წითელი შეფერილობა, რადგან სისხლის წითელი უჯრედი ბევრად მეტია. სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი დაშლის შედეგად წარმოიქმნება ბილირუბინი, რომელიც ცუდი კვების დროს სიყვითლეს იწვევს.

  • სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია): დიაბეტით დაავადებული დედების ახალშობილებს პლაცენტიდან გლუკოზის ჭარბი მიწოდება დაბადებიდანვე უეცრად უწყდებათ, როდესაც ჭიპლარი გადაიჭრება და ახალშობილის პანკრეასი კვლავ აგრძელებს ინსულინის სწრაფ წარმოქმნას, რაც სისხლში შაქრის დაბალ დონეს (ჰიპოგლიკემია) იწვევს. ხშირად ჰიპოგლიკემიისას სიმპტომები არ ვლინდება. ხანდახან ახალშობილები არიან მოდუნებულები, მოუქნელნი და აგზნებულნი. მათი დიდი ზომის მიუხედავად, დიაბეტით დაავადებული დედის ახალშობილებს ხშირ შემთხვევაში პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში საკვების ნორმალურად მიღება უჭირთ.

  • ფილტვების პრობლემები: ახალშობილების ფილტვების განვითარება შეფერხებულია, თუ დედები დიაბეტიანები არიან. და თუ ისინი საკეისრო კვეთით იბადებიან, ფილტვების პრობლემების განვითარების რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან. ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებს ხშირად აქვთ განუვითარებელი ფილტვები და აღენიშნებათ რესპირატორული დისტრესის სინდრომი, მაშინაც კი, როდესაც ვადაზე მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე იბადებიან.

  • სამშობიარო ტრავმის განვითარების მომატებული რისკი: გესტაციის ასაკისთვის დიდი ზომის ახალშობილები იმყოფებიან სამშობიარო ტრავმების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, როგორიცაა ბეჭის ნერვის დაჭიმულობა (მხრის წნულის დაზიანება) და ლავიწის (კლავიკულა) მოტეხილობა. ვაგინალური მშობიარობა, განსაკუთრებით მაშების დახმარებით, შესაძლოა ძალზე რთული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაყოფის თავი დედის მენჯის ზომებთან შედარებით დიდია, რაც სამშობიარო ტრავმების რისკს ზრდის. ასეთი ნაყოფი საკეისრო კვეთით უნდა დაიბადოს.

დიაბეტიანი დედების ჩვილებს, სხვა ახალშობილებთან შედარებით, უფრო მეტი სიხშირით უვითარდებათ სხვა სამშობიარო ტრავმები. დიაბეტით დაავადებული დედის გესტაციის ასაკისთვის დიდი ზომის ახალშობილი შესაძლოა მნიშვნელოვნად ჭარბი წონის დარჩეს მთელი ბავშვობა და მოზრდილობის ასაკშიც, რაც, მათი გენეტიკური მახასიათებლის მიხედვით, ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.

მკურნალობა

ახალშობილებს ჰიპოგლიკემიის მკურნალობისთვის ხშირად სჭირდებათ გლუკოზის ინტრავენურად მიწოდება, ხოლო ხშირი კვება – პირის ღრუდან ან კუჭის მილით. რესპირატორული დისტრეს სინდრომის მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს ცხვირის კანულიდან დამატებით ჟანგბადის მიწოდებას ან ინტენსიურ ჩარევას, როგორიცაა სუნთქვითი დახმარება სასუნთქი აპარატის მეშვეობით. სხვა გართულებებმა შესაძლოა სიყვითლის გასანეიტრალებლად ფოტოთერაპია მოითხოვოს.