რესპირატორული დისტრეს სინდრომი | მკურნალი.გე
  1. რესპირატორული დისტრეს სინდრომი
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
რესპირატორული დისტრეს სინდრომი

რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ჰიალინური მემბრანის დაავადება) არის დღენაკლულ ახალშობილებში სუნთქვის დარღვევა, როდესაც ახალშობილის ფილტვებში ჰაერის ბუშტუკები (ალვეოლები) არ რჩებიან ღია, რადგან არ არის ან არასრულფასოვანია იმ ნივთიერების წარმოქმნა, რომელიც ამოფენს ალვეოლას (სურფანქტანტი).

  • რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების რისკფაქტორია სურფანქტანტის მცირე რაოდენობა ან საერთოდ არარსებობა, რაც დიაბეტით დაავადებული დედების დღენაკლულ ახალშობილებსა და ჩვილებს შეიძლება აღმოაჩნდეთ;

  • დაავადებულ ჩვილებს აღენიშნებათ სუნთქვის მწვავე სიძნელე და შესაძლოა ლურჯი ფერი დაჰკრავდეთ, რადგან ჟანგბადი სისხლით არ მიეწოდებათ;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე, სისხლში ჟანგბადის დონესა და გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევის შედეგებზე;

  • მკურნალობის გარეშე სინდრომმა შესაძლოა თავის ტვინის დაზიანება ან სიკვდილი გამოიწვიოს;

  • თუ ნაყოფი ვადაზე ადრე დაიბადება და სავარაუდოდ, მშობიარობამდე საკმარისი სურფანქტანტი არ ექნება, დედას შესაძლოა დაენიშნოს კორტიკოსტეროიდების ინექცია, რათა ნაყოფის სურფანქტანტის პროდუქტირება დაჩქარდეს;

  • საჭიროებისამებრ, მიეწოდებათ ჟანგბადი და უტარდებათ ხელოვნური სუნთქვა;

  • სურფანქტანტის ტრაქეის გავლით მიწოდებით, შესაძლოა ახალშობილი მომარაგდეს იმ სურფანქტანტით, რაც აკლია.

ახალშობილების სუნთქვის გასამარტივებლად ფილტვებში ჰაერის ბუშტუკები (ალვეოლები) უნდა რჩებოდნენ ღიად და ივსებოდნენ ჰაერით. ნორმაში ფილტვები წარმოქმნიან ნივთიერებას, რომელსაც სურფანქტანტი ეწოდება. სურფანქტანტი ამოფენს ჰაერის ბუშტუკების ზედაპირს, სადაც იგი აქვეითებს ზედაპირის დაჭიმულობას და ჰაერის ბუშტუკებს აძლევს საშუალებას, რესპირატორული ციკლის განმავლობაში ღია მდგომარეობაში დარჩნენ. როგორც წესი, სურფანქტანტის წარმოქმნა ორსულობის 32 კვირის შემდეგ იწყება. რაც უფრო დღენაკლულია ახალშობილი, მით უფრო ნაკლები სურფანქტანტია ხელმისაწვდომი და მეტად სავარაუდოა, რომ რესპირატორული დისტრეს სინდრომი განვითარდეს. რესპირატორული დისტრეს სინდრომი თითქმის ყველა დღენაკლულ ახალშობილს აღენიშნება, უფრო ხშირია იმ ახალშობილებში, რომელთაც დიაბეტით დაავადებული დედა ჰყავთ. სინდრომი იშვიათად მემკვიდრეობითაც გადაეცემა.

სიმპტომები და დიაგნოზი

დაავადებული ახალშობილების ფილტვი მკვრივია და ჰაერის ბუშტუკები მარტივად განიცდიან სრულ კოლაფსს, ფილტვს ჰაერისგან აცარიელებენ. ზოგიერთი ღრმა დღენაკლული ახალშობილის ფილტვი შესაძლოა იმდენად მკვრივი იყოს, რომ ჩვილმა დაბადებისას სუნთქვა ვერ შეძლოს. უფრო ხშირად ახალშობილები ცდილობენ ისუნთქონ, მაგრამ თუ ფილტვი მკვრივია, მწვავე რესპირატორული დისტრესი ვითარდება. რესპირატორული დისტრესი მანიფესტირდება აშკარა ქოშინით, რაც მოიცავს ნეკნების ქვემოთ გულმკერდის რეტრაქციებს, ნესტოების ბერვას, გრუნტინგს ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს. რადგან ფილტვის უმეტესი ნაწილი უჰაეროდაა, ახალშობილებს სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობა აქვთ, რაც კანის მოლურჯო შეფერილობას (ციანოზი) იწვევს. საათების განმავლობაში რესპირატორული დისტრეს სინდრომი უფრო მძიმდება, რადგან სუნთქვაში მონაწილე კუნთები დუნდება, ფილტვში სურფანქტანტის მცირე რაოდენობა იხარჯება და ჩაფუშული ჰაერის ბუშტუკების რაოდენობა იზრდება. საბოლოოდ, მკურნალობის გარეშე ახალშობილებს, ჟანგბადის ნაკლებობის გამო, შესაძლოა დაუზიანდეთ თავის ტვინი და სხვა ორგანოები ან შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.

რესპირატორული დისტრეს სინდრომის დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე, სისხლში ჟანგბადის დონესა და გულმკერდის რენტგენის პათოლოგიურ შედეგზე.

პრევენცია და მკურნალობა

რესპირატორული დისტრეს სინდრომის რისკი ძალზე მცირდება, თუ მშობიარობა გადაიდება მანამ, სანამ ნაყოფის ფილტვი საკმარისი რაოდენობით სურფანქტანტს გამოიმუშავებს. როდესაც ვერ ხდება ნაადრევი მშობიარობისგან თავის არიდება, მეანებმა შესაძლოა დედას კორტიკოსტეროიდის (ბეტამეტაზონის) ინექცია გაუკეთონ. კორტიკოსტეროიდები შეაღწევენ ნაყოფში და დააჩქარებენ სურფანქტანტის პროდუქტირებას. ინექციიდან 48 საათში ნაყოფის ფილტვები იმ დონემდე მწიფდება, რომ რესპირატორული დისტრეს სინდრომი შესაძლოა ნაკლებად განვითარდეს ან თუ განვითარდება, შედარებით მსუბუქი სიმძიმის იყოს.

მშობიარობის შემდგომ, მსუბუქი რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე ახალშობილები მხოლოდ დამატებითი ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებენ. ჟანგბადი ეძლევათ კანულებით, რომლებიც მოთავსებულია ახალშობილის ნესტოებში ან პატარა პლასტმასის სახურავით (ჟანგბადის სახურავი), რომელიც სავსეა ჟანგბადით და მაგრდება თავის მიდამოში. მძიმე რესპირატორული დისტრესის მქონე ახალშობილები ხანგრძლივად საჭიროებენ დადებითი სასუნთქი წნევით (CPAP) ჟანგბადის მიწოდებას – ეს არის ტექნიკა, რომელიც ახალშობილს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად ისუნთქოს ჟანგბადი ან ჰაერი მცირე წნევით, ორივე ნესტოზე მოთავსებული კანულით. მძიმე რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე ახალშობილებისთვის შესაძლოა დაგვჭირდეს მილის (ენდოტრაქეალური მილის) ჩაყენება ტრაქეაში (ინტუბაცია) და ახალშობილის სუნთქვის მექანიკური ვენტილაციური მხარდაჭერა.

სურფანქტანტის პრეპარატის გამოყენება შესაძლოა სიცოცხლის შემანარჩუნებელი გამოდგეს და შეამციროს ისეთი გართულებები, როგორიცაა ფილტვის რუპტურა (პნევოთორაქსი). სურფანქტანტის პრეპარატი მოქმედებს იმავე მექანიზმით, როგორითაც ნატურალური სურფანქტანტი. იგი შესაძლოა ახალშობილს ენდოტრაქეალური მილით დაბადებისთანავე, სამშობიარო ბლოკში მივაწოდოთ, რათა რესპირატორული დისტრეს სინდრომის პრევენციას სიმპტომების განვითარებამდე შევეცადოთ ან დღენაკლული ახალშობილების დაბადებიდან რამდენიმე საათში, თუ ამ დარღვევის სიმპტომები უკვე აქვთ.

სურფანქტანტით მკურნალობა პირველ დღეებში შესაძლოა რამდენიმეჯერ გავიმეოროთ მანამ, სანამ რესპირატორული დისტრეს სინდრომი არ გაქრება.