ტრანზიტორული ტაქიპნოე | მკურნალი.გე
  1. ტრანზიტორული ტაქიპნოე
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ტრანზიტორული ტაქიპნოე

ახალშობილის ტრანზიტორული ტაქიპნოე (ახალშობილის სწრაფი სუნთქვა, ნეონატალური სველი ფილტვის სინდრომი) არის დაბადების შემდგომ ფილტვში ჭარბი სითხის არსებობის შედეგი. ვითარდება სუნთქვის დროებითი გაძნელება და სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობა.

  • ეს დარღვევა შესაძლოა განვითარდეს დაგეგმილი საკეისრო კვეთის შემდეგ, რომელიც ახალშობილის ვადაზე რამდენიმე კვირით ადრე დაბადების შემთხვევაში ჩატარდა;

  • დაავადებული ახალშობილები სუნთქავენ სწრაფად და სტერტოროზული ამოსუნთქვით, სისხლში არასაკმარისი რაოდენობის ჟანგბადის გამო იღებენ მოლურჯო ელფერს;

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებსა და გულმკერდის რენტგენოგრაფიულ კვლევას;

  • თითქმის ყველა დაავადებული ახალშობილი 2-3 დღეში სრულად გამოჯანმრთელდება;

  • ყველაზე მძიმედ დაავადებულ ახალშობილებს ესაჭიროებათ ჟანგბადის მიწოდება და სუნთქვაში დახმარება.

ეს დარღვევა ძირითადად იმ ახალშობილებს აღენიშნებათ, რომლებიც ვადაზე რამდენიმე კვირით ადრე ან დროულად იბადებიან. უფრო ხშირია საკეისრო კვეთით მშობიარობის შემდგომ, განსაკუთრებით იმ დედების შემთხვევაში, რომელთაც საკეისრო კვეთამდე ჭინთვები არ ჰქონიათ.

დაბადებამდე ფილტვის ჰაერის ბუშტუკები (ალვეოლები) სითხითაა სავსე. დაბადებისთანავე ფილტვებიდან სითხე უნდა გამოიდევნოს ისე, რომ ბუშტუკები ჰაერით შეივსოს და ახალშობილმა ნორმალურად სუნთქვა შეძლოს. ვაგინალური მშობიარობისას სითხის ნაწილი ფილტვებიდან გულმკერდზე წარმოქმნილი წნევის მეშვეობით გამოდის. სითხის უმეტესობა სწრაფად შეიწოვება პირდაპირ ჰაერის ბუშტუკების ამომფენი უჯრედების მიერ. ჭინთვების დროს გამოყოფილი ჰორმონების მეშვეობით ჰაერის ბუშტუკები სითხის შეწოვას იწყებენ. თუ სითხის შეწოვა სწრაფად არ მოხდება, ჰაერის ბუშტუკები განაგრძობენ სითხით ნაწილობრივად შევსებას და ახალშობილს სუნთქვის სიძნელე უვითარდება.

ტრანზიტორული ტაქიპნოების მქონე ახალშობილებს აღენიშნებათ რესპირატორული დისტრესი სწრაფი სუნთქვით, ჩასუნთქვისას გულმკერდის კედლის ჩაზნექვით და ამოსუნთქვისას სტერტოროზული სუნთქვით. სისხლში ჟანგბადის შემცველობის შემცირების შემთხვევაში მათ შესაძლოა კანის მოლურჯო შეფერილობა (ციანოზი) განუვითარდეთ.

ტრანზიტორული ტაქიპნოეს მქონე ახალშობილების უმეტესობა სრულად 2-3 დღეში გამოჯანმრთელდება. ძირითადად საჭიროა ჟანგბადით მკურნალობა. იშვიათად, ზოგიერთ ახალშობილს შესაძლოა დასჭირდეს ხანგრძლივი დადებითი საჰაერო წნევის (CPAP) – ტექნიკა, რომელიც საშუალებას მისცემს, ისუნთქოს დამოუკიდებლად, ჟანგბადის მცირე წნევით მიწოდებისას, ან ცხვირის ნესტოებზე კანულით მიწოდებული ჟანგბადით, ან ხელოვნური სუნთქვის აპარატის დახმარებით.