პერსისტირებული პულმონალური ჰიპერტენზია | მკურნალი.გე
  1. პერსისტირებული პულმონალური ჰიპერტენზია
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
პერსისტირებული პულმონალური ჰიპერტენზია

პერსისტირებული პულმონალური ჰიპერტენზია არის სერიოზული დარღვევა, რომლის დროსაც მშობიარობის შემდეგ ფილტვისკენ მიმავალი არტერიები შევიწროებულ მდგომარეობაში რჩებიან, რაც ფილტვებისკენ სისხლის მოცულობის ნაკადის შემცირებას და შედეგად სისხლში ჟანგბადის დაქვეითებას იწვევს.

  • ეს დარღვევა დროულ ან ვადაგადაცილებულ ახალშობილებს უვითარდებათ მძიმე რესპირატორული დისტრესით ან დედის მიერ მშობიარობამდე გარკვეული წამლების მიღებით;

  • სუნთქვა აჩქარებულია, კანი კი მოლურჯო შეფერილობის;

  • დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრამით;

  • მკურნალობა მოიცავს ფილტვისკენ მიმავალი არტერიების გახსნას (დილატაციას) ჟანგბადის მიწოდებით, ხშირად – ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენებას ახალშობილის სუნთქვის გასაადვილებლად;

  • ფილტვებში არტერიების დილატაციას რომ დავეხმაროთ, ხანდახან საჭიროა აირში, რომლითაც ახალშობილი სუნთქავს, აზოტის ოქსიდის დამატება;

  • ზოგჯერ გამოიყენება ექსტრაკორპორალური მემბრანოზული ოქსიგენაცია.

ჩვეულებრივ, ფილტვისკენ მიმავალი სისხლძარღვები ფეტალურ პერიოდში მცირედ შევიწროებულია. ფილტვები დაბადებამდე არ საჭიროებენ სისხლის დიდ ნაკადს, რადგან ნახშირორჟანგს პლაცენტა უფრო მეტად გამოყოფს, ვიდრე ფილტვი და ახორციელებს ჟანგბადის ნაყოფამდე ტრანსპორტირებას. დაბადებისთანავე ჭიპლარი გადაიჭრება და ახალშობილის ფილტვები სისხლის ჟანგბადით მომარაგებას და ნახშირორჟანგის გამოყოფას იწყებენ. ამ პროცესის მიღწევისთვის საჭიროა ჰაერის ბუშტუკების (ალვეოლების) სითხის ნაცვლად ჰაერით შევსება და პულმონალური არტერიების, რომლებსაც სისხლი ფილტვებამდე მიაქვთ, იმდენად გაფართოება (დილატაცია), რომ ფილტვებში სისხლის საჭირო რაოდენობის მიწოდება მოხდეს.

მშობიარობისას მძიმე სტრესის, რესპირატორული დისტრესის პასუხად ან დედის მიერ მშობიარობამდე გარკვეული წამლების (როგორიცაა ასპირინის მაღალი დოზა) მიღების შედეგად, შესაძლოა ფილტვისკენ მიმავალი სისხლძარღვების გაფართოება არ მოხდეს, როგორც ეს ნორმაში უნდა ყოფილიყო. შედეგად, პულმონალურ არტერიებში სისხლის წნევა ძალიან მაღალია (პულმონალური ჰიპერტენზია) და ფილტვებისკენ მიმავალი სისხლის ნაკადი არასაკმარისია. სწორედ ამის გამო სისხლს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება.

მიზეზები

პერსისტირებული პულმონალური ჰიპერტენზია უფრო ხშირად უვითარდებათ დროულ ან ვადაგადაცილებულ ახალშობილებს და მათ, რომელთა დედებიც ორსულობისას დიდი დოზით ასპირინს ან ინდომეტაცინს იღებდნენ. ბევრი ახალშობილის დასნეულება რესპირატორული დისტრესით, რომელიც პერსისტირებულ პულმონალურ ჰიპერტენზიას იწვევს, ფილტვის სხვა დაავადების შედეგია, როგორიცაა, მაგ. მეკონიუმის ასპირაციის სინდრომი, პნევმოთორაქსი ან პნევმონია, მაგრამ პერსისტირებული პულმონალური ჰიპერტენზია შესაძლოა იმ ახალშობილებსაც განუვითარდეთ, რომელთაც ფილტვის სხვა დაავადება არ აქვთ.

სიმპტომები და დიაგნოზი

ხანდახან პერსისტირებული პულმონალური ჰიპერტენზია დაბადებისთანავე ფიქსირდება. სხვა დროს იგი პირველი ან მეორე დღის განმავლობაში ვითარდება. სუნთქვა, როგორც წესი, გახშირებულია და შესაძლოა ძლიერი რესპირატორული დისტრესიც აღმოჩნდეს, თუ ახალშობილს ფონური ფილტვის დაავადება აქვს. კანი, სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის გამო შესაძლოა მოლურჯო შეფერილობის (ციანოზი) იყოს. ხანდახან დაბალი წნევა (ჰიპოტენზია) იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა პულსის სისუსტე და სიფერმკრთალე, კანის მორუხო ელფერი.

ექიმებმა შესაძლოა ივარაუდონ პულმონალური ჰიპერტენზიის არსებობა, თუ დედა ორსულობისას ხანგრძლივი პერიოდით ასპირინის ან ინდომეტაცინის მაღალ დოზებს იღებდა ან მძიმე მშობიარობა ჰქონდა ან თუ ახალშობილს მძიმე რესპირატორული დისტრესი განუვითარდა და სისხლში ჟანგბადის დონე ნაკლებია. თუ ფილტვის ფონური დაავადება გამოირიცხა, დასაწყისში გულმკერდის რენტგენოგრამა საკმარისია. ზუსტი დიაგნოსტირებისთვის კი საჭიროა ექოკარდიოგრამა, რათა პულმონალურ არტერიებში წნევა შეფასდეს.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს ახალშობილების 100%-ით ჟანგბადიან გარემოში მოთავსებას. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა დაგვჭირდეს ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომელიც ჟანგბადს 100%-ით მიაწვდის. სისხლში ჟანგბადის მაღალი პროცენტულობა ფილტვისკენ მიმავალი არტერიების ღიად შენარჩუნებას ეხმარება.

ძალიან მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ჟანგბადისთვის, რომელსაც ახალშობილი სუნთქავს, მცირე კონცენტრაციის აზოტის ოქსიდის დამატება. შესუნთქული აზოტის ოქსიდი ახალშობილის ფილტვში არტერიებს ხსნის და პულმონალურ ჰიპერტენზიას ამცირებს. მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება შესაძლოა რამდენიმე დღე დაგვჭირდეს. იშვიათად, თუ მკურნალობის ვერც ერთი მეთოდი ვერ გვეხმარება, შეიძლება ექსტრაკორპორალური მემბრანოზული ოქსიგენაცია (ECMO) გამოვიყენოთ. ამ პროცედურის დროს ახალშობილის სისხლი მოძრაობს აპარატში, რომელიც ამატებს ჟანგბადს, ცლის ნახშირორჟანგს და სისხლს ისევ ახალშობილთან აბრუნებს. პულმონალური ჰიპერტენზიის მქონე ზოგიერთ ახალშობილს, რომელიც მკურნალობის სხვა მეთოდებს არ ექვემდებარება, ECMO საშუალებას აძლევს, პულმონალური ჰიპერტენზიის შეწყვეტამდე სიცოცხლე შეინარჩუნონ.