1. ბრონქოპულმონალური დისპლაზია
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ბრონქოპულმონალური დისპლაზია

ბრონქოპულმონალური დისპლაზია არის ფილტვის ქრონიკული დარღვევა, რომელიც გამოწვეულია ფილტვის განმეორებადი დაზიანებით.

  • ეს დარღვევა ყველაზე ხშირად გვხვდება ღრმა დღენაკლულ ახალშობილებში, რომელთაც ფილტვის მძიმე დაავადება ან არასაკმარისად განვითარებული ჰაერის ბუშტუკები აქვთ ან ხელოვნური სუნთქვის აპარატს საჭიროებენ;

  • სუნთქვა არის გახშირებული და შესაძლოა გაძნელებულიც, ხოლო კანს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს;

  • დიაგნოზი ემყარება სიმპტომებს, სისხლში ჟანგბადის დონესა და გულმკერდის რენტგენოლოგიურ კვლევას;

  • ჩვილების უმეტესობა ამ დაავადებით სიცოცხლეს აგრძელებს;

  • საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დაავადებული ჩვილები უნდა მოარიდონ სიგარეტის ბოლს, გამათბობლის ნამწვს ან შეშის ღუმლის კვამლს და უნდა მიიღონ პალივიზუმაბი შემოდგომისა და ზამთრის თვეების განმავლობაში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსისგან (RSV) (ყველაზე ხშირი რესპირატორული ინფექცია) თავის დასაცავად;

  • მკურნალობის მთავარი მიზანია საჭიროებისამებრ დამატებით ჟანგბადის მიწოდება ხელოვნური სუნთქვის აპარატით და კარგი კვების უზრუნველყოფა.

ბრონქოპულმონალური დისპლაზია ფილტვის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ღრმა დღენაკლულ და ფილტვის მძიმე დაავადებით (როგორიცაა რესპირატორული დისტრეს სინდრომი) დაბადებულ ახალშობილებს უვითარდებათ, უმეტესად იმ ჩვილებს, რომელთაც ხელოვნური სუნთქვით მკურნალობა დაბადებიდან რამდენიმე კვირაზე მეტხანს დასჭირდათ. ფილტვის ნაზი ქსოვილი შესაძლოა დაზიანდეს, როდესაც ხელოვნური აპარატით ჰაერის ბუშტუკების ზედმეტად დაჭიმვა ხდება ან გარკვეული დროის განმავლობაში ახალშობილებს დიდი რაოდენობით ჟანგბადი მიეწოდებათ. შედეგად იწყება ფილტვების ანთება და ფილტვში დამატებითი სითხე გროვდება. დაავადებულ ჩვილებს შესაძლოა ჰაერის ბუშტუკების ნორმალური რაოდენობა არ ჩამოუყალიბდეთ. დროულ ახალშობილს, რომელსაც აქვს ფილტვის დაავადება (როგორიცაა პნევმონია), შესაძლოა განუვითარდეს ბრონქოპულმონალური დისპლაზია. ექიმები ამჟამად აანალიზებენ, შესაძლოა თუ არა, ბრონქოპულმონალური დისპლაზია განუვითარდეთ იმ დღენაკლულ ახალშობილებს, რომლებსაც არ ჰქონდათ რესპირატორული დისტრესი, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატს საჭიროებს.

სიმპტომები და დიაგნოზი

დაავადებულ ახალშობილებს, როგორც წესი, აღენიშნებათ გახშირებული სუნთქვა და შესაძლოა ჰქონდეთ დისტრესი გულმკერდის ქვედა ნაწილის ჩაზნექვით და სისხლში ჟანგბადის დაბალი დონის შემცველობით, რაც კანის მოლურჯო შეფერილობას (ციანოზი) იწვევს. ზოგიერთ მძიმე ახალშობილს შესაძლოა განსაზღვრულზე მეტი დრო დასჭირდეს, რათა ექსპირაციის პერიოდში ფილტვიდან ჰაერი გამოიდევნოს, ამ დაგვიანებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰაერის დაგროვება, რა დროსაც ფილტვები უფრო მეტად იჭიმება.

ბრონქოპულმონალური დისპლაზიის დიაგნოზს უსვამენ ჩვილებს, რომლებიც ვადაზე ადრე დაიბადნენ და გახანგრძლივებული დროით (ძირითადად რამდენიმე კვირა ან თვე) ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდნენ, ასევე, რომელთაც რესპირატორული დისტრესის ნიშნები აღმოაჩნდათ და დამატებითი ჟანგბადი დიდი ხნის განმავლობაში მიეწოდებოდათ. დიაგნოზი ზუსტდება სისხლში ჟანგბადის დაბალი დონის შემცველობითა და გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევის შედეგებით.

პროგნოზი

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ბრონქოპულმონალური დისპლაზიის მქონე ჩვილების მცირე ნაწილი მკურნალობიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი იღუპება, მათი უმეტესობა აგრძელებს სიცოცხლეს. თვეების განმავლობაში ფილტვის დაზიანების სიმძიმე იკლებს, როდესაც ფილტვის ჯანსაღი ქსოვილი იზრდება. თუმცა, მოგვიანებით ეს ბავშვები აღმოჩნდებიან ასთმისა და ვირუსული პნევმონიების, როგორიცაა ზამთრის თვეების პერიოდში გამოწვეული RSV ინფექციები, განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

პრევენცია და მკურნალობა

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ბრონქოპულმონალური დისპლაზიის მქონე ახალშობილები უნდა მოარიდონ სიგარეტის ბოლს, გამათბობლის ნამწვს ან შეშის ღუმლის კვამლს. აუცილებლად უნდა მოხდეს მათი იზოლაცია ზედა სასუნთქი გზების ინფექციით დაავადებული ადამიანებისგან. ეს ბავშვები ასევე უნდა დავიცვათ RSV ინფექციისგან პალივიზუმაბის – ვირუსისადმი სპეციფიკური ანტისხეულის მიღებით. ამ ანტისხეულის ინექცია უნდა გაკეთდეს ყოველთვე შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, როდესაც ხშირია RSV ინფექციის შემთხვევები.

ხელოვნური სუნთქვის აპარატები უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას და მაშინაც – ძალიან დაბალი პარამეტრებით, რათა ფილტვის დაზიანება თავიდან ავიცილოთ. ჩვილები აპარატიდან უნდა მოიხსნან იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს მათთვის უსაფრთხო იქნება.

ბრონქოპულმონალური დისპლაზიის მქონე ჩვილებს დამატებითი ჟანგბადი მიეწოდებათ პატარა მილით, რომელიც მოთავსებულია ჩვილის ნესტოებში, რაც დასაწყისში შესაძლოა ციანოზის პრევენციის მიზნით გახდეს საჭირო. ბრონქოპულმონალური დისპლაზიის მქონე ზოგიერთ ჩვილს შესაძლოა დამატებითი ჟანგბადის მიწოდება თვეების განმავლობაში ან მეტხანსაც დასჭირდეს.

კარგი კვება გადამწყვეტი ფაქტორია ჩვილის ფილტვის ზრდის დახმარებისთვის და მისი ახალი ქსოვილის ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის. თუმცა, ფილტვის დაზიანებული ადგილი უფრო და უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი ხდება ჩვილის ფილტვის მთლიან ზომასთან შედარებით.

რადგან შესაძლებელია ფილტვებში სითხის დაგროვება ანთებით განვითარდეს, ხანდახან იზღუდება სითხის ყოველდღიური მიღება და ინიშნება შარდმდენები, რათა შარდის სახით გამოყოფილი სითხის სიხშირე გაიზარდოს.